„მე-5 კოლონა ძლიერდება და ესენი იმაზე მსჯელობენ, ვის აქვს სექსი და ვის არა“

„მე-5 კოლონა ძლიერდება და ესენი იმაზე მსჯელობენ, ვის აქვს სექსი და ვის არა“

გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის შესაძლებლობის საკითხზე ალაპარაკდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზივიად კვაჭანტირაძის განცხადებით, თუ კარასინის მხრიდან ასეთი ტონალობა კიდევ იქნება გაჟღერებული, პარლამენტი ფორმატის ცვლილების საკითხს დააყენებს.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ გარკვეული მესიჯიც მივიღეთ კარასინის პირით და მოდით ვაღიაროთ, რომ ის მარტო საკუთარ აზრს ალბათ, არ ახმოვანებდა. როდესაც ასე თითის დაქნევით გველაპარაკა, ვფიქრობ, ერთი მხრივ, ეს სასარგებლოა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით რასთან გვაქვს საქმე. თუ კარასინი კვლავ აპირებს ასეთი ტონით ლაპარაკს, ამ ფორმატში კარასინი არ გამოგვადგება იმიტომ, რომ ეს ფორმატი მომართულია სულ სხვა მიზნებისთვის.

ვფიქრობ, რომ ბატონი კარასინი ამ განცხადებაში გასცდა თავისი უფლება-მოსილების ფარგლებს, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით. ვგულისხმობ წარმომადგენელს იმ კონკრეტულ ფორმატში მოლაპარაკებებზე და არა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს. თუ ასეთი ტონალობა კიდევ იქნება გაჟღერებული, ბატონი კარასინის მხრიდან, ვფიქრობ, რომ უნდა დავაყენოთ საკითხი ამ ფორმატის ხარისხობრივი ცვლილების შესახებ“, - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვის შესაძლებლობის აუცილებლობას ჯერჯერობით ვერ ხედავს ხელისუფლება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დიალოგის შეწყვეტა პრობლემების მოგვარებას ხელს არ შეუწყობს. თუმცა, ადმინისტრაციაში კატეგორიულად აცხადებენ, რომ რუსულ მხარესთან დიალოგი, ნებისმიერ ფორმატში გამორიცხავს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე რაიმე სახის კომპრომისს.

„დიალოგს ყველაზე რთულ მხარესთანაც კი ალტერნატივა არ აქვს. ამაზე მუდამ საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. დიალოგის შეწყვეტა პრობლემების მოგვარებას ხელს არ შეუწყობს. მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან რთული პროცესია, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ დიალოგის ფორმატში შეძლებისდაგვარად, უნდა მოხდეს არსებული პრობლემების გადაჭრა, მათ შორის პრაქტიკული ხასიათის საკითხების - ისეთ სფეროებში, როგორიც არის სავაჭრო ურთიერთობები, სატრანსპორტო კომუნიკაციები და ჰუმანიტარული საკითხები“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

უმრაველოსობის ლიდრების პოზიციას არც ექსპერტები იზიარებენ და თვლიან, რომ ფორმატი უნდა შენარჩუნდეს. ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ გამოსავალი არ არის ფორმატის გაუქმება.

„რას მივიღებთ ფორმატის გაუქმებით, ეს კვაჭანტირაძეს უნდა ვკითხოთ. აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებით ქვეყანა არაფერს არ მიიღებს, გარდა იმისა, რომ რუსები იტყვიან ქართველები დიალოგზე მზად არ არიან და ამით ახალი შარის საბაბი მიეცემათ და რაღაც სისულელეებს დაგვაბრალებენ.

ჯობია კვაჭანტირაძემ იმაზე იფიქროს, რატომ გვიბედავენ რუსები ამდენს. გვიბედავენ იმიტომ, რომ სუსტები ვართ, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. სამწუხაროდ, ქვეყანაში ძლიერდება მე-5 კოლონა და მსჯელობა მიდის იმაზე ვის აქვს სექსი და ვის არა. მე ვურჩევდი კვაჭანტირაძეს, რომ ფორმატის გაუქმების ნაცვლად სხვა რამეებზე იფიქროს. კერძოდ, იმუშაოს აშშ და გერმანიასთან ჩაფლავებული ურთიერთობის აღდგენაზე, საგარეო პოლიტიკაზე აგებს პასუხს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ აბაშიძე-კარასინი ფორმატი არ არის გადაწყვეტილებების მიმღები, რამაც შეიძლება სისტემურად დააზიანოს ან გააუმჯობესოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობა.

„მეჩვენება, რომ ზვიად კვაჭანტირაძის განცხადება ხარკის გადახდაა იმ ისტერიაზე, რაც დრო და დრო თავს ატყდება საქართველოს რუსეთის მხრიდან. იმიტომ, რომ ვიღაცამ პრორუსულობა არ დააბრალოს, სულ რაღაცას ამტკიცებენ და ათას სისულელეს მოაყოლებენ. რეალურად, ეს ფორმატი ვერაფერს ისეთს ვერ გააფუჭებს, რაზეც შეიძლება მსჯელობა ღირდეს და ვერც სისტემურადაც ცვლის რამეს.

კარასინის განაცხადაში განსაკუთრებული არაფერია. შეიძლება მუქარაც იყოს, მაგრამ რუსები ჩვენ კი არა ყველას ემუქრებიან. ამაზე უნდა გამოვხატოთ პრინციპული პოზიცია და არა ის, რომ გავაუქმოთ მოლაპარაკების ფორმატი. ეს არის არასერიოზული და არაკომპეტენტური. არაკომპეტენტურია, რომ ადამინები მაშინვე იწყებენ რაღაც ისტერიკას. კი ბატონო, გააკეთა პრემიერმა და პრეზიდენტმა ამაზე რეაქცია და საკმარისია, აღარ უნდა მე-13 გოჭის გამოხტომა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.