„ქართული ოცნება“ კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით, პარლამენტში ხელმოწერებს აგროვებს და 76 დეპუტატის ხელმოწერის შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას 14 მარტის ბიუროს სხდომაზე მოახდენს.
for.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, დოკუმენტს 60-ზე მეტი ხელმოწერა აქვს. მათ შორის, „ქართული ოცნების“, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ორი წევრის.
კერძოდ, for.ge-ს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი ფრიდონ საყვარელიძემ და მალხაზ წერეთელმა უკვე მოაწერეს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი, პარლამენტში დოკუმენტის განხილვა დაიწყება და ის კენჭისყრაზე დადგება, მას შესაძლოა, ასევე ხმა მისცენ - ვახტანგ ხმალაძემ, ნოდარ ებანოიძემ და დავით უსუფაშვილმა.
ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრები საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებს for.ge-სთან განმარტავენ და ამბობენ, რომ ქორწინების თაობაზე ჩანაწერი „სამოქალაქო კოდექსში“ არის, თუმცა, ისინი ემოციური ფონით მოქმედებენ.
როგორც for.ge-ს მალხაზ წერეთელმა განუცხადა, მან საკუთარი პოზიცია ფრაქციასთან შეათანხმა და ფრაქციაში იცოდნენ, რომ თუკი ეს საკითხი დღის წესრიგში დადგებოდა, ხელს აუცილებლად მოაწერდა. მისი თქმით, ეს თემა შემოგდებულია, თუმცა, ორი წლის წინ, დავით ბერძენიშვილი მომხრე იყო, რომ ეს საკითხი ბოლომდე მისულიყო.
„შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილება ვერ განხორციელდეს, რადგან მეეჭვება, საკმარისი ხმები მოგროვდეს, მაგრამ ჩემი შეხედულება მაქვს და ფრაქციაში არჩევანი თავისუფალია. ეს ჩემთვის განსაკუთრებული თემაა და დარწმუნებული ვარ, თუკი ეს კენჭისყრაზე დადგება, მას დანარჩენი რესპულიკელებიც მხარს დაუჭერენ. კენჭისყრაზე საკითხის დადგომის შემთხვევაში, მას შესაძლოა, ჩვენი, რესპუბლიკელების ხმები კიდევ დაემატოს“, - განაცხადა წერეთელმა.
წერეთელის მსგავსად, ფრიდონ საყვარელიძე ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილების თაობაზე ფრაქცია საქმის კურსში იყო. for.ge-სთან საუბარში საყვარელიძე ამბობს, რომ არანაირი ხიფათი არ არსებობს, რომელიც მას ამ ჩანაწერის გაძლიერებაზე და კონსტიტუციაში ჩაწერაზე უარს ათქმევინებს. დეპუტატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი „სამოქალაქო კოდექსში“ კარგად და სწორად გაწერილია, გარკვეული საფრთხეები არსებობს, რაზეც რესპუბლიკელები საუბრობენ.
„ისინი ამბობენ, რომ ქორწინება კაცისა და მამაკაცის ერთობაა, მაგრამ ამ დოკუმენტს ხელს მაინც ვაწერ, რადგან ჩემთვის მთავარია, ემოციური, რელიგიური და მორალური ფაქტორები. როგორც ჩანს, მე ცუდი პოლიტიკოსი ვარ, ჩემში ემოცია ჭარბობს და ამას ჩემი ფრაქციის წევრები გაგებით შეხვდებიან“, - აღნიშნა საყვარელიძემ.
ფრაქციის გადაწყვეტილებას ფრაქციის თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი ეხმაურება და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ დიდი ხანია, მისი გუნდი ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება და მუშაობს. კანონმდებელის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებაში სწორად წერია, რომ ისინი იმ ადამიანების პოზიციას გაგებით ეკიდებიან, რომლებიც საკითხის ინიცირებას ეთანხმებიან.
„რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილებაა, რომ ამ პროცესს ვემიჯნებით. ამ პროცესს ვუყურებთ და ვაფასებთ, როგორც პოლიტიკურ ხაფანგს. ამიტომ, ვისაც ემოციური განწყობები უფრო მოჭარბებული აქვს, ეს ორი კაცი დოკუმენტს ხელს აწერს, ხოლო რვა კაცის ხელმოწერა არ იქნება. ბუნებრივია, ისინი განცხადების შემუშავებაში მონაწილეობდნენ“, - დასძინა ბერძენიშვილმა.
რაც შეეხება საკითხის მომხრეების განწყობას, for.ge-სთან საუბარში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ კოალიციაში განსხვავება იყო იმაზე, სტრატეგიულად სწორია თუ არა, ამ საკითხის ინიცირების დაწყება, დანარჩენ შემთხვევაში, საკითხის არსის მიმართ დამოკიდებულება და პათოსი ერთნაირია.
მისი თქმით, „რესპუბლიკურ პარტიაში“ რამდენიმე ადამიანი თვლის, რომ პრაქტიკულად, სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული, რათა ამ საკითხს ის დაძაბულობა არ მოჰყვეს, როცა სახელმწიფო სტრუქტურების მიღმა რაღაც პროცესები ხდება.
„სჯობს, ამ საკითხს პარლამენტი წარმართავდეს. თუკი ამ პროცესს „თავისუფალი დემოკრატები“ შემოუერთდნენ, ეს მხოლოდ მისასალმებელია. სტრატეგიული თვალსაზრისით, ისინი თვლიან, რომ ეს ნაბიჯები აუცილებლად გადასადადგემლია. ეს მხოლოდ ჩვენი რწმენის და დამოკიდებულების საკითხი არ არის, ის ეროვნული უსაფრთხოების თემას ეხება, რათა რეგლამენტის შესაბამისობაში, ყველანაირი ცვლილება მოხდეს. ჩვენს კოლეგებს იმაში ვეთანხმები, რომ შესაძლოა, საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნას, მაგრამ როცა რთული ვითარება იქმნება, მაშინ სჯობს, სახელმწიფომ თავის თავზე პასუხისმგებლობა აიღოს და ეს თემა მართლაც პოპულისტ ჯგუფებს, პარტიებს თუ ცალკეულ პიროვნებებს არ ჩაუგდოს ხელში. არ გვინდა, რომ ანგაჟირებულმა პირებმა დაპირისპირების წინაპირობა შექმნან“, - დასძინა ვოლსკიმ.
უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე კი აცხადებს, რომ ამ დროისთვის, დოკუმენტს 60-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.
როგორც for.ge-ს კვაჭანტირაძემ განუცხადა, მას ყველა იმ დეპუტატის ხელმოწერა გაუხარდა, ვინც გარკვეულწილად, ბარიერი გადალახა და ამ ინიციტივას შეუერთდა.
„ჩვენ ეს განმარტება უკვე მოვისმინეთ და დავით უსუფაშვილმა ამ საკითხის გარეშემო „რესპუბლიკური პარტიის“ ხედვა ჩამოაყალიბა, მაგრამ უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის ის გზა მისაღებია, რომელიც ავირჩიეთ“, - დასძინა კვაჭანტირაძემ.
აღსანიშნავია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ მსგავსად, საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციაში. ინიციატივას „თავისუფალი დემოკრატები“ შეუერთდნენ.
for.ge-სთან საუბარში ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ფრაქციის ერთსულოვნებაა და ისინი ამ საკითხს უერთდებიან.
„ჩვენთვის ქორწინება მამაკაცისა და ქალის ნებაყოფილობითი ცხოვრებაა და ინიციატივას მხარი დავუჭირეთ. ნდობას არა მხოლოდ განხილვებს ვუცხადებთ, არამედ მას ხმას ვაძლევთ. ეს სრულიად პარტიის პოზიციაა. მათ შორის, ირაკლი ალასანიასი და ეს კარგი საქმეა“, - დასძინა აბაშიძემ, რომლისგან განსხვავებულ პოზიციაზეა ნაციონალი სერგო რატიანი.
როგორც for.ge-ს რატიანმა განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანონშემოქმედება ბუსუსებიანი პრეზერვატივით დაიწყო და განმარტებით ამთავრებს იმაზე, თუ რა არის ქორწინება.
„ეს საკითხი ქართულ კანონმდებლობაში დარეგულირებულია. საქართველოს კონსტიტუცია არ არის განმარტებითი ლექსიკონი ზრდასრულებისთვის, სადაც უნდა განიმარტოს, რა არის დედა, რა მამა და შვილი. საქმეს მიხედონ, რადგან ქვეყნის ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია და რეალური საქმის გარდა, ყველაფერს აკეთებენ“, - აღნიშნა რატიანმა.
პროცედურის მიხედვით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამენტში მოხდება, ერთი კვირის განმავლობაში, ინიციატივაზე ხელმოწერების სანდოობას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დაადგენს, ხოლო ერთი თვის ვადაში მასზე სახალხო განხილვები გაიმართება. კანონის მიხედვით, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ორ სესიაზე სამთვიანი ინტერვალით უნდა მიიღოს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ უწყება მუშაობას მაქსიმუმ, ივლისის ბოლოს ასრულებს, შესაძლოა, ის მხოლოდ პირველი მოსმენით იქნეს მიღებული. ესეც იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საკითხი 113 ხმას მოაგროვებს.