„თურქეთი შეეცდება, საქართველოსა და რუსეთის მიმართულებით გადმოიტანოს დაპირისპირება“

„თურქეთი შეეცდება, საქართველოსა და რუსეთის მიმართულებით გადმოიტანოს დაპირისპირება“

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღან პირობას დებს, რომ ბრძენი თურქი ხალხის დახმარებით ტერორისტულ ძალებს დააჩოქებს.

თურქეთში მომხდარი აფეთქებიდან ერთი თვის თავზე, რასაც 28 ადამიანი შეეწირა, ამჯერად განმეორებითმა ტერაქტმა 37 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 125 ადამიანი დაშავდა.

ტერაქტის ადგილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფისიდან 200 მეტრის დაშორებით იყო და ამის მიზეზი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ დანაღმული ავტომანქანა გახდა, რომელიც ორ ავტობუსს შორის იდგა.

მართალია, ანკარაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა, როგორც თურქეთის დაზვერვის სამსახურის წყარო იტყობინება, მთავრობა ეჭვობს, რომ თავდასხმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ან მასთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული.

თავის მხრივ, ერდოღანმა ტერორისტების გააქტიურების მიზეზი შემდეგი სიტყვებით ახსნა: „თურქეთი რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარების გამო ტერორისტების სამიზნე გახდა. ტერორისტები, რომლებიც ერთი-მეორის მიყოლებით განიცდიან დამარცხებას ჩვენი მამაცი თავდაცვითი ძალების წინაშე, სამიზნედ ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას იღებენ“.

იმ ფონზე, როცა დასავლეთმა ახლო აღმოსავლეთიდან გაქცეული მიგრანტების შეფარების ტვირთი შესაბამისი გასამრჯელოს საფასურად თურქეთს დააკისრა, საინტერესოა, უღირს კი თურქეთს უამრავი მიგრანტის მიღება და დაბინავება, რომელთა შორის შესაძლოა, ტერორისტული აქტების ჩამდენი პოტენციური დამნაშავეებიც აღმოჩნდნენ? ბოლოდროინდელი ტერორისტული აქტები ხომ არ აიძულებს თურქეთს, მოზღვავებულ მიგრანტთა ნაკადს სწორედ საზღვრის ჩაკეტვით უპასუხოს და მაშინ სად გადანაწილდებიან საკუთარი ქვეყნიდან გაქცეული ლტოლვილები?

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, თურქეთის საზღვარი ჩაკეტილიყო, თუმცა, ალბათ, ასე არ მოხდება, რადგან ეს საზღვარი იმდენად მოშლილი და ღიაა, რომ მისი ჩაკეტვა ცოტა რთული საქმეა.

„ერდოღანი ამბობს, რომ ბრძენი თურქი ხალხი გამოუტანს ტერორისტებს განაჩენს. ეს რიტორიკაა, მაგრამ ვნახოთ. სამწუხაროდ, თურქეთში ტერაქტები კვლავაც განმეორდება, რადგან ომი მიმდინარეობს და თურქეთი ჩარეულია სირიის კონფლიქტში, როგორც მხარე. გარდა ამისა, მიგრანტთა კრიზისზე თურქულმა მხარემაც ფული გააკეთა, აქ მთელი კორუფციული სქემებია და მაფიოზური გარიგებები უკვე ისეთ დონეზეა, არა მგონია, მიგრანტებისთვის საზღვარი ჩაკეტონ. თანაც, შეიძლება, ამ ტერაქტის უკან ქურთები იდგნენ, რადგან თურქებმა სწორედ ქურთების ბაზები შეავიწროვეს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სოსო ზაალიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თურქეთი საზღვრებს ვერ ჩაკეტავს, რადგან თურქეთის სახელმწიფო პოლიტიკა დღეს ისლამისტური მოძრაობის მხარდაჭერაა. თურქები ამ ტერორისტულ აქტებში ადანაშაულებენ ქურთებს და აძლიერებენ თურქეთ-სირიის საზღვარზე თავისი სამხედროების ყოფნას, გადაჰყავთ იქითკენ ჯავშანტექნიკა და თავდაცვის სამინისტროს ნაწილები. ამდენად, მოსალოდნელია სიტუაციის უფრო მეტი ესკალაცია და საეჭვოა, თურქებმა „აისისი“-ს წინააღმდეგ რამე იღონონ.

„ვფიქრობ, თურქეთში ტერორისტული აქტები კიდევ მოხდება. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ თურქეთი არა მარტო შეეცდება, ესკალაცია მოახდინოს საკუთარ ტერიტორიაზე და ქურთების წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს, არამედ ის ეცდება, ჩრდილოეთით გადმოიტანოს ეს დაპირისპირება საქართველოსა და რუსეთის მიმართულებით. ამიტომ საქართველოც უნდა ელოდოს დაძაბულობას. ნაცვლად იმისა, ყოფილ მინისტრებს მიმსგავსებული პირების პორნოგრაფიის ატვირთვის გამო, ჩვენი უშიშროების სამსახური „იუთუბის“ ბლოკავდეს, სჯობს, ამ საშიშროებას მიხედოს, რომელიც ჩვენთან მოდის ჩრდილოეთიდანაც (ჩრდილო კავკასიიდან), სამხრეთიდანაც (თურქეთიდან), აღმოსავლეთიდანაც (ირანიდან) და კიდევ უამრავი ქვეყნიდან“, - აცხადებს სოსო ზაალიშვილი.

კავკასიოლოგი რეზო აბაშია ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ თურქეთს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების სწრაფვა აქვს და ამის ფონზე არ არის მოსალოდნელი, თურქეთმა ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგას და მიგრანტებს საზღვარი ჩაუკეტოს.

„თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლტოლვილთა მიღება ჰუმანიტარული აქციაა, აქაც გარკვეული ზომიერების დაცვაა საჭირო, რადგან ამ საწყალ და გაჭირვებულ ხალხს შეიძლება შემოჰყვეს ტერორისტი. ამიტომ გარკვეული გაკონტროლება ლტოლვილებს მიღების შემდეგაც სჭირდებათ. რთულია, ათასობით ლტოლვილის ნაკადში შეამჩნიო, ვინ რისი გამკეთებელია და რა გეგმები აქვს. სავარაუდოდ, თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებს შესწევთ იმის ძალა, რომ ჰუმანიტარული დამოკიდებულობის შეუზღუდავად, გარკვეული კონტროლი დააწესონ იმ ადამიანებზე, რომლებიც პოტენციური დამნაშავეები არიან“.