რუსი დიპლომატის ღია მუქარა საქართველოს

რუსი დიპლომატის ღია მუქარა საქართველოს

„ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი“, - ამ სიტყვებით გრიგორი კარასინი საქართველოს ხელისუფლებას ემუქრება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გაღიზიანება თავდაცვის მინისტრის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომლის მიხედვით თინა ხიდაშელმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ „ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ“. კარასინი თვლის, რომ ნორმალურ საზოგადოებაში ასეთ განცხადებებს არ პატიობენ.

გრიგორი კარასინის განცხადებით, დღეს, მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოვება და ცხადად მზარდი ანტირუსული რიტორიკაა, რომელიც მისი თქმით, ისმის თბილისში, საერთაშორისო პლატფორმებზე, საზოგადო მოღვაწეების მხრიდან.

„თუმცა ყველაზე მეტად, საწყენია, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, ასეთი განწყობები ოფიციალური პირებისგან, პოლიტიკოსებისგან, მინისტრებისგან და პრეზიდენტისგანაც კი ისმის. ბუნებრივია, ამას ყურადღებას ვაქცევთ, თუმცა ვცდილობთ ყველა ჩხვლეტაზე არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ“, - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

„საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე აწყობილი ურთიერთობა იქნება ის, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ურთიერთობის სრული ნორმალიზება“, - ასე პასუხობს რუს დიპლომატს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებმა არსებული განწყობების შესახებ საუბრისას საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება.

„ზუსტი განცხადება არ მომისმენია და კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა, ალბათ, საქართველოში არსებული განწყობების შესახებ საუბრისას რუსმა პოლიტიკოსებმა საკუთარ მიდგომებს უნდა მიაქციონ ყურადღება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის საფუძველზე აწყობილი ურთიერთობა იქნება ის, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ურთიერთობების სრული ნორმალიზება.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, არა ჩვენი საგარეო ვექტორის და არა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე (რა თქმა უნდა, აქ ნებისმიერი კომპრომისი გამორიცხულია), ესკალაცია შევამციროთ და გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომელზეც შესაძლებელი იქნება პრობლემების მოგვარებაზე საუბარი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კარასინის განცხადებას არადიპლომატიურს უწოდებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ეს არის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, რაც სცილდება ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ ეთიკის ნორმებს.

„რაც შეეხება მის ფიქრს, რომ პრორუსული ძალები მოვიდნენ, მე მინდა ვუთხრა ოკუპანტ ქვეყანას, რომ საქართველოს მოსახლეობას და ამ ქვეყანას აქვს ერთადერთი არჩეული გზა - ევროპული და ევროატლანტიკური და ვერასდროს ვერ მოვა ის ძალა, რომელიც ოკუპანტთან გარიგდება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

უმრაველსობის წევრი, გია ვოლსკი თვლის, რომ კარასინის განცხადება აგრესიულია და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ნიშნებზე მიუთითებს. ვოლსკი ფიქრობ, რომ ეს განცხადება არ ეკუთვნის დიპლომატს.

„თითქოსდა ავიწყდება კიდეც, რომ საქართველოს ტერიოტრიები, რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ვფიქრობ, გულწრფელობისგან შორსაა, ემოციისგანაც დაცლილია. გარკვეული ორიენტირები აქვს გაკეთებული. წინა საარჩევნო პერიოდში ასეთი განცხადებები იმატებს. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება გადაწყვეტს პარლამენტის შემადგენლობას, ორიენტირებსაც“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანალიტიკოსების განცხადებით, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც რუსეთის მხრიდან უნდა ველოდოთ ზეწოლას და აგრესიულ ქმედებებს ოკუპირებულ რეგიონებში. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სიხარულიძე აცხადებს, რომ კარასინის განცხადებაში ახალი არაფერია, რადგან რუსეთი სხვადასხვა ფორმით განაგრძნობს საქართველოზე ზეწოლას. სიხარულიძის თქმით, ის, რასაც რუსეთი რიტორიკას უწოდებს, ეს არის ობიექტური რეალობა.

„დიახ, რუსებს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი და განაგრძობს საქართველოზე ზეწოლას ყველა ფორმით. იქნება ეს ეკონომიკური ფორმა, სამხედრო ძალის გამოყენება თუ საკუთარი სპეცსამსახურების დემეტრაცია საქართველოში. ეს მიზანი მათ დიდი ხანია დასახული აქვთ. მას გამოწვევად მიაჩნია საქართველოს არსებობა, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის და ბუნებრივია, ამ ძალადობაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს განვითარების გაგრძელება, ნატოში ინტეგრაცია და შიდა რეფორმები ამ ძალადობაზე, ზეწოლაზე, შანტაჟზე. პასუხი უნდა იყოს საქართველოს განვითარება, საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ისე რეფორმირება, რომ უსაფრთხოების სექტორმა რეალურად შეძლოს საფრთხეების გაუვნებელყოფა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება“, - აცხადებს დავით სიხარულიძე.

როგორც სიხარულიძე აცხადებს, საქართველოსთვის კარასინის მუქარა ახალი არ არის, რადგან დიდი ხანია ვლადიმერ პუტინს და მის გარემოცვას საქართველოსთან მიმართებით ძალადობა ამოძრავებს. მისივე თქმით, რუსეთი საქართველოზე შეტევას ახორციელებს ე.წ. ჰიბრიდული ფორმით.

„რუსეთი სხვადასხვა ფორმებს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ და მათ შორის არის, როგორც სამხედრო ძალა, ასევე ის ორი ტერიტორია, რომელიც ოკუპირებულია და უზარმაზარ გიგანტურ სამხედრო ბაზებად გადააქცია. იგივე - სპეცსამსახურების დემეტრაცია საქართველოში, ეკონომიკური ბერკეტები, ეროვნული თანხმობისთვის ხელის შეშლა და მისი პოროპაგანდა. რუსეთისთვის ყველაზე სახიფათო იქნება საქართველოში საზოგადოებრივი აზრის პოლარიზაცია. ბუნებრივია, რუსეთი ვერასდროს მოახერხებს საქართველოში პრორუსული აზროვნების დამკვიდრებას.

ამიტომ, კარასინის მუქარაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს უსაფრთხოების სექტორის რეალური რეფორმა, მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია, რას ვაკეთებთ, სახელმწიფოს განვითარებისთვის, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მკაფიო სტრატეგია და აქტიური საგარეო პოლიტიკა. ბუნებრივია, ჩვენთვის აუცილებელია აქტიური საგარეო პოლიტიკა იმისათვის, რომ ჩვენი უსაფრთხოების საკითხები გახდეს საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგის განუყოფელი ნაწილი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით სიხარულიძემ.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ზეწოლა მანადე არ შემციდრება, სანამ საქართველო არ მოექცევა ევროკავშირისა და ევროატლანტიკური უსაფრხოების სივრცეში.

„რუსეთი ის ქვეყანაა, რომელმაც ყველანაირი ნორმისა და საერთაშორისო სამართლის მთავარი ფუძემდებლური პრინციპების დარღვევის შედეგად, მოახდინა ორი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაცია. ამის ფონზე კარასინის განცხადება აბსოლუტურად ცინიკურია, რომელიც რუსული ინტერვეციის პოლიტიკის ჭრილში ჯდება და რასაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაადგა რუსეთის ხელმძღვანელობა, რაც კიდევ უფრო გამძაფრდა და გამწვავდა პუტინის პრეზიდენტობის პირობებში.

არანაირად არ გაუმჯობესდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, სანამ სერიოზული პერსპექტივა არ გამოჩნდება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორების დეოკუპაციის. ამ საკითხის გადაჭრის შემთხვევაში შეიძლება დარეგულირდეს ჩვენი ურთიერთობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე