ოპოზიციონერი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ თავისი უსახურობის გამო ყველაზე მძიმე გაერთიანებაა, რომელსაც არანაირი პოლიტიკური კურსი არ გააჩია. მისი თქმით, ხელისუფლება თავისი ხუშტურების გამო მუდმივად ჩიხში შედის და შემდეგ იქედან გამოსვლის გზებს ეძებს, ხოლო ქვეყანა იმ ინერციით მუშაობს, რომელიც მას წინა ხელისუფლებამ მისცა.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, for.ge აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:
პარლამენტმა დაჩაქრებული წესით „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილა, რომლის გათვალისწინებითაც, მაღალმთიან რაიონებს საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ. როგორ აფასებთ, მთავრობის გადაწყვეტილებას?
- მთავრობამ „ნაციონალური მოძრაობის“ ჯინაზე ლაზიკის პორტზე უარი თქვა, მაგრამ იძულებული გახდა, მას ისევ ისე დაბრუნებოდა, როგორც ახალქალაქის რკინიგზასა და საგადასახადო შეღავათებს. ხელისუფლება თანდათან იძულებული ხდება ყველაფერ იმას დაუბრუნდეს, რაც თავის დროზე, ჩვენს დროს მუშაობდა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ხელისუფლება პასუხისმგებლობით სავსე არ არის. მთავრობა, რომელიც მხოლოდ იმ გეგმით მოქმედებს, რომ ის არ გააკეთოს, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, ბუნებრივია, ქვეყანას ვერ გამოადგება.
მთავარი ჩიხიდან გამოსავლის ძიება კი არ არის, არამედ მნიშვნელოვანია, ხელისუფლება ამ ჩიხში არ აღმოჩნდეს. ეს ხელისუფლება თავისი ხუშტურების გამო მუდმივად ჩიხში შედის და შემდეგ იქედან გამოსვლის გზებს ეძებს. ამის მაგალითი ტყიბულის მოვლენებია, სადაც 17 დღე მეშახტეები გაფიცულები იყვნენ. ნეტავ, ამ ქვეყნის პრობლემა მხოლოდ ეს იყოს. ხელისფლებას შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ვთავაზობთ, მაგრამ მათგან არანაირი კონტაქტი და სურვილი არ ჩანს იმისა, რომ მათ ამ პრობლემებზე საუბარი სურთ.
თქვენთან თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება? საპასუხოდ, ხელისუფლება აგრესიულ პასუხებს ხომ არ მიიღებს?
- პრემიერმა არ იცის, ჩვენ როგორი პასუხები გვექნება. საჯარო დაპირების მიუხედავად, პრემიერი არ გვხვდება. კვირიკაშვილმა არასამთავრობო სექტორს მიმართა, შეგხვდეთ და შემდეგ მაკრიტიკოთ, არ გამოვაო. პრემიერს თუ ჰგონია, რომ შეხვედრა ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ მას არავინ გააკრიტიკებს, ძალიან ცდება. საქმეს არ ადგება ის, რომ ხელისუფლება ჯანსაღ კრიტიკას არ ისმენს. შეხვედრის ფორმატი პრემიერმა უნდა შემოგვთავაზოს. მთავარია, ჩვენი ურთიერთობები თუ - ქვეყნის იმ ჩიხიდან გამოყვანა, სადაც ის „ქართული ოცნების“ მმართველობის მეოთხე „საუკეთესო“ წელს აღმოჩნდა?!
უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ თქვენ მორალური უფლება არ გაქვთ, მათ რაიმე რჩევები მისცეთ...
- მორალური უფლებები გვერდზე გადადონ და ის მოისმინონ, მათ რასაც ვთავაზობთ. თითქოს, ხელისუფლება იმ გზას უბრუნდება, რომელსაც მათ ჩვენ ვთავაზობთ, მაგრამ თითოეული დაკარგული დღე გამოსასწორებლად გაცილებით უფრო მეტი დაჯდება როგორც დროში, ასევე ფულში. მიუხედავად იმისა, რომ ლაზიკის პორტზე გამარჯვებულად „თიბისი ბანკი” გამოცხადდა, როგორც ვიცი, წინ ერთი ნაბიჯიც კი არ არის გადადგმული. სინამდვილეში, არანაირი გამარჯვებული არ გამოვლენილა, ამ ბანკს პორტი იმისთვის გადაეცა, რომ ინვესტორები აწი მოიზიდოს. იმ პირობებში, როცა ქვეყანაში როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური არასტაბილურობაა და პარალელურად, არაფორალური მმართველი მართავს, იქ არც ერთი ცივილიზებული ინვესტორი არ შევა და ფულს არ ჩადებს.
ქართველი ხალხი ვერ ხვდება, 21-ე საუკუნეში არაფორმალური მმართველობა რა დიდი უბედურებაა? რა მოხდა, ივანიშვილს ხომ ქვეყნისთვის კარგი უნდაო?! კარგი უნდა თუ ცუდი, ეს გვერდზე გადავდოთ. დიქტატორის მმართველობისას თამაშის წესები უფრო მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, ვიდრე არაფორმალური მმართველობისას. ქვეყანას მართავს „ტიპი“, რომელიც თვეში ერთხელ, თავის ხუშტურებზე რაღაცას მოიპრიანებს.
ქვეყნის მდგომარეობას ძალიან შავბნელად ხომ არ ხატავთ?
- ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა ძალიან შავბნელად მიდის იმიტომ, რომ თუკი ეკონომიკური წინსვლა არ იქნა, ყველაფერი გაჩერდება. დღეს ქვეყანა იმ ინერციით მუშაობს, რომელიც მას წინა ხელისუფლებამ მისცა. თუკი ინერციას ბიძგი მუდმივად არ აქვს, ის გაჩერდება. გაჩერებისკენ მივდივართ და ამის მაგალითი ტყიბულია. ან თვითღირებულებამ უნდა მოიკლოს, ან მოთხოვნა-მიწოდებამ, რაც ორივე შემთხვევაში, მუშისთვის ხელფასის შემცირებას ნიშნავს. პრობლემა ეკონომიკური ზრდის შენელებაა და არა ის, რომ ვიღაც ბოროტ ძიას არ სურს, რომ ვიღაცას რაღაც საქმე მისცეს.
ალბათ, თქვენს ამ იდეებს 6 მარტის აქციაზეც გააჟღერებთ, რომელიც დაგეგმილი გაქვთ. თქვენს აქციაზე, რატომ უნდა მოვიდნენ ადამიანები?
- „გაზპრობმთან“ გამართული მოლაპარაკებები ქართველი ხალხის ზურგს უკან მიდიოდა და ეს „გაზპრომის“ საიტებიდან რომ არ გაგვეგო, ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებდა. კახი კალაძემ რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ვერსია თქვა, მოლაპარაკებებს თუ რატომ აწარმოებდა. ბოლო ვერსია ის იყო, რომ ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა საქართველოს გავლით სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის თაობაზე. აბსურდული არგუმენტი მოჰყავს, რომ ჩვენ მეტი გაზი გვჭირდებაო, მაგრამ ფულის მიღება ჩვენთვის წამგებიანი იქნება, რადგან ამ ფულით გაცილებით ნაკლები გაზის შესყიდვა იქნება შესაძლებელი. ამის შემდეგ, კალაძემ სხვა ვერსია თქვა, რომ თურმე, საქართველოს გაზის საკმარის რაოდენობას აზერბაიჯანი ვერ აწვდის და დამატება გვჭირდება. აზერბაიჯანი დელიკატურად და დიპლომატიურად ცდილობს, რომ მისი პასუხი მკაფიო არ იყოს, მაგრამ ამბობს, რომ დამატებითი გაზის მოწოდების რესურსი აქვს.
ამის შემდეგ, კალაძემ თქვა, რომ თურმე, დივერსიფიცირებას ახდენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მომწოდებელზე ჩამოკიდებული არ ვიყოთ, რაც თითქოს, კარგია და ამის მაგალითად ევროპაც მოიყვანეს, მაგრამ ხაზს იმას არ უსვამენ, რომ ევროპაში პირიქით ხდება და რუსეთის ალტერნატივას ეძებენ. საქართველო საპირისპირო მიმართულებით მიდის, სტრატეგიულ პარტნიორზე უარს ამბობს და სტრატეგიულ მტრისკენ მიილტვის. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ეს არის „გაზპრომი“-ს აუქციონერის ბიძინა ივანიშვილის პირადი ფინანსური დაინტერესება. ივანიშვილმა რუსეთიდან რა გამოიტანა და რა არა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. საინტერესოა, რუსეთიდან თავისი აქტივები ბერეზოვსკიმ რატომ ვერ გაიტანა და ეს წარმატებით ივანიშვილმა როგორ მოახერხა?!
თითქმის ყოველთვის, სიტუაციის ისე წარმოჩენას ცდილობთ, რომ „ივანიშვილი რუსეთუმეა“, თუმცა, ახალი ხელისფლების პირობებში ქვეყანამ ევროპის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და უახლოეს მომავალში უვიზო მიმოსვლის რეჟიმიც ამოქმედდება...
- ეს ინერციაა, რომელიც ქვეყანამ 20 წლის წინ აიღო და ამის შეჩერება მარტივი არ არის. ივანიშვილი შეეცდება, რომ საქართველოში რუსული ინტერესები მაქსიმალურად დაკმაყოფილი იყოს, მაგრამ მხოლოდ იმ ზღვრამდე, სადაც მისი პირადი ინტერსები არ იწყება. რა თქმა უნდა, ივანიშვილი ეცდება, რომ ის პუტინის ხელში მთლიანად კონტროლის ქვეშ არ აღმოჩნდეს. მას სურს, რომ ეს თამაში იყოს მისი და პუტინის ინტერესების დამთხვევა და არა - საქართველოსა და პუტინის. იმის გამო, რომ საქართველოსა და პუტინის ინტერესების დამთხვევა შეუძლებელია, ამიტომ ივანიშვილი ცდილობს, რომ რესპუბლიკელების სახით პროდასავლური იმიჯი შეინარჩუნოს და ამასთანავე, მრეწველები ჰყავდეს.
„ქართული ოცნება“ თავისი უსახურობის გამო ყველაზე მძიმე გაერთიანებაა, რომელსაც არანაირი პოლიტიკური კურსი არ გააჩია და ის ამორფული ორგანიზაციაა. ქვეყანა დასავლეთთან ურთიერთობებით ინექციებს იღებს და ხელისუფლება იძულებულია, არსებულ რეალობებს ანგარიში გაუწიოს. თინა ხიდაშელის გამოსვლაში მძიმე ბრალდებებმა გაიჟღერა. თურმე, კოალიციაში არა მხოლოდ პრორუსული ძალებია, არამედ ვიღაცეები კრემლის დავალებების შემსრულებლები არიან. ელისო ჩაფიძემ განცხადება გაავრცელა და მან არ ვიცი, ვინ იგულისხმა, მაგრამ როგორც ჩანს, მისი განცხადების ერთ-ერთი ადრესატი გია ვოლსკი იყო, რადგან „ოცნება“-ში ცეკა-ს ინსტრუქტორი სხვა არავინ მახსენდება. ვოლსკის ამას მთავარ დანაშაულად არ ვუთვლი. მისი დამზარალებლობა ისაა, რასაც ის დღეს აკეთებს. ჩაფიძემ საინტერესო მინიშნება გააკეთა, რომ ის „ფე-ეს-ბე“-ს და ცეკა-ს ინტრიგანებს არ დაემორჩილება. ე.ი. „ქართულ ოცნებაში“ „ფე-ეს-ბე“-ს და ცეკა-ს ინტრიგანები არიან. მე მსაყვედურობთ, ივანიშვილის პრორუსულ განწყობებს ხაზს რატომ უსვამთო? ივანიშვილი მზად არის, ეს ქვეყანა არშემდგარ სახელმწიფოდ შეინარჩუნოს, რადგან ყველა ოლიგარქის სანუკვარი ოცნებაა სახელმწიფო არ შედგეს და მათი გავლენაც გაცილებით უფრო დიდი იქნება.
თუკი ივანიშვილს ეს მიზანი აქვს, ის საზოგადოებრივ პროექტებში „არშემდგარ სახელმწიფოში“ მილიონებს დებს?
- ის არშემდგარ სახელმწიფოში ჩადებულ ამ მილიონებს იღებს და ამის ნათელი დადასტურება „ქართუ ბანკია“. შეგიძლიათ, მისი აქტივობა ნახოთ. ქართულმა სახელმწიფომ ივანიშვილი ბევრი ფინანსური ვალდებულება მოაშორა. ლამის მთელი პოლიცია მისი დაცვაა. როგორც ჩანს, ის ქართულ ჯარსაც თავის დაცვად განიხილავს. ის საქართველოს განიხილავს ტერიტორიად, სადაც თავშეფარებულია თუნდაც პუტინისგან. რა თქმა უნდა, ივანიშვილს პუტინის ზეგავლენის ქვეშ ბოლომდე მოქცევა არ მოუნდება, რადგან მას მილიარდები იმისთვის არ უნდა, რომ მხოლოდ პუტინს ასიამოვნოს. მას უნდა, ამ მილიარდებით თავად ისიამოვნოს და ხის გაზრდას კი არ დაელოდოს, არამედ გაზრდილი მოთხაროს და გადარგოს.
ბიძინა ივანიშვილზე რატომ გაქვთ სწორება?
- მასზე სწორება არ მაქვს. დღეს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილია და მთავარი მოქმედი პირი ისაა. თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ვინც იხდის, მუსიკას ის უკვეთავსო. მივესალმები, თუკი ბიძინა ივანიშვილი გამოვა და თუნდაც სათავეში პარტიას მაინც ჩაუდგება. ასეთ შემთხვევაში, ის პასუხისმგებლობას ნაწილობრივ მაინც აიღებს. ის ამბობს, რომ მაკრიტიკებელიც არის, მრჩეველიც არის და ის პროცესების გადამწყვეტია. სახელმწიფო ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს ემსახურება. ეს ხელისუფლება კითხვას არ სვამს, ივანიშვილის საკუთრებაში სანაპირო ზოლი როგორ აღმოჩნდა, სადაც ყოფილი პრემიერის ხეებმა უნდა გაიაროს? - ალბათ, ჩვენი ხელისუფლების დროს აღმოჩნდა და ალბათ, ეს ერთ-ერთი ხარკი იყო, რაც ივანიშვილისთვის გავიღეთ, მაგრამ სამართლიანობის აღდგენაზე თავს ხომ დებენ და ივანიშვილით დაიწყონ.
არ შეიძლება, ადამიანს კერძო საკუთრებაში სანაპირო ზოლი ჰქონდეს. თუკი რაიმე ქვეყნისთვის კარგი იქნება, გააკეთოს, რაც უნდა, მათ შორის - ურეკშიც, მაგრამ არ შეიძლება, სახელმწიფო გამონაკლისებს აკეთებდეს.
გამონაკლისებს თქვენს ხელისუფლებაში ხშირად აკეთებდნენ...
- აკეთებდნენ და ეს ცუდი იყო. ჩვენ გარკვეული ხარკის გაწევა გვიწევდა, რადგან არშემდგარ სახელმწიფოდან წამოვედით. სახელწმიფო ფეხზე თანდათან უნდა დგებოდეს და ასეთ გამონაკლისებს იშვიათად უნდა უშვებდეს, დღეს კი, ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო კიდევ უფრო სუსტდება და ის ერთი კერძო კაცის ნებაზეა დაქვემდებარებული. ჯანსაღი პრეზიდენტის ნებაზე დაქვემდებურებლობაც არ არის და ეს კაცი არაფორმალური მმართველია, რაც კიდევ უფრო უარესია. ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილის შემსრულებელი კოალიცია მართავს, რაც სიკეთეს ვერ მოიტანს. ბიძინა ივანიშვილის ჩრდილქვეშ ბრძოლა სკამებისთვის და ადგილებისთვის მიდის.
„რესპუბლიკურ პარტიას“ გავახსენებ, რომ ის ყველა სამიტის წინ იმ აქციებს უერთდებოდა, რომელიც ჩვენი ხელისფლების წინააღმდეგ იყო მიმართული და პრეზიდენტის წინააღმდეგ ომობდნენ და მაშინ არ გვითქვამს, რომ პრეზიდენტს ებრძოდნენ. თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ მისი თანაგუნდელის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლად ვერ აღვიქვამ.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს. თქვენ განაცხადეთ, რომ სოფელ ჯიხაიშში საზოგადოებრივი სახლი გაიხსნა, მუშებს კი, კუთვნილი ხელფასები არ მისცეს. მინისტრი გამოგეხმაურათ და ცინიკურად გიპასუხათ - „ცხვირ-პირი შეგირცხვეს, კაკო“...
- ქართველი ხალხის სირცხვილია, როცა თეა წულუკიანი მინისტრია და მის მსგავს არსებას მინისტრად ითმენს. ეს ქალი ომის დროს ევროპულ სასამართლოში დადიოდა და ამბობდა, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერას ნუ გამოხატავდნენ. თურმე, წულუკიანს არ აინტერესებს, ფირმამ მუშებს გადაუხადა თუ არა ხელფასი და ეს დასაქმებულისა და დამსაქმებლის პრობლემაა. წულუკიანი ამბობს, რომ ფირმას საზოგადოებრივი სახლი ოთხ თვეში უნდა აეშენებინა, მაგრამ ცხრა თვეში ვერ ააშენა. ეს კომპანია წულუკიანმა შეარჩია და ის რატომღაც მშენებლობას ცხრა თვეში ვერ ასრულებს. მინისტრს ამ ფირმასთან ურთიერთობაც კი არ აქვს გარკვეული. როდესაც ადამიანები ვიღაცის უპასუხისმგებლობის გამო 4 000 ათასს ლარიან ხელფასს ვერ იღებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ცხრა თვის ნამუშევარი არ აქვთ მიღებული. ეს ვისი ბრალია, წულუკიანის თუ სამშენებლო ფირმის, ეს მინისტრმა უნდა მოიფიქროს. თავს იქებს, რომ ამ ადამიანებს თქვენი ხელისუფლებასავით დავმუქრებოდი, შეიძლება, შენობა აეშენებინათო. ის ვალდებული იყო, კომპანიას იმ სანქციებით დამუქრებოდა, რომელიც მას სამშენებლო ვადების დარღვევის შემთხვევაში ეკისრება. თუ ეს სანქციები არ ამოქმედდა, ეს კიდევ უარესია და ვინ შეარჩია ეს ფირმა?! ეს სწორედ წულუკიანთან გასარკვევია.