დონალდ ტრამპის ამერიკა

დონალდ ტრამპის ამერიკა

არჩევანი ცუდსა და უარესს შორის,- ასე შეიძლება დაერქვას ამერიკელების თვალით დანახულ ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კანდიდატებს. აშშ-ში ე.წ. სუპერსამშაბათის შედეგები ცნობილია. დემოკრატებიდან ჰილარი კლინტონმა და რესპუბლიკელებიდან დონალდ ტრამპმა შტატების უმრავლესობაში გამარჯვება მოიპოვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავარ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ნოემბერში გაიმართება, ერთმანეთს, დიდი ალბათობით, სწორედ კლინტონი და ტრამპი დაუპირისპირდებიან.

მართალია, დონალდ ტრამპის იდეები ამერიკელ ამომრჩეველს უტოპიურად მიაჩნია, მაგრამ ჰილარი კლინტონის, ამ უქარიზმო, ლიბერალი პოლიტიკოსის შემხედვარე, ამერიკელები ფიქრობენ, რომ ეს ქალი პრეზიდენტი ამერიკისთვის რაიმე მნიშვნელოვანსა და ღირებულს ვერაფერს შექმნის. დონალდ ტრამპს კი თავისი ემოცია მოაქვს, რომელიც, შესაძლოა, მთლად დალაგებული და შემწყნარებლური არ იყოს, მაგრამ რიგითი ამერიკელების გულისთქმას ეხმიანებოდეს, რომლის სააშკარაოზე გამოტანას ბევრი ამერიკელი ერიდება.

მაგალითად, დონალდ ტრამპის იდეები, რომელსაც იგი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ განახორციელებს, შორს მიმავალია და ამერიკის კვლავ აღზევებას ისახავს მიზნად:

1. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა მეჩეთი დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს. მუსლიმანებს უნდა უთვალთვალებდნენ სპეცსამსახურები ტერორიზმთან ბრძოლის ინიციატივის ფარგლებში და ტრამპს სულაც არ აინტერესებს, რომ მეჩეთებზე თვალთვალის იდეა პოლიტიკურად არაკორექტულია.

2. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოიყენოს დაკითხვის მკაცრი მეთოდები „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტების წინააღმდეგ, ხოლო ის მეთოდები, რომელსაც იყენებდნენ გუანტანამოს ციხეში, მხოლოდ „ყვავილებია“ იმასთან შედარებით, რასაც ისლამისტები აკეთებენ.

3. ტრამპი დაბომბავს „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს, შემდეგი სიტყვების თანხლებით - „ჯოჯოხეთშიც წასულან“.

4. ტრამპი ააშენებს გიგანტურ კედელს მექსიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რითაც არ დაუშვებს ქვეყანაში უკანონო მიგრანტების შესვლას მექსიკიდან და სირიიდან („რომელთაც აშშ-ში ნარკოტიკი შეაქვთ და მოძალადეები არიან“). თანაც, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ გიგანტური კედლის მშენებლობის ხარჯებს ტრამპი მექსიკას შეაწერს.

5. დონალდ ტრამპი აშშ-დან 11 მილიონი არალეგალის მასობრივ დეპორტაციას განახორციელებს, პარალელურად, გააუქმებს მოქალაქეობის სისტემას, რომლის თანახმადაც, შტატებში დაბადებული ბავშვი ამერიკის მოქალაქე ხდება. მისი აზრით, „არალეგალების შვილები ამერიკელები არ უნდა ხდებოდნენ“.

6. ტრამპი ამერიკელებს ვლადიმერ პუტინთან საერთო ენის გამონახვას ჰპირდება. მისი თქმით, პუტინი და ობამა ერთმანეთს ვერ იტანენ, მას კი სიტუაციის დალაგება შეუძლია.

7. ჩინეთს ტრამპი რამდენიმე პრეტენზიას წაუყენებს და ვალუტის კურსს შეაცვლევინებს.

8. კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებით ტრამპს გლობალური დათბობა არასერიოზულად და სიცრუედ მიაჩნია. ტრამპი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ამინდია და მას ვერავინ შეცვლის.

9. მსოფლიო უკეთესი იქნებოდა, თუ სადამ ჰუსეინი და მუამარ კადაფი ხელისუფლებაში დარჩებოდნენ, - ამბობს ტრამპი. როგორც მან BBC-სთან განაცხადა, ლიბიასა და ერაყში სიტუაცია დღეს გაცილებით უარესია, ვიდრე ეს იყო ხელისუფლებაში ამ დიქტატორების ყოფნის დროს.

10. და ბოლოს, ტრამპი აცხადებს, რომ ის ძალიან კარგი ბიჭია და ამით ამაყობს კიდეც.

ექსპერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ე.წ. სუპერსამშაბათის შედეგებში ტრამპის დაწინაურება აჩვენებს, რომ აშშ-ში განწყობები იცვლება. იყო დრო, როდესაც პარტიული ელიტები, ანუ ე. წ. ისტებლიშმენტი მთლიანად აკონტროლებდა ამერიკულ საზოგადოებრივ აზრს და წარმართავდა თავისთვის მისაღებ ფარგლებში, ახლა კი ამერიკელებს მობეზრდათ ამ სქემაში, ამ მატრიცაში ცხოვრება და რაღაც სიახლეს ეძებენ, თუნდაც სერიოზული რისკის ფასად. ამდენად, ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ნოემბრისთვის უფრო დაწინაურდება ტრამპი. ის უკვე დიდი უპირატესობით სარგებლობს. შესაბამისად, აქვს შანსი, გახდეს რესპუბლიკელების ერთიანი კანიდიდატი და შემდგომში ჰილარი კლინტონიც დაამარცხოს.

რაც შეეხება ტრამპის რიტორიკას, გია ხუხაშვილი თვლის, რომ, მართალია, ტრამპი საკმაოდ ექსცენტრულად გამოიყურება და მკაცრ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ საეჭვოა, პრეზიდენტობის შემთხვევაში, რადიკალური ნაბიჯები გადადგას. უბრალოდ, პოლიტიკოსებს ახასიათებთ პოპულიზმი, საზოგადოებრივ ემოციებზე თამაში და ტრამპის განცხადებებიც ამ მუსიკიდანაა.

„პირდაპირ გეტყვით, დღეს მსოფლიოში კარგსა და ცუდს შორის არჩევანი არ არსებობს. ამერიკაში რესპუბლიკური პარტიის ისტებლიშმენტს სერიოზული დისკომფორტი აქვს, რადგან ტრამპი მათთვის მაინც უცხო სხეულია. ფაქტია, მას ვერაფერი დაუპირისპირეს. შესაძლოა, გვეფიქრა, რომ დანარჩენი კანდიდატები გაერთიანდებოდნენ და დაირაზმებოდნენ პრინციპით - ყველანი ტრამპის წინააღმდეგ, მაგრამ ეს მომენტიც გაშვებულია. ტრამპი უკვე იმდენად წინ არის, რომ არანაირად აღარ შეიძლება პოლიტიკური მარათონიდან მისი ჩამოყვანა. ერთადერთი, ფიზიკური ლიკვიდაცია რჩება და ასეთი პრეცედენტებიც ყოფილა შეერთებული შტატების ახლო ისტორიაში.

რაც შეეხება პუტინთან ურთიერთობას, შეერთებულ შტატებში სახელმწიფოებრივ სისტემას თავისი ინტერესები აქვს და რაც არ უნდა ექსცენტრული და ეგზოტიკური ლიდერი მოვიდეს, ის ამ სისტემის წინააღმდეგ ვერ წავა. გასაგებია, ტრამპი შეეცდება, გეოპოლიტიკური პრაგმატიზმის ამოცანებიდან გამომდინარე, დაალაგოს ურთიერთობა პუტინთან, მაგრამ შეერთებული შტატების საზიანოდ არ გადადგამს ნაბიჯებს. სხვათა შორის, ობამა როცა ხდებოდა პრეზიდენტი, მისი მთავარი გზავნილიც იყო გადატვირთვა, რუსეთთან ურთიერთობის დათბობა, მაგრამ რეალურად საპირისპირო სურათი მივიღეთ. ამდენად, ტრამპი კი არ არის მაგარი, არამედ მისი იდეები ჯდება იმ ნოყიერ ნიადაგზე, რასაც ჰქვია ამერიკელთა განწყობა.

მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით ამერიკელებიც ხედავენ პრობლემებს. მართალია, ეს კრიზისი ევროპაშია, მაგრამ ამერიკელებს ეშინიათ, იგივე არ განმეორდეს შეერთებულ შტატებშიც. ვინც ამას ღიად არ ამბობს, იმათაც კი მოსწონთ ტრამპის აგრესიული დამოკიდებულება მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტრამპი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა, არადა, ორიოდე წლის წინ ტრამპი მაისის ღამის სიზმარშიც ვერ ნახავდა იმ მხარდაჭერას, რაც მან დღეს მოიპოვა.

„ტრამპმა ზუსტად მიაგნო იმ სფეროს, რაც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ამერიკელთა უმრავლესობას და მთელ მსოფლიოსაც, ეს არის მიგრანტები. ამავე დროს, ტრამპი ისე ღიად არ გამოდის, მაგრამ მაინც მიანიშნებს აგრესიული სექსუალური უმცირესობის მოუზომელ პრეტენზიებზე. მართლაც, დროდადრო რელიგიური, სოციალური, სექსუალური უმცირესობა აგრესიული ხდება ხოლმე, სარგებლობს დემაგოგიით და ცდილობს, კუთხეში მიაყენოს უმრავლესობა. დღეს მსოფლიოში დაცვა სჭირდება უმრავლესობას. ამიტომაც ტრამპი ამერიკელებს ჰპირდება, რომ კედელს ააშენებს მექსიკასთან, რათა მიგრანტები მექსიკიდან ამერიკაში არ გადავიდნენ, მით უმეტეს, 16 მილიონამდე მექსიკელია და აქედან, ალბათ, 2/3 უკანონო მიგრანტია. თანაც, მიგრანტების უნივერსალური ფსიქიკური მოვლენაა, რომ თავიანთ ქვეყნებში დაჩაგრულნი და მშიერნი, სხვა ქვეყანაში თავისუფლებას შეიგრძნობენ და ყველაფერი მათთვის დასაშვები ხდება, ვერავინ ხმას ვერ გასცემს, შეუძლიათ, შუადღეს ქუჩაში ქალი გააუპატიურონ, ვიღაცას რაღაც წაართვან. ტრამპმა ამ ნერვს მიაგნო და ამიტომაცაა, რომ მისი შეჩერება „რესპუბლიკელებს“ უკვე აღარ შეუძლიათ.

რაც შეეხება ტრამპის დაპირებას პუტინთან ურთიერთობის დათბობის შესახებ, მაქსიმუმ, შეიძლება „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთად ებრძოლონ, რადგან ვერც ტრამპი, ვერც კლინტონი და ვერც ობამა საკუთარ თავს უფლებას ვერ მისცემენ, ფართომასშტაბიან სამხედრო ავანტიურაში ჩაერთონ ახლო აღმოსავლეთში. ამას ვერ იზამს ვერც ერთი პრეზიდენტი, გარდა პუტინისა. რა ენაღვლება პუტინს, 200-ათასიან არმიას შეიყვანს სირიაში. ამიტომ პუტინი მათთვის პრაგმატულად საჭირო მოკავშირეა. ხომ ხედავთ, ახლაც პუტინს ყველაფერი დაუთმეს და დღეს დროებითი მშვიდობა რომ არის სირიაში, თვითონ კერი ეხვეწებოდა პუტინს შეხვედრას“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

თუ რას უწუნებენ ამერიკელები ჰილარი კლინტონს, პოლიტიკაში ამ მოძველებულ სახეს, სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ აფროამერიკელები ყველანი კლინტონის მომხრენი არიან. მართალია, პირველი შავკანიანი პრეზიდენტი იყო ობამა, მაგრამ აფროამერიკელები თავის დროზე სწორედ ბილ კლინტონს უწოდებდნენ პირველ შავკანიან პრეზიდენტს, რადგან ის ძალზე ახლოს იყო შავკანიანებთან, ისევე, როგორც - ედუარდ და რობერტ კენედები. მაგალითად, რობერტ კენედის დაცვაში 98% მოხალისე შავკანიანები იყვნენ, რობერტ კენედის იცავდნენ „შავი ავაზების“, ამ ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრები. ამ მხრივ ჰილარი კლინტონსაც გამარჯვებისთვის მყარი ძალა ექნება, თუმცა ეს ძალა გადამწყვეტი ვერ იქნება, რადგან აფროამერიკელები ამერიკაში მოსახლეობის 12-13%-ს შეადგენდნენ, წინათ კი ისინი 10% იყვნენ და ამბობდნენ კიდეც, ჩვენ ვართ ოქროს 10 პროცენტი, ანუ საუკეთესონიო.

„საბოლოოდ მაინც კლინტონი დაწინაურდება. ტრამპს აქვს ერთი დიდი ნაკლი, ის ოლიგარქია. ოლიგარქებისადმი ამერიკაში მაინც ჯანსაღი სკეფსისია, რადგან მიაჩნიათ, რომ ოლიგარქები არიან ბანკირები, რომლებიც ხალხს სისხლს სწოვენ. სხვათა შორის, ტრამპიც და კლინტონიც პრეცედენტებად შეიქმნებიან -კლინტონი ამერიკაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება, ხოლო ტრამპი - პირველი ოლიგარქი პრეზიდენტი“.