იმის მიუხედავად, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებისთანავე ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, არასამთავრობო სექტორმა, მედიამ და საზოგადოებამ ცალსახად დაგმო აღნიშნული ფაქტი, სოციალურ სივრცეში მსგავსი კადრები კვლავ გავრცელდა. ხელისუფლება დანაშაულს იძიებს და კონკრეტული პირები დააკავა კიდეც, თუმცა კვლავ აქტუალური რჩება კითხვა, ვის და რა კონკრეტული მიზნის მისაღწევად სჭირდება საზოგადოებაში მსგავსი შფოთის შემოტანა? მიმდინარე პროცესებზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.
რამაზ საყვარელიძე: ვნახოთ, რას იტყვის გამოძიება, სიმართლე გითხრათ, არც მეგონა, რომ გამოძიება ასეთ ვადებში რაღაც ვერსიას წარმოადგენდა - იმ პირების დაკავება უკვე ვერსიას გულისხმობს. ამ პერსონებიდან გამომდინარე, წინა პლანზე იწევს ერთ-ერთი ვერსია - გახსოვთ ადრე (და დღესაც) რამდენიმე ვარაუდი ტრიალებდა - ერთ-ერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი რომელიმე წევრის ინტერესი. ეს ვერსია იმდენად იყო აქტუალური, რამდენადაც, ასეთ კადრებზე სწორედ ნაციონალებს მიუწვდებოდათ ხელი. ეს დაკავებაც ამ ვერსიას უფრო ასხამს წყალს, რადგან დაპატიმრებულები მეტ-ნაკლებად, დაკავშირებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ასევე ითქვა, რომ თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს მასალები ქვეყნიდან გაიტანა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ის მაშინვე ემზადებოდა ასეთი „წერტილოვანი დარტყმებისათვის“?
- იყო ასეთი ჯიუტი ვერსიაც, რომ მეგის ქარდავას ჰქონდა ეს კადრები. საერთოდ, როდესაც ასეთ მასალებს იღებდნენ, მაშინვე იგულისხმებოდა, რომ მას აუცილებლად გამოიყენებდნენ.
მაშინ ვიცოდით და ვნახეთ კიდეც, რომ ამ მასალებს იყენებდნენ კონკრეტული ჩინოვნიკების დასაშანტაჟებლად, რამდენჯერმე ტელეეთერითაც გვაჩვენეს ფარული ჩანაწერები... დღეს ამას სრულიად სხვა სახე აქვს...
- ვფიქრობ, სარეზერვო გადაღებებიც ხორციელდებოდა, რადგან მასალების რაოდენობა აშკარად სჭარბობს თანამდებობის პირთა რაოდენობას. თავისიანებზეც იღებდნენ და სხვებზეც. ძალიან ბევრი მასალააა გადაღებული საიმისოდ, რომ მხოლოდ მაშინ არსებული ინტერესებით აიხსნას.
ასეთი რამ ხშირია პოლიტიკაში, როდესაც კომპრომატებზე ორიენტირებულია პოლიტიკური გუნდი, მაშინ ასეთ კომპრომატებს ნებისმიერ ადამიანზე, ნებისმიერი რაოდენობით აგროვებენ, ინახავენ და მერე, როდესაც დასჭირდებათ, მაშინ იყენებენ. ანუ ასეთი მასალა საჭიროების მომენტის გათვალისწინებით გროვდება - ანუ, შეიძლება დასჭირდეს და კომპრომატი არ აღმოაჩნდეს. სწორედ ეს მომარაგებული კომპრომატები იყო ის, რაც ამ დღეებში გავიგეთ, რომ არსებობს და ალბათ, კიდევ ბევრია ისეთი, რომელიც არც გაგვიგია.
ახლა, ამ კონკრეტულ მომენტში რას შეიძლება ემსახურებოდეს ამ კომპრომატების გამოფენა? რაღაც მიზანი ხომ უნდა არსებობდეს?
- მიჭირს ახსნა, რადგან ხშირად მეუბნებიან-ხოლმე რომ აი, არჩევნები ახლოვდება და ეს პოლიტიკააო - არჩევნების მოახლოება არ მეჩვენება სწორ ახსნად, რადგან არჩევნები იქნება რამდენიმე თვის შემდეგ და იმ დროისთვის საეჭვოა, ვინმეს ახსოვდეს ეს კომპრომატები. კომპრომატს თავისი მოქმედების კანონზომიერებები აქვს. კერძოდ, მან ემოციაზე უნდა იმოქმედოს, ემოცია კი ჩაქრობადია. თუკი დროზე ადრე „გაისვრის“ ვინმე კომპრომატს, ემოცია კი გაჩნდება, მაგრამ მალე ჩაქრება. თუ გვიან მოხდა - ეს ემოციის გაჩენა არ მოესწრება.
გახსოვთ, ალბათ, ციხის კადრებზე რომ ამბობდნენ, დროულად გავიდა ეთერშიო - ანუ ემოციურობის პიკმა სწორედ არჩევნების დროს მიაღწია და ცოტა ადრე ან ცოტა გვიან რომ გავრცელებულიყო, შესაძლოა, მხოლოდ ტყუილი შრომა ყოფილიყო.
სწორედ ამიტომ არ მეჩვენება ეს ლოგიკა დამაჯერებლად, რომ ამ მასალების გავრცელება არჩევნებს უკავშირდება. მით უმეტეს, ეჭვი მეპარება მას მერე, რაც ინგა გრიგოლიას სახელმა გაიჟღერა - ის არ არის საარჩევნო ფიგურა და მუქარის ავტორის ჩამონათვალიც, პრაქტიკულად, პოლიტიკოსების სიას გაცდა, რაც კიდევ უფრო გაუგებარს ხდის პროცესს.
მე, პირადად, ერთ-ერთ ვერსიად განვიხილავდი იმას, რომ ამ კადრების გამავრცელებელს რაციონალური მიზანი არ აქვს. არსებობს ასეთი თავისებურება, როდესაც ადამიანი დანაშაულს სჩადის, ამას აკეთებს თავისი ავადმყოფური მისწრაფებებიდან გამომდინარე. სერიული მკვლელი ადამიანებს კლავს იმიტომ, რომ სიამოვნებას ანიჭებს ასეთი ქმედება. ეჭვი გამიჩნდა, ასეთ ქმედებასთან ხომ არ გვაქვს საქმე?!
ვიცით, რომ ვინც ამ მასალებს აგროვებდა, შემდეგ უყურებდა კიდეც და ამ სიამოვნებას ვერ წყდებოდნენ. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ვერსია იმდენად დამაკმაყოფილებელია, რომ კითხვებს არ ტოვებს - ფსიქოლოგიური მომენტები ყოველთვის უკმარისობის გრძნობას ტოვებს ადამიანებში. მაგრამ, პოლიტიკური სარგებლიანობის მომენტს იმდენად ვერ ვხედავ, ამ ისტორიაში და უფრო ავადმყოფური გემოვნება დომინირებს, რომ ჯერჯერობით სხვა ვერსია არ მაქვს. თუმცა ეს ავადმყოფური გემოვნების თემა არ გამორიცხავს ნაციონალებს, რადგან სწორედ მათ სახელს უკავშირდება როგორც გადაღება, შემდეგ იმით გართობა, რომ ეყურებინათ ამ კადრებისთვის.
თავისუფალ დემოკრატებს აქვთ ვერსია, რომ რაკი ფაქტობრივად, დასავლეთისკენ მიჰყავს ხელისუფლებას ქვეყანა, გარკვეული წრეები მსგავსი კადრების გავრცელებით ცდილობენ, შეაფერხონ ეს პროცესი. რამდენად შეიძლება, ღირებულებათა გადაფასება გამოიწვიოს ამ ყველაფერმა? ანუ შეიძლება გაჩნდეს საზოგადოებაში „გარყვნილი დასავლეთის“ თემა?
- ლოგიკა არ მესმის. მოქალაქემ, რომელიც აღშფოთებულია, და პრაქტიკულად, ყველამ გამოხატა ეს აღშფოთება, ამ კადრების გავრცელების გამო, არ მესმის, რატომ უნდა გამოაცხადოს პროტესტი ევროპის წინააღმდეგ?!
ერთი მხრივ, ანალოგიურ კადრებს ყველაზე მკაცრად ევროპა აფასებს. მეორე მხრივ, მსგავსი მასალა დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭულში შეიძლება შეგხვდეს - გეოგრაფიული განპირობებულობა არ გააჩნია. არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც პეტრიაშვილის განმარტებაა არალოგიკური, შესაძლოა, ჩემი ბრალია, ქართველი პოლიტიკოსების ლოგიკა ბოლო ხანებში ხშირად არ მესმის.
შეიძლებოდა თუ არა, ხელისუფლებას როგორმე თავიდან აეცილებინა ასეთი კადრების გავრცელების ალბათობა? იყო თუ არა თავის დროზე დაშვებული შეცდომები, როდესაც ამ კადრების ამოღება და განადგურება დაიწყო?
- რაღაც ეტაპზე გამინაწყენდა ლაშა ტუღუში, რომლიც გახსოვთ, რა ენერგიულად იბრძოდა ამ განადგურებისთვის, უფრო სწორად, ძალიან ბეჯითად მიხსნიდა, რატომ იყო გასანადგურებელი, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ლაშამაც და ხელისუფლებამაც იჩქარეს.
ჩემთვის უფრო გასაგები იქნებოდა, ხელისუფლებას ინფორმაციის დაცვაზე რომ ეზრუნა - შეიძლებოდა ამ მასალის შესწავლით მოეპოვებინა დამატებითი ინფორმაცია იმაზე, თუ სად და რა იყო გადაღებული, ვინ ფიგურირებდა. უამრავი ინფორმაციაა ყველა დეტალში ჩადებული - ამაზე ხელისუფლებამ უარი თქვა, რაც სრულიად გაუგებარი იყო.
კიდევ უფრო გაუგებარია, რატომ მოიქცნენ ისე, რომ კრიტიკა დაიმსახურეს. სწორია ტუღუში იმაში, რომ კი გაანადგურეს, მაგრამ რაც დარჩათ ხელში, იმ მასალის შესწავლა რატომ არ მოხდა? შეიძლებოდა, ამ მასალის შესწავლით გაკეთებულიყო დასკვნები და მომხდარიყო პრევენცია და ა.შ.
ეს პასიურობაა, რომელიც ბევრ სხვა სფეროში ახლავს ხელისუფლების მუშაობას, თანაც, პირველივე დღიდან, მაგრამ დღესაც შეიძლება ამ პასიურობის კომპენსირება - შეუძლია, გამოიკვლიოს მაშინ ვინ იყო პასუხისმგებელი და ვის უნდა გაერკვია იმ მასალების მიხედვით, რასთან გვქონდა საქმე, რა საფრთხეები არსებობდა, ვის უნდა ჩაეტარებინა გამოძიება იმ მასალების საფუძველზე და ვინ არ ჩაატარა.
დღესაც პასიურია ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ დააკავა ვიღაცეები. რადგან ის, რაც მაშინ ჰქონდა გასაკეთებელი, ისევ გასაკეთებელია და მომხდარზეც ისეთ მყისიერ რეაქციას არ იძლევა, როგორც საჭიროა.