პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად კობა გვენეტაძის კანდიდატურა 81 ხმით ერთხმად დაამტკიცა, თუმცა მას უმრავლესობის სხვა წევრებისგან განსხვავებით, ფრაქცია „მრეწველების“ წევრებმა: გოგი თოფაძემ, დემურ ბაშალეიშვილმა და თამაზ ყაჭეიშვილმა მხარი არ დაუჭირეს. სებ-ის საბჭოს ახალი წევრის კანდიდატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეარჩია. გვენეტაძის კანდიდატურას პარლამენტის კომიტეტებიც საკმაო ხანს იხილავდნენ და ერთი პირობა თითქოს მის წინააღმდეგაც განეწყვნენ. საბოლოოდ, კი გვენეტაძეს საკანონმდებლო ორგანოში პრობლემა არ შექმნია.
თოფაძის-ბაშალეიშვილისა და ყაჭეიშვილისგან განსხვავებით, გვენეტაძეს მწვანე შუქი ფრაქციის სხვა წევრებმა - ზურაბ ტყემალაძემ, გიორგი კახიანმა და პაატა კიკნაველიძემ აუნთეს.
თუ რა გახდა ფრაქციაში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი და პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა თუ რატომ ვერ მოიგო სამი მრეწველის გული, ამ საკითხით for.ge დაინტერესდა.
როგორც for.ge-ს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა, ფრაქციაში პოზიციების გაყოფაზე საუბარი არ ყოფილა.
„დარბაზში სამი დეპუტატი იყო, რომლებმაც გვენეტაძეს ხმა მისცეს. დანარჩენი სამი დარბაზში არ იყო და მათ გარეშე ხმას ვერ მივცემდით. ეს ამბავი იმიტომ მოხდა, რომ ისინი დარბაზში არ იმყოფებოდნენ“, - აცხადებს ტყემალაძე.
თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, აღნიშნული დეპუტატები სხდომათა დარბაზში ისხდნენ, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
გვენეტაძეს ხმა მისცა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა. for.ge-სთან საუბარში კახიანი ამბობს, რომ გვენეტაძეს მხარი მისი კვალიფიკაციის და გამოცდილების გათვალისწინებით დაუჭირა. კახიანის თქმით, საკომიტეტო ფორმატებში, გვენეტაძეს დეპუტატებმა ბევრი კითხვა დაუსვეს, მისი პასუხები კი მისაღები აღმოჩნდა და მან პარლამენტის მხარდაჭერაც ამიტომ მოიპოვა.
„მას მაღალი კვალიფიკაცია აქვს და იმ სფეროში საკმაოდ მდიდარი ბიოგრაფია აქვს, რომლის ხელმძღვანელობაც მოუწევს“, - აცხადებს კახიანი, რომელიც ფიქრობს, რომ გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისთვის დიდი შანსი აქვს.
კახიანის მსგავსად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძეც ფიქრობს, რომ გვენეტაძეს ბანკის პრეზიდენტობის შანსი აქვს.
„კანდიდატის შერჩევის პროცესი ღია და გამჭვირვალე იყო. მის შესახებ ინფორმაცია მივიღე და იმ ადამიანების მოსაზრებები ვიცი, ვინც ამ მიმართულებით კარგად ერკვევა. რა გითხრათ, პრეზიდენტობის შანსი აქვს თუ არა? - რატომაც არა!“, - განუცხადა for.ge-ს ებანოიძემ.
გვენეტაძეს მხარი ზაქარია ქუცნაშვილმაც დაუჭირა. for.ge-ს ქუცნაშვილი არწმუნებს, რომ გვენეტაძისადმი მისი მხარდაჭერა კანდიდატის ბიოგრაფიას უკავშირდება. დეპუტატი იმედოვნებს, რომ ის მოლოდინი, რაც საზოგადოებაში სწორი მონეტარული პოლიტიკის მიმართ არსებობს, გვენეტაძის მიერ გამართლებული იქნება.
„ის ინფორმაციები, რაც ამ პიროვნების გარშემო შევაგროვე, მხოლოდ დადებითია. დიდ იმედებს ვამყარებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი წევრი ახალ ხელწერას შეიტანს, ბანკის საქმიანობას გამჭვირვალეს გახდის და მართვის ახალი სტანდარტები იქნება“, - აცხადებს ქუცნაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური კი არ მალავს, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის რეკომენდაციამ მოახდინა. მეჭიაური ამბობს, რომ პარლამენტმა კობა გვენეტაძეს შანსი მისცა, რომ საბჭოს წევრი გახდეს, თუმცა მისი პრეზიდენტობა საბჭოს დანარჩენი წევრების გადასაწყვეტია.
„არ დამიმალავს, რომ მას რეკომენდაცია პრემიერ-მინისტრმა გაუწია. მის მიმართ პოზიცია არც ძალიან უარყოფითი მქონდა და არც ძალიან დადებითი. ცოტა უფრო ნეიტრალური ვიყავი. ვინაიდან, მას რეკომენდაციას კვირიკაშვილი უწევს და როცა მკვეთრად გამოხატული საწინააღმდეგო პოზიცია არ გამაჩნია, მისთვის მხარი რატომ არ უნდა დამეჭირა?“, - დასძენს მეჭიაური.
გვენეტაძემ ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ ნდობაც მოიპოვა. for.ge-სთან საუბარში ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რომ მისი გადაწყვეტილება განპირობებული იყო გვენეტაძის კვალიფიკაციით.
„ის ძალიან კვალიფიციური ადამიანია, პარტიებთან ასოცირებული არ ყოფილა და საუბრებიდან დავრწმუნდი, რომ ეს ის ადამიანი არ არის, რომელიც რომელიმე ძალის მიერ მართული იქნება. ძალიან დიდი შიში მქონდა, რომ კანდიდატის შერჩევისას „ოცნების“ გავლენა“ იქნებოდა, მაგრამ მგონია, რომ ეს ადამიანი ასეთ პიროვნებად არ გადაიქცევა“, - დასძენს ჯაფარიძე.
რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის განწყობას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის მოსაზრებით, პარლამენტმა კობა გვენეტაძის მხარდაჭერით ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა.
კობა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რაც ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებად შეფასდა.
„სამწუხაროდ, კობა გვენეტაძეს მხარი არ დაუჭირა ნაციონალრი მოძრაობის არც ერთმა წევრმა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ პარტიის სახეს, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო არა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ვიწროპარტიული ინტერესებიდან. მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია საკუთარი პარტია, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკა და დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი კი აცხადებს, რომ კობა გვენეტაძე ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვერ გადაჭრის და პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს. „საჭიროა ძალიან ქმედითი ზომები მთავრობამ მიიღოს, ეს შეეხება ეკონომიკური აქტივობის გაზრდას, ეს არის ექსპორტის გაზრდა, ხარჯების შემცირება, ეს არის დეკრიმინალიზაცია, ამ ნაბიჯების გარდა ერთი კობა გვენეტაძე, რა თქმა უნდა, ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, ამიტომ ეს პასუხისმგებლობა დღეს არის მთავრობაზე. თუ მთვარობამ არ გადადგა ნაბიჯები ეროვნული ბანკის ვერც ერთი წევრი ამას მარტო ვერ გამოასწორებს“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
მართალია, გვენეტაძემ პარლამენტის ნდობა მოიპოვა, მაგრამ მას ნდობის მოპოვება ეროვნული ბანკის საბჭოშიც მოუწევს, რადგან პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატს საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან წარუდგენს. პოლიტიკურ კულუარებში კი საუბრობენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი, საბჭო მარგველაშვილს გვენეტაძის კანდიდატურას არ წარუდგენს, ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საბჭოს სხვა წევრს არ დაამტკიცებს.