„დემოგრაფიული პრობლემა ისედაც არსებობს და შევეცადოთ მის აღმოფხვრას, ოღონდ - არა მსოფლიოსგან იზოლირების ხარჯზე“

„დემოგრაფიული პრობლემა ისედაც არსებობს და შევეცადოთ მის აღმოფხვრას, ოღონდ - არა მსოფლიოსგან იზოლირების ხარჯზე“

ის, რომ ვიზის ლიბერალიზაცია ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენი მოქალაქეებისთვის მუშაობის უფლებას არ ითვალისწინებს, ქართველი დემოგრაფებისთვის დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. დემოგრაფები მიიჩნევენ, რომ შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეებისთვის 90-იანი დღიანი მოგზაურობა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ისედაც მცირერიცხოვანი ერისგან მხოლოდ მოხუცებიღა დარჩნენ.

ამისგან განსხვავებულ დამოკიდებულებას ავლენს ევროკომისიის მიერ მომზადებული სამუშაო დოკუმენტი „უსაფრთხოებისა და მიგრაციულ საკითხთა ზეგავლენის შეფასების“ შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მგზავრობის გამარტივებული პროცედურები საქართველოდან ევროკავშირში და, პირიქით, ცირკულარული მიგრაციული ნაკადების ზრდას განაპირობებს, თუმცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არ გამოიწვევს საქართველოდან მასობრივ მიგრაციას. მით უმეტეს, თუკი დასავლეთი შრომით მიგრანტებს არ დაასაქმებს, საქართველოს მოქალაქეები თავს შეიკავებენ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლისგან, ან დატოვებენ ევროკავშირის ტერიტორიას.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირის დოკუმენტის თანახმად, 2013 წელს ევროკავშირის სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში საქართველოს დაახლოებით 66 000 მოქალაქე არალეგალურად ცხოვრობდა, ბოლოდროინდელი ტენდენციები ევროკავშირში მიგრაციისადმი მზარდ ინტერესს ადასტურებს.

საინტერესო კვლევას აქვეყნებს „Transcrime“-ი („ტრანსსასაზღვრო დანაშაული“). ამ კვლევის თანახმად, ქართული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფები უკვე არსებობენ და აქტიურად მოქმედებენ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში. უფრო კონკრეტულად, ეს ჯგუფები ფართოდ არიან წარდგენილნი ევროპის ლეგალურ ეკონომიკაში.

ქართული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფები, მათ შორის, „კანონიერი ქურდები“, ინვესტიციებს ახორციელებენ ძირითადად მშენებლობაში, ტრანსპორტირებასა და ლოგისტიკაში, უძრავ ქონებაში, საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, სასტუმროებში, ბარებსა და რესტორნებში. ლეგალურ ეკონომიკაში მათი საქმიანობა ხშირად დაკავშირებულია მათი კრიმინალური საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლების გათეთრების სქემებთან.

ამავე კვლევის თანახმად, ქართული ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფები აკონტროლებენ კრიმინალური ბაზრების საკმაოდ დიდ ნაწილს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რაშიც მათ რუსული ენის ცოდნა და საერთო წარსული ეხმარება.

ის, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენი მოქალაქეების ევროპაში დასაქმებას არ ითვალისწინებს, სულაც არ არის დამამშვიდებელი ფაქტორი დემოგრაფ ანზორ თოთაძისთვის. For.ge-სთან საუბარში დემოგრაფი აცხადებს, რომ ევროპაში დაუსაქმებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ოდნავ შემაკავებელი ფაქტორი იქნება, მაგრამ არა ისეთი შემაკავებელი, რომ ისედაც მცირე რაოდენობით დარჩენილ ქართველებს არაფერი დაემუქროს. მით უმეტეს, ჩვენი მოქალაქეები ევროპაში არალეგალურად ისედაც მიდიან და მერე იქ რჩებიან, ამდენად, რა გასაკვირია, თუ ლეგალურად წასვლის შემდეგ ევროპაში დარჩენას ქართველთა ახალ-ახალი ნაკადებიც მოიწადინებენ?!

„90-დღიანი მოგზაურობა სრულიად საკმარისია, რომ ადამიანი ევროპაში დამკვიდრდეს. იქ ცოლს შეირთავს, გაურიგდება ვიღაცას, ამიტომ დიდი შანსია, საქართველოდან გადინება კვლავაც გაგრძელდეს. ათასი ხვრელია დარჩენილი, რომლითაც შეუძლიათ ევროპაში დარჩნენ. გარდა ამისა, შეუძლიათ, 90 დღის გასვლის შემდეგ ჩამოვიდნენ და ისევ წავიდნენ ევროპაში. მე არ ვიცი, რა მოუვიდა ჩვენს ხალხს და რა შეიცვალა ქართველების ფსიქიკაში, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ კვლევის თანახმად, ახალგაზრდების 96% უცხოეთში წასვლას ფიქრობს, თანაც, ზოგი - მუდმივად, ზოგი დროებით. მიდიან, 4-5 წელი იქ სწავლობენ და სამუდამოდ წყდებიან საქართველოს. ეს სახიფათოა“, - აღნიშნა ანზორ თოთაძემ და განმარტა, რომ ლიბერალური ორგანიზაციებისთვის ეს არაფერია, მაგრამ რეალურად, დაცლილია საქართველოს რეგიონები, დაცლილია საქართველოს სოფლები.

კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მე-19 საუკუნის ბოლოს 100 ათასამდე კაცი ცხოვრობდა, 2002 წელს ცხოვრობდა 52 ათასამდე, ხოლო 2012 წელს - 32 ათასი. ეს მაშინ, როცა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ფართობი უფრო მეტია, ვიდრე აჭარა, გურია, ან მცხეთა- მთიანეთი.

„გაუკაცრიელებულია ყველაფერი. ჯერ კიდევ 2002 წელს საქართველოში ოჯახში საშუალოდ ოთხი კაცი ცხოვრობდა, ახლა კი სამი კაციც არ ცხოვრობს, დარჩნენ მხოლოდ მოხუცები. კიდევ ათი წელი და მე არ ვიცი, რა საგანგებო ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ ეს ვითარება შემობრუნდეს. საქართველოში ამჟამად 3 მილიონ 729 ათასი ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და სხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. უკანასკნელ წლებში საქართველოდან სწორედ ქართველობა გადის, დასავლეთ ევროპის საელჩოებთან რიგები დგას. ეს კი ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციის გამარტივების შემდეგ თუ მთელი საქართველო არა, ყოველ შემთხვევაში, შრომისუნარიან და შემოქმედებით ასაკში გაედინებიან ადამიანები, ანუ 20-დან 40 წლამდე. მარტო 2002-2014 წლებში, ანუ ნაციონალების დროს, 700 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა. ახლა კი მუხრუჭების გარეშე გაუშვებენ და ერთი ამდენიც რომ კიდევ გავიდეს, დარჩებიან მხოლოდ მოხუცები“.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ ვიზის ლიბერალიზაცია გარკვეულ რისკს მოიტანს, მაგრამ ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ არსებობს.

„ეს ჩვენი ერისთვის სენსიტიური და მტკივნეული საკითხია. უცხოეთში წასასვლელად ახალგაზრდობა ათასნაირ ხერხს ეძებს და პოულობს კიდეც. ამიტომ კარგია, თუკი ოფიციალურად წავლენ და არა - შემოვლითი გზებით. დღემდე საკმაოდ ძვირი ღირდა ევროპულ ქვეყნებში საქართველოდან შეღწევა. ამბობენ, შავ ბაზარზე ეს 3-4 ათასი ევრო ღირსო. ამიტომ აქამდე ჩვენს ახალგაზრდებს უცხოეთში დარჩენის დიდი ცდუნება ჰქონდათ. დღეს კი, ვიზალიბერალიზაციის პირობებში, შეუძლიათ წავიდნენ და ჩამოვიდნენ კიდეც. თუ ჩვენ მივდივართ გახსნილი ქვეყნისკენ, მაშინ ეს კარგი პროცესია. ხოლო, თუ ჩვენ ისევ ჩაკეტილ სამყაროში უნდა ვიცხოვროთ, მაშინ სხვა საკითხია. პრობლემას ჩვენი საზოგადოების ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა ვერ აგვარებს. ვფიქრობ, ვიზალიბერალიზაცია უკეთესია, ვიდრე ის, რომ ევროპაში წახვიდე, მერე ჩამოსვლის პრობლემა გქონდეს და ამიტომ იძულებული გახდე, ოჯახი უცხოეთშივე შექმნა. დემოგრაფიული პრობლემა საქართველოში ისედაც არსებობს და უნდა შევეცადოთ მის აღმოფხვრას, ოღონდ - არა მსოფლიო საზოგადოებისგან იზოლირების ხარჯზე. საქართველოშივე უნდა მოვახერხოთ ცხოვრების დონის ამაღლება, რომ აღარ იყოს აუცილებელი სამუშაოს ძებნა ევროპის და სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

დაიკავებენ თუ არა ქართველებისგან გამოთავისუფლებულ სივრცეს ჩინელები, ინდოელები და სხვები?! ამის თაობაზე პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ქართველების წინაშე არ დგას. სწორედ ამიტომ ჩაკეტა საკუთარი საზღვრები ევროკავშირმა, მაგრამ მერე ისევ გახსნა. საუბარია შენგენის ზონაზე. ამდენად, პოლიტოლოგის აზრით, ევროპაში საამისო მექანიზმებიც მოფიქრებულია.

„ვიზალიბერალიზაცია ევროპაში მუშაობის და ცხოვრების უფლებას არ გულისხმობს. ჩვენ უნდა წავიდეთ იქითკენ, რომ ამ უფლებასაც მივაღწიოთ. ვფიქრობ, ერთი ტალღის შემდეგ სიტუაცია დასტაბილურდება. ანალოგიურად ჩაკეტილი სივრცის პრობლემა გვქონდა საბჭოთა კავშირის დროს, მოგვიანებით უკვე საქართველოდან ბევრი გაედინებოდა რუსეთში, მაგრამ ოჯახებში მაინც ბრუნდებოდნენ. ახლა კი სივრცე შეიცვალა და გადიდდა, შეიცვალა მოქმედების გეგმები და არეალი. ამას უნდა გავუწიოთ ანგარიში, თორემ არა მგონია, საქართველოში ვინმეს არ აწუხებდეს დემოგრაფიული პრობლემა“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.