საპარლამენტო არჩევნებამდე 8 თვით ადრე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდების მობილიზაცია დაიწყო. საუბარია 10-დან 15 ათასი ახალგაზრდის მობილიზაციაზე, რომლებიც აპრილის თვეში 8-ჯერ გაივლიან სწავლების სპეციალურ კურსს, როგორ უნდა აღკვეთონ საარჩევნო უბანზე არჩევნების გაყალბება.
რაც შეეხება მოხალისეების ანაზღაურებას, for.ge-სთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ მოხალისეები პარტიას უანგაროდ მოემსახურებიან. თუმცა, როგორც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული წყარო ამბობს, პარტიამ რეგიონალურ ხელმძღვანელებს უკვე მისცა დავალება, რომ ფულადი ანაზღაურების საფასურად უზრუნველყონ ახლგაზრდების მობილიზება. ერთი მოხალისის ცხოვრების, კვების, გადაადგილების ფულს პარტია ფარავს. გარდა ამისა, მოხალისეები გაწეული სამსახურისთვის მიიღებენ ხელფასს.
„კომისიის წევრი და პარტიის წარმომადგენელი იღებს ხელფასს ბიუჯეტიდან, დანარჩენი იქნებიან მოხალისეები და მათი მუშაობა არ იქნება ანაზღაურებადი და ამის მაგალითი გვქონდა გარდაბანში. ჩვენ გვჭირდება ბევრი დამკვირვებელი. გარდაბანმა დაგვანახა, რომ ტრენინგის გარშე ეს შეუძლებელია. 3 200 კომისიაა და სულ, რომ 3 კაცი გვყავდეს კომისიაში, დაახლოებით 10 ათას კაცს უნდა ჩავუტაროთ ტრენინგი. რაც მეტი იქნება, მით უკეთესი, მაგრამ 10 ათასი ადამიანი უნდა გვყავდეს მომზადებული, რომელსაც ეცოდინება წესი, როგორია საარჩევნო პროცესი, რომ არ მოხდეს გაყალბება“, - აცხადებს მიხეილ მიაჭავარიანი.
მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ პარტიისთვის 10 ათასი მოხალსის შეკრება პრობლემას არ წარმოადგენს.
„10 ათასი არის მინიმუმი, ვფიქრობთ, რომ 15 ათასამდე ადამიანს ჩავუტარებთ ტრენინგს. რატომ მეკითხებით შევძლებთ თუ არა 10 ათასი ადამიანის მობილიზებას? და რა პრობლემაა 10 ათასი კაცი „ნაციონალური მოძრაობისთვის“? არც 10 და არც 15 ათასი პრობლემა არ არის და ეს ჯაჭვის აქციამ გვაჩვენა. თუ ორგანიზებულობაზეა საუბარი, „ნაციონალური მოძრაობას“ მაგის პრობლემა ნამდვილად არ აქვს. ტრენინგები რომ დაიწყება, თქვენ თვითონ ნახავათ რა აქტიურობა იქნება.
ტრენინგები ჩატარდება რაიონული ორგანიზაციების ოფისებში, იმ შემთხვევაში, თუ მოხალისეების რაოდენობა გაიზრდება, დარბაზებს ვიქირავებთ. მაგალითად, შარშან როდესაც რეგიონებში საარჩევნო კოდექსის განხილვა მოვაწყვეთ, NDI-ი დაგვეხმარა. ახლავე ვაცხადებ, რომ ჩვენ გვჭირდება 10-15 ათასი ადამიანი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მიხეილ მაჭავარიანმა.
უმცირესობის წევრი, ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ რამდენი ადამიანი იქნება საჭირო, იმდენი ადამიანის მობილიზაციას შეძლებს „ნაციონალური მოძრაობა“, რათა არჩევნების დღე მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.
„გარდაბნის არჩევნებმა კარგად აჩვენა, რომ 2 და 3 დატრეინინგებული ადამიანის ყოფნა საარჩევნო უბანზე საკმარისია იმისათვის, რომ ვერ გააყალბონ არჩევნები. ჩვენ ვმუშაობთ მოხალისეებთან. ასე რომ, ეს პროცესი დაწყებულია. შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროცესი რამდენიმე დღეა დავიწყეთ და უკვე როგორც პირველმა დღემ აჩვენება, 10 ათასი ადამიანის მობილიზება ჩვენთვის პრობლემა არ იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ხათუნა გოგორიშვილი.
საარჩევნო კანონის თანახმად, ნებისმიერ პოლიტიკური სუბიექტს შეუძლია საარჩევნო უბაზე როგორც დამკვირვებელი, ასევე წარმომამდგენილი ჰაყავდეს. თუმცა, ექსპერტები ეჭვქვეშ აყენებენ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ მოხალისეების დატრენინგებას არჩევნების გაყალბების აღსაკვეთად იწყებენ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, თუ გამოვალთ იქიდან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამოცდილება არჩევნების გაყალბებაში ძალიან დიდია და მათ არაერთხელ მოუხერხებიათ გაყალბება ისეთი მასშტაბით, რომელიც ლიტერატურაშიდაც კი არ იყო აღნიშნული, რწმენა, რომ ეს ჯგუფები გაყალბების საწინააღმდეგოდ იქმნება, ნდობას არ იწვევს.
„ნდობის არგამოწვევა უკვე ნიშნავს იმას, რომ ფართო საზოგადოება, რომელიც დაინტერესებულია, რომ არჩევნები არ გაყალბდეს, არ წავა ამ წინადადებაზე. სავარაუდოდ, უფრო, თავისი აქტივისტები ეყოლებათ და ამიტომ დაისვა თქვენგანაც კითხვა, მოახერხებენ თუ არა ამ რაოდენობის აქტივისტების შეკრებას.
მეეჭვება, რომ მოახერხონ, თუკი აქტივისტებზეა ლაპარაკი, მაგრამ გამორიხული არ არის ნავარაუდევი იყოს ანაზღაურებით ხალხის მოზიდვა და ამ შემთხევაში, ალბათ, უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდება ამ რიგებში, ვიდრე დღეს მხარდამჭერებს ითვლის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის საარჩევნო ბრძოლის ტრენინგი, რომლის მიზანი იქნება საარჩევნო ხმების გადმოქაჩვა ნაციონალების მხარეს და არა ობიექტური სურათის შენარჩუნებისათვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
„ქართული ოცნების“ წევრის, გიგა ბუკიას განცხადებით, თუკი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი გადაწყვეტს საარჩევნოდ ზონდერ ჯგუფების შექმნას, ან მათი მეშვეობით არჩევნების პროცესს ხელი შეუშალოს, კანონის შესაბამისად დაისჯებიან.
„არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ ნაციონალების მართვის სტილი ამას უჩვენებს. მაგრამ, თუ ვინმე დააპირებს რაიმე მეთოდით არჩევნებზე ხელის შეშლას და კანონის დარღვევას, მთელი სიმკაცრით იქნებიან დასჯილი. მათ რომ ბევრი რაღაცის სურვილი აქვთ და ზოგადად, დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდით ცდილობენ ყველაფერი შავად წარმოაჩინონ, ეს ისედაც ცნობილია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიგა ბუკიამ.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანა არ არის არჩევნების მოგება.
„მათი ტაქტიკა გასაგებია. მე არ ვიცი რამდენად მოძებნიან ამ 15 ათას კაცს, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ მუშაობა იციან, არ არის გამორიცხული, რომ შესაძლო პოსტსაარჩევნო კრიზისის შემთხვევაში ეს 15 ათასი კაცი, 150 ათას კაცად
გახადონ. „ნაციოანლურმა მოძრაობის“ წევრებმა იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ და საერთოდ, მათი ამოცანა არ არის არჩევნებს მოგება, მათი ამოცანაა „ქართული ოცნების“ დაშლა, რათა მოხდეს შიდა საპარლამენტო გადატრიალება, ან პოსტსაარჩევნო კრიზისის შექმნა ქვეყანაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.