პუტინს, შესაძლოა, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ბრალი წაუყენონ

პუტინს, შესაძლოა, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ბრალი წაუყენონ

სკოტლანდ-იარდი და დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური M I6 სირიაში რუსული სამხედრო ავიაციის მიერ სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის ფაქტებს იძიებენ, რათა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლდეს. ამის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, ბრიტანელი გამომძიებლები ახლა ლიბანში, ბეირუთში მდებარე დიდი ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებიან, საიდანაც მეზობელ სირიაში მყოფი რუსი სამხედროების ქმედებებზე მონიტორინგს ახორციელებენ. კერძოდ, ბრიტანული სპეცსამსახურები ამზადებენ საიდუმლო დოსიეს თავდასხმების კონკრეტული შემთხვევების შესახებ, რასაც შესაძლოა, მოჰყვეს პუტინისთვის ბრალდების წაყენება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც შეიქმნება საერთაშორისო ტრიბუნალი. 

Daily Mail-ის ცნობით, აშშ-ის კონგრესის ერთ-ერთმა გავლენიანმა კომიტეტმა ასეთი ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა. გამოცემა იმასაც იხსენებს, რომ გასულ თვეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა გააფრთხილა მოსკოვი, რომ სამედიცინო დაწესებულებების დაბომბვა შეიძლება სამხედრო დანაშაულად ჩათვლილიყო.

ცნობისთვის, სირიის პროვინცია ალეპოს ჩრდილოეთში ოქტომბრის დასაწყისიდან სარაკეტო დაბომბვები 8 საავადმყოფოზე განხორციელდა, რაშიც ბრალს რუსულ და სირიულ ავიაციას სდებენ.

15 თებერვალს სირიის დასავლეთში მდებარე ქალაქ მაარეტალ-ნუმანში ორი სამედიცინო დაწესებულების დაბომბვას 25 ადამიანი ემსხვერპლა. პირველი იერიშის შემდეგ ექიმებმა დაჭრილები სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელზეც ერთ საათში ავიაციამ სამი რაკეტა ჩამოაგდო.

მართალია, რუსეთი უარყოფს სამედიცინო ობიექტების დაბომბვას და თავს იმართლებს, რომ რუსი მფრინავების სამიზნე მხოლოდ ტერორისტები არიან, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. საერთაშორისო სამართლის თანახმად, კონფლიქტის ზონაში მდებარე ყველა სამედიცინო დაწესებულება საერთაშორისო დაცვის ქვეშაა. 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დევიდ ოუენი აცხადებს, რომ მოსკოვის მტკიცება იმის შესახებ, თითქოს მისი ბრძოლა მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოს“ წინაააღმდეგაა მიმართული, სიმართლეს არ შეესაბამება.

რუსეთს ბრალს სდებს სირიის ჩრდილოეთში მომუშავე ექიმი, 50 წლის აბდულა ზიზი. იგი განმარტავს, რომ საავადმყოფოები და სამედიცინო პერსონალი რუსული სამხედრო ავიაციის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

სირიელი ექიმი გასული წლის დეკემბერში სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ აზაზის საავადმყოფოში იმყოფებოდა, როცა რუსულმა ავიაციამ შენობაზე იერიში მიიტანა. შედეგად დაიღუპა 3 ექიმი და 5 პაციენტი.

„ეს საშინელება იყო, ხალხი ყვიროდა, ტიროდა, საავადმყოფო კვამლში იყო გახვეული, ვერაფერს ვხედავდით. ჩვენ სარდაფში ჩავედით, ვლოცულობდით, რომ თვითმფრინავი მალე წასულიყო. ციოდა, ბნელოდა, ვიხრჩობოდით. როცა ყველაფერი დასრულდა, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. გადავრჩი, მაგრამ შვება ვერ ვიგრძენი, რადგან ჩემი კოლეგები და პაციენტები დაიღუპნენ“, - ამბობს სირიელი ექიმი.

რუსეთის მიმართ ბრალდებები არაერთხელ გაახმიანეს საერთაშორისო უფლებადამცველმა და ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმაც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ რუსული ძალები სამოქალაქო ობიექტებს ბომბავენ, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 27 თებერვლიდან სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, რუსული თვითმფრინავები სირიულ საავადმყოფოებზე ავიადარტყმებს კვლავაც განაგრძობენ.
უფლებადამცველი ლია მუხაშავრია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიღებული ჟენევის კონვენცია სამედიცინო პერსონალის სიცოცხლეს ხელყოფისა და წამებისგან იცავს. ეს ყველაფერი ქმნის ჰუმანიტარულ სამართალს და ადამიანები, რომლებიც არ იბრძვიან, ასევე, დაჭრილი ჯარისკაცები ნებისმიერი საომარი მოქმედების დროს დაცულნი უნდა იყვნენ თავდასხმისგან. ამიტომ, თუკი სადმე ირღვევა ჟენევის კონვენცია, არსებობს ქმედითი მექანიზმი, რითაც დამრღვევს პასუხი უნდა მოეთხოვოს.

„გაეროს ადამიანის უფლებათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის, ე.წ. ჰააგის ტრიბუნალისთვის მიმართვისა და დამნაშავის დასჯის მოთხოვნის უფლება ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს. სხვათა შორის, სირიაში მომხდარი უბედურების გამო რამდენიმე რეზოლუცია აქვს მიღებული გაეროს. მათ შორის, არის რეზოლუციები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ სირიაში ხდებოდა მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა, ხოცვა, ამან გამოიწვია ჰუმანიტარული კატასტროფა და 6 მილიონი ადამიანის განდევნა სირიიდან. მათი უმრავლესობა ევროპაში ფეხით გადაადგილდება და ევროპაში უკვე მიგრანტების კრიზისია. ეს არ მოხდებოდა, ომის კანონები რომ დაეცვათ სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს. ამიტომ ამ საქმეში რუსეთიც მოიაზრება, როგორც ომის კანონების ერთ-ერთი უმთავრესი დამრღვევი ქვეყანა.

დიდი შანსია, პუტინი მიეცეს პასუხისგებაში, როგორც სირიის ამბების, ასევე, საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის გამო. სწორედ რუსეთის პრეზიდენტი, ანუ რუსეთის მთავარი სამხედრო მთავარსარდალი პუტინია უშუალოდ პასუხისმგებელი იმ სამხედრო ოპერაციებზე, რომლებიც ტარდება სირიაში. ამდენად, მსოფლიო არ დაელოდება კონფლიქტის დასრულებას და წლების მერე რეაგირებას, ვინაიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა და კაცობრიობამ ჭკუა ისწავლა“,-აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.

ამასთან, განმარტა, რომ სირია არ არის რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანა. ამის გამო სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი უნდა შეიქმნას, რომელსაც გადაეცემა ეს მასალები და სწორედ ეს ტრიბუნალი ჩაატარებს გამოძიებას. ამდენად, ლია მუხაშავრიას სრულიად რეალისტურად ეჩვენება სპეციალური ტრიბუნალის შექმნა და რუსეთის გასამართლება.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ეჭვობს, რომ პუტინს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ბრალი წაუყენონ. For.ge-სთან საუბარში ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რომ დასკვნის გასაკეთებლად საჭიროა ძალზე უტყუარი მასალები, რომელზეც მოდავე მხარე არ იქნება.

„მოდით, მაინც გულწრფელები ვიყოთ. ასე მარტივად ეს საკითხი ვერ გადაწყდება. მით უმეტეს, საქმე ეხება რუსეთის პრეზიდენტს. მაინც მგონია, რომ ამ ეტაპზე სკოტლანდ-იარდისა და დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურისგან გამოჟონილი განცხადებები უფრო პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება, ვიდრე რეალურ სიტუაციას. საქმე წინ ვერ წაიწევს თუნდაც იმის გამო, რომ ვერც ერთი მხარე უტყუარ დოკუმენტებს სირიაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვერ დადებს. მეორეც, მას შემდეგ, რაც გარკვეული შეთანხმებები მოხდა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ამ თემის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ მედიის და გარკვეული წრეების ინიციატივაა.

არა მგონია, დღეს მსოფლიო მზად იყოს იმისთვის, ასეთ რისკზე წავიდეს და ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას. უბრალოდ, ეს არის უფრო ფსიქოლოგიური ზეწოლა რუსეთზე. თქვენ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტის დადანაშაულება კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში? შესაძლოა, ამას ბევრმა დაუჭიროს მხარი, მათ შორის, აშშ-ის კონგრესის გავლენიანმა კომიტეტმაც, მაგრამ სერიოზულ დონეზე ამის განხილვა არარეალურია დღევანდელი მსოფლიო ვითარებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.