„ბელგიის უსაფრთხოების სამსახურები ბავშვებივით გულუბრყვილოები არიან, ბელგიელები კი შოკოლადის ჭამას არ ეშვებიან და შედეგიც არ აყოვნებს - მუსლიმანებს არ უჭირთ ბელგიაში ტერორისტული აქტების განხორციელება“.
ისრაელის დაზვერვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ, „თუ ბელგია გააგრძელებს შოკოლადის ჭამას, დატკბება ცხოვრებით და გამართავს აღლუმებს, როგორც დიდი ლიბერალები და დემოკრატები, და არ მიაქცევენ ყურადღებას იმ მუსლიმანებს, რომლებიც იქ არიან და ტერორისტული აქტების ორგანიზებას ახორციელებენ, ამ ბრძოლაში არაფერი გამოუვათ“.
გარდა ისრაელ კაცისა, ბელგიის უსაფრთხოების სამსახური აშშ-ის დაზვერვის ერთ-ერთმა ოფიცერმაც გააკრიტიკა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ბელგიის უსაფრთხოების სამსახურები „ბავშვებივით გულუბრყვილოები არიან“.
რა ფაზაში შედის რადიკალი მუსლიმანების ანგარიშსწორება მათი შემფარებელი ევროპის მიმართ? ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
მხოლოდ ბელგიის უსაფრთხოების სამსახურებზე ჯოხის გადატეხვა, ალბათ, არ შეიძლება, რადგან მსოფლიოს ახსოვს 11 სექტემბრის ტერაქტი, რომელიც ძლიერი სპეცსამსახურების მქონე აშშ-საც გამოეპარა. არც საფრანგეთის სპეცსამსახურები მოიკოჭლებდნენ, მაგრამ მათაც გამორჩათ „შარლი ებდოს“ მოსალოდნელი ტრაგედია. ლიბერალიზმმა ხომ არ აუხვია თვალები ევროპელებს და მოსალოდნელი საფთხის წინაშე უძლურნი ხომ არ გახადა?
- ახლა, როცა ემოციები ჭარბობს, ძნელია იმის თქმა, როგორ მუშაობდნენ ბელგიის სპეცსამსახურები. თუმცა ევროპული მულტიკულტურალიზმის, ტოლერანტობის იდეის შედეგია, რომ დღეს ევროპაში ძალიან გართულდა ტერორიზმთან ბრძოლა. ერთი მხრივ, ყველა მუსლიმანი არ არის ტერორისტი და ვერავინ იტყვის, რომ უკლებლივ ყველა მუსლიმანი ტერორისტია, მაგრამ, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ყველა ტერორისტი მუსლიმანია. იმავე ბელგიაში, ბრიუსელის გარეუბანში ძირითადად მაროკოდან და ტუნისიდან გამოსული მიგრანტები ცხოვრობენ და ყველამ იცის, რომ იქ კრაზანის ბუდეა. თანაც, თითქმის ყველა ტერორისტის მიმართ, რომელიც ძებნაშია, იქაური პოლიცია აცხადებს, რომ მათ ძალიან კარგად იციან ამ ტერორისტების რადიკალური ისლამის მიმდევრობის შესახებ და ისინი აღრიცხვაზე ჰყავთ აყვანილი, თუმცა პოლიციას ხელ-ფეხი აქვს შეკრული. ამის მიზეზი ისაა, რომ ხელად ჩნდება ათობით რამდენიმე მართული არასამთავრობო თუ ადამიანის დამცველი ორგანიზაცია, რომელიც უცებ ერთ წივილ-კივილს ატეხავს.
სწორედ ასე მოხდა კელნის ტრაგედიის დროს, როდესაც თვით ქალაქ კელნის მერი ქალბატონი გამოვიდა და თავად გერმანელ გოგონებს დასდო ბრალი, რომ თქვენ ძალზე გამომწვევად იქცევით, დეკოლტე ღრმად გაქვთ ამოჭრილი, გაშიშვლებულნი ხართ, მუსლიმანებს ცოტა სამხრეთული სისხლი აქვთ და ერთი ხელის გაშვერაზე ახლოს არ უნდა მიხვიდეთ მათთანო. ეს იგივეა, რომ დაარიგო ადამიანი, ზოოპარკში ვეფხვთან ხელი არ შეჰყოს გალიაში.
როგორ უნდა ეომონ ისლამისტებს, როცა მათი ერთ-ერთი მოთავე, სალაჰ აბდესლამი დაბადებულია თვითონ ბელგიაში, ის არ არის ბელგიაში შემთხვევით ჩასული, იგი პოლიციას აღრიცხვაზე ჰყავდა აყვანილი ათი წლის განმავლობაში. ახლა 26 წლისაა და გამოდის, ჯერ კიდევ 14 წლის ასაკიდან რადიკალური ისლამის მომხრე და პოტენციური ტერორისტი ყოფილა, მაგრამ, სანამ ბომბს არ ააფეთქებდა, მას ევროპაში ხელს ვინ ახლებდა?! უსაფრთხოების სამსახური ამერიკაში უმაღლეს დონეზეა აყვანილი, მაგრამ, პრაქტიკულად, იქაც შეუძლებელი აღმოჩნდა ტერორისტული აქტის აღკვეთა.
უკვე წელიწადია, რაც ამერიკის იუსტიციის სამინისტრო და სპეცსამსახურები ლამის ებრძვიან მობილურების კერძო კომპანიას, რათა მათ გახსნან ტერორისტის მობილური ტელეფონი, მაგრამ კერძო კომპანია უარზეა და ინფორმაციის წაკითხვის საშუალებას არ აძლევს. მობილურების კომპანიაში აცხადებენ, რომ არავის აქვს მათ საქმეებში ჩარევის უფლება, ვინაიდან ეს კერძო ბიზნესია და აღარ გაიყიდება მათი პროდუქცია, თუკი ხალხს ეცოდინება, რომ უშიშროების სამსახური მათ სატელეფონო ჩანაწერებში იხედება. თუმცა, მაგალითად, რუსეთში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვას არავინ დაგიდევთ, ტერაქტი მაინც მოხდა. ასე რომ, ამ საშიშროების პრევენცია მეტად რთულია.
როდესაც ასი ათასობით ლტოლვილი შედიოდა გერმანიაში, კადრებში ვხედავდი, რომ ერთ ბავშვიან ქალზე ან მოხუცებულზე 10-15 დაკუნთული მუსლიმანი ბიჭი მოდიოდა. თითქოს სპორტდარბაზიდან ახლად იყვნენ გამოსულნი, მშვენივრად ჩაცმულნი იყვნენ, ელემენტარულად, ისეთი ბოტასები ეცვათ, ჩვენთან 400-500 დოლარი რომ ღირს. სწორედ ეს იყო ევროპის მეხუთე კოლონა, რომელიც ახლა აფეთქებს ევროპას და ეს კოლონა ევროპამ თავის ტერიტორიაზე შეუშვა. მხოლოდ ახლა მოვიდნენ ევროპელები აზრზე და თქვეს, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის მქონე ბიჭები არ უნდა შეუშვან თავიანთ ქვეყანაში, რადგან ვინ არიან ეს ადამიანები, კაციშვილმა არ იცის. თანაც, ამ ადამიანებს რამდენი ფული აქვთ. თავის დროზე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი გაცოფებული წერდა, ეს რა ხალხი შემოვუშვით, ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ ამდენი ფული, ესენი კი ტაქსით გერმანიის ერთი ბოლოდან მეორეში მოგზაურობენო.
ობამას განცხადება, რომ აშშ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას მის სრულ განადგურებამდე განაგრძობს, შედეგს გამოიღებს? ხომ არ ფიქრობთ, რომ რაც არ უნდა მოიტყუოს თავი ევროპამ, რომ მათ წინაშე ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოა, ფაქტი ისაა, რომ „ისლამურ სახელწიფოს“ მაინც აქვს თავისი კვაზი სახელმწიფოებრივი ნიშნები და სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ატრიბუტები, ამიტომ ცალკეული ტერორისტის მოკვლა და ისლამისტების პოზიციების დაბომბვა გამოსავლად არ ჩაითვლება.
- თუნდაც კვაზი სახელმწიფო დაარქვან, ფაქტია, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარი ფული უკვე მოჭრა, თავისი სახელმწიფო ინსტიტუტებიც შექმნა, უშიშროების სამსახურიც აქვს, ვაჭრობაც იცის, მოპარულ ნავთობსაც ყიდის... 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ამერიკელებმა სწორი სტრატეგია აირჩიეს - ბრძოლა გადაიტანეს თავად ტერორისტების მშობლიურ სამყოფელში, ანუ არაბულ სამყაროსა და აფრიკაში. ერთია, სად ვებრძვით ტერორიზმს, ჩვენს ტერიტორიაზე როცა მოვლენ და აფეთქებებს დაგვიწყებენ, თუ პრევენციის მიზნით - საკუთარ სამყოფელში. რა თქმა უნდა, უკეთესია, რომ ამერიკელებმა ისლამისტების სამყოფელში გადაიტანეს ბრძოლა, მაგრამ ამას პოლიტიკური ნებაც სჭირდება. ევროპას არ აქვს ეს პოლიტიკური ნება, თორემ 65 ქვეყანაა კოალიციაში, რომელსაც ამერიკა ხელმძღვანელობს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ამდენ ქვეყანას რომელი „ისლამური სახელმწიფო“ გაუძლებდა? მათი მებრძოლები სულ რაღაც 30-35 ათასი კაცია, ეს სასაცილოა. ცხადია, ასეთი ძლიერი კოალიცია რაკას საერთოდაც აღგვიდა პირისაგან მიწისა, მაგრამ აქ საკითხავია, თვითონ ისლამი რა არის? ეს არის რელიგია თუ პოლიტიკა? სხვათა შორის, ისლამი ერთადერთი რელიგიაა, რომელმაც მსოფლიოში სახელმწიფო შექმნა, არც ერთი სხვა რელიგია სახელმწიფოს არ ქმნის. ამიტომაც პოლონეთის კათოლიკური რესპუბლიკა არ არსებობს, მაგრამ არსებობს ირანის ისლამური რესპუბლიკა, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა. იგივე ლიბია კადაფის დროს ლიბიის ისლამურ ჯამაჰირიას წარმოადგენდა, ამიტომ ისლამს სულ სხვა მზიდი კონსტრუქცია გააჩნია. იმავე ევროპაში მეორე-მესამე თაობის მუსლიმანი არ გაევროპელდებოდა, ის კოსმოპოლიტიც კი არ გახდებოდა, არათუ ევროპელი. ამ დროს რუსეთში რა ხდებოდა? მეორე-მესამე თაობის ქართველები უკვე გარუსებულნი ან კოსმოპოლიტები იყვნენ. ქართულიც არ იცოდნენ, არც აინტერესებდათ.
მელორ სტურუა მეუბნებოდა, ჩემს შვილს ქართული ვერ ვასწავლე. არადა, ვეუბნები, ქართველი ხარ, ქართული ისწავლე-თქო, მაგრამ მპასუხობს, რად მინდა ქართული, მაგაზე დრო დავკარგო? ჯობია, რომელიმე უცხო ენა ვისწავლოო. მუსლიმანებში კი ეს არ ხდება, მუსლიმანები თაობიდან თაობამდე მოდიან და თავიანთი რელიგიური მრწამსის ერთგულნი რჩებიან. თუ ვინმემ იხუმრა მუჰამედზე, მზად არიან, თვითონაც მოკვდნენ, ოღონდ ის მოკლან.
არის ასეთი მოსაზრება, რომ საქართველომ ამ ფონზე ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს, თუმცა რამდენად გამოგვივა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება ისლამისტების მზარდი საფრთხის ფონზე? მით უმეტეს, როცა „ისლამურმა სახელმწიფომ“ ევროპაში ტერორისტული აქტების დასაგეგმად 400 მებრძოლი მოამზადა.
- ჩვენ თუ ევროპული გზა გვაქვს აღებული და მართლა გვინდა ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანება, მაშინ არანაირი ნეიტრალიტეტი არ გამოგვივა. თუ ნეიტრალიტეტის შენარჩუნების მოსაზრება მოდის ორ წიგნწაუკითხავი არასამთავრობოების მხრიდან, ეს გასაგებია, მაგრამ, თუ ეს მოდის ხელისუფლების მხრიდან, მაშინ ხელისუფლება ჩვენ გვატყუებს და ევროპული გზა, ნატო და ევროკავშირი ჩვენი მიზანი არ ყოფილა. როდესაც ჩვენ ქვეყნის შიგნით გვყავს ათეულობით ათასი მუსლიმანი საქართველოს მოქალაქე, ნებისმიერი ნეიტრალიტეტი ზღაპარია. სომხეთმა რომ თქვას ნეიტრალიტეტი, ეს კიდევ შეიძლება, მაგრამ სომხეთსაც ვერ გამოუვა, ვინაიდან მის უკან რუსეთია და ნახეთ, რას აკეთებს სირიაში რუსეთი.
დასავლური კოალიციის სისუსტის მიზეზი ისიც ხომ არ არის, რომ მათ არ აქვთ ანალიტიკური ტიპის სამუშაო გაწეული ისლამისტების წინააღმდეგ?
- ანალიტიკური მუშაობა ნიშნავს „ისლამური სახელმწიფოს“ მექანიზმის შესწავლას, მათი ისტორიის შესწავლას. ესეც დელიკატური საკითხია, რადგან, საბოლოო ჯამში, ამ ფესვებს მივყავართ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაშვებული სტრატეგიული შეცდომებისკენ. „ალ ქაიდა“ ვინ შექმნა? -ამერიკელებმა. „ისლამური სახელმწიფო“, ნებით თუ უნებლიეთ, ამერიკელებმა შექმნეს, როდესაც მათ გადაწყვიტეს, რომ მათი მთავარი მოწინააღმდეგე არის ჯერ საბჭოთა კავშირი და მერე - რუსეთი და მათ ყველა საშუალებით შეიძლება ებრძოლონ. ოღონდ ავღანეთიდან რუსები გაეყარათ, ამერიკელებმა შექმნეს „ალ ქაიდა“. პირველი კუსტარული ბომბების შექმნის სპეციალისტები სწორედ ამერიკელი ინსტრუქტურები იყვნენ, რომლებიც ასწავლიდნენ მაგათ ბომბების შექმნას და ტერაქტების მოწყობას. ამერიკელებმა რუსები კი გაყარეს ავღანეთიდან, მაგრამ ვაის გაეყარნენ და უის შეეყარნენ. ამაზე არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ავღანეთის 2/3-ს აკონტროლებს ისლამისტური ოპოზიცია, თალიბანი. გამოდის, ასეულობით მილიარდი დოლარი წყალში გადაყარეს ამერიკელებმა.
ანალიტიკური მუშაობა საჭიროა, მაგრამ როდესაც ჩვენი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ლევან ბოძაშვილი „ბრძნულ განცხადებებს“ აკეთებს, რომ თურმე „ისლამურ სახელმწიფოზე“ საშიში ჩვენთვის რუსეთია, მას აბსოლუტურად წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება დღეს მსოფლიოში.
2010 წელს საფრანგეთის სენატის მიერ ჩადრების აკრძალვამ თავად საფრანგეთში გამოიწვია აჟიოტაჟი. მაშინაც ამბობდნენ, რომ ჩადრის აკრძალვა მუსლიმანებისთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა. ნაწილი კი იწონებდა ახლად მიღებულ კანონს, რომლის ძალითაც, სასჯელს კანონდამრღვევი ქალების ქმრებიც ვერ გადაურჩებოდნენ და ერთწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა ყველა იმ მამაკაცს, რომელიც ცოლს ჩადრით გამოსვლას აიძულებდა. გამოდის, მუსლიმანების მიმართ დასავლეთი ერთდროულად მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკას იყენებდა?
- დასავლეთი არ მიდიოდა თანმიმდევრულად. ეს იყო ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადასვლა. თავის დროზე ათათურქმა ფესკების (ქუდი) ტარება აუკრძალა მამაკაცებს. კიდევ კარგი, იმ პერიოდში თურქეთში არ იყვნენ უცხოეთის გრანტებზე გაზულუქებული არასამთავრობოები, თორემ, ალბათ, ჯვარს აცმევდნენ, ადამიანის უფლებას არღვევ, თუ უნდა, ფესკას დაიხურავს, თუ უნდა, სხვა რამესო. კიდევ კარგი, არ იყვნენ არასამთავრობოები პეტრე პირველის დროსაც, თორემ წვერს ვინ მოაჭრევინებდა ბოიარებს?! სალეჰ აბდესლამი რომ დააპატიმრეს, არასამთავრობოებმა საპროტესტო განცხადებები გააკეთეს, არიქა, ფეხი იღრძო, მისი უფლებები ირღვევა, დაპატიმრების დროს პოლიციელმა უხეშად დაადგა ფეხიო და ეს სურათი მოსდეს მთელ ევროპას. ამ დროს იმ კაცმა რომ უამრავი ფრანგი დახოცა და იმ ფრანგების უფლებები არ დაირღვა? ნორვეგიაში, დანიაში, შვედეთში ადამიანს როცა იჭერენ, კატეგორიულად აკრძალულია მისი ეთნიკური წარმომავლობის დასახელება. ამას წინათ შვედეთის რვა მოქალაქემ გემზე კრუიზის დროს გააუპატიურა ერთი ქალი. მერე გაირკვა, რომ იმ რვიდან შვიდი იყო მაროკოელი და ერთი - პაკისტანელი, მაგრამ როგორ შეიძლებოდა მათი წარმომავლობის დაწერა, ეს ხომ არასამთავრობოების აზრით, სიძულვილს, დაძაბულობას დაბადებდა?! საქართველოშიც ასეა. ერთი მხრივ, ლგბტ-ეები აცხადებენ ერთსქესიანთა ქორწინების მომხრენი არ ვართო, მაგრამ როგორც კი ალაპარაკდნენ, რომ მათი ქორწინება უნდა აიკრძალოს, მაშინვე ლგბტ-ეებმა საპროტესტო აქციები მოაწყეს. მინისტრიდან დაწყებული, ყველას ეშინია ამ აგრესიული უმცირესობის, რომელსაც ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ჰყავს უმრავლესობა.