პრემიერი მრეწველებს და რესპუბლიკელებს აფრთხილებს!

პრემიერი მრეწველებს და რესპუბლიკელებს აფრთხილებს!

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ერთმანეთთან დაპირისპირებულ რესპუბლიკელებსა და მრეწველებს მოუწოდებს ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, ცვლილებებს განახორციელებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას.

გიორგი კვირიკაშვილმა კოალიციაში მიმდინარე პროცესებს საგანგებო განცხადება მიუძღვნა, რომლის პათოსს მრეწველები იზიარებენ, ხოლო ჩვენთვის უცნობია რესპუბლიკელების პოზიცია, ვინაიდან მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება - ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

პრემიერი აღნიშნავს, რომ კოალიციაში პოლიტიკურმა დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო და არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ და რის გამო დაიწყო დაპირისპირება.

„ეს არ უნდა ვაკადროთ, პირველ რიგში, იმ ხალხს, ვინც 2012 წელს მხარი დაგვიჭირა, ქვეყნის მართვა გვანდო და რომლებიც საქართველოს უმრავლესობას შეადგენენ. ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს, რომ პოლიტიკოსები მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკუთარ ქმედებებსა და განცხადებებს, იფიქრონ და დასახონ ხალხის პრობლემების მოგვარების გზები“, - აცხადებს პრემიერი.

კვირიკაშვილი განცხადებაში მითითებსა და შენიშვნებს ორივე მხარეს აძლევს - როგორც გოგი თოფაძეს, ასევე თინა ხიდაშელს.

„რამდენიმე დღის წინ გავაკეთე პოლიტიკური განცხადება იმის შესახებ, რომ კოალიციის წევრების მხრიდან თავდაცვის მინისტრის მისამართით ამ ტიპის საჯარო ბრალდებები მიუღებელია და დღესაც ამ აზრზე ვრჩები. თუმცა, ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ თავდაცვის მინისტრი, პირველ რიგში, მთავრობის წევრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიუღებელია მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი ჯარის პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალური დისტანცირება. დაუშვებელია, რომ ჩვენთვის საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართულნი.

საქართველოს მომავლისთვის უცხო და მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული სტალინისტური სენტენციები, რადიკალიზმი და მარგინალური ფსევდოტრადიციები. „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ეროვნულ თვითმყოფადობაზე დაფუძნებით, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს უზრუნველყოფს. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა უდიდესი ცვლილებები 2012 წელს, უფსკრულისკენ მიმავალი ქვეყანა დააბრუნა ისტორიული განვითარების გზაზე“, - აღნიშნავს კვირიკაშვილი.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს განახლების პროცესი, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რომელიმე, თუნდაც ერთი ადამიანის ღვაწლის დავიწყებას.

„ქართული ოცნება“ აუცილებლად იქნება ისეთი ძლიერი პოლიტიკური ერთობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ეროვნულ ღირებულებებზე, განვითარებაზე, პროგრესზე და ამ გზით საქართველო არა მხოლოდ მექანიკურად შეუერთდება ევროპას, არამედ, ქართული ტრადიციული და კულტურული ღირებულებებით გაამდიდრებს ევროპულ ოჯახს და მისი სრულფასოვანი წევრი გახდება. „ქართული ოცნება“ მზად არის, ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც ამ პროცესს ფეხს აუწყობს, ვისთვისაც ამგვარი პოლიტიკური ხედვა სისხლხორცეული გახდება, ვინც შეძლებს, დაძლიოს ვიწროპარტიული და ჯგუფური ინტერესები და გაერთიანდეს მთავარი მიზნის – ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარშემო“, - დასძენს პრემიერი.

პრემიერის განცხადებას ეხმაურება „მრეწველების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე. როგორც for.ge-ს ტყემალაძემ განუცხადა, ის პრემიერის განცხადებას სრულიად იზიარებს და ეთანხმება -  „ორივე მიმართულებით აბსოლუტურად სწორი მითითება იყო“.

„კარგია, რომ პირველი განცხადების შემდეგ, მეორე განცხადებაში პრემიერმა მთავრობის წევრის მიმართულებით თქვა, რომ ამ პროცესში თავდაცვის სამინისტრო არ უნდა იყოს ჩარეული. ხიდაშელი კი არის თავდაცვის მინისტრი და კანონმდებლობიდან გამომდინარე, ის პოლიტიკური დატვირთვისგან თავისუფალი უნდა იყოს“, - აცხადებს ტყემალაძე.

ტყემალაძე პრემიერის იმ განცხადების პათოსსაც ეხმაურება, სადაც ის მხარეებს მსჯელობისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელების პირობას დებს.

„კი, ბატონო, პრემიერს მას ამაშიც ვეთანხმები, რომ ამ საკითხის განხილვა კოალიცური საბჭოს რეჟიმში უნდა მოხდეს. ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და კოალიციის გადაწყეტილება უნდა იყოს სახელმძღვანელო. მათ შორის, ჩვენთვისაც“, - განაცხადა ტყემალაძემ.

რაც შეეხება „რესპუბლიკელების“ განწყობას, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენს სატელეფონო ზარებს დავით და ლევან ბერძენიშვილები არ პასუხობენ.