„ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იკითხეს, რა საშუალებები არსებობდა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის“

„ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იკითხეს, რა საშუალებები არსებობდა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის“

„იციან, ვინ იყვნენ ის აგენტი ქალბატონები და მამაკაცები, რომლებიც მსხვერპლის მოხიბვლას ახდენდნენ. ყველაზე თემატური იყო არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები, რომლებიც გადაბირებული ჰყავდათ და ამ ხალხს ხელფასს უხდიდნენ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია, რომლის განცხადებით, პოლიტიკური ოპონენტების მასიური თვალთვალი 2008 წლიდან დაიწყო.

for.ge ვალერი ხაბურძანიას ესაუბრა.

ბატონო ვალერი, თქვენ მუშაობდითნაციონალური მოძრაობისმმართველობის დროს ძალოვან სტრუქტურაში. თუ გაქვთ ინფორმაცია, რომელი წლიდან დაიწყო მასობრივი თვალთვალი?

ვალერი ხაბურძანია: როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, პირველი იკითხეს, რა საშუალებები არსებობდა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის.

ვინ დაინტერესდა ამით?

- მაგალითად, ზურაბ ადეიშვილმა იკითხა უშიშროებაში რა ხდებოდა. მაშინ შსს–ს ჰქონდა ერთი პორტატული აპარატი და ერთი გვქონდა ჩვენ, რომელიც ამერიკელებმა მოგვცეს და ფაქტობრივად, თავად აკონტროლებდნენ. გარდა ამისა, უშიშროების სამინისტროში იყო სტაციონალური აპარატი, რომელსაც შეეძლო ჯეოსელის აბონენტების მოსმენა, რადგან მხოლოდ ჯეოსელი იყო ჩართული. ტექნიკურად ისე იყო მოწყობილი, რომ თუ სასამართლოს მიერ გაცემულ სანქციას არ მიიტანდი ჯეოსელში, ვერ მოუსმენდი.

ამ აპარატურით მხოლოდ მოსმენა ხდებოდა, თუ პირადი ცხოვრების გადაღებაც იყო შესაძლებელი?

- არა, გადაღება ვერანაირად ვერ მოხდებოდა, რადგან ეს იყო მოსასმენი აპარატურა. გადამღები აპარატურა ნაციონალების დროს გამოჩნდა. პირველი, რაც მთხოვეს როგორც უშიშროების მინისტრს, ეს იყო ნანა კაკაბაძის მოსმენა, რაც ჩემთვის გასაკვირი იყო. ვკითხე რაში სჭირდებაოდათ კაკაბაძის მოსმენა, რაზეც მიპასუხეს, რომ ჩვენთან იყო, მაგრამ ახლა ხელს გვიშლის სატელევიზო დაკავებებშიო.

ეს ყველაფერი ვინ გითხრათ?

- მაშინ, უკვე, ამირან მესხელი იყო უშიშროებაში. ეს იყო ადამიანი, რომელმაც არ იცოდა ეს სისტემა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 45 დღე ვიყავი მინისტრი, ამ პერიოდში ვანო მერაბიშვილმა შემომიგზავნა მესხელი და მითხრა, რომ ეს კაცი დანიშნე მოადგილედო. მე ვუთხარი ვანოს, რომ ამ კაცს მოადგილედ ვერ დავნიშნავდი, რადგან ეს იყო უშიშროება. შევთავაზე, რომ რაღაც საფეხურები გაევლო - ჯერ სამმართველოს უფროსი გახდეს და შემდეგ, მე რომ წავალ სადაც გინდათ დანიშნეთ-თქო.

ამ პერიოდში მოვიდა ამირან მესხელი და პირდაპირ მითხრა, რომ უშიშროებაში არსებული აგენტურის სია მჭირდება და ასევე რამდენიმე ცოცხალი აგენტი მომიყვანეთ უნდა გავესაუბროო. მე ვუთხარი, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება არ გაქვს და ეს სია თავადაც არ მაქვს ნანახი, რადგან არის აგენტი, რომელიც მხოლოდ ოპერატიულმა თანამშრომელმა უნდა იცოდეს-თქო.

რისთვის სჭირდებოდათ? საბოლოოდ ხელმისაწვდომი გახდა მესხელისთვის აგენტურული სია?

– ჩემს დროს არა, მაგრამ როგორც კი წავედი, უკვე ამ სიებს როგორც უნდოდათ ისე ატრიალებდენ.ზოგის გვარს რომ დაინახავდნენ, ხარხარებდნენ და სად რას აკეთებდნენ არავინ იცის. რაც შეეხება გადაღებებს, ასეთი აზრები ამირან მესხელის ტვინში იხარშებოდა, თუმცა არც ადეიშვილს აკლდა აზრები და იდეები. შემდეგ, უკვე, მეგრული ჯგუფიც მძლავრად ჩაერთო ამ პროცესში.

მეგრული ჯგუფი რას ნიშნავს?

- ძმები ახალაიები და მეგის ქარდავა. ამ მეგრელების ჯგუფის საკურატორო იყო სამეგრელოს რეგიონი და თავდაცვის სამინისტრო. სამეგრელოში იყო ამ უკანონობის ცენტრი. ამ ამორალურ ქმედებას, ვგულისხმობ გაუპატიურებას, იყენებდნენ ე.წ. ჯაშუშების წინააღმდეგ. ანუ, ვინც მათი აზრით რუსების აგენტი იყო, უნდა გაეუპატიურებინათ. „რუს ჯაშუშებში“ პოლიტიკური მოწინააღმდეგეებიც მოაქციეს. ამ მეგრულ დაჯგუფებაში იმდენად არ იყო ჩართული გიგა ბოკერია, მაგრამ პოლიტიკური ფიგურების თვალთვალისა და გადაღების გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილებას ისიც იღებდა.

მეგრული ჯგუფი დამოუკიდებლად მოქმედებდა?

- ახალაიას ჯგუფი პირდაპირ სააკაშვილზე გადიოდა. ამდენად, ვფიქრობ, რომ შეიძლება ბოკერია პირდაპირ არ იყო ჩართული, მაგრამ იცოდა რასაც აკეთებდნენ. დაახლოებით ვიცი მათი გადაწყვეტილებების მიღების სისტემა. ეს იყო ოთხეული – ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი და სააკაშვილი. ღამის საათებში ხდებოდა ყველაფერი. ამ უკანონო ქმედების შემსრულებელი იყო ამირან მესხელი და ოტოს მთელი შემადგენლობა კოტარიას ხელმძღვანელობით.

კოტარიას ხელში არის გავლილი ყველა კადრი. კოტარია იყო ამის ავან–ჩავანი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კოტარია ახლა ერთ-ერთ ფირმაში მუშაობს, რომელსაც ბოჭკოვანი ქსელი გაყავს და თქვენ წარმოიდგინეთ, კაცი, რომელსაც შეუძლია ინტერნეტის მეშვეობით თვალთვალი, მოსმენა, გადაღება და ა.შ. პირდაპირ ზის ამ ინტერნეტ კავშირებზე.

რომელი წლიდან დაიწყო პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ პირადი ცხოვრებების კადრების გადაღებები?

- როდესაც მომძლავრდენ და ტექნიკაც იყიდეს. დაახლოებით 2005 წლის შემდეგ. 2004 წელს ამის ფინანსური და ტექნიკური საშუალებები არ ჰქონდათ. 2005 წლიდან დაიწყეს და 2008 წლის შემდეგ მომძლავრდნენ. ის პატარა ჰაკერი, რომ გენიოსი გახადეს, მას შეიძლება რაღაც ვირუსი ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ეს იყო მარტივი ვირუსი და ნებისმიერი ანტივირუსი გადაიწერდა. ვფიქრობ, რომ ყველაზე მძლავრი ჰაკერული ვირუსი მათ ამერიკელებმა მისცეს.

ამერიკელებს რა ინტერესი ჰქონდათ?

– 2008 წლის ომის შემდეგ რუსული ჰაკერების შეტევები იყო სამთავრობო საიტებზე. ჰაკერული შეტევების წინააღმდეგ პროგრამული საშუალებები როგორც თავდაცვით და თავდასხმითი იარაღი გამოიყენება მთელს მსოფლიოში. ნაციონალებმა ეს პროგრამები გამოიყენეს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შესაბამისმა წარმომადგენლებმა, აქ რომ რეზიდენტი ჰქვიათ, დაახლოებით იცოდნენ, რომ სააკაშვილი ამ ვირუსებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებდა. როგორც ამბობენ 25 000 ფაილია, მაგრამ აქედან უმრავლესობა სატელეფონო საუბრები იქნება, რადგან მოსმენა მასიურად ხდებოდა. რაც შეეხება გადაღებას, ეს უფრო რთულია.

ბატონო ვალერი, ტექნიკურად როგორ ხდებოდა პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალი და გადაღება?

- ამ საქმის გამოძიება ყველაზე მარტივია, რადგან გადაღებები სპეცსამსახურების ბოლო პერიოდის მეთოდებით ხდებოდა. ამ საქმის მონაწილეებიდან ერთ-ერთი, ვფიქრობ, მამაკაცი შეკრული იყო სპეცსამსახურთან, რომელსაც ე.წ. პლიუსავოი ოთახში მიჰყავდა ქალბატონი.

რას ნიშნავს პლიუსავოი ოთახი?

– ოთახი, სადაც წინასწარ იყო დამონტაჟებული გადამღები აპარატურა. აგენტს შეჰყავდა მსხვერპლი და ამ მეთოდით ხდებოდა გადაღება. მეორე მომენტია, რომ მამაკაცმა ეს არ იცოდა, მაგრამ შესწავლილი ჰქონდათ ადგილები, სადაც წყვილები დადიოდნენ. ამ სასტუმროს მფლობელს გადაიბირებდნენ და აიძულებდნენ კამერა იმ ოთახში დაემონტაჟებინა, სადაც ეს წყვილი ხშირად დადიოდა. როდესაც წყვილები ცდილობენ დამალონ მათი ურთიერთობა, გააჩნიათ ადგილი, სადაც უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს, მაგრამ სწორედ, იქ ხდება კამერების დამონტაჟება და გადაღება.

ტექნიკურ დეპარტამენტში დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ამ კადრებს იღებდნენ, მათ იციან სად არის ეს „პლიუსავოი“ ოთახები, რომელი სასტუმროს თანამშრომლებია გადაბირებული. იციან ვინ იყვნენ ის აგენტი ქალბატონები და მამაკაცები, რომლებიც მსხვერპლის მოხიბვლას ახდენდნენ. ყველაზე თემატური იყო არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები, რომლებიც გადაბირებული ჰყავდათ და ამ ხალხს ხელფასს უხდიდნენ.

რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ კადრებს, რამდენად შესაძლებელია, რომ გამოძიება გავიდეს ადამიანზე, ვინც ატვირთა ეს კადრები?

- ვინ ატვირთა აღნიშნული კადრები, ეს ყველაზე ძნელად დასადგენია, მაგრამ ყველაზე ადვილად დასადგენია ვინ გადაიღო, სად და რა მიზნით. ამ კადრების მონაწილე სუბიექტები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ გამოძიებასთან. დაასახელონ ის სასტუმრო სადაც იყვნენ, დაიბარონ სასტუმროს ხელმძღვანელი და მაშინდელი ოპერატიულ–ტექნიკური თანამშრომლები, ისინი დაასახელებენ იმ პირებს, რომელთა დაკვეთით მოხდა გადაღება. ძალიან მარტივი სქემაა.

როგორც გითხარით, ოპერატიული ტექნიკური სამსახური, ანუ კოტარიას სამსახური შს მინისტრის ბრძანების გარეშე ვერსად ვერ წაიღებდა სპეცტექნიკას და ვერ დაამონტაჟებდა. ელემენტარულად, ამ ხალხის დაკავება იყო საჭირო. ეს ხალხი მაშინ უნდა დაეკავებინათ და იმისათვის, რომ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულიყვნენ, მიუთითებდნენ ხელმძღვანელებზე და ეს ხელმძღვანელები იქნებოდნენ: საააკაშვილი, ადეიშილი, მერაბიშვილი და ბოკერია.

დარწმუნებული ვარ, რომ გიგი უგულავაც ღებულობდა მონაწილეობას ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. აი, ამისთვის უნდა მიეცათ ეს ხალხი პასუხისგებაში და დასავლეთი მათ პასუხისგებაში მიცემას სხვანაირად აღიქვამდა. მით უმეტეს, რომ ძირითადად ე.წ. პროდასავლურ პოლიტიკოსებს უღებდნენ. რისთვის არის პასუხისგებაში მიცემული გიგი უგულავა, ბაჩო ახალაია, ან ვანო მერაბიშვილი?

როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოხდა ამ საქმის გამოძიება?

- ტვინი არ ეყოთ ამისთვის.

იქნებ კოაბიტაციის ბრალი იყო?

- ზუსტად, ტვინი არ ეყოთ, კოაბიტაცია უნდა შეხებოდა იმათ, ვინც ამ დანაშაულში არ იყვნენ ჩართულნი. თუმცა, მე არ ვიცნობ „ნაციონალური მოძრაობის“ ისეთ წევრს, რომელსაც მოსმენილი, ან გაგონილი მაინც არ ჰქონდა ამ დანაშაულის შესახებ. მაგალითად, იგივე გივი თარგამაძე საზღვარგარეთაც ლამაზად აკეთებდა ამ ყველაფერს – იღებდა, იწერდა ყველას და ქურდებსაც ხვდებოდა.

როგორ იღებდა გივი თარგამაძე?

- გივი თარგამაძეს ჯგუფები დაჰყავდა უკრაინაში, რომლებიც იქ კონკრეტულ ადამიანებს იღებდნენ. ჩემი ინფორმაციით, უკრაინაში მოწყობილი ჰქონდათ ნარკო ოთახი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კაიფობდნენ. თავის ხალხსაც იღებდნენ, რომელთაც შემდეგ აშანტაჟებდნენ. პოლიტიკურ ოპონენტებთან ერთად თავის ხალხსაც იღებდნენ.

ამბობთ, რომ ერთმანეთს უღებდნენ, მაგრამ გიგა ბოკერია ამბობს, რომ მათი მმართველობის დროს ასეთი ჩანაწერები არ გავრცელებულა, რაც მისი თქმით, ადასტურებს, რომ ეს დანაშაული მაშინ არ ხდებოდა...

- სისულელეა რასაც ბოკერია ამბობს. რატომ გამოაქვეყნებდნენ? თავის თავს გაშიფრავდნენ? დროისა და მონაწილეების თვალსაზრისით, ეს კადრები იმაზე მიუთითებს, რომ ნაციონალების დროს არის გადაღებული. დღეს რატომ გამოაქვეყნეს? – იმიტომ, რომ იცოდნენ ხელისუფლებას დაბრალდებოდა და ხელისუფლებას მოსთოხვდნენ გამოძებას. ამის გამოძიება კი ძალიან რთულია.

ძალიან მცირე ალბათობით ვუშვებ იმას, რომ ამის უკან „ქართული ოცნებიდან“ წასული გაბრაზებული ადამიანი იდგეს. რატომ ახლა? – როგორც ჩანს, სერიალებლად უნდათ ამის გაკეთება. ამას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ – კერძოდ – თარგამაძე, ადეიშვილი, მესხელი, მერაბიშვილი, ბოკერიას ჯგუფი და მეორე მხრივ - მეგრული ჯგუფი.

ელოდებით, რომ შეიძლება კიდევ ვიხილოთ მსგავსი კადრები?

- მართალი გითხრათ ეს გვარები ყველამ იცოდა. ჭორის დონეზე გამიგია, რომ საუბარია კიდევ ორ ქალბატონზე და ერთ-ორ მამაკაცზე, რომლებიც ყოფილი ნაციონალები არიან, არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზეა საუბარი. სხვა კადრები არ უნდა ჰქოდენთ.

ნიკა გვარამიას მტკიცებით, მას რომ სცოდნოდა სააკაშვილის ხელისუფლება დაკავებული იყო პირადი ცხვრების კადრების გადაღებით, გაემიჯნებოდა მაშინდელ ხელისუფლებას. იგივეს აცხადებს გიგა ბოკერია და ნაცმოძრაობის თითქმის მთელი შემადგენლობა. ფაქტია, რომ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას იხსნიან ამ ამაზრზენ დანაშაულზე, მაგრამ რამდენად შეძლებენ?

– გვარამიამ მაშინ თუ არ იცოდა, დღეს საიდან გაიგო? მაშინ შტერი ყოფილა. მაგათი ფანტაზია იქამდეა მისული, არ გამოვრიცხავ, ამ და სხვა სუბიექტის მონაწილეობით გადაიღონ რაღაცა კადრი და მერე იძახონ, რომ თურმე ხელისუფლება უთვალთვალებს. ეს კაცი ყველაფერზეა წამსვლელი. ამ ხელისუფლების სისუსტეა ის, რომ ვერ გათვალეს ვისთან აქვთ საქმე.

ნამდვილად ჰქონდათ იმის საშუალება, რომ აემოქმედებინათ კანონი მათ წინააღმდეგ და ვერავითარი კოაბიტაციის მოთხოვნა ამას ვერ შეაჩერებდა. როდესაც ხელისუფლება რაღაცას მალავს, ყოველთვის ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს. გახსოვთ გიორგი სანაიას საქმე, როდესაც ხელისუფლებამ დაიწყო რაღაცის დამალვა, მიიღო ის, რაც მიიღო. ამიტომ, ხელისუფლებამ ყოველთვის უნდა თქვას სიმართლე, რაც არ უნდა მძიმე იყოს იგი.