ქვეყნის განვითარება ოდეერის (ოფიცერი უშიშროების საკითხებში) ინსტიტუტის ფონზე რთულია. ამდენად, ცალკეული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ოდეერის ინსტიტუტი „ლუსტრაციის კანონმა“ უნდა ჩაანაცვლოს.
ეკონომიკის დოქტორის რატი აბულაძის აზრით, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისთვის კარგი იქნება, თუკი „ოდეერის ინსტიტუტის“ დამკვიდრების ნაცვლად ქვეყნის აღმავლობა „სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების“ ბაზაზე მოხდება. ამიტომ, თუკი გვინდა ჯანსაღი და ევროპული დონის ქვეყნის აშენება, მაშინ საზოგადოებისთვის ნათელი და გამჭვირვალე უნდა გახდეს: ვინ აშენებს ქვეყანას (როგორია საკადრო რესურსი); ვინ მართავს სახელმწიფო უწყებებს; რა მიზნებით არიან მმართველები მმართველობით სტრუქტურებში; როგორია სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების ბიოგრაფიული შტრიხები, პოლიტიკური ინტერესები და პოლიტიკურად დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ფაქტორები.
ყოველივე ზემოაღნიშნულს რომ პასუხი გაეცეს, რატი აბულაძის აზრით, საჭიროა „ლუსტრაციის კანონის“ მიღება.
იურისტი ლევან ალაფიშვილი, რომელიც 1996 წლიდან „თავისუფლების ქარტიის“ შესახებ კანონის ავტორია, For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია ოდეერის ინსტიტუტის იმ შინაარსით არსებობას, რაც საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული გვახსოვს. ამიტომ, თუკი ასეთი ე.წ. ფარული თანამშრომლები ისევ არსებობენ, ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.
„ოდეერების და ლუსტრაციის საკითხზე მსჯელობისას მკაფიოდ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ორი შინაარსობრივად განსხვავებული რამაა. ლუსტრაცია უცხო სახელმწიფოს ან ტოტალიტარული რეჟიმების ყოფილი თანამშრომლების ან მოსამსახურეებისგან საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაცვის საკანონმდებლო გარანტიაა. ოდეერების სისტემა კი ამა თუ იმ დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის პირობაა, რაც სახელმწიფოებრივ ინტერესშია. საბჭოური გადმონაშთი შემთხვევით არ მიხსენებია, ოდეერის შინაარსი ასეთია - „ოფიცერ დეისტვიუშჩევო რეზერვა“ (უშიშროების მოქმედი რეზერვის ოფიცერი), რომელიც ადმინისტრაციულად უშიშროებაში დასაქმებული არ არის, დასაქმებულია სხვაგან, მაგრამ უზრუნველყოფს კგბ-ს ინტერესებს. 1996 წლიდან, როდესაც ოდეერის სისტემა კანონით დასრულდა, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ კანონში ჩაიწერა, რომ ამა თუ იმ უწყებაში შეიძლება დაინიშნოს ოფიცერი უსაფრთხოების საკითხებში. ამგვარი სისტემა ყველგან არსებობს, ოღონდ სხვადასხვა მოდიფიკაციით. ოდეერები უსაფრთხოების ოფიცრები არიან, მაგრამ ყველამ იცის, რა მიზანიც აქვთ. ეს მიზანი კანონითაა შემოფარგლული და მათ თვითნებობის საშუალება არ რჩებათ. მაგალითად, რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში სახელმწიფო საიდუმლოება რომ არ გამჟღავნდეს, ამ ადამიანებს რეგულაციების შემუშავებაში დახმარება, ხელშეწყობა თუ უზრუნველყოფა ევალებათ.
იმის მიუხედავად, რომ 1996 წლიდან ოდეერის სისტემა საქართველოში დამთავრებულია და ამ კანონის ავტორი მე გახლავართ, უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა შეგვხვდა მაშინდელი უშიშროების სამსახურებიდან, რადგან ეს ფუნქცია რამდენიმე უწყებაში გაბნეული იყო. თუმცა იმდროინდელმა პარლამენტმა მაინც შეძლო და კანონში ჩაწერა, რომ ოდეერი იყო ღია და კონრეტული ფუნქციით შემოსაზღვრული უშიშროების თანამშრომელი. სამწუხაროდ, საკანონმდებლო სივრცე ერთ მხარეს დარჩა და მეორე მხარეს გაგრძელდა ძველი საბჭოური მენტალობით მართვა. საკანონმდებლო რეგულაციების მიუხედავად, სამწუხაროდ, ოდეერების ფარული თვალთვალისთვის გამოყენება, გადაწყვეტილებებში მათი ჩარევა მაინც ხდება. მთელი კორუფციული ცდუნება ამ მახინჯი სისტემის თანმდევი მახასიათებელი აღმოჩნდა“, - აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.
მანვე განმარტა, რომ ყველაზე დიდი კურიოზი ის არის, რომ იმ დაწესებულებაში, სადაც ოდეერები დღესაც მუშაობენ, ყველამ ყველაფერი იცის. თანამშრომლებმა კარგად იციან, ვინ არის ოდეერი, ისიც იციან, რომ მათი ფუნქცია სხვა არაფერია, თუ არა თვალთვალი და გადაბირება, ანუ საბჭოური მანკიერი და არა -სახელმწიფოებრივი პრაქტიკა.
„დავსვათ კითხვები-რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უნივერსიტეტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს? რატომ არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოდეერის სამსახური და რატომ არ არის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში? რა მიზანს უზრუნველყოფს ეს სამსახური? თუკი სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის პრობლემა ერთგან არ დგას, მეორეგან რატომ უნდა არსებობდეს? თუკი ერთგან ბავშვების განათლებაზეა საუბარი, მეორეგან ტერორისტული და სახელმწიფოსთვის არასასურველი გავლენა რატომ უნდა იყოს? ხომ შეიძლება, კრიმინალური მიმართულება როგორც ერთგან, ასევე, მეორეგანაც არსებობდეს? ამიტომ ძველი ოდეერული მიდგომა არასწორია“.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ოდეერის ინსტიტუტთან ლუსტრაციის კანონს არანაირი შეხება არ აქვს, ვინაიდან ოდეერი არა იმდენად კონტრსადაზვერვო და რეპრესიული აპარატის გამომხატველი ფიგურაა, რამდენადაც ოდეერი არის უბრალოდ ინფორმატორი, მოქმედი ოფიცერი, რომელიც თავის ხელმძღვანელობას უგზავნის ინფორმაციას.
ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ოდეერს აქვს თავისი სპეციფიკური დანიშნულება და ოდეერის ინსტიტუტი უნდა არსებობდეს, მაგრამ არა კონტრსადაზვერვო კუთხით, არამედ- სადაზვერვო კუთხით.
„ოდეერი სულაც არ არის აგენტი, ინფორმატორი ან პროვოკატორი. მას თავად ჰყავს აგენტები. ოდეერი სპეცსამსახურების მოქმედი შტატიანი თანამშრომელია. ის, რომ თითქოს საქართველოს დამოუკიდებლობის წლებიდან მოყოლებული, ოდეერი ბევრჯერ გამხდარა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობის უკანონო შემოსავლების წყარო, არასწორია. შეიძლება, ოდეერს ეთქვა, მე ამდენი აგენტი დავავერბოვკე, მჭირდება ამდენი და ამდენი თანხაო, მაგრამ მასშტაბურად ეს სამსახური კორუფციული წყარო ვერ გახდებოდა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.