„ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნე რუსეთის ფედერაცია გახდა

„ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნე რუსეთის ფედერაცია გახდა

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ახალ ვიდეო მიმართავს ავრცელებს, რომელშიც რუსეთს ტერაქტებით ემუქრება. ვიდეოში თავდაპირველად ნაჩვენებია დაღესტანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მანქანის აფეთქების კადრები, რის შედეგადაც ორი პოლიციელი დაიღუპა. ტერორისტები აცხადებენ, რომ ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მებრძოლები არიან.

ამავე ვიდეოში ასევე ასახულია რუსეთის სპეცსამსახურების აგენტის სიკვდილით დასჯის ფაქტიც. ვიდეო შეიცავს სისხლიანი თავდასხმებისა და კრემლის აღების შესახებ მუქარას რუსეთის მიმართ. ვიდეომიმართვის პარალელურად ინტერნეტში გამოჩნდა სხვა სახის ინფორმაციებიც, რომელშიც ლაპარაკია მოსალოდნელ ტერქატებზე რუსეთის სხვადასხვა რეგიონში. რუსულმა სპეცსამსახურებმა უკვე დაიწყეს გავრცელებული ვიდეომიმართვის შესწავლა.

უნდა ითქვას, რომ რუსეთი ყოველთვის იყო მოწყვლადი ტერორიზმის პირისპირ. პუტინის რეჟიმს როდესაც ყველაზე მზარდი ეკონომიკის წლები ჰქონდა, მაშინაც კი ვერ უმკლავდებოდა ტერაქტებს რუსეთის ტერიტორაზე. კავკასიოლოგ ალეკო კვახაძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში ძალიან დიდია კორუფციის მაჩვენებელი, ეს მოწყვლად ნიადაგს ქმნის ტერორისტების თავისუფლად გადაადგილებისთვის. მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით, რუსეთი საკამოდ მაღალი რისკის ზონაა.

„იმ ფონზე, როდესაც რუსეთი არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ არაბულ სამყაროში ებრძვის ისლამისტებს, ბომბავს სირიის ტერიტორიას, სადაც ეთნიკური არაბები და სხვა ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობენ, ეს იწვევს აგრესიას რუსეთის მიმართ. არამარტო კავკასიელებისგან, არამედ აგრესია წამოვა არაბული სამყაროსგან. რუსეთი წარმოჩნდა როგორც ისლამის წინააღმდეგ მებრძოლი სახელმწიფო და ბუნებრივია, რომ ტერორისტული აქტის საფრთხის წინაშე დადგა რუსეთი და ეს საფრთხე საკმაოდ რეალისტურია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ალეკო კვახაძე.

აღმოსავლეთმცოდე ვასილ პაპავას განცხადებით, სავსებით შესაძლებელია, სირიაში არსებულმა პრცესებმა რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლოს. მისივე განცხადებით, სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩართულობამ ტერორისტული რისკების საფრთხე გაზარდა.

„რუსეთის ავიაციის დახმარებით სირიის სამთავრობო არმიამ დიდ წარმატებებს მიაღწია. ფაქტობრივად, ყველა ფრონტზე მოხდა გარდატეხა და ეს მოხდა რუსეთის ავიაციის დახმარებით. აქედან გამომდინარე, საფრთხე იზრდება. ნამდვილად, მოულოდნელი არ იქნება რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ტერორისტული აქტების განხორციელება. სავსებით რეალურია, რომ რუსეთი დადგეს ამ დილემის წინაშე“, - აცხადებს for.ge-სთან ვასილ პაპავა.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის შორენა ლორთქიფანიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ და აშშ-მა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, ისლამისტების მხრიდან გაძლიერდა შეტევები სირიის მიმართულებით. მისივე თქმით, ამ ვითარებაში ბუნებრივია, რომ ისლამისტების სამიზნე გახდა რუსეთი, რომელიც აქტიურად ჩაერთო სირიის კონფლიქტის მოგვარებაში.

„თავისთავად ამაში მოულოდნელი არაფერი არ არის. „ისლამური სახელმწიფოს“ ჩართულობის გარეშეც ხდება ტერაქტები ჩრდილოეთ კავკასიაში. ვიცით რა ვითარებაა ჩრდილოეთ კავკასიაში და რა უჯდება რუსეთის ხელისუფლებას იქ ე.წ. მშვიდობის შენარჩუნება. ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს მხრიდან მოხდეს ინფორმაციის სწორი და დროული ანალიზი. თანამშრომლობა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან და შემდეგ, უკვე, მაქსიმალური ყურადღება ჩვენს საზღვრებზე.

„ისლამური სახელმწიფო“ არის ოდიოზური ძალა, რომელიც სრულად ანგრევს საერთაშორისო ურთიერთობას, მიდის ყველა წესისა და წესრიგის წინააღმდეგ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მასშტაბურ ტერორისტულ აქტებს ვერ განახორციელებენ. მით უმეტეს, რომ დღეს დასავლეთის მობილიზაციის შედეგად ახლო აღმოსავლეთში ძალიან შევიწროვებულია „ისლამური სახელმწიფო“. სხვადასხვა ფორმითა და საშუალებითაც მიმდინარეობს მათ წინააღმდეგ ბრძოლა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძე.

რაც შეეხება საქართველოს, ანალიტიკოსების განცხადებით, საქართველო შედარებით დაბალი რისკის ქვეყანაა, მით უმეტეს, რომ საქართველო წამყვან როლს არ ასრულებს საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციაში. შესაბამისად, საქართველო არ არის იმ ქვეყნების პირველ რიგში, რომელზედაც შეიძლება განხორციელდეს ტერორტისტული შეტევა.

თუმცა, როგორც ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, საქართველოც შესაძლებელია, მოწყვლადი გახდეს, რადგან გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი არტერია საქართველოზე გადის.

„ბუნებრივია, თუ „ისლამური სახელმწიფო“ დაიწყებს მებრძოლების ან სხვა საჭირო კომპონენტების გადასროლას ჩრდილო კავკასიისა და რუსეთის მიმართულებით, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება საქართველო. თუმცა, არ არის გამორიცხული „ისლამურმა სახელმწიფომ“ ცენტრალური აზიიდან დაიწყოს შეტევის განხორცილება, შეიძლება ერთდროულად დაიწყოს ორივე მიმართულებითაც. გეოსტრატეგიული დაპირისპირების კუთხით საკმაოდ რთული სიტუაცია იქნება აპრილსა და მაისში.

ვიცით, რომ სირიაში რუსეთის ეგიდით მოქმედი კოალიცია სიმეტრიული ტიპის სამხედრო ოპერაციას ახორციელებს „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართულებით. ახლა უფრო გააქტიურდა ეს მიმართულება, სირიელემა ქურთებმა დაიკავეს საკვანძო მიმართულება, შესაბამისად, რუსეთი, ალბათ, დაიწყებს შეტავას სახალიფოს მიმართულებით და ბუნებრივია, რომ რუსეთი უნდა ელოდოს იგივე ასიმეტრიულ დარტყმებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.