„რუსეთს რაც მეტს გააბედინებ, მერე უფრო მეტი მოუნდება“

„რუსეთს რაც მეტს გააბედინებ, მერე უფრო მეტი მოუნდება“

რუსეთი საქართველოს მიმართ „რბილი ძალის“ პოლიტიკას ხისტი განცხადებებით ცვლის. როგორც ჩანს, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იმაზე მეტად აწუხებს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.

იმის მიუხედავად, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ფორმატი არ ითვალისწინებს პოლიტიკურ თემებზე მოლაპარაკებებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილე გრიგორი კარასინის, პრაღაში, კარასინი-აბაშიძის შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადებები აშკარად საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა იყო.

როგორც კარასინმა განაცხადა, საქართველოს მთავარი საფრთხე საპარლამენტო არჩევნებია. მისი თქმით, ანტირუსული განცხადებები ისმის როგორც თავდაცვის მინისტრისგან, ასევე, პრემიერისგან და პრეზიდენტისგანაც.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც რუს კოლეგა გრიგორი კარასინთან არ განიხილება.

„როდესაც ამ დიალოგს ვიწყებდით, თავიდანვე მოვნიშნეთ ე.წ. წითელი ხაზები, ანუ რამდენიმე საკითხი, რომელიც ამ ჩვენს ფორმატში არ განიხილებოდა. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი და არის ის საკითხები, რომლებიც ჩვენს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებთან არის კავშირში, ამიტომ მისგან ჩვენ შეიძლება მოვისმინოთ განცხადებები, მაგრამ ეს განხილვის საგანი ჩვენს შეხვედრებზე არ არის. საერთოდ, არ გვისაუბრია ამაზე, არ ვიცი რა იგულისხმა მან თქვენთან, რატომ უნდა წარმოადგენდეს ჩვენი არჩევნები საფრთხეს ვინმესთვის, ეს არის ჩვენი საშინაო საქმე. ვიზებს რაც შეეხება, რუსული მხარის გადასაწყვეტია, რა დოზით გაამარტივებს სავიზო რეჟიმს“, - განაცხადა აბაშიძემ.

იმის მიუხედავად, რომ ზურაბ აბაშიძე არ ადასტურებს პოლიტიკური საკითხების განხილვას, კარასინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას კვლავ პოლიტიკურ თემებს გაუსვა ხაზი.

მისი განცხადებით, „ქართველი პოლიტიკოსები ხშირად აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რის უფლებასაც ჩვეულებრივ ვითარებაში არ მისცემენ, ზოგჯერ მათ მუხრუჭი ღალატობთ“, - როგორც კარასინმა აღნიშნა, ყველაფერი, რაც ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, გაიმეორა აბაშიძესთან შეხვედრაზეც.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსის ანტირუსული განცხადებები არღვევს იმ ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაზე ჩვენ 3 წელია ვმუშაობთ. არ მინდა გვარების დასახელება, რადგან ეს ჩემს წესებს ეწინააღმდეგება, მაგრამ საქართველოს მთავრობის წევრები რუსეთს ცივილიზებული სამყაროს საფრთხედ მოიხსენიებენ, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ და ა.შ.“, - განაცხადა კარასინმა.

თუმცა, როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა - „ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენს შორის არის რადიკალურად განსხვავებული პოზიციები“.

შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილის ეს პროვოკაციული განცხადება ერთგვარი პასუხია ცოტა ხნის წინ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ჯონ ქერი თბილისში ვიზიტს ივნისში გეგმავს. ქერიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მის ძალისხმევას, რომელიც როგორც ამერიკის შეერთებული შტატებში, ისე ევროპაში კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას ითვალისწინებს.

რის მიღწევას ცდილობს ამით რუსეთი, ალბათ, მალე გამოჩნდება, ყოველ შემთხვევაში, ურთიერთობის დალაგებისკენ რომ არ არის მიმართული მისი პოლიტიკა, ეს უკვე ცხადია.

როგორც ჩანს, ეს ყველაფერი გათვლილია იმაზე, როგორი გამოხმაურება მოჰყვება მსგავს პროვოკაციულ განცხადებებს ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან, რომელსაც შემდეგ რუსეთი საჭიროებისამებრ გამოიყენებს, თუმცა საბოლოოდ მივიღებთ თუ არა რუსეთის მორიგ აგრესიას, ეს რეგიონში შექმნილ ვითარებაზეა დამოკიდებული.

ამ ეტაპზე, საკმაოდ გაწონასწორებული პასუხი მოვისმინეთ ქვეყნის პირველი პირისგან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული განწყობების შესახებ საუბრისას რუსმა პოლიტიკოსებმა პირველ რიგში, საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის საფუძველზე აწყობილი ურთიერთობა იქნება ის, რის შემდეგაც ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია იქნება შესაძლებელი. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ არა ჩვენი საგარეო ვექტორის და ტერიტორიული მთლიანოს ხარჯზე, აქ ნებისმიერი კომპრომისი გამორიცხულია, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ესკალაცია შევამციროთ და გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომელიც უკვე შესაძლებელი იქნება პრობლემების მოგვარებისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

შედარებით მწვავეა ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების შეფასებები. მთლიანობაში, ისინი თვლიან, რომ რუსეთს მსგავსი განცხადებებით ქართულ არჩევნებზე გავლენის მოხდენა სურს. თუმცა ასევე ძალზე საინტერესოა, როგორ შეაფასებს დასავლეთი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას.

როგორც კარასინმა გვამცნო, რუსეთში ამ გამონათქვამებს (ქართველი პოლიტიკოსების) კითხულობენ და მტკივნეულად აღიქვამენ.

„ვფიქრობ, რომ წინსაარჩევნო ციებ-ცხელებისას ქართველი პოლიტიკოსები ხშირად აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რის უფლებასაც ჩვეულებრივ ვითარებაში არ მისცემენ. ზოგჯერ მათ მუხრუჭი ღალატობთ. ეს მუხრუჭი უნდა მოქმედებდეს და ისინი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ იმას, რასაც ამბობენ მეზობელ ქვეყანასთან მიმართებაში“, - განაცხადა კარასინმა.

პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ ლიდერი, გია ვოლსკი კარასინის განცხადებას აგრესიულს უწოდებს:

„თითქოს ავიწყდება კიდეც, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ვფიქრობ, მთავრობას სწორი პოზიციები აქვს და მოლაპარაკებები რუსეთთან, მნიშვნელოვანია და ამავე დროს არანაირად, ჩვენი საგარეო პოლიტიკის კურსს არ ცვლის. ამიტომ ვფიქრობ ეს განცხადება არ ეკუთვნის მთლად დიპლომატს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კარასინის განცხადებას ეხმაურება პრეზიდენტის ადმინისტრაცაც - საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, კონსტრუქცივიზმი არ ნიშნავს ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას და საქართველო მტკიცედ დაიცავს თავის ეროვნულ ინტერესებს. ფხალაძე ასევე მიიჩნევს, რომ „ზურაბ აბაშიძე, რომელიც ადგილზე, ჟენევის მოლაპარაკებებზე იმყოფება, ვალდებულია, შესაბამისი პასუხი გასცეს ყველა იმ ბრალდებასა თუ პრეტენზიებს, რომელიც კარასინის მხრიდან გაჟღერდა“.

რაც შეეხება არჩევნებს, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ეს საქართველოს საშიანო საქმეა და არჩევნები საქართველოში დემოკრატიული, უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება.

„მე არ ვიცი რომელ არჩევანზე ლაპარაკობდა ბატონი კარასინი. თუ აქ საუბარია საქართველოს სტრატეგიულ არჩევანზე, ეს არჩევანი ქართველ ხალხს კარგა ხნის წინ აქვს გაკეთებული და ეს არჩევანი არ შეიცვლება. თუ საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, რომ ეს არის საქართველოს საშინაო საქმე, ეს არის ქართველი ხალხის სუვერენული ნება და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ამ ნების და ამ არჩევანის დაცვისათვის“.

დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი თვლის, რომ გრიგორი კარასინის განცხადებას სათანადო პასუხი საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა უნდა გასცენ.

„საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება აჩვენებს, რომ პრორუსულ პოლიტიკურ ძალებს დიდი შანსები არა აქვთ. საქართველოს აქვს ძალიან სერიოზულად აღებული კურსი ევროპულ ინტეგრაციაზე. ამას აკეთებს ხელისუფლება, ამას აკეთებს ძირითადი ოპოზიციაც. ვიღაცებს ჰქონდათ გარკვეული ილუზია, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, აქ კიდევ პრორუსული პოლიტიკური ძალები გაიმარჯვებდნენ და საბოლოოდ გადაწყვეტდნენ საკითხებს ისე, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად. მათ საქართველოში შანსი არ აქვთ. ჩვენ არ გავინტერესებს საბჭოთა კავშირის აღდგენა“, - აღნშნა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან უცნაურად ემთხვევა კარასინის და ცალკეული ადამიანების გამოსვლები, მაგალითად თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ მუქარას, რომ ჩვენ ყველაფერს ვერ მოვითმენთ.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ ძლიერი სახელმწიფოები და კავშირები დროულად უნდა გაერთიანდნენ იმ აგრესიის წინააღმდეგ რასაც რუსეთი თავისი პოლიტიკით აწარმოებს მსოფლიოში.

„ეს არის სრულიად ცინიკური განცხადება. მიუხედავად იმისა, შეეგუება თუ არა კარასინი და რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება გარდაუვალ რეალობას, საქართველო მაინც გააგრძელებს გზას თავისუფლების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ეს არის ის, რისკენაც ისწრაფვოდა წინა ხელისუფლება, ისწრაფვის ამჟამინდელი ხელისუფლება. ის, რომ ცივილური სამყარო უნდა გაერთიანდეს იმ აგრესიის წინააღმდეგ, რასაც რუსეთი დღესდღეობით აწარმოებს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ უფრო მეტი ქმედითი უნდა იყოს ძლიერი სახელმწიფოები და კავშირები, როგორიცაა შვიდეული და აშშ“-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ექსპერტ, თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, რუსეთის სურვილია, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვონ.

„წინასაარჩევნოდ, ქვეყანაში პრორუსული ძალების გააქტიურებას უნდა ველოდოთ, მათ შორის, მედიაშიც“, - განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, კრემლი ხედავს რომ საქართველოში პრობლემებია, ამიტომაც კეთდება მათი მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებები.

„რუსეთს რაც მეტს გააბედინებ, მერე უფრო მეტი მოუნდება. რუსეთში ხედავენ რომ სუსტები ვართ. ისინი პირდაპირ გეუბნებიან არჩევნების წინ, არ გაბედოთ და ანტირუსული წმენდა არ განახორციელოთო - ეს იყო კარასინის მთავარი მესიჯი, თან იმუქრება რომ პარლამენტში თუ არ მოვლენ პრორუსული ძალები, ამას არ მოვითმენთო. ნუ გვაიძულებთ, რომ ჯარები შემოვიყვანოთო. ამას ნიშნავს როდესაც ვამბობ, რომ რაც მეტს გააბედინებ რუსეთს მეტი მოუნდება. ეს არის რუსეთის პრინციპი“, - აცხადებს შარაშენიძე.