„თავისი ღირებულებებით მოსახლეობის დიდი ნაწილი ახლოს არის იმ იდეოლოგიასთან, რომელსაც ატარებს რუსეთი“

„თავისი ღირებულებებით მოსახლეობის დიდი ნაწილი ახლოს არის იმ იდეოლოგიასთან, რომელსაც ატარებს რუსეთი“

„კოალიციას აქვს საშუალება ორივე სეგმენტი კვებოს. თოფაძის მეშვეობოთ კომუნიკაციის დამყარებას შეძლებს პრორუსულ აუდიტორიასთან, ხოლო „რესპუბლიკელების“ მეშვეობით პროდასავლურ ძალებთან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტიკური კონსულტანტი, ვალერიან გორგილაძე, რომლის განცხადებით, მთავარი საკითხი, რაც 2016 წლის არჩევნებზე ამომრჩევლის სიმპათია-ანტიპათიას განაპირობებს, ეს იქნება სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და არა საგარეო ვექტორი.

for.ge ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

ვალერიან გორგილაძე: ამომრჩევლისთვის პოლიტიკური პარტიების საგარეო ორიენტაცია არ არის პრიორიტეტული კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც გააკეთებს თავის არჩევანს. ამას გარკვეულ წონას ანიჭებენ თავად პოლიტიკური პარტიები და განსაკუთრებით პროდასავლური ვექტორის მქონე პარტიები.

მოსახლეობაში მართლაც არის საკმაოდ ღირებულებითი განწყობები, მათ შორის ეს განწყობები თვალსაჩინოა ევროპული ღირებულებების მიმართ - მაგალითად, მიუღებლობა ერთსქესიანთა ქორწინების შესაძლო ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, დამოკიდებულება ეკლესიისა და სიტყვის თავისუფლების მიმართაც. საზოგადოების დიდ უმრავლესობაში საკმაოდ კონსერვატიული ტრადიციონალისტური მიდგომებია. თავისი ღირებულებებით მოსახლეობის დიდი ნაწილი ახლოს არის იმ ღირებულებებთან და იდეოლოგიასთან, რომელსაც ატარებს რუსეთი და ეს ფაქტია.

თვალსაჩინო თემაა ასევე, საზოგადოების დაყოფა პროდასავლურ და პრორუსულ ძალებად. ყველას ახსოვს მიშა სააკაშვილის 2012 წლის უკანასკნელი თავყრილობა, სადაც ხმამაღლა განაცხადა, რომ 1-ელ ოქტომბერს, საქართველო ქუჩებში შეხვდება კოლექტიურ პუტინს. იმის მიუხედავად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცადა გეოპოლიტიკური დაპირისპირება შეეტანა დღის წესრიგში და ამით თავისი პოზიცები გაეძლიერებინა, მაგრამ პირიქით - დამარცხდა. ნაციონალების მთელი პროპაგანდა ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, რომელიც ასრულებს პუტინის დავალებას, მაგრამ ამ თვალსაზრისითაც შედეგი ვერ მიიღო. მთავარი საკითხი რაც 2016 წლის არჩევნებზე ამომრჩევლის სიმპათია-ანტიპათიას განაპირობებს, ეს იქნება სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები.

ამომრჩეველი საგარეო ვექტორზე წინ საციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს დააყენებს?

- რა თქმა უნდა, რადგან სოციალურ-ეკონომიკური საკითხები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ამას უფრო მტკივნეულად განიცდის ამომრჩეველი, ვიდრე საგარეო ორიენტაციას, რომლის მიმართაც გარკვეული გაღიზიანებაც აქვს. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. რაც შეეხება დამოკიდებულებას ნაცმოძრაობის მიმართ, ეს ფაქტორი კიდევ უფრო კლებულობს.

პოლიტიკური პარტიების მხრიდან „ნაციონალური მოძრაობისმიუღებლობა შესაძლოა, ამომრჩევლის გარკვეული რაოდენობისთვის გადამწყვეტ ფაქტორად იქცეს?

- კი, რა თქმა უნდა - ვინც ყველზე მეტად და პრინციპულად დაუპირისპირდება „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან სამართლიანობის აღდგენის თემა, დღითიდღე კარგავს აქტუალურობას, მაგრამ ამასაც აქვს თავისი წონა. მათ შორის არის საგარეო ორიენტაციები, მაგრამ ეს არ იქნება დომინანტური მოტივაცია ამომრჩევლის მომავალ მოქმედებაში. ამომრჩევლის არჩევანს ძირითადად განაპირობებს სოციალურ-ეკონიმიკური პრობლემა, ვიდრე საგარეო ორიენტაცია.

ვფიქრობ, რომ კოალიციისთვის მომგებიანია, თანაბრად მიმზიდველი იყოს როგორც პროდასავლური, ასევე პრორუსული ამომრჩევლისთვის. კოალიციას აქვს საშუალება ორივე სეგმენტი კვებოს - თოფაძის მეშვეობით კომუნიკაციის დამყარებას შეძლებს პრორუსულ აუდიტორიასთან, ხოლო „რესპუბლიკელების“ მეშვეობით პროდასავლურ ძალებთან.

NDI-ის ბოლო კვლევას თუ გავითვალისწინებთ, 61%- არ აქვს გადაწყვეტილი, ვის სასარგებლო არჩევანს გააკეთებს, ეს საკმაოდ დიდი ციფრია. როგორც ფიქრობთ, ვისი ამომრეჩეველი შეიძლება გახდეს 61%?

- ეს არის უნდობლობა არა „ოცნების“ მიმართ, არამედ პოლიტიკური ელიტის მიმართ. მეორე, 61% ძალიან დრამატულად მეჩვენება, არ ემთხვევა ჩემს მონაცემებს, რადგან ჩემი მონაცემებით 40%-ზე ოდნავ მეტი იკავებს თავს. ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, ამომრჩევლის დიდი ნაწილი ვერ ხედავს მისთვის მისაღებ პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ ამომრჩეველს მაინც მოუწევს არჩევანის გაკეთება.

ის, რომ ამ ეტაპზე არ ჩანს მისი სასურველი სუბიექტი, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მონაწილეობას არ მიიღებს არჩევნებში.

დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისუფლად შეუძლია პროპორციული სიით 30-35%-ს დაეუფლოს და მაჟორიტარული ოლქების დიდი ნაწილიც მოიგოს. ამ შემთხვევაში კი, ამომრჩევლის დაბალი დასწრება აწყობს „ნაციონალური მოძრაობას“.

მძიმე სოციალური მდგომარება ახსენეთ და ფიქრობთ, ამან შეიძლება განაპირობას ამომრჩევლის დაბალი აქტიურობა, რამაც შესაძლოა არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს?

- ეს გამორიცხულია. ვფიქრობ, რომ აქტივობა იქნება და არც თუ ისე დაბალი. შეიძლება ძალიან მაღალი არ იყოს, მაგრამ დაბალი ნადვილად არ იქნება. მით უფრო, თუ პოლიტიკური კლასის მიმართ არის ნიჰილიზმი, ამომრჩეველს მაინც მოუწევს გამოსავლის ძებნა. წინა წლებთან შედარებით პოლიტიკური სპექტრიც ბევრად უფრო მდიდარი და მრავალფეროვანია. 5-6 სუბიექტია, რომელსაც პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი აქვს.

თქვენ გამორიცხავთ ახალი წონიანი პოლიტიკური ფიგურის გამოჩენას საარჩევნო ველზე? ექსპერტთა გარკვეული ჯგუფი წონიან პოლიტიკურ ფიგურად განიხილავს პაატა ბურჭულაძეს...

- პაატა ბურჭულაძე შეიძლება წონიანი ბანი იყოს, მაგრამ ვერანიარად ვერ იქნება წონიანი პოლიტკური ფიგურა, ვინაიდან მას არ გააჩნია პოლიტიკური უნარ-ჩვევები. იმ განცხადებების მიხედვით, რომელსაც ის აკეთებს, ვერაფრით ვერ ჩაითვლება პერსპექტიულ პოლიტიკურ ფიგურად, რომელიც რაღაცა კორექტირებას შეიტანს საარჩევნო კამპანიაში. პრინციპში, უნდა გამოვრიცხოთ სხვა პოლიტიკური ძალის გამოჩენა.

რატომ?

- იმიტომ, რომ ამის არც დრო არის და არც შესაბამისი რესურსი. როგორც ვატყობ, პაატა ბურჭულაძე ფეხს ითრევს, ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ერთვება თუ არა არჩევნებში. მართალია ოფისებს ხსნის რეგიონებში, ეს მანიშნებელია იმისა, რომ გარკვეული ტიპის იმპლემენტაციას ახდენს, მაგრამ წააწყდება იგივე პრობლემებს და ეს არის საკადრო პრობლემა ორგანიზაციებში, კომისიების დაკომპლექტება და რაც მთავარია, ბურჭულაძის გარშემო ვერ ვხედავ პერსონას, რომელიც ააწყობდა ამ საკამაოდ რთულ პროგრამას, როგორც არის პარტიული ინფრასტრუქტურა. მას შემდეგ, რაც ბურჭულაძე მკაფიოდ გამოაცხადებს მისი პოლიტიკური მიზნების შესახებ, ის ალბათ, გაერთიანდება რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.

როგორ ფიქრობთ, რომელ პოლიტიკურ ჯგუფზე გააკეთებს არჩევანს ბურჭულაძე?

- გამომდინარე იქიდან, რომ ხაზს უსვამს თავის პროდასავლურობას, არ გამოვრიცხოთ, რომ პაატა ბურჭულაძემ პარტნიორად ირაკლი ალასანია, ან „გირჩი“ აირჩიოს. ლოგიკურად ასე გამოიყურება ეს კონსტრუქცია. ის არ წავა კოალიციაზე ნაცმოძრაობასთან, ვინაიდან ეს პოლიტიკური თვითმკვლელობის ფასი იქნება. „გირჩი“, ალასანია და ბურჭულაძე კი, ნამდვილად გარკვეულ შფოთს და ინტრიგას შეიტანას საარჩევნო კამპანიაში.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ახალ პოლიტიკურ მოთამაშე ძალებს არ ვიხილავთ. პარალამენტში წარმოდგენილი იქნებიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც სახეზეა -  „ქართული ოცნება“, „პატროტთა ალიანსი“, ბურჯანაძის პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ „გირჩი“ და „თავისუფალი დემოკრატები“. სხვა პარტიებს პარლამენტში მოხვედრის ნაკლები შანსი აქვთ.

თინა ხიდაშელის განცხადებით, პროცესები, რომელიც ახლა ვითარდება კოალიციაში, მართულია გარე ძალების მხრიდან, იგულისხმა რუსეთი. როგორც წესი, წინასაარჩევნო პროცესის პარალელურად, საქართველოში აქტიურდებიან პრორუსული ძალები. ამ შემთხვევაში რამდენად მართებს ხელისუფლებას გამოიჩიონს სიფრთხილე, მით უმეტეს, როდესაც რუსეთის მხრიდან მართულ პროცესებზეა საუბარი?

- ვფიქრობ, თინა ხიდაშელი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. მისი პირველი შეცდომაა ღია და დემონსტრაციული მონაწილეობა საგარეჯოს არჩევნებში.

თუმცა, ფორმალურად ხიდაშელს კანონმდებლობა არ დაურღვევია...

- გასაგებია, მაგრამ თინა ხიდაშელის ფაქტორმა გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე. პოლიტიკოსს, მით უფრო ავტორიტეტული პოლიტიკური პარტიის წევრს მართებს იყოს ტაქტიანი. საარჩევნო შტაბში მონაწილეობის მიღება, ეს არ არის ნორმალური დაღვინებული პოლიტიკური პარტიისთვის და მისი ლიდერისთვის დამახასიათებელი ჩვევა, მით უფრო საქართველოში და მით უფრო იმ განწყობების გათვალისწინებით, რომელიც არის „რესპუბლიკური პარტიის“ მიმართ.

რა თქმა უნდა, თინა ხიდაშელმა კიდევ უფრო გააძლიერა ნეგატიური დამოკიდებულება ამ პოლიტიკური პარტიის მიმართ და გარკვეულწილად, დარტყმის ქვეშაც დააყენა. იმის აპელირება, რომ ჩვენ ვართ პროდასვლური ძალა და გვებრძვიან, ეს იგივე სიმღერაა, რასაც თავის დროზე მღეროდა ირაკლი ალასანია და მანამდე მიხეილ სააკაშვილი. არის გაუთავებელი იდენტიფიკაცია პროდასავლურ ორიენტაციასთან, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით, ქვეყანა დაიღუპება, რომ ქვეყანა შეცვლის საგარეო ორიენტაციას და ა.შ. არ მგონია, რომ სწორი იყოს. ვთვლი, ეს არის შეცდომა.