„კარასინის განცხადების ქვეტექსტიც ეს არის - ახლა დგება პირველი პირების შეხვედრის დრო!“

„კარასინის განცხადების ქვეტექსტიც ეს არის - ახლა დგება პირველი პირების შეხვედრის დრო!“

მართალია, რუსეთმა დროში იჩქარა და კარასინის პირით „ოკუპაციის შესახებ კანონის“ გაუქმებისკენ ნაადრევად მოგვიწოდა, მაგრამ საქართველოდანაც შესაბამისი პასუხი მიიღო, რომ „ოკუპაციის კანონი“ მხოლოდ მაშინ გაუქმდება, როცა საქართველოს ოკუპაცია დასრულდება.

ამის მიუხედავად, საქართველოში საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა, კანონი ოკუპაციის შესახებ შერბილდეს. ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის თქმით, საუბარია გამონაკლისის შესაძლებლობაზე, რათა რუსეთის დელეგაციას, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, პრობლემა არ შეექმნას. ამდენად, შესაძლოა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდეს.

გიორგი ვოლსკის თქმით, შესაბამისი თხოვნით საქართველოს უკვე მიმართეს მეგობარმა ქვეყნებმა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმაც.

„ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, დელეგაცია, ისევე, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია და საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი მოგვმართავს თხოვნით, რომ შევქმნათ პირობები იმისთვის, რათა თბილისში 1-5 ივლისს დაგეგმილ ძალიან ფართომასშტაბიან ფორუმზე რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლას პრობლემა არ შეექმნას. ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ. თუ ამისთვის კანონში შესატანი იქნება დეტალი იმის თაობაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნამყოფი ადამიანი დავუშვათ თუ არა, შეიძლება განვიხილოთ მისი დაშვების საკითხი, თუ ეს სახელმწიფოს ინტერესებშია“, - განაცხადა ვოლსკიმ და არ გამორიცხა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოვლენილი ასეთი პირი რომელიმე ქვეყნის დელეგაციაშიც აღმოჩნდეს.

საქართველოში ჩამოსული რუსული დელეგაციის „გამოხშირვაზე“ საუბარი ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო. იმ პერიოდში ამბობდნენ, რომ რუსული დელეგაცია საქართველოს ევროსაბჭოში უჩივლებდა, რადგან საქართველომ თურმე ევროსაბჭოს მუშაობაში რუსული დელეგაციის მონაწილეობას ხელი შეუშალა. რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი, სახელმწიფო სათათბიროს დეპატატი კონსტანტინ კოსაჩოვი კი იმ დროს აცხადებდა, რომ თავდაპირველი შეთანხმებით, რუს დელეგატებს თბილისში ჩამოსვლისას პრობლემა არ უნდა შექმნოდათ, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით შეცვალა. საქმეს ართულებდა ისიც, რომ თავად კოსაჩოვი რუსეთის მმართველი პარტია „ედინნაია რასიას“ დელეგაციის შემადგენლობაში ცხინვალში 2010 წლის 2 ივლისს იმყოფებოდა და, ამდენად, ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი დარღვეული ჰქონდა.

იმ პერიოდში რუსული დეგელაციის კიდევ ერთი წევრი სახელდებოდა, რომელსაც „ოკუპაციის შესახებ კანონის“ დარღვევაში ადანაშაულებდნენ, ეს იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი მარკოვი, რომელიც აფხაზეთში იმყოფებოდა და „ოკუპაციის შესახებ კანონი“ მასაც დარღვეული ჰქონდა.

სხვათა შორის, „ოკუპაციის კანონის“ გაიოლებაზე საუბარი ორი წლის წინაც დაიწყო, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა მოჰყვა, რომ ოკუპაციის თემის შერბილება საქართველოს მხრიდან უბრალო კაპიტულაცია იქნებოდა და არ შეიძლებოდა, მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით დასჯილიყო პირი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს საზღვრის ავლით უკანონოდ შეაღწევდა. აქ საჭირო იყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

აღიქმება თუ არა „ოკუპაციის შესახებ კანონის“ შერბილება დათმობად რუსეთის წინაშე?

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ იმ ადამიანების ხილვა საქართველოში, რომლებმაც ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვიეს და ოკუპირებულ მიწებზე შეაღწიეს, რა თქმა უნდა, არასასურველია.

„ეს ხელისუფლება მთელი სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ცდილობდა, შეეტანა ცვლილებები ამ კანონში და ეს იყო რუსეთის მოთხოვნა, კარასინის მოთხოვნა და, ასევე, ლავროვის მხრიდანაც ეს არაერთგზით გაჟღერებულა, მაგრამ ქართული საზოგადოებისა და საპარლამენტო ოპოზიციის წინააღმდეგობის გამო, მათ ვერ მოახერხეს ამ ტიპის ცვლილებების განხორციელება. მიმაჩნია, რომ სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, სანამ მავთულხლართები სულ უფრო და უფრო იწევს ქართული ტერიტორიის სიღრმეში, ნებისმიერი ცვლილება ოკუპაციის შესახებ კანონში იქნება აღქმული რუსული მხარის მხრიდან, როგორც საქართველოს სისუსტე და გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ თავდასხმას რუსეთის დელეგაციის მიერ. თუ ვინ შემოაღწევს საქართველოში რუსული დელეგაციიდან, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩვენს უნებართვოდ ჩასული რუსი პოლიტიკოსების მიმართ არის მკვეთრი, თორემ, სიტყვაზე, მსახიობების მიმართ, რომლებმაც მოინახულეს ოკუპირებული ტეროტორიები, ჩვენი დამოკიდებულება ისეთი მკვეთრი არ არის“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა და ამ კონტექსტში სერგეი მარკოვი გაიხსენა, რომელიც 2010 წელს აფხაზეთში იმყოფებოდა და დარღვეული ჰქონდა ოკუპაციის შესახებ კანონი.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, სერგეი მარკოვი ის პოლიტიკოსი და ის ადეპტია, რომელიც სრულიად დაუფარავად ახორციელებს რუსეთის ინტერესებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამდენად, თუკი ასეთი ცინიკოსების შემოშვებას დავბლოკავთ, ამას ევროპელი მინისტრები ძალიან კარგად გაგვიგებენ, რადგან ქართველ ერს აქვს თავისი თავმოყვარეობა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რასაკვირველია, ეს არის დათმობა რუსეთის წინაშე, მაგრამ, ამავდროულად, ეს დიპლომატიაა, ლავირებაა. რაც შეეხება მოლოტოვის შვილიშვილს - მარკოვს და მისი მსგავსი პიროვნებების შემოშვებას საქართველოში, პოლიტოლოგის თქმით, მარკოვი პათოლოგიური შოვინისტია არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ უკრაინიდან დაწყებული, იაპონიით დამთავრებული, მისი მოსაწონი არავინაა. თუმცა დღეს მარკოვი უკვე აღარ არის პარლამენტის წევრი, შესაბამისად, მარკოვს არაფერი ეკითხება. სამაგიეროდ, წლევანდელ დელეგაციაში შეიძლება აღმოჩნდნენ ალექსეი პუშკოვი და მისი მოადგილე, ლეონიდ სლუცკი, აქედან პუშკოვი „კარგ“ ანტიქართველად არის ცნობილი.

„რუსული დელეგაციის ახალ შემადგენლობაში ვინ იქნება, დაზუსტებით ვერ გეტყვით, რადგან რუსეთი ეუთოში აღარ დადის და მისი დელეგაციის შემადგენლობაც შეიცვალა. საერთოდ, ნებისმიერი კომპრომისი გარეგნულად დათმობაზე წასვლას ნიშნავს, მით უმეტეს - კარასინის განცხადების შემდეგ. თუმცა მიუხედავად ამისა, მე მაინც კომპრომისის მომხრე ვარ. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეში, არის თუ არა დღეს საქართველოს დიპლომატიის მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, თუ ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ ცხრა წლის ლილიპუტინობა, რუსეთის ლანძღვა და, თანაც, გავოცდეთ, რუსეთი რატომ არ გვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს?! ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ემოციურად მე მარკოვს პირადად ხელსაც არ ჩამოვართმევდი და არც შემოვუშვებდი, მაგრამ რას მოვიგებთ ამით? არ შეიძლება შერჩევითი პრინციპულობა, რომ რუსეთის წინაშე მტკიცედ ვიდგეთ, ისრაელის რომელიღაც თაღლითურ ფირმას („სითი პარკს“) კი ჰაერიდან მიჰქონდეს ფული, ან კიდევ ვაკის პრესტიჟულ უბანში რუსული კომპანიის - „ვოთერ ჯორჯიას“ გამო წყალი არ იყოს. ქართული დიპლომატიის კატასტროფული მარცხი იყო კარასინის განცხადება, რადგან არ შეიძლებოდა დიდი ხნის მანძილზე იმის იმედად ყოფნა, რომ რუსეთი სულელურ თამაშში ათი წლით ჩაგვყვებოდა. კარასინ-აბაშიძე თითქოს გენიალური სვლა იყო, შესაძლოა, ეს ვირეშმაკობა დასაწყისში აუცილებელიც კი იყო, მაგრამ არ შეიძლება, ეს შენ რამდენიმე წლით აქციო შენს საგარეო ფორმატად“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ და განმარტა, რომ ზურაბ აბაშიძე მისი მეგობარია, თუმცა ბუნებით იგი არ არის ბარიკადებზე ამსვლელი პიროვნება. მის ადგილას სხვა ადამიანი კარს მიაჯახუნებდა, პრემიერთან შევიდოდა და ეტყოდა, დაანებეთ თამაშს თავი, ან მომეცით ფუნქცია, მართლა რაღაც ვაკეთო, ან კურიერად, ამბის მიმტანად არ შეიძლება ათი წელი ვიყო.

ასე რომ, სოსო ცინცაძე თვლის, რომ ზურაბ აბაშიძე, ეს მაღალპროფესიონალი დიპლომატი, ნებაყოფლობით იქცა საშუალო რანგის ჩინოვნიკად. თუმცა აბაშიძეს სხვაზე უკეთ ესმის, რომ მას არაკეთილშობილური მისია აკისრია და საკუთარი ფუნქცია ამოწურა. ამიტომ დღეს ეს ფორმატი უნდა შეიცვალოს, კარასინის განცხადების ქვეტექსტიც ეს არის, რომ დამთავრდა აბაშიძე-კარასინის დრო, ახლა დგება პირველი პირების შეხვედრისა და დალაპარაკების დრო.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მართლაც გადასაწყვეტია პრობლემა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიათან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გაიმართება.

„არ არის აუცილებელი, ეუთოს დელეგაციაში მარტო რუსი კანონდამრღვევი პირები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეაღწიეს. შეიძლება, ეუთოს სხვა დელეგაციებშიც იყვნენ ასეთი წარმომადგენელები და პარლამენტის წევრები, რომლებიც კანონის დარღვევით იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მსგავსი პრობლემები სხვა ქვეყნებშიც ყოფილა, მაგალითად, ორი წლის წინ მსგავსი დილემის წინაშე აღმოჩნდა ბაქო. მიგვაჩნია, რომ, თუკი რუსეთის დელეგაცია წარმოგენილი იქნება ასამბლეაზე, ის დებატები, რომელსაც ჩვენ გავმართავთ და ჩვენს სათქმელს ვეტყვით, უმჯობესია, ვუთხრათ დარბაზში, ვიდრე დარბაზის გარეშე. ამიტომ ამ საკითხის მარტივი გადაწყვეტა იქნება არა ოკუპაციის შესახებ კანონის შეცვლა, არამედ ის, რომ რუსეთის დელეგაციაში ასეთი ადამიანები არ იყვნენ“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.