საქართველოში 2011 წლიდან ექსპორტზე გასატანი პროდუქციის და საწარმოების შემოწმება კი დაიწყო, მაგრამ იმპორტირებული საქონლის ხარისხიანობის დადგენაზე თავს არავინ იწუხებს. სურსათის ეროვნულ სააგენტო ვითომ ატარებს მონიტორინგს, მაგრამ მათი ქმედება რეკომენდაციებს ვერ გასცდა. საქართველოში როგორც ითვალისწინებენ რეკონმედაციებს ეს ყველამ კარგად უწყის.
უკვე ყველასთვის ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ იმპორტირებულ პროდუქტს მოიხმარს. ქართული ბაზრის 80 პროცენტი ასეთი სასურსათო ნაწარმითაა გაჯერებული, რომელიც უცხოურ ბაზრებზე ყველაზე იაფიანია და საქართველოში 3-ჯერ მაღალ ფასში იყიდება.
მოძრაობა “მწვანეა პარტიის” ხელმძღვანელი გია გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ საქარველოში დღეს ხარისხის მაკონტროლებელი არცერთი უწყება არ არსებობს და სურსათის ეროვნული სააგენტო დანიშნულება მხოლოდ შემოტანილი პროდუქტის სერტიფიკატის აღიარებით შემოიფარგლება.
“ფაქტობრივად, იმპორტირებული ნაწარმის კონტროლი არ ხორციელდება. აქ ხდება მხოლოდ შემოსული პროდუქტის სერტიფიკატის აღიარება. ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობაა. ამ ბიზნესში მთლიანად ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან ჩართულნი. შემოდის უხარისხო ნაწარმი, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდვითი უნარი არის ძალიან დაბალი. ამიტომ საერთაშორისო ბაზრებზე ეძებენ იაფფასიან, უხარისხო, კონსერვანტებით გაჯერებულ პროდუქციას და აქ სამ და მეტჯერ მაღალ ფასში ყიდიან.
ხარისხს არავინ აკონტროლებს, კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს. ხარისხის კონტროლის სისტემა კანონით გააუქმეს, რომ მეტი თავისუფლება მიეცეთ უხარისხო პროდუქციის შემომტანებს. მოქმედი კანონმდებლობა ხარისხსის კონტროლს არ ითვალისწინებს. სასურსათო პროდუქციის ძალიან დიდი ნაწილი სიცოცხლისთვის სახიფათოა. ასეთ ნაწარმს ბაზრის 80 პროცენტი უკავია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
ყველაფერს, რაც დღეს იყიდება უცხოური ეტიკეტი ადევს. აღმოჩნდა, რომ კვერცხიც კი, რომელიც თითქოს საქართველოში იწარმოება, სინამდვილეში იაფად შემოტანილი უხარისხო პროდუქტია.
ასე ხდება რძესა და რძის პროდუქტების შემთხვევაში. ბევრს ჰგონია, რომ ქართულ რძეს ყიდულობს, მაგრამ ისიც იმპორტირებული რძის ფხვნილისგან არის დამზადებული და ყველაფერი შემოტანილი პროდუქტის საშუალებით იწარმოება. სასურსათო წარმოება საქართველოში, ფაქტობრივად, მკვდარია”, - აცხადებს გაჩეჩილაძე.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს უწყება ყველა ტიპის სურსათის მწარმოებელი საწარმოს კონტროლსა და ინსპექტირებას “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით, 2011 წლის 3 იანვრიდან ახორციელებს.
“ქსელში გასაყიდად განთავსებული იმპორტირებულ სურსათის მონიტორინგს ლაბორატორიული კვლევის მიზნით სააგენტო ახორციელებს. “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, მთავარია, სურსათი იყოს უვნებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მეწარმეს კი შეუძლია ნებისმიერი ხარისხის სურსათი აწარმოოს. ამავდროულად, მომხმარებელი უნდა იყოს ინფორმინებული თუ რა ხარისხის სურსათს ყიდულობს.
თუკი სურსათი მავნებელი აღმოჩნდება ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ხდება მავნებელი სურსათის ქსელიდან ამოღება და განადგურება. სხვადასხვა ტიპის შეუსაბამობის შემთხვევაში გაიცემა რეკომენდაციები და მეწარმეს - რეალიზატორს ეძლევა მათი გამოსწორების გონივრული ვადა”, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.