ყველა, მინუს ერთი, ანუ რა შედეგებს მოიტანს გალის ფორმატის აღდგენა?

ყველა, მინუს ერთი, ანუ რა შედეგებს მოიტანს გალის ფორმატის აღდგენა?

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 35-ე რაუნდის ფარგლებში ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი. 

პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. 

მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებიან მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ ყოფილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

„ხანგრძლივი კონსულტაციებისა და ძალისხმევის შედეგად, მიღწეულ იქნა პრინციპული შეთანხმება, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე, რაც განსაკუთრებით პოზიტიურად შეფასდა როგორც თანათავმჯდომარეების, ისე მონაწილეთა მხრიდან. ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ მექანიზმის აღდგენა სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია ადგილზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, რაც ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყნების ვალდებულების აღებისა და ადგილზე უსაფრთხოებისა საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველყოფის მიზნით. მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება, ჰუმანიტარული ვიზიტები და თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის სფეროში.

ქართულმა მხარემ მწვავედ დააყენა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მიერ საკუთარ მიწასთან წვდომის საკითხი და მოითხოვა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების პატივისცემა.

გალის ინციდენტების პრევენზციისა და რეაგირების მექანიზმების ფორმატის აღდგენის პროცესს დადებითად მიესალმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი.

„ეს მექანიზმი მიმართულია იქითკენ, რომ დიალოგისა და კომუნიკაციის მეტი საშუალება იყოს უზრუნველყოფილი. ამ შემთხვევაში კი, ეს გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციული საზღვრის მიდამოებში იყოს ისეთი მექანიზმი, რომელიც მხარეებს შორის დიალოგსა და კომუნიკაციას უზრუნველჰყოფს“, -აღნიშნავს ამერიკის ელჩი.

აღსანიშნავია, რომ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრები 2012 წლის მარტიდან აღარ იმართება მას შემდეგ, რაც სოხუმმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მაშინდელი ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად“ გამოაცხადა. ტიშკევიჩმა ამ პოსტზე ორწლიანი მუშაობა ამ ზაფხულს დაასრულა და ის მისიის ახალმა ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა შეცვალა, რომელიც ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში ადამიანური რესურსების პოლიტიკას კურირებდა.

საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი მიესალმება ჟენევის მოლაპარაკებების აღდგენის პროცესს და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ფორმატი, რომელიც საქართველოში რუსული იმპერიალიზმის დამთავრებას ემსახურება, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

„რეალური შედეგი რუსული იმპერიალიზმის დამარცხებაა და ყველა ფორმატი ამას უნდა ემსახურებოდეს. მაგალითად, ჟენევის ფორმატი, რომელიც ერთერთია რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლაში, არსებობს კიდევ სხვა ფორმატებიც - გაეროში ამ საკითხების დაყენება, ევროპარლამენტში მუშაობა, თუნდაც დონბასში ქართველი ბიჭების დგომა, ეს სხადასხვა სახის ფორმატებია, რომელიც საქართველოში რუსული იმპერიალიზმის დამთავრებას ემსახურება. აქ ყველგან საჭიროა პრინციპული პოზიცია“,-აცხადებს დავით დარჩიაშვილი For.ge-სთან საუბარში და აღნიშნავს, რომ თუ პრინციპულ პოზიციას დღემდე კონკრეტული რეალური შედეგები არ მოაქვს, მაგალითად, რუსეთის გასვლა საქართველოს ტერიტორიებიდან, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ფორმატმა მუშაობა არ უნდა გააგრძელოს, აბაშიძე-კარასინის ფორმატის გარდა.

„ყველა ფორმატმა, რომელიც რუსეთის იმპერიალიზმის შეწყვეტის წინააღმდეგ მუშაობს, მოქმედება უნდა გააგრძელოს, გარდა, აბაშიძე-კარასინის ფორმატისა, რომელიც სწორედ რუსეთის იმპერიალიზმის იდეას ემსახურება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ქართველ პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი რუსეთსა და საქართველოს შორის კომუნიკაციისა და დიალოგის გაგრძელების მომხრეა, თუმცა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას ითხოვს.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურა აბაშიძე For.ge -სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ჟენევის ფორმატის აღდგენა ძალიან კარგი და შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. „რამდენადაც ვიცი, ბოლო პერიოდში ამაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა და შედეგიც გამოღო“, - აცხადებს აბაშიძე.

რაც შეეხება ქართველ პოლიტიკოსთა და ექსპერტთა გარკვეული ნაწილის მოსაზრებას აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმების შესახებ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ასე პასუხობს.

„ვიმეორებ, ამერიკის ელჩმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ფორმატი აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, იგივეს აცხადებენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები, ნატოს-და ევროკავშირის წარმომადგენლები და ხაზს უსვამენ ამ ფორმატის მნიშვნელობის შენარჩუნებას, წინააღმდეგია ექსპერტების მცირე ჯგუფი, რომელსაც ნათელი ხედვა არ გააჩნიათ. ზოგიერთი ჩვენი კოლეგისგან მესმის ზედაპირული განცხადებები, რომ ფორმატმა არ გაამართლა. სიამოვნებით მოვისმენდი მათგან კონკრეტულ ახსნას, რას გულისხმობენ - არა ზოგად ლექციას რუსეთთან დაკავშირებით, არამედ რეალურ ახსნას. მათთან შეკითხვა მექნება - როდესაც ამბობენ, რომ ფორმატმა არ გააამრთლა, იქნებ ახსნან რომელ ნაწილში არ გაამრთლა? ეს ფორმატი ქვეყნებს შორის ვაჭრობის და სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას, აგრეთვე მოქალქეების გათავისუფლების ჰუმანიტარულ მიმართულებებს შეიცავდა. რომელ ნაწილში არ გააამრთლა? თუ მათ ამ შეკითხვას დავუსვამთ, მეეჭვება, რომ სწორი პასუხი გაგვცენ“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე For.ge-სთან საუბარში.