კვირიკაშვილის ყვითელი ბარათი

კვირიკაშვილის ყვითელი ბარათი

„თავდაცვის მინისტრი პირველ რიგში, მთავრობის წევრია და ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ლიდერი“, - ასე გამოეხმაურა გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრსა და მრეწველების ლიდერს შორის მიმდინარე დაპირისპირებას. როგორც პრემიერის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, თინა ხიდაშელი პირველ რიგში მთავრობის წევრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწოდებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვირიკაშვილი ამბობს, რომ როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განახორციელებს ცვლილებებს. რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას.

პრემიერის სპეციალურ განცხადებას, უკომენტაროდ ტოვებს ამ განცხადების ადრესატი, თინა ხიდაშელი. თუმცა, პრემიერს განცხადებითვე უპასუხა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ. ხათუნა სამნიძის განცხდებაში ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში რესპუბლიკელები იძულებული გახდნენ საჯარო და მკაცრი პასუხი გაეცათ კოალიციის ერთ-ერთი პარტნიორი პარტიის წარმომადგენლისათვის.

„რესპუბლიკელები ამ ეტაპზე ვწყვეტთ საჯარო დებატებს აღნიშნულ თემაზე, რადგან ველით კოალიციის შიდაფორმატში, როგორც კოალიციური, ისე სახელმწიფოებრივი ინტერესების საფუძველზე შექმნილი ვითარების მიზეზებსა და მიზნებზე მსჯელობას, რის შედეგადაც მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებები, მის სადამფუძნებლო დოკუმენტში გაცხადებული პრინციპებისა და ღირებულებების მტკიცე დაცვით, რომლებიც უზრუნველყოფს კოალიციის წარმატებულ ფუნქციონირებას. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მომავალში სათანადო რეაგირების გარეშე დავტოვებთ უსაფუძვლო ბრალდებებს, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის“, - ნათქვამია ხათუნა სამნიძის განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, პრემიერის შენიშნვა არ ეხება მხოლოდ თინა ხიდაშელს, თუმცა, აქვე აცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრმა პოლიტიკურ თემებს არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მთლიანად თავდაცვის სისტემა უნდა მოარიდოს. პრემიერის პოზიციას იზიარებენ ანალიტიკოსები და თვლიან, რომ კვირიკაშვილმა მისივე განცხადებით რესპუბლიკელებს ყვითელი ბარათი აჩვენა.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ პრემიერმა მხარეებს მიუთითა იმის შესახებ, თუ რა არის თითოეულის პოზიციაში მისთვის მიუღებელი, როგორც პოლიტიკური ლიდერისთვის და მთავრობის პირველი პირისთვის.

„ასეთი აქტიური და საქმიანი ჩარევა ამ პროცესში, მე მეჩვენება, რომ პოზიტიური ფაქტია. კვირიკაშვილმა თავის თავზე აიღო ამ პრობლემების მოგვარება, რადგან დაითქვა პირობა, რომ თემა პარტიის გარეთ არ გასულიყო, მაგრამ გავიდა. მგონია, რომ ეს იყო პრემიერის განცხადების ძირითადი მიზანი, რომ მომავლისთვის მიღებულ გადაწყვეტილებებთან ასეთი სითამამე არ ჰქონდეს ამა თუ იმ პოლიტიკოსს.

ვფიქრობ, მართვის პროცესის რეგულატორი იყო პრემიერის ეს განაცხადება და არა შორსმიმავალი საკადრო პოლიტიკის ხაზი. გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ გაბედული ნაბიჯი იყო ჩარევა ამ კონფლიქტში და მისთვის წერტილის დასმა უკვე, უფრო პრინციპულად, ვიდრე აქამდე ხდებოდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით პრემიერმა აბსოლუტურად სწორი და დროული შენიშვნა მისცა თავდაცვის მინისტრს. ხუხაშვილი ამბობს, რომ კვირიკაშვილის კრიტიკის ობიექტი მხოლოდ თავდაცვის მინისტრი იყო. მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრი, როგორც დეპოლიტიზებული მიმართულების ხელმძღვანელი, ასე ღრმად პოლიტიკაში არ უნდა შედიოდეს.

„თოფაძის განცხადებები, გარკვეულწილად, საფრთხეს უქმნიდა საკუთრივ კოალიციას. მისი არაკორექტულობა ეს არის ლოკალური პრობლემა, მაგრამ თინა ხიდაშელის განცხადებები გასცდა ვიწროპარტიულ კონფლიქტს, რაც, შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო პრობლემად იქცა, რითაც ზიანი ადგება არა მხოლოდ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, არამედ ქართულ სახელმწიფოს. თუ დეპოლიტიზებული უწყების ხელმძღვანელი გააგრძელებს ასეთ ჰიპერაქტიურობას პოლიტიკური მიმართულებით, პრემიერს არათუ უფლება ექნება გადააყენოს თავდაცვის მინისტრი, არამედ ვალდებულიც იქნება, რომ სამხედრო მიმართულებას შესაძლო პოლიტიკური რისკები თავიდან ააცილოს.

როდესაც ადამიანი თავდაცვის მინისტრი ხდება, ის პოლიტიკას უნდა გაემიჯნოს. სხვათა შორის, თავის დროზე, ირაკლი ალასანია ასე მოიქცა თავმჯდომარეობიდან გადადგა და ცდილობდა, ბოლო მომენტამდე, პოლიტიკური განცხადებები არ გაეკეთებინა. თინა ხიდაშელი პოლიტიკაშია, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მას პოლიტიკა ერთი დღითაც არ დაუტოვებია“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ პრემიერის განცხადება დროულია. თუმცა, ფიქრობს, რომ ადრესატი არ არიან მხოლოდ რესპუბლიკელები და მრეწველები, არამედ -საზოგადოებაც. მისივე თქმით, არსებული დაპირისპირება მხოლოდ განცხადებით ვერ მოგვარდება, აუცილებელი იქნება პოლიტსაბჭოს შეკრება და ამ საკითხის დეტალური განხილვა.

„არა მგონია, რომ ეს განცხადება რომელი მხარისთვის იყოს ყვითელი ბარათი. თუმცა, ზოგადად სიტუაცია არის რთული, მიუხედავად იმისა, ვინ მართალია და ვინ მტყუანი. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება ვიღაცამ უნდა მიიღოს. გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა მოხდეს ამ საკითხის კოალიციის შიგნით განხილვა, თუმცა ვფიქრობ, რომ კოალიცია უნდა იქნას შენარჩულებული. შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, განურჩევლად მტყუან-მართალისა და ეს უნდა გააცნობიეროს ორივე მხარემ“, -აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

დამოუკიდებელი ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახლა კოალიციის ნომერ პირველი ამოცნაა კოალიციაში სიტუაციის ჩაწყნარება და დამშვიდება. მისივე თქმით, პრემიერის განცხადებაც სიტუაციის ერთგვარ პრევენციას ემსახურებოდა.

„თუ ამის შემდეგაც გაგრძელდა ის, რასაც ბოლო რამდენიმე კვირაა ვუყურებთ, მაშინ პრემიერ-მინისტრის გავლენა და ავტორიტეტი დგება ეჭვის ქვეშ, როგორც კოალიციის ლიდერის და როგორც მან განაცხადა, ალბათ, მიიღებს რაღაცა ორგანიზებულ გადაწყვეტილებას, რომ კოალიციაში ეს აბსოლუტურად მიუღებელი სიტუაცია განმუხტოს.

წარმოიდგინეთ, კოალიცია არჩევნებზე გადის, როგორც გაერთიანება, რომლის წევრები ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულნი, როგორც პიროვნულად, ასევე მსოფლმხედველურად. ელექტორატზე ეს დადებით შთაბეჭდილებას ნამდვილად ვერ მოახდენს. აქ შეიძლება არც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტმა გაჭრას, ასეთი სახით კოალიციის არჩევნებზე წარდგომა, ვფიქრობ, რომ დამაზიანებელი იქნება კოალიციისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ექსპერტის განცხადებით თუ დღის წესრიგში დადგება კოალიციიდან დაუმორჩილებელი სუბიექტის გაშვების საკითხი, მოცემულ მომეტში, შესაძლოა, უფრო ადვილი გახდეს მრეწველების გაშვება, ვიდრე რესპუბლიკელების, რადგან ასეთ შემთხვევაში, სერიოზული ცვლილებები დაიწყება საკანონმდებლო და სახელისუფლებო სტრუქტურაში. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწევს წასვლა და კიდევ რამდენიმე მინისტრს ხიდაშელის ჩათვლით. თუ კოალიციიდან გადიხარ, მაშინ ავტომატურად უნდა დატოვო თანამდებობაც“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.