„რას ნიშნავს საკადრის პასუხს გასცემდა, მაგარ ბიჭს დანიშნავდა, თუ როგორ არის საქმე?“

„რას ნიშნავს საკადრის პასუხს გასცემდა, მაგარ ბიჭს დანიშნავდა, თუ როგორ არის საქმე?“

საქართველოს პრეზედენტი აბაშიძე-კარასინის ფორმატს აკრიტიკებს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუ აღნიშნულ შეხვედრებზე პოლიტიკური თემები განიხილება, ქართულ მხარეს უნდა წარმოადგენდეს ისეთი დიპლომატი, რომელიც გრიგორი კარასინს ადეკვატურ პასუხს გასცემს. პრეზიდენტის განმარტებით, მას რომ ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, ის სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის გზავნილს მიიტანდა კარასინამდე.

„არ მგონია, რომ პოლემიკაში უნდა შევიდე კარასინთან. მგონია, რომ პრაღის ფორმატი დასაზუსტებელია. ისეთი ტიპის განცხადებებზე, როგორიც კარასინმა გააკეთა, უნდა ჰყავდეს ადეკვატური პასუხის გამცემი პრაღის ფორმატშივე. მე რომ მყავდეს ჩემი წარმომადგენელი პრაღაში, სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა გრიგორი კარასინამდე“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

პრეზიდენტს სპეციალური პრესკონფერენციით უპასუხა ზურაბ აბაშიძემ. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი აცხდებს, რომ პრაღაში გამგზავრებამდე ის კონსულტაციებს გადის ყველა იმ უწყების წარმომადგენელთან, რომელიც რუსეთის საკითხებთან შემხებლობაშია, შეხვედრის შემდეგ კი დეტალური ინფორმაცია 15-მდე უწყებას ეგზავნება. მისივე თქმით, შეხვედრების შესახებ საქმის კურსში არიან უცხოელი პარტნიორები და დიპლომატები, რომლებიც მხარს უჭერენ დიალოგის წარმოებას.

„მართალი გითხრათ, პრეზიდენტის განცხადებით გაოცებული დავრჩი. პრაღიდან დაბრუნებისთანავე დავიწყე შეხვედრები. შევხვდი პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს და სხვა უწყებების წარმომადგენლებს. თუ სურვილი იქნება შევხვდები პრეზიდენტის მრჩეველს და რა თქმა უნდა, თავად პრეზიდენტს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ შეხვედრაზე და კარასინის ცნობილ განცხადებებზე საუბრისას ბატონი პრეზიდენტი დაეყრდნო არა ქართული მხარის ინფორმაციას, არამედ რუსულ წყაროებს. ბატონ პრეზიდენტს კითხვა გაუჩნდა ჩემს მიერ ნახევრად ხუმრობით, თუნდაც სერიოზულად, ჟურნალისტისთვის ნათქვამზე, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ჭკუით უნდა მოვიქცეთ. როდის აქეთ გახდა ჭკუით მოქცევა პოლიტიკაში საეჭვო ან ცუდი?“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

პრეზიდენტს ტონს უწუნებენ ანალიტიკოსები და თვლიან, რომ კარასინის პროვოკაციას არავინ უნდა წამოეგოს, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტი. როგორც ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, მისთვის გაუგებარია პრეზიდენტის განცხადების ფუნქცია მაშინ, როდესაც თითქმის, ყველა უცხოელი პარტნიორი საქართველოს მიუთითებს იმაზე, რომ პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი შესანარჩუნებელია.

„რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ზურაბ აბაშიძის კომპეტენტურობის ეჭქვეშ დაყენებას, ჯერჯერობით ვერ ვხედავ საქართველოს წარმომადგენლებში უფრო კომპეტენტურ დიპლომატს, ვიდრე ზურაბ აბაშიძეა. ჩვენ არ ვიცით, რეალურად, რა მოხდა დახურულ კარს მიღმა, რადგან კარასინის და აბაშიძის განცხადებები ერთმანეთს არ ემთხვევა, ხელისუფლებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელს უფრო ენდობა - კარასინს, თუ აბაშიძეს.

თუ კარასინზე ვიღებთ ორიენტაციას, მაშინ ზურაბ აბაშიძე უნდა გადადგეს იმ მიზეზით, რომ მას არ ენდობიან. თუ არავის არ ვენდობით და ვენდობით მას, ვინც აგრესიულ ფრაზეოლოგიას აჰყვება, მაშინ მივიღებთ 2008 წლის სიტუაციას. თუ ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიზანი, მაშინ ეს უნდა ითქვას და გავიმეოროთ 2008 წელი“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

პრეზიდენტის განცხადებას უცნაურს უწოდებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე და აცხადებს, რომ საგარეო ურთიერთობები არ არის ის თემა, რომელსაც პრეზიდენტი უნდა არეგულირებდეს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ფუნქცია არის ნულის ტოლი.

„საკმაოდ უადგილო განცხადებაა. პრაღაში, რომ ჰყოლოდა წარმომადგენელი, მაშინ ბერლინშიც უნდა ჰყავდეს და საფრანგეთშიც. პრეზიდენტისთის პარალელური სტრუქტურები უნდა შეიქმნას საელჩოებთან? გულწრფელი პატივისცემის მიუხედავად, მგონია, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში, უბრალოდ, აცდა მოვლენებს. ხელისუფლების უმაღლესი პირები ცოტა მოზომილნი უნდა იყვნენ განცხადებებში.

თუ აბაშიძე-კარასინის ფორმატი მიუღებელია პრეზიდენტისთვის, შეუძლია არ დაეთანხმოს ამ ფორმატს, მაგრამ რას ნიშნავს საკადრისს პასუხს გასცემდა, მაგარ ბიჭს დანიშნავდა, თუ როგორ არის საქმე? მგონია, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტის განცხადება არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც ქვეყანაშია და ზოგადად ამ ფორმატის მიმართებაში საერთოდ გაურკვეველია. თუ საჭიროდ ჩათვლის ხელისუფლება და ამ შემთხევაში პრემიერი, დამთავრდება ეს ფორმატი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთთან ურთიერთოებები ასე მშვიდად და ლამაზად მოგვარდება, სცდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

„ჩვენ მივეჩვიეთ პრეზიდენტის მხრიდან ასეთი ექსტრაორდინალური განცხადებების გაკეთებას“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ვახტანგ მაისაია, რომლის განცხადებით, სჯობდა პრეზიდენტს სხვა ფორმით მიეწოდებინა საკუთარი პოზიცია საზოგადოებისთვის.

„ასეთი შინაარსის გზავნილები ვნებს თავად პრეზიდენტს. სჯობდა უფრო სხვა ფორმები მოენახა ქვეყნის პრეზიდენტს და სხვა კუთხით მოეხდინა აღნიშნულის ტექსტის მიწოდება საზოგადოებისათვის. პრეზიდენტის მხრიდან ასეთი განცხადებები ჩვენი ქვეყნის იმიჯს წარმოაჩენს არასახარბიელო კუთხით. არასერიოზულად აღგვიქვამენ ჩვენ ამ კონტექსტში“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.