ნაციონალები რკინიგზაში რკინის ხელის პოლიტიკას აამოქმედებენ

ნაციონალები რკინიგზაში რკინის ხელის პოლიტიკას აამოქმედებენ

[ეკა ბაქრაძე]

შპს „საქართველოს რკინიგზა“ უარყოფს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რკინიგზიდან კვალიფიციური კადრების მასობრივი განთავისუფლება მიმდინარეობს. ეზუგბაიას და მის მოადგილეებს გულით უნდათ საზოგადოება დაარწმუნონ თავის სიმართლეში, მაგრამ, ვაგლახ, რომ ეს შეუძლებელია. რკინიგზაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები ყველანაირი ეჭვის საფუძველს იძლევა.

„ერთ-ერთმა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს რკინიგზაში“ მიმდინარეობს შემცირებები. მსგავსი ტიპის პროცესზე „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახური ინფორმაციას არ ფლობს“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

ეს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია, არის „თავისუფალი საქართველო“, ხოლო ინფორმაციის გამარვცელებელი მისი ლიდერი კახა კუკავა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მისი თანმოაზრეები ატკიცებენ, რომ ირაკლი ეზუგბაიას თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ „საქართველოს რკინიგზაში“ რეორგანიზაციის საბაბით პროფესიონალი კადრები გაათავისუფლეს და მათ ნაცვლად ნაციონალური მოძრაობის წევრები და ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირები დანიშნეს. ხელოვნურად გაიზარდა შტატები და 300 თანამშრომლის ნაცვლად, დეპარტამენტში ამჟამად 1 700-მდე მოხელე მუშაობს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის დანიშვნა პროტექციით მოხდა.

„არაერთხელ განგვიცხადებია „საქართველოს რკინიგზაში“ არსებულ უკანონო ვითარებაზე. კერძოდ, აღნიშნულ ორგანოს მაღალჩინოსანთა კორუფციულ საქმიანობასა და თანამდებობებზე პროტექციით დანიშვნის ფაქტების შესახებ. ჩვენი ორგანიზაციის აქტიურობის შემდეგ, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა პრობლემის შენიღბვა და ხელოვნურად გაზრდილი შტატების შემცირება.  თუმცა, ეს კვალიფიციური კადრების წარმოებებიდან დათხოვნის გზით ხდება, რომელთა ადგილსაც ამჟამად დეპარტამენტში პროტექციით მომუშავე ხელისუფლების „ფავორიტი“ მოხელეები დაიკავებენ. 

ამჟამად თანამდებობიდან უმიზეზოდ 40-მდე კაცია გათავისუფლებული. ჩვენი ინფორმაციით, სულ 4 000 კვალიფიციური კადრის დათხოვნა იგეგმება. ამის პარალელურად, „საქართველოს რკინიგზამ“ აიღო 20 მლნ ლარის სესხი, რომელიც არამიზნობრივად იხარჯება. კერძოდ, ამ თანხით ბათუმის ბულვარში სავაჭრო ობიექტის მშენებლობა ფინანსდება, რაც რკინიგზის პრეროგატივა არაა“, -  აცხადებენ პარტიაში.

„თავისუფალი საქართველო“ „საქართველოს რკინიგზის“ მაღალჩინოსნებისა და პირადად ხელმძღვანელ ირაკლი ეზუგბაიას კორუფციულ საქმიანობას მიზანმიმართულ დანაშაულებრივ აქტად აფასებს და მოუწოდებს „საქართველოს რკინიგზის“ მაღალჩინოსნებს, შეწვიტონ პროფესიონალი მუშაკების უმიზეზოდ გათავისუფლება.

ეს ყველაფერი არ არის, რასაც ხელისუფლებასა და „საქართველოს რკინიგზას“ ოპოზიცია ბრალდებად უყენებს. მორიგი მნიშვნელოვანი საკითხი მარადიული თემა - რკინიგზის რუსეთისთვის მიყიდვაა. ოღონდ ამჯერად ამ საკითხის წინაამდეგ უკვე ლეიბორისტები ილაშქრებენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პაატა ჯიბლაძე აცხადებს, „ამ მიზნით საქართველოს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ჯერ ორიოდე კვირის წინათ ერევანში რუს კოლეგას რაშიდ ნურგალიევს შეხვდა, აღდგომის წინ კი, პრეზიდენტ სააკავშილთან ერთად, თბილისში რუსეთის მთავრობის სპეციალურ თანამშრომელს ესაუბრა“.

„სააკაშვილი ქართული მიწებისა და ეკონომიკის ჩაბარების შემდეგ მისი ხელისუფლების მხარდაჭერის სანაცვლოდ რუსეთს ქვეყნის გეოსტრატეგიულ ეკონომიკურ დარგს სთავაზობს. საქართველოს რკინიგზას ქვეყნისთვის ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ლარის მოგება მოაქვს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რკინიგზის გაყიდვა ქვეყნის გაყიდვის მორიგი მცდელობაა. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტას კატეგორიულად მოვითხოვთ“, - განაცხადა ჯიბლაძემ.

ერთი სიტყვით, რკინიგზა მრავალხრივი ოპოზციური თავდასხმის ობიექტად იქცა. სავარაუდოა, რომ ეზუგბაიასა და ოპოზიციონერების „შეტაკებები“ მომავალშიც გაგრძელდება.