„ნაციონალურ მოძრაობას“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ზუგდიდის ორ საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარ დეპუტატებად ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსისა და ანი ნადარეიშვილის წარდგენა ჰქონდა განზრახული, თუმცა მედიაში გაჟონილმა ინფორმაციამ პარტიის გეგმები თავდაყირა დააყენა.
for.ge-ს წყაროს ინფორმაციით, პარტიაში იდეა ჰქონდათ, რომ ზუგდიდში სანდრა რულოვსის რეიტინგიდან გამომდინარე, ის ამავე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარედგინათ და ამ საკითხზე კონსულტაციები ყოფილ პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილთან გაიმართა, რომელმაც თანაპარტიელებს ურჩია, საკითხზე მოლაპარაკებები თავად რულოვსთან გაემართათ, რადგან მას ამ საკითხში ჩარევა არ სურდა.
უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის ცნობით, სააკაშვილმა არჩევნებში რულოვსის ჩართვაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა სანდრა რულოვსს გიგა ბოკერია უნდა დალაპარაკებოდა. ბოკერია რულოვსს შეხვედრაზე შესათანხმებლად დაუკავშირდა, თუმცა:
„რულოვსმა ბოკერიას უთხრა, რომ შემდეგ დაელაპარაკებოდა. მედიამ კი ეს ინფორმაცია ისე გაავრცელა, რომ მასთან არანაირი საუბარი არ ყოფილა“, - განუცხადა for.ge-ს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
სანდრა რულოვსის სიის პირველი ნომრობის შესახებ ინფორმაცია 29 თებერვალს გავრცელდა, რასაც მოგვიანებით, რულოვსის განცხადება მოჰყვა: „მე ბუნებით, უფრო, რეჟისორი ვარ, ვიდრე მსახიობი, რომელიც სხვისი დაწერილი სცენარიდან როლებს ირგებს“.
„ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში რულოვსის შესვლას ოპოზიციონერი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე მიესალმება, თუმცა, კანონმდებელი for.ge-ს არწმუნებს, რომ საკითხზე კონსულტაციები რულოვსთან არ გამართულა. მისი თქმით, პარტიის სიის პირველი ნომერი ვინ იქნება, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს.
„რულოვსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და გუნდში მასთან დაკავშირებით კეთილგანწყობაა, მაგრამ მან უნდა გადაწყვიტოს, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება თუ არა. ვფიქრობ, რომ მას პოლიტიკა გამოუვა, რადგან პოლიტიკის ნაწილი ყოველთვის იყო. ის გაცილებით უფრო აქტიური ჯერ კიდევ 2004 წლამდე იყო და ბევრი რამის გარკვეული სიმბოლოცაა, მათ შორის - მიხეილ სააკაშვილის“, - აცხადებს ბობოხიძე.
სანდრა რულოვსი სიის პირველი ნომერი რომ არ იქნება, ამის თაობაზე ლევან თარხნიშვილიც საუბრობს, რომელიც for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ პარტია ბევრ ადამიანთან კონსულტაციების რეჟიმშია, მაგრამ მათ შორის, სანდრა რულოვსი არ არის. თარხნიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე რულოვსთან მოლაპარაკებები არ გამართულა.
„ჭორებზე კომენტარის გაკეთება სასიამოვნო არ არის. უახლოეს მომავალში როგორც სიას, ასევე საარჩევნო პროგრამას წარვადგენთ. ახალი სახეები ძირითადად წამყვან ადგილებზე იქნებიან. ზოგ შემთხვევაში, მათგან დასტურს ველოდებით, ზოგზე კი, ჩვენ ვმსჯელობთ. სანდრას თაობაზე მაღალი შეხედულების ვარ როგორც პიროვნებაზე და როგორც მოქალაქეზე, მაგრამ ეს მისი სტატუსებიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ მისი პიროვნებიდან და იმ საქმიანობიდან, რომელსაც ის ეწეოდა. ასეთ ადამიანს ნებისმიერი პარტია ისურვებდა, მაგრამ ეს სანდრას გადასაწყვეტია, რადგან მას საზოგადოებისთვის არანაირი ნიშანი არ მიუცია, რომ პოლიტიკაში ჩართვას აპირებს“, - დასძენს თარხნიშვილი.
თანაგუნდელების მსგავსად, რულოვსთან კონსულტაციების გამართვას არ ადასტურებს მიხეილ მაჭავარიანიც. როგორც for.ge-ს მაჭავარიანმა განუცხადა, ცუდი არ იყო, რომ მედია და სოციალური ქსელი „ნაციონალური მოძრაობის“ სიაზე საუბრობდა.
„ინგა გრიგოლიასგან რაც მოისმინეთ, არ ვიცი, ეს მისი პირადი აზრი იყო თუ მას ვინმემ ამბავი მიუტანა. ახალი სახეები იქნება და მათზე ვმუშაობთ. რაც შეეხება სანდრას, მან კომენტარი თავად გააკეთა. როგორც ოპონენტებს, ასევე მხარდამჭერებს აინტერესებთ, სიაში ვინ იქნება. ის, რომ 29 თებერვალს სია აქტიურად იხილებოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სწორ გზაზე დგას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
for.ge-ს ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რეიტინგიდან გამომდინარე, დავით ბაქრაძის სიის პირველი ნომრობა სურს მიუხედავად იმისა, რომ მის პოლიტიკურ პასიურობაზე პარტიის ზოგიერთ წევრს პრეტენზიები აქვს. უმცირესობაში იმასაც ამბობენ, რომ სანდრა რულოვსის პირველი ნომრობა აპრიორში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველ ნომრობას ნიშნავს, რაც პარტიისთვის მომგებიანი არ იქნება.