„ნაციონალები არამარტო ხელს გვიშლიან, არამედ თავის გაფუჭებულ საქმეებსაც ჩვენ გვაბრალებენ“

„ნაციონალები არამარტო ხელს გვიშლიან, არამედ თავის გაფუჭებულ საქმეებსაც ჩვენ გვაბრალებენ“

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მოთხოვნით, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე საკანონმდებლო ორგანოს ეწვია, თუმცა, საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა პირველი სწორედ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დატოვეს.

ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე პროცესებსა და პოლიტიკურ ვითარებაზე, კახი კალაძემ საკუთარ მოადგილეებთან ერთად, დაახლოებით ოთხი საათის მანძილზე ისაუბრა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერებმა საკუთარი კითხვები დასვეს და ნაწილობრივ პასუხებიც მიიღეს, ისინი სხდომის დასრულებას აღარ დაელოდნენ.

სხდომა, რომელიც კალაძემ წინა ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოების შეფასებით დაიწყო, სწორედ მათი კრიტიკით და გივი თარგამაძისადმი ირონიული მიმართვით დაასრულა. ვიცე-პრემიერმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების „გამოსწორების“ შანსები გამორიცხა, მაგრამ აღნიშნა, რომ ნაციონალების მიერ დადგმულ „შოუში“ მონაწილეობის ალბათობა თავიდანვე დაუშვა.

კალაძის შეფასებით, გულდასაწყვეტია, რომ ნაციონალებმა დარბაზი დატოვეს, მაგრამ მინისტრის თქმით, მათი პოლიტიკური კულტურა აქაც იგრძნობა.

„დემაგოგიური განცხადებები მოვისმინეთ, რომლებიც ტყუილსა და სიცრუეზეა აგებული. შეიძლება ითქვას, რომ ტყუილი, დემაგოგია და სიცრუე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. კონსტრუქციულობაზე პრემიერ-მინისტრისა და ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებებს აზრი არ აქვს“, - განაცხადა კალაძემ.

მინისტრის თქმით, ახალი პოლიტიკური რეალობის ერთობლივად შექმნისთვის, წინა პლანზე მორალი უნდა წამოიწიოს.

„ჩვენ ახლა დემოკრატიის მშენებლობის იმ სტადიაზე ვართ, როდესაც შავ სამუშაოებს ვასრულებთ. სამშენებლო ნაგავი უნდა გავიტანოთ და საძირკველის გამყარება აუცილებლად დავიწყოთ. ამ დროს, ეს ადამიანები არამარტო ხელს გვიშლიან, არამედ თავის გაფუჭებულ საქმეებს გვაბრალებენ, რაც მინიმუმ, საწყენია. რაც შეიძლება მალე, ქართული პოლიტიკა ამ არანორმალური მდგომარეობიდან - აგრესიისა და დესტრუქციის სტადიიდან უნდა გამოვიდეს და ახალ საფეხურზე უნდა გავიდეს“, - აღნიშნა კალაძემ, რომელიც გივი თარგამაძის ბრალდებებს გამოეხმაურა.

კალაძემ იმიტირებული დოკუმენტი წარადგინა და აღნიშნა, რომ მას დოკუმენტაცია მიაწოდეს, სადაც ასახულია თანხების გადარიცხვა რუსეთის ფედერაციიდან.

„გადარიცხვა ვინმე ციციკორე კუკუმაშვილმა გააკეთა, მეტსახელად „ბუღამ“. ბანკი არის - „სულს ამოგხდით“. გადმორიცხულია 7 450 000 ლარი, ხოლო საქართველოში მიმღები ბანკია „ბოლო გაფრთხილება“. თანხა გადმორიცხულია პარლამენტის ანგარიშზე და მითითებულია გივი თარგამაძე, ხოლო თანხის გამოყენების დანიშნულებად მითითებულია: მახათებისა და ალკოჰოლის შეძენა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - აღნიშნა კალაძემ.

ვინაიდან, გივი თარგამაძე დარბაზში არ იმყოფებოდა, მან მინისტრს მოგვიანებით, მედიის საშუალებით უპასუხა და აღნიშნა, რომ მაღალი რანგის ჩინოვნიკი ირონიის გამოსახატად სიტყვა „მახათს“ ხმარობს, რომელსაც ჯღანაობისთვის ამდენი დრო აქვს.

„დადასტურდა, რომ არა მხოლოდ „ქოცი“ ქალბატონი მინისტრები ცქვიტობენ, მათ ეს ვაჟბატონიც უერთდება და ზვიგენის კონტროლქვეშ ერთად ჟურნალ „ნიანგს“ გამოსცემენ“, - დასძინა თარგამაძემ.

რაც შეეხება ენერგეტიკის სფეროს, მასზე კალაძემ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და უპასუხოდ არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვა არ დატოვა.

მინისტრის ცნობით, საქართველოს მთავრობა „გაზპრომთან“ ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში გააფორმებს და მიღწეულია სიტყვიერი შეთანხმება იმის შესახებ, რომ იგივე პირობები დარჩეს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ საქართველომ სომხეთში ტრანზიტის შედეგად, 10 პროცენტი ბუნებრივი აირი მიიღოს.

კალაძემ „სოკართან“ მიმდინარე მოლაპარაკებებში საფეხბურთო „მილანში“ არსებულ ვითარებას შეადარა, სადაც მაქსიმალური შედეგის მიღწევა კონკურენციის შედეგად ხდებოდა.

„ენერგეტიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს რამდენიმე ფრონტზე ახორციელებდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა მომხდარიყო. ეს მარტივი მოლაპარაკებები არ იყო. ეს მრავალთვიანი პროცესი იყო. შესაბამისად, ჩვენ დამოკიდებული მხოლოდ ერთ მომწოდებელზე არ ვართ. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ბუნებრივი აირის 90 პროცენტს გვაწვდის“, - აღნიშნა კალაძემ.

მინისტრის ცნობით, თუკი 2012 წელს, ქვეყანა 1 მილიარდ 969 მილიონს კუბურ მეტრ აირს მოიხმარდა, დღეს კი, 2 მილიარდ 478 მილიონი კუბური მეტრი გაზი სჭირდება და მომავალი წლების განმავლობაში, ქვეყანას შესაძლებლობა ექნება ბუნებრივი აირი მიიღოს როგორც „შაჰ დენიზის“ მილსადენიდან, ასევე „სოკარის“ მილსადენიდან და ტრანზიტიდან.

ენერგეტიკის მინისტრი ბუნებრივი აირის სხვადასხვა ტარიფის თემასაც ეხმაურება და პროგნოზირებს, რომ წლის ბოლოსთვის, ქვეყნის მასშტაბით, ბუნებრივი აირის ტარიფი ყველა მოსახლისთვის გათანაბრებული იქნება.

მისი თქმით, ლიცენზიანტი კომპანიები, როგორიც „ვარკეთილგაზია“ პრობლემებს ქმნიან.

„ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი კომპანიები გვყავს, რომლებიც პრობლემებს ქმნიან. 2008-2009 წლებში, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ლიცენზიანტი კოპანიები გაზიფიცირების სამუშაოებს თავად განახორციელებდნენ და შესაბამისად, განხორციელებული ინვესტიციები ტარიფში ასახული იქნებოდა. ერთ მეზობელს შეიძლება ერთი ტარიფი ჰქონდეს, მეორეს კი, უფრო მაღალი, რაც ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს. ანალოგიური პრობლემებია რეგიონებში“, - განაცხადა მინისტრმა.

კალაძემ ყურადღება ელექტროენერგიაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქვეყანას იმის შესაძლებლობა აქვს, უახლოეს მომავალში, ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს.

მინისტრი ნუგზარ წიკლაურის კითხვასაც გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოში ჰესების მშენებლობის სფეროში ინვესტიციების ჩადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰესების მშენებლობა შეჩერებულია, რაც ეკონომიკის გაჩერებას ახდენს.

ვიცე-პრემიერმა ჰესების მშენებლობაზე ყოფილი ხელისუფლების მანკიერი პრაქტიკა გაიხსენა და აღნიშნა, რომ 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილმა ადგილზე ენერგეტიკის სამინისტროს თანაშრომლები ჩაიყვანა, რომლებიც მუშების გადაცმულ ფორმაში იყვნენ.

„ამის მომსწრე ადამიანები სამინისტროში დღეს მუშაობენ. მაშინ, მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა, რომ თითქოს, „ნენსკრაჰესის“ პროექტი იწყებოდა. რაც შეეხება „მტკვარი ჰესს“, ის გაჩერებული ფინანსური პრობლემების გამო იყო. „ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური“ ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელზეც სამუშაოდ იტალიური კომპანია ჩამოიყვანეს. „ხუდონი“ კი, ენერგეტიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული პროექტია, რომელსაც სამწუხაროდ, ადამიანების დაჯგუფება ეწინააღმდეგება“, - დასძინა კალაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ მთავრობამ ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით, წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება შეასრულა.

კალაძის ეს პასუხი ადგილიდან ეკა ხერხეულიძემ გააპროტესტა, რაც უმრავლესობის წევრებსა და უმცირესობას შორის ცხარე კამათში გადაიზარდა, ნაციონალებმა კი, მინისტრი ტყუილის თქმაში დაადანაშაულეს.

თანაპარტიელების მსგავსად, ენერგეტიკის მინისტრის გამოსვლით უკმაყოფილო დარჩა ხათუნა გოგორიშვილი. for.ge-სთან საუბარში გოგორიშვილი ამბობს, რომ კალაძე ცდილობს, ვირტუალური საქართველოს მდგომარეობა დახატოს.

დეპუტატის თქმით, „გაზპრომის“ მოლაპარაკებებიდან დაწყებული, საერთაშორისო საინვესტიციო პროექტებთან და გაზიფიკაციასთან დაკავშირებით, კალაძემ სამომავლო გეგმა წარადგინა, მაგრამ ოთხი წლის მანძილზე, მთავრობამ რა გააკეთა, ამაზე საუბარი არ არის.

„როცა კალაძე ამბობს, რომ მათ ტარიფების განახლებასთან დაკავშირებით დანაპირები შეასრულეს, ვერ ვხვდები, ეს არის სიბრიყვე, თუ?... კალაძემ რაც უნდა ილაპარაკოს, რომ ტარიფები შეამცირეს, საქართველოში ხალხი ცხოვრობს, რომელიც თვეში ერთხელ, გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადს იხდის და ტარიფი არათუ არ შემცირდა, არამედ გაძვირდა. რატომღაც, მთავრობას ავიწყდება, რომ ქვეყანაში ხალხი ცხოვრობს. სიტუაციიდან გამოძრომისთვის ტყუილების საუბარი ვითარებას არ შველის. არავის არ აქვს რეაქცია იმაზე, კალაძე ურთიერთგამომრიცხავ ტყუილებს როგორ ლაპარაკობს იმის მიხედვით, სად როგორ დასჭირდება. კალაძემ თქვა, რომ წინა ხელისუფლებამ ბევრ პროექტი გააკეთა, თუმცა, ხუთ წუთში დასძნა, რომ ყოფილი ხელისუფლება ენერგეტიკას ანგრევდა. ეს იმის მაგალითია, რომ მას მეხსიერების პრობლემაც აქვს“ , - აღნიშნა გოგორიშვილმა.

თანაგუნდელის მსგავსად, კალაძეს გოკა გაბაშვილიც აკრიტიკებს. for.ge-ს გაბაშვილმა განუცხადა, ის კალაძის გამოსვლით უკიდურესად უკმაყოფილოა, რადგან მთავრობა ივანიშვილის მეთაურობით იმაზე საუბრობდა, რომ საქართველო უფრო მეტად „გაზპრომს“ უნდა დაკავშირებოდა.

მისი მოსაზრებით, „გაზპრომთან“ მიმართებაში ხელისუფლებას უკან დაახევინეს, მაგრამ „ეს ხალხი მარტო ეზოში გასაშვებიც კი არ არის“.

„ეს ისტორია ოქტომბერში უნდა დასრულდეს, როცა ისინი ხელისუფლებაში აღარ იქნებიან. 20 ოქტომბერს, კალაძე ამბობდა, რომ საშუალება არ იყო, „სოკარიდან“ გაზი მიეღო, მაგრამ 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ დამატებითი გაზის მოწოდების საშუალება იყო. მათი ეს განცხადებები რას ეხება, ამაზე პასუხი თქვენთვის მომინდვია“, - განაცხადა გაბაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზურაბ აბაშიძე კალაძის გამოსვლით უკმაყოფილო არ ჩანდა, თუმცა, მან მინისტრს იმაზე უსაყვედურა, რომ ის მის ფრაქციას არ ეწვია.

for.ge-სთან საუბარში აბაშიძე ამბობს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ჩასაფრებულის პოზიციიდან არ საუბრობენ, რადგან მათ ვანო მერაბიშვილის განცხადება ახსოვთ, რომელიც ამბობდა, რომ ფულს სუნი არ ასდის.

კანონმდებელი აცხადებს, რომ მას უკვირს, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ კითხვებს როგორ სვამს, რომელიც მათი ხელისუფლების დროს მოქმედებდა.

„უამრავი პროექტი ხორციელდება. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად კორეაში ვიზიტი მომიწია, სადაც ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი „კეი ვოლტერია“, რომელიც „ნენსკრაჰესის“ პროექტს ახორციელებს და ამაში მილიარდი დოლარი აქვს ჩადებული. მიკვირს, რომ ხელისუფლება ასეთ პროექტებზე არ საუბრობს, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“, - აცხადებს აბაშიძე.

დეპუტატი გაზის სხვადასხვა ტარიფსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ტარიფი ძალიან გაძვირებულია ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ.

„მოსახლეობას გაცილებით მეტი გადასახადი მოსდის, ვიდრე „ყაზტრანსგაზის“ მომხმარებლებს. ყველას ერთი საფასური უნდა ჰქონდეს და არ შეიძლება, მოქალაქეები სხვადასხვა ფასს იხდიდნენ“, - დასძინა აბაშიძემ.