ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესით უკმაყოფილო არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მომხრეები, არამედ ყოფილი და ამჟამინდელი ნაციონალებიც არიან. ყოველ შემთხვევაში, ისინი იმ პირების დასჯას ითხოვენ, რომლებიც ცხრა წლის მანძილზე, პირადი ცხოვრების მიყურადებას და ფარულ ჩაწერა-გადაღებას ახორციელებდნენ.
ყოფილი ნაციონალებით დაკომპლექტებული ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი აცხადებს, რომ წლების მანძილზე არსებულ უსამართლობაზე, პარტიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, ხოლო ახლა დამნაშავეების დასჯის რიგია.
თუ ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ სახელმწიფოს სახსრები და რესურსი 27 ათასი ფარული ჩანაწერის განხორციელებას და შემდეგ, ეს კადრები ადამიანების დაშანტაჟებას ემსახურებოდა, ამაზე პასუხი არც ყოფილ და არც ამჟამინდელ ნაციონალებს არ აქვთ.
for.ge-სთან საუბარში „გირჩი“-ს წევრი პავლე კუბლაშვილი კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე აპელირებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი მანამდე არ დასრულდება, სანამ დამნაშავეები დასჯილნი არ იქნებიან. კუბლაშვილის განმარტებით, როცა ის დამნაშავეებზე საუბრობს, იმ ადამიანებს გულისხმობს, ვინც ეს ჩანაწერები შექმნა, შეინახა და გაავრცელა.
„ეს ყველა იმ ფაქტს ეხება, რომელიც სხვადასხვა დროს საზოგადოების განსჯის საგანი გახდა. ეს ასევე ყველა იმ სიტუაციას ეხება, რომლის გამოც არავის პასუხი ჯერჯერობით არ მოსთხოვეს. სამწუხაროდ, სამართალდამცავი ორგანოები პასიურები არიან. სანამ კონკრეტული პირები დასჯილნი არ იქნებიან, ახალი დანაშაულების პრევენცია ვერ მოხდება. სამართალდამცავ ორგანოებს ამ საქმეების გამოძიების შესაბამისი რესურსი არ აქვთ. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, სადაც ყველა ფრაქცია იქნება წარმოდგენილი და თითოეულ თემასთან დაკავშირებით, ყველა კითხვის ნიშანს პასუხი გაეცემა“, - აცხადებს კუბლაშვილი.
კანონმდებელის ინფორმაციით, კომისიის შექმნის თაობაზე განცხადებას ოთხი ხელმოწერა აქვს და საკითხს ინიცირებისთვის 30 ხელმოწერა სჭირდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში პოლიტიკური ძალები არიან, რომელთა ინტერესშიც არის, რომ ეს კითხვები პასუხგაუცემელი არ დარჩეს. თუკი სურთ, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას, მაშინ ამ ინიციატივას ხელი უნდა მოაწერონ და პარლამენტმა იმსჯელოს, კომისია უნდა შეიქმნას თუ არა. ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ არის. დაბრალებები შედეგამდე არ მიგვიყვანს. ყველა ფრაქციას ინფორმაციას მივაწოდებთ. ძალიან კარგად გამოჩნდება, ვის რა დამოკიდებულება აქვს“, - აღნიშნა დეპუტატმა.
მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, პავლე კუბლაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. შესაბამისად, for.ge კუბლაშვილის პოზიციით დაინტერესდა, მისი მხრიდან ამ საკითხის დაყენება უხერხული ხომ არ არის და მას, როგორც მაშინდელი უმრავლესობის წევრს, ამ ფაქტებზე ეკისრება თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა?!
კუბლაშვილი ირწმუნება, რომ მას მსგავსი ჩანაწერების განხორციელების თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება.
„თუ ეს ხდებოდა და ვიცით, რომ ეს წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა, ამ თემასთან მიმართებაში ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ ჩემს ბევრ კოლეგას და იმ ხალხს, ვინც პარლამენტში ვიყავით, არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა, რა ჩანაწერები მზადდებოდა, რას იღებდნენ და რა ხდებოდა. ჩვენი ბევრი კოლეგა თუ მეგობარი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ამ ჩანაწერების მსხვერპლი თავად გახდა“, - დასძინა კუბლაშვილმა.
„გირჩს“ პოლიტიკურ წარსულს for.ge-ს მსგავსად, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილიც უხსენებს. for.ge-სთან საუბარში ცაგარეიშვილი ამბობს, რომ იმ ადამიანებისგან ამ ინიციატივის გაჟღერება ცოტა უხერხული მოსასმენია, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედნი თავად იყვნენ. კანონმდებელი აკონკრეტებს, რომ ის კუბლაშვილს, ხაჩიძეს, მელაძეს და ჯაფარიძეს გულისხმობს.
„როგორც ჩანს, ამ ადამიანებმა პოლიტიკური ცოდვები მოინანიეს, რადგან ამ ინიციატივებს აყენებენ, თუმცა, მათგან სინანულის არანაირი გამოხატულება არ გვიგვრძვნია და კუბლაშვილის ამ ინიციატივას სერიოზულად ვერ მოვეკიდები. ადამიანს მორალური უფლება უნდა გქონდეს, რომ ამ საქმეში ჩაერთო და ხელმოწერები შეაგროვო“, - აცხადებს დეპუტატი.
ცაგარეიშვილის მოსაზრებით, „თავისუფალი დემოკრატები“ ამგვარ ინიციატივას არც ერთ შემთხვევაში არ შეუერთდებიან.
„არ ვაპირებ, რომ რაღაცას ხელი ან კუბლაშვილთან, ან წიკლაურთან, ან თაქთაქიშვილთან და ან სხვა იმ დონის ვიგინდარებთან ერთად მოვაწერო, რომლებიც ხალხის ტანჯვა-წამებით ერთობოდნენ“, - ამბობს ცაგარეიშვილი.
დეპუტატის შეფასებით, კუბლაშვილი თავის მეგობრებთან ერთად იმ ავადსახსენებელი პერიოდის ერთ-ერთი შემოქმედი იყო, რომელიც საზოგადოებამ სიმწრით გაიარა.
„რვა წლის მანძილზე, კუბლაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო და მისგან ელემენტარული გამოხმაურება არ მახსოვს იმ ათასგვარ სიბინძურეზე, რაც მათი მმართველის პერიოდში ხდებოდა. ასევე ეს არ მახსოვს, არც ხაჩიძესგან და არც მელაძისგან, რომლებიც სააკაშვილის ქედმოხრილი მსახურები თუ თანაპარტიელები იყვნენ. კუბლაშვილი ერთ-ერთი იყო, რომელიც ათასგვარ უმსგავსოებას და უნამუსობას ხელს აფარებდა, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი სჩადიოდა. ყველა ბინძური და სისხლიანი კანონი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გავლით გადიოდა. ამ კომიტეტის წევრი ვიყავი და ამ პროექტების წინააღმდეგ გამოვდიოდი. კარგად მახსოვს, რომ ინკვიზიციური მართლმსაჯულების ერთ-ერთი შემოქმედი კუბლაშვილი იყო. სასაცილოა, რომ ეს ადამიანი მენტორის როლში გამოდის და მამა აბრამის ბატკანივით მომიწოდებს, რომ მასთან ერთად საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი მოვაწერო. მას ხელს არ მოვაწერ. რაღაცას მართლა საზღვარი აქვს“, - დასძენს ცაგარეიშვილი.
ცაგარეიშვილისგან განსხვავებით, ნაციონალი მიხეილ მაჭავარიანი არ ფიქრობს, რომ „გირჩის“ ინიციატივა ცინიკურია, მაგრამ ყოფილ თანაგუნდელებს მოუწოდებს, კონსულტაციები უმცირესობასთან გამართონ.
როგორც for.ge-ს მაჭავარიანმა განუცხადა, ეს სწორი ინიციატივაა, რადგან ხელისუფლებას ამდენი ხანია პოლიტიკური ნება არ აქვს, რომ ეს საქმეები გამოიძიოს.
დეპუტატის თქმით, თუკი „გირჩს“ ამ საკითხის ინიცირება მართლა აინტერესებს, მაშინ სატელევიზიო „ივენთები“ და „პიარივენთები“ კი არ უნდა გამართოს, არამედ ფრაქციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვოს და ამ საკითხზე ისაუბროს.
„როცა საარჩევნო საკითხებზე 200 ათასი ხელმოწერა შევაგროვეთ, მაშინ განსხვავებული შეხედულებების ოპოზიციური პარტიებიც დავსხედით. თუ მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ ასეთი კომისია შექმნან, მაშინ უმცირესობას უნდა შეხდვნენ. პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მათთან კონსულტაცია გავმართოთ. კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ ხელისუფლებაში პოლიტიკური ნება არ არის, რომ ასეთი საქმეები გამოძიებული იქნეს. თუკი მხოლოდ იდეის და პიარის თემაა, იმათმა თქვეს და მეც გიპასუხეთ“, - აცხადებს დეპუტატი.
კუბლაშვილის მსგავსად, for.ge-მ კითხვით მაჭავარიანსაც მიმართა - აქვს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ მორალური უფლება ფარულ ჩანაწერებზე ისაუბროს?
დეპუტატი ამბობს, რომ კანონის დარღვევა შევარდნაძის, გამსახურდიას და კომუნისტების დროსაც ხდებოდა და თუკი ვინმე კანონს არღვევდა და მან პასუხი არ აგო, ამაზე პასუხი თავად როგორ უნდა აგოს.
„ჩანაწერების განხორციელება ახლა რომ ხდება, ეს რა არის? ეკა მიშველაძე, ნიკა გვარამია და გიორგი პაპუაშვილი ამბობენ, რომ უთვალთვალებენ და უღებდნენ. მაშინ, მორალური უფლება „ქართული ოცნების“ წევრებსაც არ ჰქონიათ. ძალიან კარგად მაქვს უფლება, რომ მოვითხოვო, ყველამ პასუხი აგოს, რადგან მე პოლიტიკურად პასუხი იმაზე ვაგე, რა უსამართლობაც ხდებოდა. ეს უსამართლობა და უკანონობა უნდა დასრულდეს. განცდა მაქვს, რომ ვინც ამ ჩაწერებს ახორციელებდა, მას ვიღაცამ ინდულგენცია მისცა და ჩაწერას ახლაც ახორციელებს. როგორ მოვიქცე - ჩვენი ბრალი იყო და ხმას აღარ ამოვიღებთო? - ვერ მივართვი. ვითხოვ, ყველა ის ადამიანი დაისაჯოს. მე პოლიტიკურად პასუხი ვაგე, ვინც ახორციელებდა, მას არ უგია“, - აცხადებს მაჭავარიანი.
რაც შეეხება მმართველი გუნდის განწყობას, უმრავლესობა კომისიის შექმნის წინააღმდეგ გამოდის, რადგან მიიჩნევს, რომ დეპუტატები იმაზე მეტს ვერ გამოიძიებენ, რასაც პროკურატურა.
for.ge-სთან საუბარში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში, საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხი განპირობებულია იმით, რომ პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, პოლიტიკური დღის წესრიგში საკუთარი თავი მოახვედრონ და ამ ფორმით საკუთარი თავი წარმოაჩინონ.
კახიანი ფიქრობს, რომ ვინაიდან, ეს თემა პოლიტიკურად ანგაჟირებულია, როგორც ჩანს, „გირჩი“-ს წევრებს სურთ, რომ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვონ.
„თუკი ასეთი ჩანაწერები არსებობს და ვინმე მის გასაჯაროვებას ცდილობს, ამის პრევენცია ძალიან რთულია. ინტერენეტთან წვდომა ყველას აქვს და თუკი ვინმეს ამის სურვილი აქვს, ამა თუ იმ ჩანაწერის განთავსება შეუძლია. ვერ ვიტყვი, რომ საგამოძიებო ორგანოები არაეფექტურად საქმიანობენ. ბოლო ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს და სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება არაეფექტური არ არის და ამ ეტაპზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ვხედავ. პროკურატურაზე მეტი, საგამოძიებო კომისიამ რა შეიძლება გამოიძიოს?“, - ინტერესდება კახიანი.
კანონმდებელი განმარტავს, რომ თუკი „გირჩი“ სულ ცოტა 30 დეპუტატის ხელმოწერას შეაგროვებს, საკანონმდებლო ორგანო ამ საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
მერვე მოწვევის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი არაერთ პოლიტიკურ თუ კულტურულ საკითხზე დადგა, თუმცა კომისია მხოლოდ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან დაკავშირებით შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც თინა ხიდაშელი იყო, თუმცა, კომისიის მიერ მთავარი პროკურატურისთვის გადაგზავნილ მნიშვნელოვან მასალებზე პასუხი ამ დრომდე არ გაცემულა.