„ისედაც არშემდგარი კოალიციის შიგნით მითიურ პოლიტიკურ კრიზისზე რომ ვისაუბროთ, არასერიოზული იქნება“

„ისედაც არშემდგარი კოალიციის შიგნით მითიურ პოლიტიკურ კრიზისზე რომ ვისაუბროთ, არასერიოზული იქნება“

მმართველი ძალის შიდა პრობლემები კიდევ ერთხელ ხდება საჯარო განხილვის საგანი. ნიშნავს თუ არა ეს რომ მმართველი კოალიციის დაშლის პროცესი იწყება, თუ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ჩვეულებრივი პოლიტიკური ვაჭრობა მიდის, რომელიც ზავით დასრულდება? მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

როდესაც პრემიერი კოალიციის შიდა პრობლემებზე საჯარო განცხადებას აკეთებს, ეს ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ მმართველი ძალა პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე დგას?

- არ ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისის გამომხატველი განცხადება და ის სიტუაციაა, რომელიც მმართველ კოალიციაში კრიზისის ელემენტების მატარებელია.

არაერთხელ მითქვამს, რომ კოალიცია არ არის გარკვეული პრინციპების ირგვლივ შემდგარი გაერთიანება. შეიძლება ითქვას, რომ კოალიცია არ შედგა როგორც პოლიტიკური ერთობა. ეს არის ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებული გუნდი, სადაც შედარებით მეტი ხმის უფლება ჰქონდა „რესპუბლიკურ პარტიას“, რადგან დასავლეთში არსებობდა გარკვეული კითხვები ივანიშვილის ფიგურისა და მისი საგარეო ვექტორისადმი. თავისთავად, ამ კითხვებს აძლიერებდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტების მუშობაც.

კოალიციაში შემავალი დანარჩენი სუბიექტების პოზიციასა და აზრს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც მთავრობის დაკომპლექტებისას, ისე გადაწყვეტილებების მიღებისას. ანუ ისედაც არშემდგარი კოალიციის შიგნით მითიურ პოლიტიკურ კრიზისზე რომ დავიწყოთ საუბარი, არასერიოზული იქნება.

სწორედ ამიტომაა, რომ დღეს, როდესაც საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში უნდა იყოს შესული, სუბიექტების სისუსტის გამო, ფაქტობრივად, ეს პროცესი თვითდინებაზეა მიშვებული.

ცხადია, რომ საარჩევნოდ უნდა არსებობდეს ორი ძირითადი მოთამაშე, რომელიც ერთმანეთს დაუპირისპირდება - „ოცნება“ და ნაციონალები.

ნაციონალები თუ ცდილობენ სატელიტური პარტიების შექმნას და გარკვეულ ტრანსფორმაციას, რომ როგორმე საპარლამენტო არჩევნებში რაც შეიძლება მეტი ადგილი მოიპოვონ, „ქართული ოცნება“ საკმაოდ სერიოზული შიდა პრობლემის წინაშე დგას.

თუ ივანიშვილი კოალიციაში შეინარჩუნებს რესპუბლიკელებს, ამით დასავლეთს თავისი კურსის ურყევობასა და სტაბილურობაში დაარწმუნებს, მაგრამ დაკარგავს ამომრჩეველთა გარკვეულ რაოდენობას, რომელთათვისაც „რესპუბლიკური პარტია“ მიუღებელია. მეორე მხრივ, თუ შეელევა „რესპუბლიკურ პარტიას“ და მის გუნდში დარჩებიან სტალინის ფენომენით აღტაცებული ან ვადაგასული სოციალურ-პოპულისტური რიტორიკის მქონე სუბიექტები, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ეჭვქვეშ დარჩეს „ქართული ოცნების“ ლიდერობა - იმის მიუხედავად, რომ ყველა, სანდო თუ არასანდო სოციოლოგიური გამოკითხვებით, პოლიტიკური მარათონის ლიდერი „ქართული ოცნებაა“.

გასაგებია 2012 წელს რა მიზეზით და რა გარემოებაში შეიქმნა კოალიციაქართული ოცნება“, მაგრამ 2016 წელს საზოგადოებას სხვა პრობლემები და სხვა მოთხოვნები აქვს. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია მმართველი კოალიციის ტრანსფორმირება ისე, რომ ახალ გამოწვევებს პასუხობდეს?

- ვითარება საკმაოდ რთულია - უნდა გაკეთდეს ის, რისი გაკეთებაც ივანიშვილს გაუჭირდება მისი პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე. მან უნდა მოძებნოს ქართულ საზოგადოებაში საქმის რეალურად გამკეთებელი და თანამედროვე პოლიტიკური ხედვის მქონე ადამიანები და ისინი წამოწიოს წინა პლანზე. არადა, აქამდე პირიქით იქცეოდა - ამჯობინებდა უბიოგრაფიო, უბეგრაუნდო მაგრამ უკომპრომატო ადამიანებს, სწორედ მათ ნიშნავდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ამით საზოგადოების უკმაყოფილება მცირდებოდა.

რას გულისხმობთ?

- თუ, მაგალითად, დიპლომატიური გამოცდილების მქონე ზურაბ აბაშიძე იქნებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი, თავს დაატყდებოდა კრიტიკა, რომ ის რუსეთთან ურთიერთობდა, რაც პრობლემებს შეუქმნიდა კოალიციას. როდესაც ჯანელიძეა საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მას არ აკრიტიკებენ, მაგრამ კულუარებში მის ეკონომიკის მინისტრად გადაყვანაზე საუბრობენ. ამგვარი აქცენტების გადანაცვლებას ივანიშვილი მოკლე დროში ვერ შეძლებს და ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი პრობლემა. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რა რესურსი აქვს „ქართულ ოცნებას“ საიმისოდ, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ახალი ხედვები და ახალი სახეები? მაგალითად, რომელ ფლანგზე უნდა გადაისროლოს „ეროვნული ფორუმი“? კოალიციიდან მისი გაყვანა პოლიტიკურ დანაკარგებს ნიშნავს. ძველი ლიდერების, სანიკიძის და სხვების წინა პლანზე წამოწევა გაჭირდება, შარტავას პოლიტიკურ არენაზე შემოსაყვანად კი, ცოტა დროა დარჩენილი. ანუ ამ მაგალითიდანაც კარგად ჩანს, რამდენად სერიოზული პრობლემების წინაშეა კოალიცია.

რაც მნიშვნელოვანია - კოალიციის მთავარი სერიოზული პრობლემაა ის, რომ არ ჩანს ლიდერი - ეს ფუნქცია ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დაიკარგა, რესპუბლიკელების ამ როლს დანარჩენები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კი პარტიად ვერ შედგა.

რეალურად, პირველი სიტყვა პოლიტიკურ არენაზე ბატონ კობახიძეს, პარტიის აღმასრულებელ მდივანს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ მისი ხმა არავის გაუგია. სად არის ივანიშვილის მემკვიდრე, კოალიციის შემკვრელი „ქართული ოცნება“?!

კვირიკაშვილი არა მხოლოდ კარგი მენეჯერი, არამედ კარგი პოლიტიკური ფიგურაცაა, მაგრამ ჯერ ვერ შედგა პოლიტიკურ ლიდერად. არც მისი გუნდის წევრებს აქვთ გაცნობიერებული, რომ სწორედ კვირიკაშვილია ლიდერი.

როდესაც ქვეყანაში ამდენი სამეურნეო პრობლემაა და პრემიერი ამ საკითხებითაა დაკავებული, რჩება კი დრო, პოლიტიკური ლიდერის ფუნქციების შესრულებისთვის? ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ კოალიცია სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ეს ყველაფერი კი საზოგადოებისთვის აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ამ პოლიტიკურ ძალას რეალური ალტერნატივა არ ჰყავს. როდესაც არჩევნების უპირობო ლიდერი პოლიტიკური ძალა ამგვარი პრობლემების წინაშეა - არავინ იცის სიაში ვინ იქნება, რეგიონებშიც გაურკვეველი სიტუაციაა და ა.შ. ამ ყველაფრის წყალობით, საერთო ჯამში, ქვეყანა ზარალდება.

კიდევ კარგი, რომ რთული საგარეო კონიუქტურაა და ჩვენთვის არავის სცალია, თორემ ისეთ სიბრიყვეებს, როგორიც ბოლოს ადიგენში მოხდა, შესაძლოა, სერიოზული გართულება მოჰყოლოდა - ვგულისხმობ ერთ სასაფლაოზე მართლმადიდებლებისა და მუსლიმანების დაკრძალვის თემას, რომელზეც კონფლიქტი წარმოიქმნა.

ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ძალების ყველა ფლანგზე უსერიოზულესი პრობლემა არსებობს - ვგულისხმობ, როგორც მმართველ, ასე ოპოზიციურ პარტიებს, ასევე იმათაც, ვინც პოლიტიკურ ასპარეზზე თითქოს შემოდიან, თან არ შემოდიან - ბურჭულაძის, ჩერნოვიცკის პარტიები და ა.შ.

თეორიულად რომ დავუშვათ კოალიციის დაშლა, მასში შემავალ სუბიექტებს, ლიდერიქართული ოცნებისგარდა, ბარიერის გადალახვის რა შანსი აქვთ? – „ქართული ოცნებისრამდენიმე წევრი აკეთებს განცხადებას, რომ დამოუკიდებლად სურთ არჩევნებში მონაწილეობა...

- ვფიქრობ, გაუჭირდებათ ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვა, ვგულისხმობ რესპუბლიკელებს, ეროვნულ ფორუმს, უკვე კოალიციიდან გასულ „თავისუფალ დემოკრატებს“. თუმცა, არჩევნებამდე საკმაო დროა დარჩენილი და შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსების მოპოვების შემთხვევაში „თავისუფალ დემოკრატებს“ ბარიერის გადალახვა შეეძლებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელშესახებ წარმატებას მიაღწევენ -ანუ 10%-ზე მეტის მიღება მათი მხრიდან წარმოუდგენელია.

თუმცა ვფიქრობ, არჩევნებზე ქართული საზოგადოება მაინც იმ პრინციპიდან უნდა ამოვიდეს, რომ ქვეყანამ მიიღოს ქმედუნარიანი პარლამენტი, რომელიც ეფექტური მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებს. წინაღმდეგ შემთხვევაში, სახეზე გვექნება უკვე რეალური პოლიტიკური კრიზისი.

„ოცნების“ მიერ ხმების 50%-ზე მეტის მიღებაც წარმოუდგენლად მიმაჩნია, ამიტომ რაღაც ტიპის კოალიცია აუცილებელი იქნება - დასავლეთისთვის მისაღებ პოლიტიკურ ძალებს შორისაც დიდი არჩევანი არ არის, მაშინ, როდესაც იმ ძალებს, რომლებსაც პრორუსულად მოიხსენებენ, პარლამენტში სერიოზული წარმომადგენლობით შესვლის მეტი შანსი გააჩნიათ. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ კოალიცია არ დაიშლება და არჩევნებზე დაახლოებით იმ სახით წარდგება, რა სახითაც დღეს არსებობს.