ლარი 1,8-იანი ნიშნულისკენ „თავისუფალი ცურვით“ დაიძვრება

ლარი 1,8-იანი ნიშნულისკენ „თავისუფალი ცურვით“ დაიძვრება

[ეკა ბაქრაძე]

ლარის ხანგრძილვადიანი და მიზანმიმართული გამყარების პოლიტიკა დასრულდა. აწ უკვე ეროვნული ბანკი ეროვნულ ვალუტას კვლავ თავისუფალი ცურვის რეჟიმში გაუშვებს. ამიტომაც დიდი ალბათობით ლარის კვლავ დაკარგავს პოზიციებს და წლის ბოლომდე 1,8-იან ნიშნულს დაუბრუნდება. ყოველ შემთხვევაში ასე ვარაუდობენ ექსპერტები.

ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკურ ფაქტორებს ითვალისწინებს და ვარაუდობს, რომ წლის ბოლოს 1 აშშ დოლარი 1.80-1.85 ლარი ეღირება.

„ლარის გამყარების ტენდენცია საქართველოში 2011 წლის თებერვლიდან დაიწყო და ამის მიზეზი ეროვნული ბანკის ანტიიფლაციური პოლიტიკა გახდა.  მიმოქცევაში ფულის მასის შემცირების გამო მასზე მოთხოვნა მაღალი იყო. ამას წინასააღდგომოდ გასული წლის საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გამო ლარზე გაზრდილი მოთხოვნა ემატებოდა, უკვე მაისიდან კი ლარმა დოლართან მიმართებაში 3%-იანი ვარდნა განიცადა.

მოსახლეობის მხრიდან სადღესასწაულო დღეების შემდეგ ლარზე გაზრდილი მოთხოვნა შემცირდა. ამასთან, სააღდგომო აქტივობის შემდეგ იმპორტიორი კომპანიები სასაქონლო მარაგებს ავსებენ, რაც აშშ დოლარზე მოთხოვნის ზრდას იწვევს. გარდა ამისა, საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის პოზიციები გამყარებულია“, - აცხადებს ლექვინაძე.

მისივე თქმით, 1-დან 6 მაისამდე ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა, თუმცა 6 მაისიდან 3%-ით გამყარდა, რასაც ექსპერტი საერთაშორისო ბაზრებზე ევროს პოზიციების შესუსტებით ხსნის.  ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ მთელი წლის მანძილზე მერყევობის მიუხედავად, წლის ბოლოს 1 აშშ დოლარი 1.8-1.85 ლარის ნიშნულზე დაბალანსდება.

ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის სამპროცენტიანი დაცემის გამო საზოგადობაში ისევ გაჩნდა ეჭვი, რომ ვალუტის კურსით საფინანსო ორგანიზაციები (ბანკები, სავალუტო ჯიხურები) სპეკულირებენ, რათა მაღალი მოგება მიიღონ. ეს მეთოდი მთელ მსოფლიოშია „აპრობირებული“. სავალუტო კურსის ხელოვნური რყევებით ბევრმა ადამიანმა იხეირა, მათ რიცხვშია ჯორჯ სოროსი.

სხვათა შორის, მას შემდეგ ლარის დაცემა დაიწყო, სავალუტო ჯიხურებში დოლარზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, ვინაიდან მოსახლეობაში გაჩნდა მოლოდინი, რომ ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება და დოლარის ყიდვა უნდა მოასწრონ.

ეროვნულ ბანკში სპეკულაციებს კატეგორიულად გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ მცურავი კურსის პირობებში ლარის რამდენიმე პუნქტით გაუფასურება ან გამყარება მოსალოდნელია.

„საქართველოში სავალუტო ბირჟა აღარ არსებობს, სადაც ეს პროცესი კარგად ჩანდა და სპეკულაციისთვის უფრო ფართო არეალი იყო. თუ ადრე ვაჭრობა, პირდაპირ, სავალუტო ბირჟაზე ხდებოდა, ახლა მას ბლუმბერგის ბირჟა ჩაენაცვლა. ბლუმბერგის სისტემაში ჩართულია, როგორც ყველა კომერციული ბანკი, ასევე ეროვნული ბანკი“, - აცხადებს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია.

მისი აზრით, სავალუტო რყევები არ არის ისეთი კრიტიკული, რომ მან ბაზარზე სერიოზულ გავლენა მოახდინოს.

„სავალუტო კურსის ფორმირება ხდება მოთხოვნა-მიწოდების შედეგად. ეკონომიკაში, საფინანსო ბაზარზე ჩვეულებრივი პროცესია, როდესაც მოთხოვნა დოლარზე ან ლარზე იზრდება. გამომდინარე აქედან, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ამ პროცესზე ბანკები, მით უმეტეს სავალუტო ჯიხურები მანიპულირებენ. სავალუტო ჯიხურები ვერანაირად ჩაერთვებიან მანიპულაციებში, ვინაიდან მათ სავალუტო აუქციონებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ აქვთ.

გეთანხმებით, რომ სპეკულაცია სავალუტო ვაჭრობების დროს ჩვეულებრივი მოვლენაა, ამაში ვერანაირ კატასტროფას ვერ ვხედავ, მაგრამ საქართველოში ამის შესაძლებლობა არ არის. ჯიხურები კი საერთოდ გამორიცხეთ, ჯიხურები ვალუტას თავიანთ ფასს ადებენ მას შემდეგ, როდესაც სავალუტო კურსს ეროვნული ბანკი გამოაცხადებს“, - დასძენს გვასალია.