„რესპუბლიკელები კოალიციის ე.წ. წესებს უნდა დაექვემდებარონ“

„რესპუბლიკელები კოალიციის ე.წ. წესებს უნდა დაექვემდებარონ“

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადების პათოსით კოალიცია - „ქართული ოცნების“ ნაწილი აღფრთოვანებული დარჩა, მეორე ნაწილი - გაკვირვებული. „ქართული ოცნება“, „ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველთა პარტია“ მთავრობის ხელმძღვანელის მიმართვას დროულს და ღირსეულს უწოდებს, „რესპუბლიკური პარტია“ კი, უფრო მეტი სიცხადისთვის განმარტებებს ითხოვს.

გიორგი კვირიკაშვილისა და რესპუბლიკელების შეხვედრა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში 21:00 საათზე გაიმართა და ალბათ, შეხვედრის შემდეგ, რესპუბლიკელები საკუთარ პოზიციასაც გაასაჯაროვებენ, რადგან მთელი დღის მანძილზე, პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის გარდა, კომენტარი არცერთ რესპუბლიკელს არ გაუკეთებია.

თუკი პრემიერის განცხადებას სამნიძე გაურკვევლობად აფასებს, კოალიციის მეორე ნაწილი პრემიერის მიერ დასმულ აქცენტებს იზიარებს.

როგორც for.ge-ს „ეროვნული ფორუმის“ წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანი მიროტაძემ განუცხადა, ორ პარტიას შორის პროცესები ამ დონემდე არ უნდა მისულიყო და საკითხების განხილვა კოალიციურ რეჟიმში უნდა მომხდარიყო. მისი თქმით, „რესპუბლიკურ პარტიასა“ და მრეწველებს იმის გააზრების რესურსი ჰქონდათ, რომ ასეთი ვითარება როგორც მათ პოლიტიკურ მომავალს, ასევე კოალიციას დააზარალებდა.

„ვინაიდან, ეს დაპირისპირება პოლიტიკური დღის წესრიგის ნიუსი გახდა, პრემიერი ვალდებული იყო, რომ ამისთვის წერტილი დაესვა. ეს დაპირისპირება უნდა დასრულდეს, რადგან დღეს ამის დრო არ არის. ბევრი გამოწვევა გვაქვს და ეს ყველას კარგად გააზრებული უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნავს მიროტაძე.

კანონმდებელი ამბობს, რომ რესპუბლიკელები კოალიციიდან წასვლას არ აპირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კოალიციის წესებს უნდა დაექვემდებარონ.

„მათ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით შეჯერება მოუწევთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თოფაძის ბრალდებები მართალია, მაგრამ, ვინაიდან ეს ცხელი თემაა, ამ პარტიებმა ამ კითხვებზე პასუხები უნდა გასცენ. ვინაიდან კოალიცია არის, ყველას ვალდებულება აქვს, კოალიციის ე.წ. წესები გაითვალისწინოს. თუკი კოალიციაში ყოფნა არ გსურს, არავინ არავის არაფერს უშლის. კოალიციამ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იმუშაოს, ვიდრე იმაზე ვინ მტყუან-მართალია“, - განუცხადა for.ge-ს მიროტაძემ.

„ეროვნული ფორუმის“ მსგავსად, პრემიერის განცადებას დროულს და მკაფიოს უწოდებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ დაპირისპირება არ უნდა გაღრმავდეს და პირიქით, უნდა დასრულდეს. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების ყველა ნაბიჯი მიმართული უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებისკენ და საზოგადოებრივი საჭიროებებისკენ და არა - გარკვეული პირადი ანტიპატიებისკენ.

„პრემიერმა ძალიან სახელმწიფოეოებრივი მიდგომა გამოხატა და ეს მისი ღირსეული ნაბიჯი იყო - მითითება ყველას მიმართ გააკეთა. ერთი მხრივ თქვა, რომ თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებების ასეთი ტიპის გაჟღერება დაუშვებელია და ეს ხელისუფლებას აზარალებს, ხოლო მეორე მხრივ, მან ხაზი იმ მაღალ პასუხისმგებლობას გაუსვა, რომელიც თავდაცვის მინისტრს აქვს თითოეული ჯარისკაცის, ქვეყნის თუ მოქალაქეების წინაშე. მინისტრის მხრიდან ასეთი ტიპის დისკუსიებში ჩართვა მართებული არ არის“, - აღნიშნავს კობახიძე.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი კი, პრემიერს გადაწყვეტილებების მიღებისას სითამამეს ურჩევს.

„ცხადია, ეს ნამდვილად ასე უნდა იყოს და როცა პრემიერი საჭიროდ ჩათვლის, გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იყოს და ის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ უნდა მოერიდოს. პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ის იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომელსაც ვითარება უკარნახებს და ეს გადაწყვეტილებები იქნება მთავრობის ერთიანი კურსის განხორციელებისთვის საჭირო“, - დასძენს ჟორჟოლიანი.

ჟორჟოლიანის მსგავსად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური პრემიერის განცხადებით კმაყოფილია, თუმცა, ფიქრობს, რომ მისი პირველი განცხადება ცალმხრივი იყო.

მეჭიაური მიიჩნევს, რომ ახლა პრემიერი ყველა მხრიდან ინფორმირებულია და ის ცალმხრივად ინფორმირებული არ არის, როგორც ეს მისი პირველი განცხადების დროს იყო.

„კვირიკაშვილს იმის თქმა უნდოდა, რომ ეკონომიკური საკითხების შემდეგ, პოლიტიკისთვის მოიცალა. ახლა მისი განცხადება უფრო დაბალანსებული იყო და ის გამოდიოდა არა რომელიმე პარტიის ინტერესებიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან. მგონი, ეს განცხადება ყველას მისამართით იყო ნათქვამი, ვინც ცდილობს კოალიცია საკუთარი პარტიის ინტერესებისთვის გამოიყენოს და არა - თავისი პარტია ქვეყნის ინტერესებისთვის“, - აღნიშნავს მეჭიაური, რომელიც ვერ აკონკრეტებს, კოალიცია დაიშლება თუ არა, თუმცა, მომხრეა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კენჭი დამოუკიდებლად იყაროს.

მეჭიაური ინტერესდება, „ქართული ოცნებისთვის“ ზოგიერთი პარტიის რეანიმაციიდან გამოყვანა აუცილებელი რატომ უნდა იყოს, რომელსაც ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება.

„არჩევნებში კოალიციურად მონაწილეობის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ძირითადად, კოალიციურად ის სუბიექტები მონაწილეობენ არჩევნებში, რომლებსაც ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ“, - დასძენს მეჭიაური.

რაც შეეხება კოალიციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციის განწყობას, „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს, რომ თუკი კოალიცია დაიშლება, ეს ქვეყნისთვის გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება, რადგან მან ქვეყანას არაფერი მოუტანა.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგი წერეთელმა განუცხადა, საზოგადოებას პრემიერის ე.წ. საგანგებო განცხადებამ კიდევ უფრო დაანახა, რომ საქმე იმაზე უფრო უარესად არის, ვიდრე ხალხს ჰგონია. მისი თქმით, მრეწველების და რესპუბლიკელების გარდა, კოალიციაში ერთი იდეოლოგიით შეკავშირებული არც სხვები არიან.

„ეს ადამიანები მხოლოდ იმის გამო შეიკრიბნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაემარცხებინათ. ამ ტიპის კოალიციას იმ პრობლემებთან გამკლავება არ შეუძლია, რაც ქვეყანაში არსებობს. დღეს მძიმე ვითარება ამიტომაც გვაქვს. მოსახლეობის უმეტესობა უფრო ცუდად ცხოვრობს, ვიდრე ოთხი წლის წინ ცხოვრობდა. არჩევნები ახლოვდება, სია უნდა შედგეს, მომავალი მთავრობის კონტურები უნდა მოიხაზოს და ბრძოლა გადის იმაზე, ვინ უფრო პროგრესულად აზროვნებს, დასავლეთს მხარს ვინ უფრო მეტად უჭერს და ვის სტალინი მოსწონს. ეს აჯაფსანდალი, რაც კოალიციის შექმნის დროს იყო, დღესაც იგივეა“,- აცხადებს წერეთელი.

დეპუტატი თვლის, რომ სახეზეა ბრძოლა გადარჩენისთვის, რომელიც არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამწვავდება.

„არ მგონია, თითის ქნევამ შედეგები გამოიღოს. ამ ყველაფერში ბიძინა ივანიშვილის როლს ვხედავ, რადგან ყველა გადაწყვეტილება მასთან თანხმდება. ხომ შეიძლებოდა, რომ ეს დაპირისპირება კულუარულად მოეგვარებინათ? - თუ ეს არ მოხერხდა, ესეც სისუსტეა და თუ არ მოახერხეს, ე.ი. ეს შეგნებულად კეთდებოდა. როგორც ჩანს, ივანიშვილს გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული აქვს, ან აზრს იყალიბებს“, - განაცხადა წერეთელმა.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მრეწველებისა და რესპუბლიკელების განცხადებები დაგმო და მხარეებს მსჯელობისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელება დაანონსა.