„ისლამური სახელმწიფო“ თვითგანადგურებამდე მიდის, მაგრამ ამით ცდილობს გაანადგუროს დასავლეთი“

„ისლამური სახელმწიფო“ თვითგანადგურებამდე მიდის, მაგრამ ამით ცდილობს გაანადგუროს დასავლეთი“

ბრიუსელში განხორციელებული ტერორისტული აქტის პარალელურად, პენტაგონმა მასიური საჰაერო დარტყმა განახორციელა იემენში „ალ-ქაიდას“ საწვრთნელ ბაზაზე. ორი საჰაერო დარტყმა, რომელიც გამთენიისას განხორციელდა, 200-მდე ტერორისტის განადგურებით დასრულდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს, რომ ევროპაში მოსალოდენელ ტერაქტების გამო თავი შეიკავონ მოგზაურობისგან. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციო იმას, რაც ხდება ირგვლივ, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში მოძრაობისგან, იყვნენ განსაკუთრებულად ყურადღებით რელიგიური დღესასწაულების ფესტივალების და სხვა ღონისძიებების დროს, რადგან ტერორისტები გეგმავენ შეტევას ტურისტულ ადგილებზე, ფესტივალებზე და სხვა ხალხმრავალ ადგილებზე.

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შექმნილ ალიანსში შესულ ქვეყნებს ვპირდებით, რომ მათ საშინელი, შავი დღეები ელოდებათ“, – ნათქვამია ტერორისტული დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მუქარის მიუხედავად, ევროპის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება. პირიქით, შექმნილმა მდგომარეობამ ევროპა კიდევ უფრო გააერთიანა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში მსოფლიო ერთიანი გეგმით ერთვება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების ზომები და პრევენცია, მაგრამ მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტი თავისუფლების რეჟიმით უნდა გასცეს პასუხი ევროპამ ტერორიზმს და მსგავსი ტიპის აგრესიას. თინა ხიდაშელის განცხადებით, დღეს მსოფლიოს წინაშე ორი ამოცანა დგას:

„პირველი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ყველა ძალის მობილიზებით შევქმნათ იმის შესაძლებობა, რომ მსგავსი ტიპის ტერაქტების პრევენცია მოხდეს. როდესაც ნიუ-იორკში 11 სექტემბერი მოხდა, მაშინ ყველას ჰქონდა განცდა, რომ ამაზე უფრო უარესი შეუძლებელია დაემართოს მსოფლიოს. თუ ეს შესაძლებელი იყო მომხდარიყო ნიუ-იორკში, მაშინ ყველა დაუცველია. გუშინდელმა ბრიუსელმა აბსოლუტურად ანალოგიური ემოციით დატოვა მსოფლიო, რადგან ეს არის ქალაქი, რომელიც ყველას გვგონია, რომ ყველაზე მეტად დაცულია. ცინიზმის პასუხი სწორედ ეს იყო, ბრიუსელი და არა რომელიმე სხვა ქალაქი იმისთვის, რომ ყველას გაგვიჩნდეს დაუცველობისა და უსუსურობის განცდა.

პირველი პასუხი უნდა იყოს უსაფრთხოების პრევენცია, უნდა იყოს ღონისძიებები ერთიანი ევროპის მხრიდან, რომელიც ტერორისტებს შესაძლებობას მოუსპობს ასე უპასუხოდ დარჩეს მათი მოქმედებები. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პასუხი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიცავდეს იმას, რის გამოც ტერორიზმი მძვინვარებს დღეს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ბრიუსელში განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ევროპა საფრთხეებს ვერ უპასუხებს. შესაბამისად, თვლიან, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ მთელმა ცივილურმა სამყარომ უმნიშვნელოვანესი ზომები უნდა მიიღოს. ერთიანი ევროპული თავდაცვის სისტემის შექმნის მოწოდებით გამოდის იტალიის პრემიერ-მინისტრი. მატეო რენცის განმარტებით, ევროპამ ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურაში ინვესტირება და უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობა უნდა გააძლიეროს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძე თვლის, რომ ამ შემთხვევაში საჭიროა კომპლექსური მიდგომა. რაც შეეხევა ერთიანი თავდაცვის სისტემის შექმნას, სიხარულიძე აცხადებს, რომ არსებობს კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საერთაშორისო ორგანიზაცია და ეს არის ნატო. მისივე თქმით, სწორედ ამ კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციამ შეინარჩუნა მშვიდობა ევროპის კონტინენტზე და 70-ზე მეტი წლის განმავლობაში.

„ვფიქრობ, რომ ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო. ვფქირობ, რომ ნატოს აქვს ყველა საჭირო აუცილებელი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა ევროპულ კონტინენტზე. ნატოს აქვს ყველა ის შესაძლებლობა, რომ უზრუნველყოს საკუთარი წევრების კოლექტიური თავდაცვა.

ევროპული უსაფრთხოება და ზოგადად, უსაფრთხოება არის განუყოფელი. რაც ემუქრება ერთ ქვეყანას იგივე ემუქრება სხვა ქვეყნებს, ამიტომ მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ეს პრობლემები ფუნდამენტურად მოგვარდეს და აღმოჩენილი იქნას ის ცენტრები, საიდანაც ტერორისტული აქტი იმართება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით სიხარულიძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, შორენა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ პრობლემის ყველა გასაღები დასავლეთის ხელშია, როგორც არის ეკონომიკური სიძლიერე და ტექნოლოგიური განვითარება, მაგრამ ეს რესურსები, იმ ძალადობის და სისასტიკის ფონზე, თავის მნიშვნელობას კარგავს.

„ევროპა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ალბათ, რაიმე პარადიგმული ცვლილებაა საჭირო, რითაც ტერორიზმს უნდა ებრძოლოს არა მარტო დასავლური ნაწილი, არამედ კაცობრიობა. ის ზომები და მიდგომები, რომელიც ტერორისტთან ბრძოლის წინააღმდეგ არის გამოყენებული, ფაქტია, რომ საკმარისი არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ამ საფრთხის გაცნობიერების პრობლემა არის. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რა იქნება ის გასაღები, რომლითაც დასავლეთი მოერევა „ისლამურ სახელმწიფოს“.

დასავლეთი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი, მაგრამ ასეთი ხერხებით და არსებული კონცეპტუალური საფუძვლებით, ფაქტია, რომ ვერ უმკლავდება ტერორიზმს. პირიქით, სოკოებით ახალ-ახალი ექსტრემისტული ჯგუფები ჩნდებიან და კიდევ უფრო მოძალადეები არიან. სამწუხაროდ, ტერორისტების მოქმედების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და აძლიერებენ თავის ქსელებს დასავლეთში. „ისლამური სახელმწიფო“ აცნობიერებს, რომ თვითგანადგურებამდე მიდის, მაგრამ ამით ცდილობს გაანადგუროს დასავლეთი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძე.