„ხელისუფლებას გაუჩნდა განცდა, რომ მას შეეძლო ურჩუხლის მართვა, სინამდვილეში - ურჩხული იწყებს მართვას“

„ხელისუფლებას გაუჩნდა განცდა, რომ მას შეეძლო ურჩუხლის მართვა, სინამდვილეში - ურჩხული იწყებს მართვას“

„ხელისუფლებას გაუჩნდა განცდა, რომ მას შეეძლო ურჩუხლის მართვა. სინამდვილეში, ურჩხულის მართვა შეუძლებელია, რადგან, რაღაც მომენტიდან ურჩხული იწყებს შენს მართვას. სამწუხაროდ, იმ სისტემის მძევალია დღეს ხელისუფლება და ამაშია პრობლემა“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, ივანიშვილის პრობლემაა ის, რომ ვერ გააცნობიერა საფრთხე, რაც ამ კოაბიტაციას მოყვებოდა.

for.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.

მთვარ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება, პარარელურად, გამოძიება დაიწყო იმ მუქარებთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ანალოგიური შინაარსის მუქარა მიიღო რამდენიმე ტელევიზიამ. რამდენად სერიოზულია პრობლემა?

გია ხუხაშვილი: არ ვფიქრობ, რომ არასერიოზულია. ეს რომ ყოფილიყო ბინძური ხულიგნობა, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში დაფრთხებოდნენ და ჩანაწერების გავრცელებას ასეთი სისტემური ხასიათი არ ექნებოდა. ფაქტია, რომ არსებობს რაღაც დიდი გეგმა, რომელიც გაწერილია თარიღებით და მიუხედავად სამართლდამცველების აქტიურობისა, ეს გეგმა მაინც აგრძელებს მოქმედებას.

ეტყობა, რომ ამ ადამიანებს აქვთ საკმარისი პოლიტიკური ინტერესი, ასევე საკმარისი გარანტიები იმისა, რომ მათ ვერ მისწვდებიან. შესაბამისად, ეს არის ერთი რაღაც დიდი გეგმის ნაწილი. ასე რომ, სპონტანურობას პრაქტიკულად, გამოვრიცხავ, ეს სერიოზული პრობლემაა და არა იმ პირების, რომელზეც არის ლაპარაკი, არამედ ეს სახელმწიფოებრივი პრობლემაა, რადგან სამიზნეები არ არიან ეს ადამიანები, სამიზნე არის მთლიანად ქართული სახელმწიფო. სამიზნე არის ქვეყნის უსაფრთხოება, მისი სტაბილური განვითრების ეჭვქვეშ დაყენება და შესაბამისად, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია და არა რაღაც კონკრეტული პირადი ცხოვრების თემები. მით უმეტეს, რომ ამ კონტექტში არ იგულისხმება მარტო სექსუალური თემები, არამედ იგულისხმება ამ ტიპის შანტაჟის უფრო ფართო სპექტრი.

როდესაც კონკრეტულ ადამიანებს ემუქრებიან, რომ თუ პოლიტიკას არ ჩამოშორდებიან, გამოაქვეყნებენ მათი პირადი ცხოვრების კადრებს, ეს არის შანტაჟი და პროვოკაციის ნაწილი?

– რა თქმა უნდა, ეს არის პროვოკაციის ნაწილი. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი თემა საინტერესო არ არის. აქ საინტერესოა ის, რომ მუქარა მიმართულია სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. რადგან საფრთხე რეალურია, რომ შეიძლება ეს კადრები მართლაც გამოქვეყნდეს, ეს უკვე არის საინფორმაციო ტერორიზმი. მიმაჩნია, რომ ასეთი კვალიფიცირება უნდა მიეცეს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა უბრალოდ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან, არამედ საინფორმაციო ტერორიზმთან, რაც არა კონკრეტულად ამ ადამიანებს, არამედ ქვეყანას უქმნის პრობლემებს.

თუ საუბარია მაღალი თანამდებობის პირებზე, ეს ადამიანები თავის თავში თვითონ უნდა ჩამოყალიბდნენ. თუ მზად არიან გაუძლონ შანტაჟს, ასეთ შემთხვევაში მთელი საზოგადოება გვერდზე უნდა დავუდგეთ, გავამაგროთ ისინი, რომ შანტაჟს არ დაექვემდებარონ. თუ მათ საკუთარი თავის იმედი არ აქვთ, ასეთ შემთხვევაში ჯობია, რომ მიიღონ გადაწყვეტილება და დატოვონ თანამდებობა იმიტომ, რომ ეს უკვე მარტო მათი პრობლემა არ არის, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემა.

ანუ, შანტაჟს უნდა დაექვმდებარონ?

– არა. თუ ისინი თავს მაგრად გრძნობენ და თვლიან, რომ ამას შეებრძოლებიან, მაშინ არ დატოვონ თანამდებობები. მარტივი ალტერნატივაა, თუ აქვთ მოლოდინი და განცდები, რომ ამას ვერ გაუძლებენ, მაშინ ჯობია მიიღონ გადაწყვეტილებები, რომ მათთან ერთად არ დაზიანდეს ქვეყანა, სახელმწიფო უსაფრთხოება. სხვა გამოსავალი არ არის. რა ვქნათ, აშანტაჟონ ისინი და ჩვენ ვუყუროთ? მაშინ ქვეყანას რა ვუყოთ?

ვითრება საკმაოდ რთულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული კადრები რამდენიმე გავლენიანი უცხოელი სპეცსამსახურების ხელშია. შესაძლებელია, რომ კადრები უკვე ქვეყნის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული, როგორც პოლიტიკური შანტაჟის ერთერთი ნაწილი?

– ზუსტად ამაში ვხედავ პრობლემას და რას გვეუბნება დღეს ხელისუფლება? – გვეუბნება, რომ ეს კადრები შეიძლება არა თუ პოლიტიკურ ოპოზიციას ჰქონდეს, არამედ ნებისმიერ ადამიანს და ასევე საუბრობენ, რაღაცა ფინანსურ ინტერესებზე. შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ დასკვნას, რომ ეს ყველაფერი შავ ბაზარზე იყიდება.

ვის შეიძლება ყველაზე დიდი ინტერესი ჰქონდეს ასეთი ტიპის კომპრომატების ყიდვის?

– რა თქმა უნდა - უცხოეთის სპეცსამსახურებს, რომლებსაც ამ ქვეყანაში სავსებით კონკრეტული ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ.

უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში, გულისხმობთ რუსეთის სპეცსამსახურებს?

პირველ რიგში რუსეთის სპეცსამსახურებს ვგულისხმობ, მაგრამ სამწუხაროდ, არა მარტო მათ. ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურებს შეიძლება გაუჩნდეს ინტერესი და ეს ლოგიკურიც არის - რატომაც არა?! რაც შეეხება რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესებს, ეს ძალიან ცხადია, ეს არის სახელმწიფოს დასუსტება.

მთავარი პრობლემა რა შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც ხელისუფლება კონტროლს კარგავს პროცესებზე, მეტასტაზებივით ედება და შანტაჟის ენით იწყებს ლაპარაკს მთელი ქვეყანა?! ტოტალური უნდობლობაა ხელისუფლების მიმართ და დაუცველობის განცდა და ხელისუფლებისთვის ეს ძალიან სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს.

შესაბამისად, პირველ რიგში, ამის ბენეფიციარები არიან რუსეთის სპეცსამსახურები, მაგრამ სამწუხაროდ, არა მხოლოდ რუსეთის - თურქეთის, ირანის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების სპეცსამსახურებიც. ზეგავლენის მოხდენის ინტერესი შეიძლება გაუჩნდეს ბევრ მხარეს, მაგრამ სამწუხაროდ, მე ვერ ჩავკეტავ მხოლოდ ამ სპეცსამსახურების ინტერესებს - ანალოგიური პოლიტიკური ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ ხელისუფლების შიგნით გარკვეულ ჯგუფებსაც, პოლიტიკურ ოპოზიცას, ანუ დაინტერესებული მხარე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ პოტენციურად შეიძლება იყო ძალიან ბევრი. კონკრეტულად ვინ უფრო ეფექტურად გამოიყენებს, ეს სხვა საკითხია.

სადამდე შეიძლება გაგრძელდეს პროცესები?

– ეს არის სისტემური დანაშაული. თვითონ ხელისუფლება გვესაუბრებოდა წლების განმავლობაში, რომ წინა ხელისუფლება იყო ამ სისტემური დანაშაულით დაკავებული, როდესაც იღებდა, ინახავდა, აშანტაჟბდა და ამით მართავდა პოლიტიკურ პროცესებს. სისტემურ დანაშაულზე, სისტემური პასუხია გასაცემი. პირველი - უნდა გამოჩნდეს პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს დანაშაული უნდა შეწყდეს ქვეყანაში.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ შეუძლია გამოაჩინოს პოლიტიკური ნება?

– ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ დანაშაულის თანამონაწილე მარტო ის არ არის, ვინც ინახავს და ავრცელებს, არამედ ვინც იღებდა, ისიც დამნაშავე იყო. დაიჭირეს ერთი ადამიანი მაინც, ვინც მუშობდა სპეცსამსახურებში და ამ უკანონო დავალებებს ასრულებდა? ვინმე დასჯილია, თუ არ იციან ვინ არიან? დიდი ალბათობით ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი დღესაც სპეცსამსახურებში მუშაობს. აჩვენოს ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება.

რა უშლის ხელს ხელისუფლებას იმაში, რომ აჩვენოს პოლიტიკური ნება?

არ ვიცი. ეს კითხვა მთვრობას უნდა დაუსვათ. თუნდაც, ის რაც უკვე გავრცელდა, ამ დანაშაულს სამი ფიგურანტი ჰყავდა – გადამღები, შემნახავი და გამავრცელებელი. რატომ არ იჭერენ იმას ვინც იღებდა? ხომ ზუსტად იციან ვინც შეასრულა ეს უკანონო ბრძნება? გამოავლინონ პოლიტიკური ნება. იმ საქმეებს მოკიდონ ხელი, რაც გახმაურებული იყო. ავიღოთ იგივე ჩემი და ყოფილი პრემიერ–მინისტრის საუბარი, არ იციან ვინ ბურღავდა ჩემს კედელს? - რა თქმა უნდა, იციან. ამიტომ გამოავლინონ პოლიტიკური ნება და მოკიდონ ამ ხალხს ხელი. მაჩვენონ რამდენიმე ადამიანი, ვინც ამ უკანონო დავალებას ასრულებდა.

დამერწმუნეთ, თუ ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება აჩვენა, იმ ძველი კადრების გავრცელება სახელმწიფოს უკვე ვეღარაფერს დააკლებს. ვისაც ემუქრებიან ამ კადრების გავრცელებით, იმ ხალხზე მეტად დღევანდელ პრემიერ–მინისტრს აზიანებენ. ვიმეორებ, დაიწყონ ამ ბოროტების სათავედან, რადგან იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დანაშაულებრივ დავალებას ასრულებდა.

სამწუხაროდ, ხელისუფლება კოაბიტაციაში შევიდა სისტემასთან, ვინც ამ დანაშაულს სჩადიოდა. ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ემიჯნება, მაგრამ მისი სისტემა შეისრუტა. პრობლემა ხომ სისტემაში იყო და არა „ნაციონალურ მოძრაობაში“. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის პრობლემა იყო ის, რომ ვერ გააცნობიერა საფრთხე, რაც ამ კოაბიტაციას მოჰყვებოდა. ხელისუფლებას გაუჩნდა განცდა, რომ მას შეეძლო ურჩუხლის მართვა. სინამდვილეში, ურჩხულის მართვა შეუძლებელია, რადგან, რაღაც მომენტიდან ურჩხული იწყებს შენს მართვას. სამწუხაროდ, ხელისუფლება იმ სისტემის მძევალია და ამაშია მთავარი პრობლემა.