2010 წლის ინფლაციის სიდიდის მაჩვენებლით საქართველო 184 ქვეყნიდან 165-ე ადგილზეა

2010 წლის ინფლაციის სიდიდის მაჩვენებლით საქართველო 184 ქვეყნიდან 165-ე ადგილზეა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 184 ქვეყნის 2010 წლის ინფლაციის ფაქტიური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. საქართველო 184-დან 165-ე ადგილზეა - ანუ, შარშან, მსოფლიოს 164 ქვეყანაში პროდუქციაზე ფასების საერთო დონე საქართველოზე ნაკლებად გაძვირდა. 184-დან 102 ქვეყანაში ინფლაციის დონე 5%-ზე ნაკლები იყო, ფასები ორნიშნა ციფრით მხოლოდ 24 ქვეყანაში გაიზარდა.

საქართველოს ჩამორჩება მხოლოდ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: იამაიკა, ნიგერია, ვიეტნამი, უზბეკეთი, იემენი, პაკისტანი, ანგოლა, მოზამბიკა და სხვა.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზემოთ მდგომ 164 ქვეყანას უფრო ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა ჰქონდა, ვიდრე საქართველოს. ცხრილი იმასაც მიუთითებს, რომ აღნიშნული 164 ქვეყნის ცენტრალური ბანკების (ან ცენტრალური ბანკის ფუნქციების განმახორციელებელი სხვა დაწესებულებების) მმართველებმა უფრო ზუსტად და კომპეტენტურად შეაფასეს ინფლაციის გამომწვევი მიზეზი - ინფლაციას, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, არარაციონალურად გაზრდილი ფულის მასა იწვევს.

საქართველოში ინფლაციას ხშირად გარე ფაქტორებს - ძირითადად, ხორბლისა და ენერგომატარებლების გაძვირებას აბრალებენ, თუმცა სავალუტო ფონდის მონაცემებიდან ირკვევა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ინფლაცია უფრო სწრაფად იზრდება და მისი საგარეო ფაქტორებთან დაკავშირება საეჭვოა. 

"ინფლაციის გამომწვევი მიზეზი მხოლოდ საგარეო ფაქტორები არ არის. უფრო მნიშვნელოვანი შიდა ფაქტორებია. საგარეო ფაქტორებიდან შეგვიძლია მხოლოდ ის ვთქვათ, რომ თითქმის ყველა იმ პროდუქციის ფასები გაიზარდა, რომელსაც ადამიანების საარსებო რაციონში საკმაოდ დიდი წილი უჭირავს და რასაც მომხმარებელი ყველაზე ხშირად მოიხმარს.

ესაა ხორბალი, პურ-პროდუქტები, შაქარი, წიწიბურა და ასევე საწვავი. ამან დიდწილად იმოქმედა ინფლაციის მაჩვენებლებზე, თუმცა გვაქვს შიდა ფაქტორები, რომელსაც გაცილებით ღრმა მიზეზები აქვს. ეს არის ქვეყანაში არსებული მონოპოლიური და ოლიგოპოლიური კომპანიები. საწვავის ბაზარი, შაქრის ბაზარი, რამდენიმე კატეგორიის ბაზარი არის ოლიგოპოლიური. ეს განაპირობებს იმას, რომ ხელოვნურადაა გაზრდილი ფასები.

იგივე მობილური კომპანიების მხრიდან იყო ხელოვნურად გაზრდილი ფასები და მანამ ვერ მიხვდნენ ამას, სანამ მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ზღვრული ფასები არ დაუდგინა", - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია.

სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ ნავთობპროდუქტების ღირებულების ზრდის ტემპი, წლიური 24 პროცენტი, თითქმის სამჯერ ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, ყურძნის ფასის 65 პროცენტიანი მატება.

ასეთივე მკვეთრი სხვაობაა პურპროდუქტების ფასის ზრდასა და, მაგალითად, ხილის ან კარტოფილის გაძვირებას შორის. მიუხედავად ამისა, მთავრობა ინფლაციის მთავარ მიზეზად მაინც გარე ფაქტორებს მიიჩნევს. შეგახსენებთ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე თვის წინანდელ განცხადებას:

"მსოფლიო ბაზარზე მიდის ძალიან ცუდი პროცესები. ნავთობი ძვირდება, ისევე როგორც საბაზისო კვების პროდუქტები (წიწიბურა, შაქარი, ხორბალი) და მომავალი წლის მოსავლის ბედიც გაურკვეველია. ამიტომ მე არ მინდა ჩვენი ხალხი მოვატყუო: ინფლაციური პროცესები გაძლიერდება".

პრეზიდენტის ამ განცხადებისა და მთავრობის მსგავსი პოზიციისგან განსხვავებით, ეკონომიკის ექსპერტს, `ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს~ ვიცე-პრეზიდენტს გია ჯანდიერს მიაჩნია, რომ ინფლაციის ძირითადი მიზეზი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებია:

"საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკიც არ უარყოფს იმას, რომ მათ უნდოდათ ინფლაციის საშუალებით ეკონომიკის სტიმულირება, ეგრეთ წოდებული თარგეთული, ანუ მიზანმიმართული, ინფლაციის წესის გამოყენებით. ეს ვერ გააკეთეს და, მეორეც, ვერ გათვალეს, როგორ უნდა გამკლავებოდნენ სურსათის გაძვირებას". 

გია ჯანდიერი აღნიშნავს, რომ ამგვარი პოლიტიკა მეზობელ თურქეთშიც გაატარეს, მაგრამ იქ უფრო მომზადებულნი შეხვდნენ სურსათის გაძვირებას და გასული წელი თითქმის 2-ჯერ ნაკლები ინფლაციით დაამთავრეს, ვიდრე ეს იყო საქართველოში. თურქეთთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან საქართველოში გასულ თვეს არსებული ინფლაციის სტატისტიკის სამსახურის უფროსს ზაზა ჭელიძეს ასე აფასებს, -"სომხეთში იყო 9,4, რუსეთში – 8,8, უკრაინაში არის 9,1, თურქეთში - უფრო დაბალი, 6,4. ჩვენთან იყო ყველაზე მაღალი. მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს. შარშან ჩვენთან უფრო დაბალი ფასები იყო, ვიდრე იმ ქვეყნებში. შესაბამისად, წელს ჩვენთან უფრო მაღალი ინფლაციაა".

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეკონომიკის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ინფლაციის გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორები ქვეყნის შიგნით უნდა ვეძებოთ.

"პრობლემის პროვოცირება, ცხადია, მოახდინა გარეშე ფაქტორმა და ამის უარყოფა ძნელია, მაგრამ ის, რომ ამ პრობლემამ მასშტაბი შეიძინა საქართველოში, გამოწვეული იყო იმითი, რომ გარეშე ფაქტორს შიდა ფაქტორებიც დაერთო. რა მაქვს მხედველობაში: პირველ რიგში, ეკონომიკური ზრდის თუ აქტივობის ის მოდელი, რომელიც 2010 წელს სახეზე იყო საქართველოში, იგულისხმება ეკონომიკის ფისკალური სტიმულირება, ერთის მხრივ, საბიუჯეტო არხებით, მეორეს მხრივ, ეკონომიკის დაკრედიტების მაქსიმალური წახალისება, მათ შორის ეროვნული ბანკის პოლიტიკის ხელშეწყობით და ყველაფერი ეს ხდებოდა ინვესტიციების შესამჩნევი კლების ფონზე და, საბოლოო ჯამში, ფისკალურმა სტიმულირებამ, დაკრედიტების ხელშეწყობამ და აქსელერაციამ გამოიწვია ფულის მასის ზრდა მიმოქცევაში. გამოიწვია ფულადი აგრეგატების საკმაოდ მკვეთრად აღმავალი დინამიკა.

მაგალითად, მე მაქვს გარკვეული წინასწარი მონაცემები 3 ფულადი აგრეგატი 35%-ით გაიზარდა, 2 ფულადი აგრეგატი კი 28%-ით, ნაღდი ფული მიმოქცევაში გაიზარდა, სულ ცოტა, 12%-ით. ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო იმ გარეშე ფაქტორის მიერ პროვოცირებული პროცესების დაჩქარებას და მისი ნეგატიური გავლენის მასშტაბის ზრდას, ინვესტიციების კლების პირობებს, თუმცა აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ინვესტიციებიც თუ იქნებოდა, რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს შედეგი კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდებოდა, რადგან ის ინვესტიციები მოითხოვდა ლარის მასის ზრდას და ეს შედეგს კიდევ დაამძიმებდა. 

როგორც აღმოჩნდა, იმ გარეშე ფაქტორების ზემოქმედების ფონზე, ფისკალური სტიმულირება და დაკრედიტების ზრდა 2010 წელს 20%-ით გაიზარდა, თუ რეალურ გამოსახულებაში ვიმსჯელებთ, გაცვლითი კურსის ცვლის გათვალისწინებით, ეს დაახლოებით 16-17%-ია, მაგრამ მაინც სერიოზული ზრდაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2010 წელს ეკონომიკა დაახლოებით 6.5%-ით იზრდება. გამოდის, რომ ფულადი აგრეგატები გაცილებით უფრო წინმსწრები ტემპით იზრდებოდა, ვიდრე ეკონომიკური აქტივობა იზრდებოდა – რა მიზნითაც ხდებოდა ეკონომიკის და, მათ შორის, ფისკალური სტიმულირება. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება უდაოა და დიდი მსჯელობა არ სჭირდება", - აღნიშნავს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომიკის ექსპერტი მერაბ კაკულია.