რას ნიშნავს დღემდე მდუმარე კარასინის მუქარა და რამდენად თანხვედრაშია ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან? რატომ გააქტიურდნენ როგორც გარე, ისე შიდა ძალები და ჰარმონიულად რატომ უტევენ საქართველოში მოქმედ დემოკრატიულ ძალებს? რას ემსახურება დამაინტრიგებელი განცხადება, რომ პროდასავლურ ძალებთან დაკავშირებით კომპრომატები ისევ დაიდება?!
ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.
ვახტანგ ძაბირაძე: ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, იფიქროს, რომ სხვადასხვა ფორმატი საქართველოსთვის რაიმეს შეცვლის. არც აბაშიძე-კარასინის ფორმატი, არც ჟენევის ფორმატი და არც სხვა ფორმატი ამ ურთიერთობებს არ ცვლის. რუსეთს აქვს საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია საქართველოს მიმართ და ეს იმაში მდგომარეობს, როგორც მინიმუმ, გავლენა შეინარჩუნოს საქართველოზე. ხოლო, თუ რუსეთი გადადგამს ნაბიჯს და ევრაზიის კავშირის გარდა საბჭოთა კავშირის მაგვარ ფედერაციასაც გააკეთებს, ეს ხომ რუსებისთვის მთლად უკეთესი იქნება. ასე რომ, რუსეთის სტრატეგიული მიმართულება არც არასდროს შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ ტონი.
საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ანტირუსული განწყობების მედროშედ არ გამოდის არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ - მთელ მსოფლიოში. რუსეთი კი ასეთ განწყობებს თავის სასარგებლოდ იყენებს, როგორც პროპაგანდისტულ, ისე მესამე სახელმწიფოებთან ურთიერთობაში და ცდილობს, პროვოცირება გამუდმებული იყოს. ამიტომ, როგორც თქვენ ამბობთ, ერთი შეხედვით, თბილი ურთიერთობა რუსეთს რაღაც მომენტამდე სჭირდებოდა, ამიტომაც კარასინი იყო უფრო რბილი, მაგრამ მის სირბილეს ზოგად სტრატეგიულ მიზნებთან არანაირი საერთო არც ჰქონდა და არც აქვს.
ის, რომ ივნისის დასაწყისში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თბილისში ვიზიტს გეგმავს, რუსეთისთვის საგანგაშოა? ამითაც ხომ არ აიხსნება კარასინის ხისტი ტონი საქართველოსთან მიმართებით, რომ „მართალია, რუსეთი ცდილობს, ყველა ჩხვლეტაზე არ უპასუხოს, მაგრამ სათავისო დასკვნებს აკეთებს და რუსეთის მოთმინებასაც აქვს საზღვარი“.
- რა შეიცვალა ახლა? ახლა მსოფლიოში გარკვეული პროცესები მიმდინარეობს. გავრცელდა ინფორმაცია ჯონ კერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ წარმატებული ვიზიტი ჰქონდა შეერთებულ შტატებში და კარასინის რეაქციაც მყისიერი იყო. ახლა საქართველოში არჩევნებია და დაძაბულობა გაიზრდება. ყველა ძალა, მათ შორის, რუსულიც, ქართულიც, არაქართულიც შეეცდება ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. საქართველოში დაპირისპირებები და წინასაარჩევნო პერიოდი კიდევ უფრო გაძლიერდება. ხელისუფლების ზემოქმედება პროცესებზე შესუსტდება. ყველა ელოდება არა იმას, არჩევნებამდე რა იქნება, არამედ - არჩევნების შემდგომ პერიოდში რა მოხდება. თუმცა პასუხისმგებლობა ხელისუფლების კისერზეა და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების გავლენა მცირდება, ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რათა ქვეყანა დესტაბილიზაციისკენ არ წავიდეს.
მეორე მომენტია ის, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ამ გაზაფხულზე დადგება. რა თქმა უნდა, ეს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესს ხელს უშლის. გარდა ამისა, რუსეთმა დაიწყო სირიიდან ჯარების გაყვანა და, ალბათ, თვლის, რომ დასავლეთთან პარტნიორობის ურთიერთობაში უკვე რაღაც ქულები დაიწერა და მას აქვს ასეთი თამამი განცხადების გაკეთების უფლება. ეს მთელი სპექტრია. ამიტომ კარასინის განცხადებები კოშმარად არ უნდა ჩავთვალოთ. ეს უნდა მივიღოთ, როგორც სამწუხარო მოცემულობა და ამ რეჟიმშიც უნდა შევძლოთ სტაბილურობის მიღწევა ქვეყანაში.
თქვენ ახსენეთ ჯონ კერი. ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ჯონ კერი ამბობდა, რომ აშშ გეგმავს დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაში. გარდა ამისა, ჯონ კერიმ ახლახანს განაცხადა, რომ გაერთიანებულ და წარმატებულ საქართველოს გადამწყვეტი როლი ენიჭება კავკასიაში მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში. როგორც ჩანს, კავკასიის გაძლიერება რუსეთისთვის კვლავაც რჩება სამხედრო სტრატეგიულ საფრთხედ.
- ჯონ კერიმ გაახმოვანა არა საკუთარი პირადი შეხედულებები, არამედ ამერიკის ხელისუფლების პოზიცია. ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკაშიც არჩევნებია და იქაც საკმაოდ სუსტია ხელისუფლება. თუმცა ჯონ კერის ჩამოსვლა და მისი განცხადება ეს არ არის მხოლოდ დემოკრატების ან რესპუბლიკელების ინტერესები. ეს ამერიკის სტრატეგიული ინტერესია.
ამერიკა ხვდება და, იმედი მაქვს, ევროპაც გააცნობიერებს იმას, რომ სტაბილური და განვითარებული საქართველო ძალიან დაამშვიდებს ამ რეგიონს. არ უნდა ველოდოთ იმას, რომ, ღმერთმა ნუ ქნას, თუ რუსეთმა სამხედრო ძალის გამოყენება დაიწყო, ამაში ნატო ჩაერთვება, ან ამერიკა. არავინაც არ ჩაერთვება. რატომ იქმნება საქართველოში ილუზია, რომ, თუ ჩვენ რუსეთი დაგვესხმება, ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის დაწყების საბაბი? უბრალოდ, დასავლეთი თამაშობს იმ თამაშით, რაც მათ დაიწყეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩერჩილის გამოსვლიდან. ამიტომ ეს სტრატეგია, რომ საქართველო უნდა იყოს ერთიანი, განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი, არ არის მარტო ამერიკის დემოკრატიული ხელისუფლების ლოზუნგი. როგორც წესი, ამერიკის რესპუბლიკელთა საგარეო პოლიტიკა უფრო ხისტია, ვიდრე დემოკრატების. ამიტომ ეს პროცესი გაგრძელდება, მაგრამ აქედანვე უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ ეს იქნება დიაპაზონი და არა ამაზე მეტი. რუსეთი რას მოიმოქმედებს, ეს თვითონ რუსეთმაც არ იცის.
გრიგოლ კარასინი განჭვრეტს პუტინ-მარგველაშვილის ამაო შეხვედრასაც, რომ როგორ შეიძლება ეს შეხვედრა დაიგეგმოს, როცა საქართველოდან ხისტი განცხადებები კეთდება და „ოკუპაციის შესახებ კანონიც“ აქვს საქართველოს მიღებული. ეს იმ ფონზე, როცა თავის დროზე თავად კრემლი და პუტინიც არ გამორიცხავდა ქართულ მხარესთან შესაძლო შეხვედრას და თავად მარგველაშვილიც აცხადებდა, რომ პუტინი მისთვის ყველაზე საინტერესო იყო, როგორც საქართველოსთვის ყველაზე რთული საკითხების რეალურად გადამწყვეტი ადამიანი. რა შეიცვალა ამ კონტექტში? კარასინმა დაასწრო პუტინის გეგმებს პუტინ-მარგველაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით, თუ ეს პუტინის პოზიციის გახმიანებაა?
- „ოკუპაციის კანონთან“ დაკავშირებით პრობლემა მაინც ეუთოს წარმომადგენელთა მიერ თბილისში შეხვედრის გამართვას უკავშირდება. ეს არის საქართველოში ეუთოს წარმომადგენელთა შეკრება და, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენმა ხელისუფლებამ რაღაც ფორმა მაინც უნდა მოძებნოს ისე, რომ ოკუპაციის კანონს ასე ნაჩქარევად არ შევეხოთ. უნდა მივცეთ გარკვეული გარანიტიები რუსეთის წარმომადგენლებს ეუთოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში, მიუხედავად იმისა, მათ დაარღვიეს თუ არა კანონი ემიგრაციის შესახებ. თუმცა ასე მარტივი არ არის, შესაძლოა, ეს ვიზიტი გარკვეულმა ძალებმა გამოიყენონ ურთიერთობის დაძაბვისა და ესკალაციისთვის. ამიტომ, ამ საქმეში ყველა სტრუქტურა უნდა ჩაერთოს.
თანხვედრაშია კარასინის მუქარა და პრორუსული ძალების გააქტიურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან? თავის დროზე ეს პროცესი სწორედ კარასინის განცხადებით დაიწყო, როცა კარასინმა თქვა, რომ თინა ხიდაშელის მსგავს გამონათქმებს, როგორც წესი, არ პატიობენ. საუბარია იმაზე, რომ რუსების მიმართ ხიდაშელმა ხისტი გამოთქმა გამოიყენა, რომ ეს ის ხალხია, რომელიც ლენინგრადის ბლოკადისას ყველაფერს კადრულობდა. მოგვიანებით ამას მოჰყვა თოფაძისა და სხვათა გამონათქვამები ხიდაშელის მიმართ, რომ, თუკი „რესპუბლიკელები ზღვარს გადავლენ, იმდენი მასალა შეიძლება დავდოთ, რომ ალბათ, არ იქნებიან კმაყოფილნი“. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საქართველოში დატყმა ხორციელდება შიდა დემოკრატიულ ძალებზე და ამაში სინქრონულად გარე ძალებიც არიან ჩართულნი?
- მთლიანად არსებობს რუსული სტრატეგია და რუსეთის მიზანი საქართველოს მიმართ არ შეცვლილა. ეს მიზანი უპირისპირდება არა მარტო ხიდაშელის, არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სწრაფვას. რუსეთი ასე მშვიდად არ შეეგუება ვიზალიბერალიზაციის პროცესსაც, ამიტომ ყველა რესურსს გამოიყენებს. ამ შემთხვევაში, საშიშია არა ის, ვისაც მოსწონს ან არ მოსწონს რუსეთი, არამედ ის, ვინც ამას ღიად არ აფიქსირებს, ანუ მეხუთე კოლონა. სახელმწიფომ სწორედ ამაზე უნდა იფიქროს, ვინ არის ეს ხალხი და რას აკეთებენ ისინი. არ მინდა ახლა კუდიანების დევნა დაიწყოს და რაღაც სხვა პროცესს ხელი შევუწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში რუსული საქმე თითქმის ყოველთვის ანტირუსული პროპაგადის ფონზე კეთდებოდა. ისე არავინ გაიგოს, თითქოს ეს ხიდაშელს ეხება. უბრალოდ, ეს ჩვენი სამწუხარო რეალობაა. ამიტომ პროპაგანდას უნდა ვებრძოლოთ პროპაგანდით და, თუ ჩვენი ხელისუფლება ვერ ხედავს ამის გზებს, ძალიან ცუდია. სხვათა შორის, სულაც არ არის საჭირო, აწარმოო ანტირუსული პროპაგანდა, საჭიროა აწარმოო დასავლური ღირებულებების და ცხოვრების წესის დეკლარირება.
ცოტა ხნის წინ ხიდაშელი ამბობდა, რუსეთს ელჩი გვეუბნება ევროსაბჭოში, შენ და შენი ქმარი პრობლემები ხართო. არის კი ხიდაშელი პრორუსული ძალებისთვის პრობლემა?
-საკმარისია, ჩვენი დამოუკიდებლობის ამ 25-წლიან პერიოდს გადავავლოთ თვალი, რომ მივხვდებით, ყველანაირი გაგების პირველი პირი გვყავდა. თუ ვინმეს პრორუსულობასა და შემგუებლობაზეა ლაპარაკი, შევახსენებ, რომ შევარდნაძე მართლა ბავშვობიდან როდი ოცნებობდა დამოუკიდებლობაზე. ხიდაშელის განცხადებებმა შეიძლება გააღიზიანოს ვიღაც, მაგრამ ეს მხოლოდ ემოციურ დონეზეა. იმის იქით არსებობს ინტერესი. მე მგონია, ხიდაშელი ძალზე წარმატებული თავდაცვის მინისტრია, ამიტომ რუსებს ეს შეიძლება არ მოსწონდეთ, ისევე, როგორც უსუფაშვილი, მაგრამ ხიდაშელი რომც შეცვალო, ამით პოლიტიკა არ შეიცვლება. რუსეთი დღემდე ცდილობს, პროვოკაციებზე წამოაგოს ხელისუფლება. წინა სამი ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციებს წამოეგო, ეს ხელისუფლება კი მაინც უნდა მიხვდეს, რომ რუსულ პროვოკაციას არ აჰყვეს.
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თემას დავუბრუნდეთ. ბევრს საუბრობენ, ვინ დგას ამ კადრების უკან და ხომ არ არინ ისინი პრორუსული ძალები?
- ამ კადრების ხელში ჩაგდებისთვის საკმაოდ დიდ თანხას გადაიხდის ნებისმიერი, მათ შორის, ჩვენი მეგობარი ქვეყნის სპეცსამსახურებიც კი, რადგან ეს არის შანტაჟის ყველაზე კარგი საშუალება. ჩვენდა სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რუსებს ეს კადრები აქვთ და, თუ საჭიროდ ჩათვლიან, გამოიყენებენ კიდეც. რუსული პოლიტიკა არც ისე გულუბრყვილოა, როგორც ერთი შეხედვით გვგონია. ისინი ასე ჰაიჰარად არ გამოიყენებენ ამ კადრებს, თუმცა მუშაობა მიდის ამ მიმართულებით. აქ არ არის მარტო პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, არსებობს კიდევ უამრავი კადრი, რომელიც შეიძლება პირად ცხოვრებას არ ეხება, მაგრამ საზოგადოებისთვის მიუღებელია. ვგულისხმობ იმ კადრებს, რომლებიც ვიღაცის დავერბოვკების საშუალებას შექმნის. ბუნებრივია, ასეთ თემებზე მუშაობს ნებისმიერი ქვეყნის (როგორი მეგობრულიც არ უნდა იყოს) უშიშროების სამსახური. თქვენ გახსოვთ, რომ მერკელსაც უსმენდნენ ამერიკელები. ეს არის სპეცსამსახურების სპეციფიკა. თუ არადა, მაშინ მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც შემოგვთავაზეს ნაციონალებმა, საერთოდ გავაუქმოთ უსაფრთხოების სამსახურები და ასეთ მარაზმამდე მივიდეთ. ხვალ კი სახელმწიფოებრიობაც გავაუქმოთ.