2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, დაახლოებით რვა თვეა დარჩენილი, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა კი არ იცის, კოალიცია „ქართული ოცნება“ არჩევნებზე თუ რა სახით და რა კონფიგურაციით წარსდგება, თუმცა, სპიკერი პოლიტიკურ ცხოვრებაში კორექტირების შეტანას ელის, ორპარტიული შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე აპელირებს და კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
დავით უსუფაშვილმა კოალიციურობაზე, პარტიულობასა და არჩევნებზე, დღეს, დაახლოებით ორი საათის მანძილზე ისაუბრა, სადაც ყველაზე მეტი დრო „რესპუბლიკურ პარტიასა“ და კოალიციაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბარს დაუთმო. სპიკერმა გამოსვლა კოალიციაზე საუბრით დაიწყო და for.ge-ს შენიშვნების გაზიარებით დაასრულა.
სპიკერის განცხადებით, უახლოეს მომავალში იქნება გარკვეული ის, კოალიცია არჩევნებზე თუ რა წესებითა და რა შემადგენლობით მიდის.
მისი თქმით, საქართველოში პირველად მოხერხდა ის, რომ ქვეყანა ოთხი წლის განმავლობაში, მრავალპარტიულმა კოალიციამ მართა, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ ქვეყანა ევროპულ გზაზე დგას.
„ბუნებრივად გაიხსნა საკითხი იმის თაობაზე, თუ როგორ იქნება წარმოდგენილი კოალიცია მომავალ არჩევნებზე. ყველას უფრო მეტი სიღრმისეული და მშვიდი მსჯელობისკენ მოვუწოდებ. კოალიცია რა კონფიგურაციით წარსდგება, ეს მომავლის საქმეა, რაც იმ არ ნიშნავს, რომ ამაზე მსჯელობისას ან ამ საკითხის გარკვევისას, კოალიციას რაიმე საფრთხე უნდა დაემუქროს. ჩვენ სახელმწიფოს ვმართავთ და არა - საკუთარ თავს. შესაბამისად, სახელმწიფო პასუხისმგებლობა გვაკისრია და ყველა უნდა ვიყოთ მზად იმისთვისაც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ქვეყანა ერთიანი გუნდით ვმართოთ, ხოლო მომავალ არჩევნებზე შეიძლება ეს ყველაფერი სხვანაირად იყოს“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
სპიკერი „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ორპარტიული დოკუმენტის შესაძლო გაფორმებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ თემას ბევრი სპეკულაციები მოჰყვა.
მისი განმარტებით, მხარეები საუბრობენ არა ორპარტიულ კოალიციაზე, არამედ ორ პარტიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებაზე.
„ეს სრულიად ბუნებრივი ამბავია, რადგან რესპუბლიკელებისთვის მნიშვნელოვანია ის, გვაქვს თუ არა ურთიერთგაგება პარტია „ქართულ ოცნებასთან“?! აბა, პროცესს, პირიქით ხომ არ დავიწყებდით? პარტნიორობაზე ჯერ „კონსერვატორებს“ შევუთანხმდეთ და შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ მივადგეთ? - ეს სწორი არ იქნება. ის ნაბიჯები გადავდგით, რაც გადასადგმელი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ამის თაობაზე უახლოეს მომავალში სიცხადე გვექნება. ვინც ამ თემაზე ზედმეტად ნერვიულობს, მათ ვურჩევ, რომ ძალ-ღონე მოიკრიბონ, რადგან შესაძლოა, ამ თვალსაზრისით, ხვალ-ზეგ მეტი სანერვიულო გაუჩნდეთ“, - განაცხადა სპიკერმა.
უსუფაშვილის მოსაზრებით, ოქტომბერში არჩევნებით, კოალიცია ერთად ყოფნის ერთ ეტაპს ასრულებს და მეორე ეტაპზე გადასასვლელად ემზადება, რადგან ეს ორი ეტაპი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
„პირველ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილისგან და მისი რეჟიმისგან გასათავისუფლებლად ქვეყნის გადამრჩენი ლაშქარი შეკრიბა, ახლა კი, ოქტომბერში არჩევნებზე მივდივართ არა ქვეყნის რომელიმე ბოროტებისგან გასათავისუფლებლად, არამედ ქვეყნის წინ წასაყვანად. ბევრ საკითხზე აუცილებელია შეთანხმება და მოხარული ვარ, რომ საკითხს პრემიერ-მინისტრი სწორედ ასე უყურებს და უახლოეს ხანებში კონსულტაციები გვექნება. ამ თვალსაზრისით, კოალიციაში შემავალ პირებს თუ მის გარეთ მყოფ პირებს განსაკუთრებული სიხარულის ან უბედურების საფუძველი არ აქვთ. ყველას მივმართავ, რომ მსგავსი პროცესისთვის სრულიად მშვიდად და წყნარად შეხვედრისთვის მზად იყვნენ“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პირველ ეტაპზე, კოალიციაში საუბარი თემატურ საკითხებზე იქნება. კერძოდ, თუ რისთვის შეიძლება პარტიები ერთად იყვნენ.
„მეორე ეტაპზეა საკითხი, თუ როგორ უნდა ვიყოთ ერთად - ვის რა რესურსი გაგვაჩნია?! საქმეა საკეთებელი და არა მხოლოდ სკამები გასანაწილებელი, თუ ვინ უფრო მაღალ სკამზე წამოსკუპტდება“, -დასძენს სპიკერი, რომელმაც ყურადღება საკუთარ პარტიაზე გაამახვილა.
უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ბევრს „რესპუბლიკური პარტიის“ არსებობა არათუ პარლამენტში არ სურს, არამედ არც საქართველოში. მისი თქმით, „რესპუბლიკურ პარტიას“ ოპოზიციური საქმიანობის გაცილებით მდიდარი გამოცდილება აქვს, ვიდრე სახელისუფლებო საქმიანობის და
თუ სად იქნება „რესპუბლიკური პარტია“, ეს დამოკიდებულია პირველ რიგში, ამომრჩეველზე და მეორე რიგში - პოლიტიკურ პარტნიორებზე, რადგან „რესპუბლიკური პარტია“ პრეტენზიას და ამბიციას არ აცხადებს, რომ რომელიმე არჩევნებზე 55 პროცენტს მიიღებს და ქვეყანას მართავს.
„რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტში არ შექმნილა და არც - ხელისუფლებაში. არიან პარტიები, რომლებიც პარლამენტსა და ხელისუფლებაში შეიქმნენ. როგორც პარტია, ჩვენს მომავალს საკმაოდ მშვიდად ვუყურებთ. განვლილი 35 წლის მანძილზე, არ გავმქრალვართ და როგორც მინიმუმ, მომავალი 35 წელი ასევე იქნება წარმოდგენილი. ვიცით ის, ქვეყანას როგორ ვემსახუროთ ხელისუფლებაში და როგორ ვემსახუროთ ქვეყანას ოპოზიციაში. ვიქნებით თუ არა პარლამენტში, გვექნება თუ არა პარტნიორული ურთიერთობა სხვა პოლიტიკურ ძალებთან წინასაარჩევნოდ თუ მას შემდეგ, ამ კითხვებს პასუხს გასცემს ოქტომბერი და არა უსუფაშვილი“, - აღნიშნავს სპიკერი, რომელიც დავით ბერძენიშვილისგან განსხვავებით, „რესპუბლიკურ პარტიას“ კოალიციაში ნომერაციას არ ანიჭებს და მას ნომერ მეორე პარტიად არ ასახელებს.
უსუფაშვილი თვლის, რომ როცა კოალიცია იკრიბება, იქ ყველა პარტნიორს თავისი როლი და დანიშნულება აქვს.
„ცნობილი ფორმულა იყო - „თუ მილიონს ერთი აკლია, მილიონი არ არისო“. თუ ერთი მანეთი დაემატება, მილიონი შემდეგ ხდება. ანუ, აქ ერთიანობაზე უნდა ვისაუბროთ და ყველას თავისი ღირსეული ადგილი და ფუნქცია აკისრია. ვთვლი, რომ ჩემთვის პირველი პარტიაა, ის მომწონს და მიყვარს, მაგრამ კოალიციურ ერთობაში პირველი იქნება, მეორე, თუ ერთნახევარი, ამაზე მსჯელობა იქნება. მართალი არ არის ის, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარ თავზე რაღაცა განსაკუთრებული წარმოდგენები აქვს, მაგრამ არც ის არის მართალი, რომ ამ პარტიას საკუთარ თავზე წარმოდგენები არ აქვს. პარტია იმ ტიპის ორგანიზმი და წარმონაქმნია, რომლის შეფასება პოლიტიკური პარტნიორების და საზოგადოების მხრიდან ხდება“, - განაცხადა უსუფაშვილმა, რომელმაც თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის დაცვის უფლება საკუთარ თავს არ მისცა.
პარლამენტის თავმჯდომარემ თინა ხიდაშელის თაობაზე მთავრობის წევრის კონტექსტში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის სწორ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პრემიერი-მინისტრია და მინისტრები ვალდებული არიან, მის მითითებებს და ხედვებს მიჰყვნენ.
მისი თქმით, თუკი პრემიერ-მინისტრს განსხვავებული პოზიცია ექნება, ან ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი პოზიციის გასაჯაროვებას საჭიროდ ჩათვლის, ეს ნორმალურია.
„თავდაცვის მინისტრის დაცვა გამიჭირდება - ამას არ გავაკეთებ. უბრალოდ, იმ ფაქტზე მიგანიშნებთ, რომ თავდაცვის მინისტრი საჯარო დებატებში არ ჩართულა საკითხზე, რომელიც ვთქვათ, ყურძნის მოსავალს ეხებოდა. თავდაცვის მინისტრი ჩართული საჯარო დებატებში იმ საკითხზე აღმოჩნდა, რომელიც უშუალოდ მის კომპეტენციაში და მის უწყებაში შემავალ საკითხებს უკავშირდებოდა. ამიტომ მთლად გვერდზე გასვლა ამ თემიდან შეუძლებელი იყო. გარკვეული საჯარო აქტიურობა უფრო მოყვა იმას, რომ კონკრეტული ბრალდებები წამოვიდა არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტის თუ უმრავლესობაში შემავალი პირების მხრიდან, არამედ საქართველოს პროკურატურის მხრიდან, როცა პროკურატურა საქმეში ჩაერთო“, - აღნიშნა უსუფაშვილმა, რომელმაც მედიის მიერ დასმულ კითხვაზე - „კოალიციაში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ შეხვდა თუ არა ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს“, უპასუხა, რომ მას არ შეხვედრია და არც სატელეფონო საუბარი ჰქონია.
უსუფაშვილის გამოსვლიდან კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლებისთვის ყველაზე საინტერესო ორპარტიული შეთანხმება იყო, რომლის თაობაზეც ისინი არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ და for.ge-სთან კულუარულ საუბარში აცხადებენ, რომ გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრსა და რესპუბლიკელებს შორის გამართულ შეხვედრაზე მსგავს დოკუმენტზე არ ყოფილა საუბარი.
როგორც for.ge-ს „მრეწველების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა, ორპარტიული შეთანხმება რა არის, ვერ გაიგო. მისი თქმით, როცა კოალიციაში რამდენიმე პარტია ერთიანდება, ხელშეკრულებას ყველა ერთნაირად აკეთებს.
„თუკი ორი პარტია გაერთიანდება და ამას გულისხმობენ, მაშინ შეთანხმებას ორი პარტია გააკეთებს. ჩვენ, ყველანი არჩევნებამდე ერთად ვართ, მაგრამ არჩევნების შემდეგ კოალიცია როგორ ჩამოყალიბდება, ბლოკი იქნება თუ არა, არავინ იცის და მართალი გითხრათ, ვინ ვისთან აფორმებს ხელშეკრულებას, ვერ გავიგე. კოალიციაში შეთანხმება მრავალპარტიული უნდა იყოს. ორმხრივი შეთანხმება და ორპარტიული შეთანხმება იმ შემთხვევაში შედგება, თუკი კოალიცია ორი პარტიისგან შემდგარი იქნება. ეს როგორც კანონის ნორმაა, ასევე პოლიტიკურად მორალურია“, - აცხადებს ტყემალაძე.
მრავალპარტიულ დოკუმენტზე აპელირებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც. for.ge-სთან საუბარში კობახიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე რაიმე დაწერილ და ფორმალურად შედგენილ დოკუმენტზე მსჯელობა არ ყოფილა. მისი თქმით, წერილობითი თანხმობა საჭიროა, თუმცა, პოლიტსაბჭოს დონეზე ორპარტიულ კოალიციაზე, ან ცალკე ორპარტიულ თანამშრომლობაზე საუბარი არ ყოფილა.
„თუ რა იგულისხმება თანამშრომლობაში, ეს პრემიერ-მინისტრმა განმარტა და ამის იქეთ ვერაფერს გეტყვით. კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის აუცილებელია გარკვეული შეთანხმებები არსებობდეს. შეიძლება, ეს იყოს წერილობითი, რაც ნორმალურია, თუმცა, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ თუკი ორი პარტია რაიმეზე შეთანხმდება, ეს დოკუმენტურად უნდა გაფორმდეს და პრინციპულ საკითხებზე აუცილებელი იქნება თანხმობა კოალიციის სუბიექტებს შორისაც იყოს“, - დასძინა კობახიძემ.
დოკუმენტის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი და
მსგავსი დოკუმენტის თაობაზე იყო თუ არა პრემიერთან საუბარი, ამბობს, რომ ამის შესახებ განცხადება პრემიერმა გააკეთა, რომელსაც სრულად ენდობა.
„რასაც შეთანხმება ჰქვია, პარტია „ქართულ ოცნებას“ „სოციალ-დემოკრატებთან“ აქვს დადებული, რომელიც თანამშრომლობას ეხება. ჩვენ კოალიციის სუბიექტები არ ვართ, მაგრამ მათთან ერთი იდეოლოგიური პოზიცია გვაერთიანებს. თუ ეს კოალიციაში ადგილების განსაზღვრას ეხება, კოალიციაში ეს უკვე განსაზღვრულია იმ წესებით, რომლითაც კოალიცია შეიქმნა. შეიძლება, მათ სურვილი აქვთ, რომ ასეთი დოკუმენტი მოამზადონ“, - განუცხადა for.ge-ს ჟორჟოლიანმა.
რაც შეეხება for.ge-ს კითხვას და უსუფაშვილის პასუხს, პარლამენტის თავმჯდომარეს იმ მანკიერი ტრადიციის შესახებ მივმართეთ, რომელიც საკანონდებლო ორგანოში კვორუმის პრობლემას და პულტებით მანიპულაციას ეხება. კერძოდ, გასული კვირის პარასკევს, ქუთაისში, პლენარული სხდომის დარბაზში, 62-65 დეპუტატი იმყოფებოდა, ხოლო ტაბლოზე 72-74 დეპუტატის ხმა ფიქსირდებოდა. for.ge დაინტერესდა, დავით უსუფაშვილი რატომ უწყობს ხელს დეპუტატების უპასუხისმგებლობას, რომლებიც სხდომებს არათუ კანონპროექტის წაკითხვისთვის არ ესწრებიან, არამედ ცვლილებებს ხმასაც კი არ აძლევენ და სხდომებს მის დასრულებამდე ტოვებენ.
ჩვენი კითხვის საპასუხოდ, სპიკერმა აღნიშნა, რომ ჩვენს შენიშვნას ყოველგვარი „მაგრამ“ და „თუ“-ს გარეშე იზიარებს.
„თქვენს შენიშვნას ვაღიარებ, ვიღებ და მინდა, ასეთ ვითარებაში ყველა ერთად აღარ ვიყოთ - დაწყებული ამომრჩევლიდან, დამთავრებული ჟურნალისტებამდე, რომლებიც ასეთ სურათებს უყურებენ ხოლმე. ამ კითხვაზე სწორი პასუხი ისევ და ისევ სამომავლო პარტიული სიების და კანდიდატების სწორად შერჩევაა. დამეთანხმებით, რომ დაუმსახურებლად გაკრიტიკებული პროფესიების წარმომადგენლები ყველაზე უფრო დისციპლინირებული პარლამენტარები არიან. ამიტომ, აქ საწყის პროფესიებში კი არ არის საქმე, საქმე იმაშია, პარლამენტში მოსული ექიმი, მსახიობი თუ იურისტი იქ რას აკეთებს და როგორ იქცევა?! ამიტომ, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ამ თემაზე ძალიან სერიოზული დაფიქრება მოუწევს. ამასთანავე, არ იქნება სწორი, საკითხი კოალიციამდე დავიყვანოთ, რომ პარლამენტი ეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ასამუშავებელი ორგანოა. პარლამენტი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ან საერთოდ არ არიან ხოლმე, ან სხედან და რეგისტრაციას არ გადიან - აი, თქვენ პარლამენტის ამუშავებას ვერ ახერხებთო. ეს კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების პასუხისმგებლობას არანაირად არ ამცირებს, მაგრამ სხვების პასუხისმგებლობას არანაირად არ ხსნის. ამასობაში, თქვენს საყვედურს მთლიანად ვიღებ“, - მიმართა for.ge-ს უსუფაშვილმა, რომელსაც კვორუმთან დაკავშირებით მოსალოდნელი პრობლემების თაობაზე ჯერ კიდევ 2013 წელს ვაფრთხილებდით, მაგრამ მაშინ, მან დეპუტატების კვალდაკვალ სიარული და იმის შემოწმება გვირჩია, რომელი დეპუტატი სად დადიოდა.