განათლების სამინისტრო პირობას დებს, რომ ზღვარს დაადაბლებს

განათლების სამინისტრო პირობას დებს, რომ ზღვარს დაადაბლებს

საატესტატო გამოცდებამდე 2 კვირაზე ნაკლები დრო რჩება. კომპიუტერული ტესტირება 8 საგანში პირველად ტარდება. საგამოცდო წესები და მეთოდები უკვე ცნობილია.

თუკი მოსწავლემ თუნდაც ერთ საგანში ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ატესტატს ვერ მიიღებს. საგანმანათლებლო სისტემის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მინიმალურ კომპეტენციას ქიმია-ფიზიკა-ბიოლოგიაში, ასევე მათემატიკაშიც სკოლადამთავრებულთა 2/3 ვერ გადალახავს და თავისთავად უატესტატოდ დარჩება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილი ამგვარ მოსაზრეაბს არ ეთანხმება. მისი აზრით, მოსწავლეებს არ გაუჭირდებათ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა იმიტომ, რომ წლეულს ბარიერი უაღრესად დაბალი იქნება.

“საატესტატო გამოცდები პირველად ტარდება. ის მომენტი, რომ მოსწავლეების უმეტესობა წლების განმავლობაში სკოლაში არ სწავლობდა გარკვეულ საგნებს (ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას), გავითვალისწინეთ და მოსწავლე რომ არ დაიჩაგროს, მხოლოდ მარტივი დავალებების ხარჯზე გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.  წელს ეს ბარიერი ძალიან დაბალი, სიმბოლურიც კი იქნება. 2 ივლისს გამოცხადდება, რა იყო მინიმალური ბარიერი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: იმისათვის, რომ ბევრი სკოლადამთავრებული არ აღმოჩნდეს ატესტატის გარეშე, მათ ვითარება მაქსიმალურად გავუმარტივეთ”, - აცხადებს მიმინოშვილი.

მისი თქმით, კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება საზღვარგარეთში აპრობირებული სისტემაა. როგორც მან განაცხადა, გამოსაშვები გამოცდის დროს კონსულტანტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ჰოლანდიიდან ჩამოვლენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის სოსო გოგილიძის ინფორმაციით, გამოცდები სკოლის შეობაში ტარდება, სადაც გამოყოფილია საგამოცდო ტერიტორიები - დერეფანი და კლასები. საგამოცდო ტერიტორიის წინ რეგისტრაციას ატარებს ან სკოლის დირექტორი, ან რომელმე მეთვალყურე და გამოსაცდელისგან ზედმეტ ნივთებს ჩამორთმევს. რეგისტრაციის შემდეგ გამოსაცდელს საგამოცდო ტერიტორიაზე დახვდება მეთვალყრე, რომელიც სიით ამოწმებს გამოცხადებულ მოსწალეს. ამის შემდეგ მოსწავლე მივა საგამოცდო სექტორში, სადაც დახვდება “ნეტბუკი”.

ყველა მოსწავლეს თავისი პირადი კოდი აქვს, რითაც კომპიუტერულ სისტემაში შედის. გამოცდა გრძელდება მაქსიმუმ 1 საათი და 20 წუთი. 1 საათისა და 20 წუთის შემდეგ კომპიუტერული სისტემა გაითიშება.

ტესტებში შეკითხვების რაოდენობა სხვადასხვაა. მაქსიმალური 45 შეკითხვაა, მინიმალური - 15. თუმცა, 15 შეკითხვით მინიმალური ზღვარის გადალახვა საკმარისი არ იქნება. საგამოცდო კომპიუტერული პროგრამა გამოსაცდელს თავიდან უმარტივეს შეკითხვას სთავაზობს და სწორი პასუხის შემთხვევაში ყოველ მომდევნო შეკითხვას ოდნავ ართულებს. სწორი პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში გამოსაცდელს წინა შეკითხვასთან შედარებით მარტივ შეკითხვას სთავაზობს.

“მოსწავლეს ეცოდინება, რომ დაუმსახურებლად ატესტატს ვეღარ მიიღებს. დღემდე იყო ასეთი სიტუაცია - ბავშვი არ შლიდა წიგნს და ატესტატს მაინც იღებდა. ასე აღარ იქნება. როცა საატესტატო გამოცდები არსებობს, მოსწავლე იძულებულია, ისწავლოს ესა თუ ის საგანი”, - აცხადებ სოსო გოგილიძე.

რაც შეეხება საგამოცდო წესებს, გამოცდების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მოსწავლე მიიღებს მოსაწვევს. იგი დაახლოებით ისეთივეა, როგორიც მისაღებ გამოცდებზე: სახელი, გვარი და 8 გამოცდის ცხრილი. ყველა ბავშვი ერთსა და იმავე გამოცდას ჩააბარებს ერთსა და იმავე დროს. სკოლადამთვრებულს გამოცდაზე მისვლისას უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გამოცდების ცენტრის მიერ გაცემული მოსაწვევი რეგისტრაციისთვის.  გამოსაცდელს გამოცდაზე შეუძლია შეიტანოს პირადობის მოწმობა, მოსაწვევი, წყალი, საწერ-კალამი და პირადი ჰიგიენის ნივთები.

საატესტატო-გამოსაშვები გამოცდების დაწყებამდე გამოცდების ეროვნული ცენტრი საატესტატო გამოცდების გენერალურ რეპეტიციას ჩაატარებს.