„ამომრჩეველი იძულებული იქნება, კვლავ ბიძინა ივანიშვილს მისცეს ხმა“

„ამომრჩეველი იძულებული იქნება, კვლავ ბიძინა ივანიშვილს მისცეს ხმა“

მრეწველებსა და რესპუბლიკელებს შორის მსოფლმხედველობითი დაპირისპირება გრძელდება. მრეწველების ლიდერმა თავდაცვის მინისტრი საგარეჯოს შუალედური არჩევნების გაყალბებაში დადააშაულა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით კი, პროცესები, რომელიც ბოლო პერიოდში ვითარდება, მიზანმიმართული კამპანიაა, რომლის მიზანია, დისკომფორტი შეუქმნან პროდასავლურ, ევროპულ, ევროატლანტიკურ პოლიტიკურ ძალებს.

თინა ხიდაშელის ამ განცხადებას არ იზიარებს უმრავლესობა და აცხადებენ, რომ ქვეყნის ევროპული არჩევანი რესპუბლიკელებზე არ გადის.

2011 წელს კოალიცია „ქართული ოცნებაში“ სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტიები გაერთიანდნენ. გუნდის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ შეიკრიბა, მიზანი იყო არჩევნების გზით „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება. კოალიციის ლიდერს უკვე მაშინ აფრთხილებდნენ, რომ ეს განსხვავებები და იდეოლოგიური სახის არქონა ამ პოლიტიკური გაერთიენების მნიშვნელოვან პრობლემად იქცეოდა, მაგრამ როგორც ეს ქართულ პოლიტიკაში ხდება, მოცემულ მომენტში, ინტერესებმა იმძალავრა. დღეს ეს განსხვავებები ცხადად გამოჩნდა. კოალიცია შინაგანი წინააღმდეგობებით აღმოჩნდა სავსე.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კოლიცია, სადაც პრორუსი და პროდასავლური ძალები არიან გაერთიანებულნი და დაპირისპირების მიუხედავად, კოალიციას არ ტოვებენ, ეს ძალზე ცუდია, როგორც საგარეო, ისე საშინაო-პოლიტიკური თვალსაზრისით.

მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ კოლიცია, სადაც ერთადაა პრორუსი და პროდასავლური ძალები, ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანს, მიუხედავად იმისა, იქნება შიგნით რაიმე დაპირისპირება და ბრძოლა თუ - არა.

„ეს არის ქვეყნის ერთადერთი ხსნა, რომ ეს კოალიცია არა მარტო დაიშალოს, არამედ ჩამოშორდეს ქვეყნის ხელისუფლებას. სხვა გზა ქვეყნის განვითარების, უბრალოდ, არ არსებობს, „კოალიცია ქართული ოცნება“ ესაა მთავარი დამაბრკოლებელი ამ ქვეყნის წინსვლისთვის“, - აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

უმრავლესობის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს იმის მიხედვით, თუ რა საარჩევნო ბლოკიც შეიქმნება არჩევნებისთვის.

„დაწყნარდნენ ჩვენი ოპონენტები, როგორმე გავარკვევთ საქმეს. თქვენ ახლა გინდათ გიპასუხოთ იქნება, თუ არა ეს ორი დაპირისპირებული მხარე კოალიციაში? ამ შემთხვევაში, ეს არ არის ის თემა, რომელიც მე ძალიან მაღელვებს, რადგან ვიცი სადაც ვარ და სად იქნება ჩემი პოლიტიკური ძალა. რა საარჩევნო კოალიციაც შეიქმნება, იმის მიხედვით უნდა მიიღოს ამომრჩეველმა გადაწყვეტილება. როგორ და რა ჩამოყალიბდება, ამას ვნახავთ უახლოეს საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც ჩამოვყალიბდებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზვიად კვაჭანტირაძე.

ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის განცხადებით, დასავლელი პოლიტიკური პარტნიორისათვის ამა თუ იმ ჯგუფის იდეოლოგიურ პორტრეტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„მე ყველაფერი კარგის მომხრე და ყველაფერი ცუდის მოწინააღმდეგე ვარ“, - დასავლეთისთვის არაფერს ნიშნავს. არადა, კოალიცია ხშირად სწორედ ამ ენაზე მეტყველებდა. გარკვეულ დრომდე „ქართულ ოცნებაში“ დასავლური ორიენტაციის ძალების ინტელექტუალური და იდეოლოგიური პრიმატი იყო. როგორც კი ქვეყანაში პუტინისტები გააქტიურდნენ, კოალიციის ის წევრები, რომლებიც აქამდე იძულებით იყვნენ ჩუმად, აშკარად ამოქმედდენ.

ეს მოსალოდნელი იყო კიდეც. მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ კოალიცია მთლიანობას შეინარჩუნებს. თუ ასე მოხდება - მხოლოდ მავანთა დროებითი გაჩუმების ხარჯზე. ამასთან, ეს უკანასკნელები შეეცდებიან, პროცესებზე კულუარულად მოახდინონ გავლენა, როგორც ეს ბოლო შუალედური არჩევნების დროს მოხდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.

როგორც ფილოსოფოსი აცხადებს, რესპუბლიკელების კოალიციიდან გასვლა მისი ლიდერის სუსტი პოლიტიკური მენეჯმენტის ნიშანიც იქნება. ზაზა ფირალიშვილის განცხადებით, როგორი ენთუზიაზმითაც არ უნდა შეხვდნენ ამას სხვადასხვა ძალები, შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ იგი ვერ ფლობს სიტუაციას.

„ერთი მსგავსი შემთხვევა უკვე გვქონდა პრეზიდენტთან დაკავშირებით. ამას დაუმატეთ ისიც, თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენს საერთაშორისო პარტნიორებზე, თუ პრეზიდენტთან დაპირისპირებასა და კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლას ესეც დაემატა. აღარაფერს ვამბობ - თუ ეს აღქმული იქნა, როგორც კოალიციის სტალინისტურ ფრთასთან დაპირისპირების შედეგი. ამასთან ისიც ცხადია, რომ რესპუბლიკელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ მათი მოქმედება არ დაემსგავსოს საგარეო ფაქტორის არასასურველ გამოყენებას. ეს მათ ქვეყნის შიგნით შეუქმნის პრობლემებს“, - აცხადებს ფირალიშვილი.

მრეწველებისა და რესპუბლიკელების კოალიციაში დარჩენის შემთხვევაში, ამომრჩევლი მთავარი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება - როგორ განსაზღვროს, ვის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს - პრორუსული ძალის, თუ პროევროპულის?

როგორც ზაზა ფირალიშვილი ამბობს, ეს დიდი პრობლემაა, რადგან ამომრჩეველი იძულებული იქნება, კვლავ ბიძინა ივანიშვილს მისცეს ხმა და არა პოლიტიკურ ჯგუფს, რომლის ერთიანობისა და კვალიფიკაციის იმედიც აქვს.

„საეჭვოა, რომ ერთი პიროვნების ხათრით ხმის მიმცემთა რაოდენობა ისეთივე დიდი იყოს, როგორც 2012 წელს. მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო. ბიძინა ივანიშვილი ერთგვარ მითოლოგიზებულ ფიგურას, ბევრისთვის კი ერთგვარ მხსნელსაც წარმოადგენდა. მე არ მახსოვს საქართველოში ოდესმე ყოფილიყოს ფსიქოლოგიურად ისეთი დათრგუნული მდგომარეობა, როგორც ეს 2011 წლის ოქტომბრის წინ რამდენიმე თვის განმავლობაში იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ მიუღებლობამ იმ დროისათვის თავის პიკს მიაღწია.

დღეს, როდესაც საქმე გვაქვს კოალიციასთან, რომლის მიმართაც ბევრი კითხვა გაჩნდა, მეორე მხრივ - „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომლის პოლიტიკური როლიც ძალზე მცირეა, ძნელია, იმავეს განმეორების იმედი ვინმეს ჰქონდეს. სწორედ, ამიტომ ელის დამკვირებელთა უმრავლესობა, რომ ელექტორატის დამოკიდებულება არჩევნების მიმართ პასიური იქნება. ეს კი, თავისი ელექტორალური სივრცის გაფართოების შანსს აძლევს იმ ძალებს, ვინც ადექვატურ წინასაარჩევნო ენას შეიმუშავებს. არც იმას გამოვრიცხავ, არჩევნებამდე დარჩენილი თვეების განმავლობაში რაიმე ისეთი მოხდეს, სერიოზულ შფოთს რომ შეიტანს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და დღევანდელ სურათს საფუძვლიანად შეცვლის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილმა.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ „ქართული ოცნება“ ამ საკითხს ორიენტაციის კუთხით არ უდგება, რაც არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ ქართული პოლიტიკური პროცესისთვის არის დიდი პრობლემა.

„ქართული ოცნების კოალიცია არის ცენტრისტული თავისი გეოპოლიტიკურ ორიენტაციებში, ოღონდ გადახრილი ევროიპისაკენ და ეს შემადგენლობაშიც ჩანს. გოგი თოფაძე, რომელზეც ამბობენ, რომ პრორუსული ორიენტაცისაა, მას არ აქვს ის გავლენა, როგორც რესპუბლიკელებს, რომლებიც დასავლეთზე ორიეტირებულები არიან. მაგალითად, თუ თოფაძე რუსული დაკვეთით მოქმედებს, მაშინ თვითონ რესპუბლიკელებს რა უნდათ იმ გაერთიანებაში, სადაც სხვისი დავალების მოქმედი ადამიანები არიან? ან ვერ ხვდებიან, რომ ეს შეურაცხყოფაა, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ კოალიციები ერთიან მსოფლმხედველობაზე უნდა შენდებოდეს და არა ძალაუფლების მიზნით. მისი თქმით, როდესაც ქვეყანას მართავენ ურთიერთზიზღზე დაპირისპირებული ძალები, ეს არ იძლევა ქვეყნის განვითარების საშუალებას.

„რბილად რომ ვთქვა, ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ აძლევს ხმას. დღეს, ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხალხი არც ერთ ძალას არ აძლევს ხმას, რადგან მათ ვერ გადაჭრეს სისტემურად ვერც ერთი პრობლემა. ხალხი ამბობს, რომ ახლა ცუდი ხელისუფლებაა და უარესი ოპოზიცია, რაც ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. ეს ადამიანები რომ სახელმწიფოებრივად აზროვნებდნენ, ახლა დაიშლებოდნენ და ამომრჩეველი თავად განსაზღვრავს რომელ პარტიას მისცეს მანდატი, რაც იქნებოდა ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში კიდევ დიდხანს არ იქნება სიჯანსაღე და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.