„არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდეს“, - ამ განცხადებიდან ორ თვეში გიორგი კვირიკაშვილმა საკადრო ცვლილება დაიწყო. ამ ეტაპზე ცვლილება რეგიონის პირველ პირებს შეეხოთ, თუმცა, არ არის გამორიცხული ცვლილებებმა უკვე მთავრობის შემადგენლობაში გადაინაცვლოს.
თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მთავრობის მეთაურს განცხდებით მიმართეს მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორებმა. ნუგზარ ყიფიანს და ზურაბ რუსიშვილს განცხადებაში თანამდებობის დატოვების მიზეზი მითითებული არ აქვთ. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ორივე განცხადება დააკმაყოფილა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გოჩა ზეიკიძე დაიკავებს, ხოლო შიდა ქართლში გუბერნატორის მოვალეობას ზურაბ რუსიშვილის მოადგილე შეასრულებს.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი ამაშუკელს არ აქვს ინფორმაცია, შეიცვლებიან თუ არა სხვა გუბერნატორებიც. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობის დატოვება მოუწევს სამეგრელო ზემო-სვანეთის, გურიასა და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულებს.
ჯერჯერობით თანამდებობიდან წასვლის თემაზე არავინ დაკავშირებია გია სალუქვაძეს. გურიის გუბერნატორი აცხადებს, რომ მისი კოლეგების განთავისუფლების შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყო და ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერთან კონსულტაციები არ ჰქონია.
თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი, რომლის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციები არ ჰქონია.
„სამსახურში ვარ და ვმუშაობ, ვემსახურები ჩემს საქმეს. პრემიერთან ამ თემაზე არ მქონია საუბარი. თუ რაიმე სიახლე იქნება, ყველა ერთად გავიგებთ, განცხადებასა და კომენტარს ვერ გავაკეთებ, სერიოზულად არ მიმაჩნია ეს საკითხი“, -აცხადებს ირაკლი შიოლაშვილი.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ნებისმიერი საკადრო ცვლილება ბუნებრივი პროცესია და უკეთესობისკენ სწრაფვაა. კახი კალაძის განცხადებით, ხელისუფლების მოთხოვნაა მეტი საქმე გაკეთდეს რეგიონში და ეს უნდა იგრძნოს საზოგადოებამ.
„მუშაობის შეფასებას რაც შეეხება, ეს ადგილობრივმა მოსახლეობამ, იმ რეგიონში მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა შეაფასონ. მთავრობის წევრისგან შეფასება, მიმაჩნია, რომ არის არასწორი, რადგან ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ ეს ადამიანები. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ყველა ცვლილება არის უკეთესობისკენ სწრაფვა - ეს არის ნორმალური პროცესი. ჩვენ ვითხოვთ, რომ უფრო მეტი გაკეთდეს, უკეთესობა იყოს რეგიონში, რათა პირველ რიგში, ეს საზოგადოებამ იგრძნოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევეს, რომ რეგიონალური მიმართულებით ცვლილებები მნიშვნელოვანია. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ეს იყოს საკადრო კარუსელის დასაწყისი.
„გვახსოვს პრემიერის განცხადება, - „გარკვეული დრო მჭირდება იმისათვის, რომ შევაფასო ჩვენი მთავრობის წევრების მუშაობის ავკარგიანობა“-ო. როგორც ჩანს, საშუალო რგოლიდან დაიწყო საკადრო ცვლილება. რთულია იმის თქმა, მოჰყვება თუ არა ამას გაგრძელება, მაგრამ, როგორც ჩანს, საკადრო გადაადგილების პროცესები დაწყებულია, მით უმეტეს, რომ ახლოვდება არჩევნები და რეგიონებში სჭირდებათ ისეთი კადრები, რომელთანაც ადგილობრივ მოსახლეობას ნაკლები კითხვები და პრეტენზიები ექნება“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ რეგიონალური მიმართულებით დაწყებული საკადრო ცვლილება უკავშირდება როგორც საპარლამენტო არჩევნებს, ასევე ძალაუფლების გადანაწილებას. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, რეგიონის გუბერნატორები ირაკლი ღარიბაშვილის მიერ იყო დაკომპლექტებული და შესაბამისად, სისტემაც მასზე იყო აწყობილი. ექსპერტი ამბობს, რომ ახალ პრემიერს უნდა ჰქონდეს საშუალება, იმუშაოს იმ ადამიანებთან, რომელთანაც უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს, როგორც პოლიტკურ ასპექტებში, ასევე რეგიონულ პროექტებთან დაკავშირებით.
„ამ ცვლილებას აქვს საარჩევნო განზომილება. ერთ-ერთი მოტივაცია არის საარჩევნო მობილიზაცია და ვერტიკალის დალაგება, იმიტომ, რომ არჩევნების დროს რეგიონული კურაციები ობიექტური აუცილებლობაა. ბუნებრივია, უნდა ეცადო გყავდეს ავტორიტეტული და ეფექტური ადამიანები. სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრს ამ პოზიცებზე ჰყავდეს ადამიანები, რომლებიც მის ვერტიკალში იქნებიან. ისინი არ იქნებიან ირიბი გავლენებისა და ძველი კავშირების მძევლები. უნდა ვივარაუდოთ, რომ მოქმედი გუბერნატორები ძველი ვალდებულებებით არიან შეზღუდულნი, რამაც შესაძლოა, პრემიერს მუშაობაში შეუშალოს ხელი“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ჯერჯერობით უცნობია მივა თუ არა პროცესი მინისტრთა კაბინეტამდე. თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ სამთავრობო ცვლილება აუცილებელია. გია ხუხაშვილის განცხადებით, მართველობითი კრიზისი გვაქვს ქვეყანაში, რომელსაც როგორც რეგიონული, ასევე ნაციონალური განზომილებაც აქვს.
„ერთ-ერთი ძირითადი განზომილება არის მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება. ძალაუფლების ცენტრების გადანაწილება ახალი კონფიგურაციით იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიმღების ვერტიკალი უნარიანი და ეფექტური გახდეს. არც ერთ მინისტრს არ აქვს იმის განცდა, რომ ისინი კვირიკაშვილის ვერტიკალში არიან, რაც პრემიერს პრობლემას შეუქმნის მუშაობაში. რამდენად ეყოფა კვირიკაშვილს ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის პოლიტიკური რესურსი, ეს ცალკე თემაა“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.