„მინიშნება არის იმაზე, რომ ქვეყანაში შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ, შესაძლოა შიდა სტაბილურობას შეუქმნას საფრთხე. ეს დაფიქრების საგანი მართლაც უნდა გახდეს, მიუხედავად იმისა, რას გვკარნახობს ბატონი კარასინი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი.
for.ge ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა.
გრიგორი კარასინის განცხადება შეიძლება შეფასდეს როგორც მუქარა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ?
ირაკლი მენაღარიშვილი: სამწუხაროდ, რუსული დიპლომატია ტრადიციებს არ ღალატობს. რუსული მხარე სრულიად უსაფუძვლოდ, მე ვიტყოდი ცინიკურად, ცდილობს იმ ფაქტის იგნონირებას, რომ მას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და მიუხედავად ამისა, კვლავაც დაჟინებით სრულიად დაუმსახურებელ სიყვარულს მოითხოვს ქართული საზოგადოებისგან.
ბატონმა კარასინმა მშვენივრად იცის, რომ ქართულ საზოგადოებას რუსოფობია არ ჭირს. რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებას ქართულ-რუსულ ურთიერთობაში არსებული ფუნდამენტური პრობლემა - რუსეთის აგრესიის შედეგად დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ქმნის. ეს თემა სულ იარსებებს, სანამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება. ბუნებრივია, წინასაარჩევნო პერიოდში იგი გამწვავდება კიდეც. არ შეიძლება ამ საკითხზე მოსკოვში ილუზია ჰქონდეთ. ამიტომ მგონია, ბ-ნი კარასინი ამ არც თუ მომგებიანი თამაშის პირობებში უბრალოდ, ცდილობს სახე შეინარჩუნოს.
რუსი დიპლომატის დარტყმის ქვეშ აღმოჩნა თავდაცვის უწყება და პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს ნიშნავს თუ არა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით შესაძლოა, სიურპრიზებს ველოდოთ რუსეთის მხრიდან?
- რაღაც განსაკუთრებულ გზავნილს აქ ვერ ვხედავ. უბრალოდ, ბატონი კარასინის თანაშემწეებს, ვინც აკვირდება ქართულ მედიას და საერთოდ პოლიტიკურ სივრცეს, ყველაზე მეტად ეს ორი გამოთქმა არ მოეწონათ და ჩათვალეს, რომ ამგვარი დემარშის დასაბუთებისთვის გამოადგებოდათ.
თინა ხიდაშელის განცხადება - „ქვეყანა უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინაშე“, - იყო კრიტიკული?
- რა თქმა უნდა, იყო და არცთუ უსაფუძვლოდ. ქალბატონმა თინამ ბრძანა ის, რასაც ქართული საზოგადოების უმრავლესობა ფიქრობს. სხვა საქმეა თავდაცვის მინისტრმა უნდა გააკეთოს ეს განცხადება, თუ სხვა სტრუქტურამ. ეს თემა განსჯის საგანიც შეიძლება იყოს, მაგრამ როდესაც ამას მთავრობის წევრი ამბობს, ეს არის მთავრობის საქმე და არა კერძო პირის. ზევით უკვე ვთქვით, რომ ამგვარი კრიტიკული დამოკიდებულება უსაფუძვლო სულაც არ არის და ბატონ კარასინს ეს კარგად მოეხსენება.
„საქართველოში მთავარი საფრთხე საპარლამენტო არჩევნების მოახლოვება და მზარდი ანტირუსული რიტორიკაა“, - კარასინის ეს განცხადება ადასტურებს, რომ რუსული მხარე საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული ძალების მოსვლას ლობირებს?
- არ მგონია, რომ ზუსტად ეს გზავნილი ყოფილიყო. ამ გზავნილის გარეშეც კარგად არის ცნობილი რა ძალებს უჭერს მხარს ოფიციალური მოსკოვი. მე ამ საკითხს ცოტა სხვაგვარად შევხედავდი. მინიშნება იმაზე, რომ ქვეყანაში შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ შესაძლებელია შიდა სტაბილურობას შეუქმნას საფრთხე, დაფიქრების საგანი მართლაც უნდა გახდეს. ამგვარი რისკი რეალურად არსებობს და იგი სათანადო ყურადღებას მოითხოვს, მიუხედავად იმისა, რას გვკარნახობს ბატონი კარასინი, მაგრამ ეს ჩვენი შიდა საქმეა და არა ჩვენი მეზობლების.
როგორც ცნობილია, საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ზაფხულში მიიღებს. ასევე, ზაფხულში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის ჯონ ქერი, რაც ალბათ, ნიშნავს აშშ-ის ღია მხარდაჭერას. კარასინის მუქარანარევი გზავნილები უკავშირდება საქართველოს აქტიურობას დასავლეთთან მიმართებაში?
- ჩვენი, დასავლეთის მიმართულებით, კერძოდ საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გააქტიურების კუთხით გადადგმული არც ერთი ნაბიჯი მოსკოვში აღფრთოვანებას არ გამოიწვევს. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების საქართველოსთან თანამშრომლობის გააქტიურების პარალელურად, რუსეთის მხრიდან მაშინვე მსგავსი რეაქცია იწყება. ვფიქრობ, ასეა ამ შემთხვევაშიც.
სხვათა შორის, ყურადღება მინდა მივაქციო იმასაც, რომ ბატონმა კარასინმა საკუთარი პრეზიდენტის დავალების დეზავუირებაც მოახდინა, როდესაც განაცხადა, რომ ამ პირობებში საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს ვერ გავუუქმებთო.
დღეს რუსეთს უამრავი პრობლემა აქვს. იცით, რომ რუსეთს კარგი ცხოვრებისა და წარმატებების გამო არ დაუწყია სირიიდან ჯარის გამოყვანა. გრძელდება რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია. დასავლეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იმ პირობებში, როდესაც რუსებს ანექსირებული აქვს ყირიმი და აქტიურად არის ჩართული უკრაინის შიდა საქმეებში, სანქციების მოხსნაზე ლაპარაკი ზედმეტია. ვფიქრობ, ამიტომაც აქვს რუსული მხარის განცხადებებს ამგვარი გაღიზიანებული ტონი.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად რუსეთის მხრიდან მოიმატა აგრესიულმა განცხადებებმა. შეგახსენებთ სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტების გადამზადების ბაზა არსებობს. ამ ბრალდებების საპირისპიროდ აუცილებელია თუ არა, რომ საქართველოს მთავრობამ აქტიური საგარეო პოლიტიკა აწარმოოს იმისათვის, რომ ჩვენი უსაფრთხოების საკითხები გახდეს საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგის განუყოფელი ნაწილი?
- პირველ რიგში, საქართველომ განუხრელად უნდა შეინარჩუნოს თავისი სტრატეგიული მიზნისკენ სწრაფვა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წარმატებული სვლა იქნება საუკეთესო პასუხი მსგავს გამოხტომებზე.