„პროცესების რევოლუციური გზით წაყვანის მცდელობა იქნება“

„პროცესების რევოლუციური გზით წაყვანის მცდელობა იქნება“

„არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებაში იყოს ჯგუფი, რომელსაც შეიძლება მიაჩნდეს, რომ ასეთი კადრების გამომზეურობით ისინი დარტყმას აყენებენ ოპოზიციას და ამცირებენ მის შანსებს საზოგადოებაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დამოიკიდებელი ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე, რომლის განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ იღებდა ამ კადრებს.

for.ge ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

ინტერნეტ სივრცეში პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებამ, საზოგადოებრივი აზრი ორად გაყო. გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ეს შედის ხელისუფლების ინტერესებში, თუმცა, უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ამ დანაშაულის ავტორი არისნაციონალური მოძრაობა“. ბატონო ზაალ, ვის ინტერესებში შედის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ვაჭრობა?

ზაალ ანჯაფარიძე: ცალსახა პასუხის გაცემა ძალზედ რთულია. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ კადრების გავრცელების ინტერესი შეიძლება ძალიან ბევრ ჯგუფს, თუ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს. წრე იმ ადამიანებისა, რომელიც შეიძლება დაინტერესებული იყოს მოცემული კადრების გავრცელებით, შემოფარგლულია ერთი სუბიექტით. ამიტომ ვარაუდების დაწყებას ნამდვილად არ ვაპირებ, ველოდები გამოძიების შედეგებს. სიმართლე გითხრათ, ჩემში ძალიან უარყოფითი ემოციების შთაბეჭდილებას იწვევევს ზოგიერთი ადამიანის, ორგანიზაციისა თუ პოლიტიკური სუბიექტის ყოველგვარი დამაჯერებელი მტკიცებულების გარეშე პირდაპირ ხელის გაშვერვა ხელისუფლებისკენ.

გამორიცხვათ ხელისუფლების კავშირს?

- გამორიცხული არფერია, მაგრამ ასე ხელაღებით ერთი ვინმეს დადანაშაულება, ვფიქრობ არ არის გამართლებული. გასაგებია, რომ ამას აკეთებენ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები, მაგრამ არც ეს არის მორალურად გამართლებული საქციელი. გასაგებია, რომ პოლიტიკური ბრძოლაა და თუ გავითვალისწინებთ საქართველოში პოლიტიკური კულტურის დონეს, ბრძოლის ყველა მეთოდი მოსულა, მაგრამ როდესაც ასეთ უაპელაციო განცხადებებს აკეთებენ ის ადამაინები, რომელთაც იურიდიული განათლება აქვთ და წარმოადგენენ სამოქალაქო ორგანიზაციებს, ჩემის აზრით, ეთიკური არ არის.

კი ბატონო, თუ ხელისუფლება რამე ფორმით არის ჩარეული, ეს უნდა იქნას დამტკიცებული. ასე უაპელაციოდ იმის მტკიცება, რომ ხელისუფლების გაკეთებულია, არა მგონია, რომ სამართლებრივად და ზნეობრივად გამართლებული იყოს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის დაგეგმილი და ხმაშეწყობილი კამპანიის ერთ-ერთი შემადგენილი ნაწილი.

რას გულისხმობთ დაგეგმილ და ხმაშეწყობილ კამპანიაში და ვის მიერ არის დაგეგმილი?„ნაციონალური მოძრაობისწევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ამ კადრებმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაიწყო გავრცელება, რაც მისი თქმით ბიძინა ივანიშვილის მმართველობას უკავშირდება და თვლის, რომ მისი ნებარვით მოხდა ამ კადრების გავრცელება...

- პოლიტიკურ ოპონენტებს შეუძლიათ განაცხადონ ის, რაც მათ მოესურვებათ და რაც მათ პოლიტიკურ გეგმებშია, მაგრამ ვინ იღებდა ამ კადრებს, საზოგადოებამ ეს კარგად იცის. რაც შეეხება იმას, თითქოსდა ხელისუფლების გაკეთებულია, არ გამოვრიცხავ ხელისუფლებაში იყოს ჯგუფი, რომელსაც შეიძლება მიაჩნდეს, რომ ასეთი კადრების გამომზეურობით ისინი დარტყმას აყენებენ ოპოზიციას და ამცირებენ მის შანსებს საზოგადოებაში. თუმცა, მეორე მხრივ, ამ კადრების გავრცელებით გაცილებით უფრო მეტი ზიანი არ ადგება თავად ხელისუფლებას და მთავრობას? თუ გავითვალისწინებთ იმას, რა აჟიოტაჟი მოჰყვა ამ ყველაფერს საზოგადოებაში, პოლიტიკურ წრეებში და მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებაში, გაცილებით მეტი ზიანი მიიღო ხელისუფლებამ. ამიტომაც საჭიროა, უსწრაფესად დადგინდეს ვინ არის ამ კადრების გამავრცელებელი, საიდან მოდის და ვინ დაგეგმა.

რაც სამწუხაროდ, საკამოდ რთულია. მით უმეტეს, რომ საქართველოს საგამოძიებო უწყებას ამ სახის დანაშაულის გამოძიების გამოცდილება არ აქვს...

- რა თქმა უნდა, ნამდვილად არ არის ადვილად დასადგენი საქმე იმიტომ, რომ ამას სპეციალური ცოდნა და რესურსები სჭირდება, მაგრამ კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა ეს არის ცალკეული ადამიანების განცხადება რომელიც მოვისმინეთ, რომ ხელისუფლებას არ ჰყოფნის რესურსები, ექსპერტიზა, ცოდნა და ა.შ. შეიძლება ასეც არის, მაგრამ ჩემი აზრით, სხვისი ექსპერტიზის დონე რომ ობიექტურად შეაფასო, შენ თვითონ უნდა იყო ამ სფეროში ექსპერტი.

რამდენადაც ვიცი, ის ხალხი, ვინც საჯაროდ აკეთებს განცხადებებს, არ არიან კიბერდანაშაულთან ბრძოლის საქმის ექსპერტები. ამ განცხადებას აკეთებენ საკუთარი სუბიექტური განწყობებისა და ხელისუფლების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების საფუძველზე. ამის ერთადერთი მიზანია, რომ მოახდინონ ხელისუფლების სამარცხვინო ბოძზე გაკვრა და ამ მიზნის განხორციელებაზე მიდის აქტიური მუშაობა.

როგორ ფიქრობთ, რა ძალები ცდილობენ ხელისუფლების ბოძზე გაკვრას? არსებობს მოსაზრებებიც, რომ კადრების გავრცელება მოხდა რუსული სპეცსამსახურების მიერ, რომლებმაც ამ შემთხვევაშინაციონალური მოძრაობისინტერესები გაატარეს...

- ვინც იცნობს რუსული სპეცსამსახურების მუშაობის სტილს და ეს სტილი საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული დიდად არ შეცვლილა, ამის დაშვება შეიძლება. მათ ინტერესებში შედის ამ კადრების ჩვენება, რომ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში დათესონ არეულობა, გააჩინონ შიშის განცდა, უნდობლობა, ერთმანეთთან დაპირისპირება და ამით გარკვეულწილად, სამოქმედოდ ხელ-ფეხი გაუხსნან პრორუსულ ძალებს. დაიწყონ იმის მტკიცება, რომ აი, ხომ ხედავთ, ხელისუფლება არის უნიათო, ვერ აგვარებს ასეთ პრობლემებსაც კი და ა.შ. ეს შეიძლება შედიოდეს მათ ინტერესებში, მაგრამ ასევე შეიძლება შედიოდეს სხვა ადგილობრივი პოლიტიკური ძალების ინტერესებშიც, რომელთაც იციან, რომ ნორმალურ, ჩვეულებრივ, სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებში დიდი შანსი არ აქვთ და უკვე, აქედანვე ქმნიან საინფორმაციო ფონს, რომ არჩევნები აუცილებლად გაყალბდება, რომ ეს ყველაფერი ემსახურება წინასაარჩევო გარემოს, თანაბარუფლებიანობის პრინციპების დარღვევას და ა.შ.

ნაციონალურ მოძრაობასგულისხმობთ?

- კი ბატონო, აქ იგულისხმება როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ოპოზიციაში არიან ხელისუფლებასთან, აპირებენ არჩევნებში გასვლას და რატომღაც უკვე აანონსებენ გამარჯვებას.

თავისუფალი დემოკრატებისლიდერი გყავთ მხედველობაში?

- მათ შორის.

ირაკლი ალასანია პირდაპირ აცხადებს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი დგას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების უკან. როგორ ფიქრობთ, ამ განცხადებების საწინააღმდეგო არგუმენტები არსებობს?

- მე, პირადად მიმაჩნია, რომ მისი განცხადება თუნდაც ერთი დამაჯერებელი ფაქტით უნდა იყოს გამყარებული. ვიმეორებ, რომ როგორც ანალიტიკოსი ვერანაირად ვერ მივიღებ ასეთი ტიპის განცხადებას ჭეშმარიტად, თუ დამაჯერებელი ფაქტებით არ არის გამყარებული.

ბატონო ზაალ, ჩვენ ვიცით რა პოლიტიკური ძალა მართავდა სახელმწიფოს, ნაცმოძრაობის სახელმწიფო პოლიტიკა იყო ადამიანების შანტაჟი. ამ ძალისგან უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მკვეთრ ნაბიჯებს?

- გეთანხმებით. დიდია ალბათობა იმისა, რომ არჩევნების მოახლოების კვალობაზე ვიხილოთ როგორც კომპრომატების ომის გაგრძელება, ასევე სხვა ისეთი მოვლენები, რომლითაც შეეცდებიან ქვეყანაში მოახდინონ დესტაბილიზაცია და შექმნან ისეთი ფონი, რომ არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, პროცესების რევოლუციური გზით წაყვანის მცდელობა იქნება. მოვლენების განვითარების დინამიკა ასეთ განცდებს მიქმნის. ყოველ შემთხვევაში მათ შეიძლება იციან, რომ დიდი სახალხო მხარდაჭერა არ ექნებათ, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მოდი - ვცდი.

ამ შემთხვევაში რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ აღკვეთოს პროცესების რევოლუციური გზით გავითარების მცდელობა?

- ხელისუფლებამ თავისი მოქმედებით, ოპონენტებს არ უნდა მისცეს ბრალდების საფუძველი. ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერ ბრლდებას უნდა გამოაცალოს ნიადაგი. ამიტომ, უსწრაფესად უნდა იყოს გამოძიებული მაკომპრომატირებელი კადრების წარმოშობისა და გავრცელების მიზეზები. დასახელდეს პიროვნებები ვინც ეს გააკეთა, რა თქმა უნდა, თუ იდენტიფიცირებადი არიან. პროცესები უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ და რაც მთავარია, მიხედონ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, რომელიც აწუხებს ამ საზოგადოებას.

მართალია, ამ კადრებმა გამოიწვია აჟიოტაჟი, მაგრამ ეს მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილმა გააპროტესტა. გარწმუნებთ, რომ ფართო საზოგადოებას და რიგით ადამიანებს სხვა პრობლები უფრო აწუხებთ, როგორიც არის სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა და კიდევ ბევრი სხვა, რომელსაც ობიექტურად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ თავი ვერ გაართვა. ამიტომ, მოცემულ პერიოდში მთავარია ხელისუფლებამ თავი გაართვას იმ საკითხებს, რაზედაც კონცეტრირებულია საზოგადოების ყურადღება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული ეს საქმე და არავის არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები, თუ კითხვის ნიშნები დარჩება, ამას მოყვება სხვა კითხვები და ამის შედეგად დაიწყება საზოგადოებრივი პროტესტის ინიცირება. მოგეხსენებათ, რომ დღეს კომიუნიკაციების ფართო საშუალება გვაქვს, მათ შორის სოციალური ქსელები და ხელისუფლების წინააღმდეგ მომუშავე რამდენიმე საკმაოდ სერიოზული მედია საშუალება. ასე რომ, ძალიან სწრაფად ხდება ნეგატიური მუხტის გავრცელება საზოგადოებაში და ეს უნდა იქნას გათვალისწინებული.

ნიკა გვარამიას მტკიცებით, მას რომცოდნოდა სააკაშვილის ხელისუფლება დაკავებული იყო პირადი ცხვრების კადრების გადაღებით, გაემიჯნებოდა მაშინდელ ხელისუფლებას. იგივეს აცხადებს გიგა ბოკერია და ნაცმოძრაობის თითქმის მთელი შემადგენლობა. ფაქტია, რომ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას იხსნიან ამ ამაზრზენ დანაშაულზე, მაგრამ რამდენად შეძლებენ?

- არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ დაიჯერებს რომ ნიკა გვარამიას, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილე იყო და შედიოდა იმ ადამიანთა წრეში, რომლებიც დაახლოებულნი იყვნენ სააკაშვილთან, არ ჰქნდა წვდომა იმ ინფორმაციასთან და მათ შორის კონფიდენციალურზე, რაზედაც შეიძლება სხვებს არ ჰქონდათ წვდომა, თუნდაც მისი სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. ვერანაირად ვერ დავიჯერებ, რომ გვარამიამ არ იცოდა ამის თაობაზე. ასევე რთული დასაჯერებელია ის, რომ ამის თაობაზე არ იცოდნენ ნაცმოძრაობის სხვა ლიდერებმა, რომლებიც შედიოდნენ იმ ვიწრო წრეში, რომელთაც ყველა ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა. მათი მხრიდან ასეთი ფორმით თავის მართლება და მცდელობა, რომ საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახდინონ, უბრალოდ სასაცილოა.