„ევროკავშირის მოკავშირეობა ეკონომიკური კუთხით იქნება - ექნებათ მცდელობა, ქართული ეკონომიკა ფეხზე დადგეს“

„ევროკავშირის მოკავშირეობა ეკონომიკური კუთხით იქნება - ექნებათ მცდელობა, ქართული ეკონომიკა ფეხზე დადგეს“

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი მოკავშირეები და არა სატელიტები“, - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი სომხურ გამოცემა „მედიმაქსთან“ ინტერვიუში.

ევროკომისრის თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს.

რაც შეეხება უშუალოდ სომხეთს, მოგერინის აზრით, ევროკავშირი სომხეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. უფრო მეტიც, ევროპელებსა და სომხებს შორის კავშირები უხსოვარი დროიდან არსებობს და ახლაც ძლიერი კავშირები ევროკავშირსა და სომხეთს შორის სარგებლის მომტანი იქნება არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, არამედ - მთელი რეგიონისთვის.

ქართული საზოგადოების ნაწილი დღემდე დავობს, ჩვენ დასავლეთის სატელიტები ვართ თუ რეალური მოკავშირეები?! პირველი მოსაზრების სასარგებლოდ ძლიერ არგუმენტად ითვლება ის ფაქტი, რომ, როცა ჩვენ აგვისტოს ომის დროს გაგვიჭირდა, ჩვენი დასავლელი მეგობრებისგან მხოლოდ შეშფოთება, წყალი და პამპერსები მივიღეთ.

ფედერიკა მოგერინის ახლანდელი განცხადება ხომ არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონს უფრო მეტ ანგარიშს გაუწევენ და სატელიტის ნაცვლად მის ძლიერ მოკავშირედ გადაქცევაზე იზრუნებენ?!

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩვენ ევროკავშირისა და დასავლეთის არც მოკავშირეები ვართ და არც სატელიტები. უბრალოდ, ჩვენ ვართ „ნახლებნიკები“ და ეს რუსული სიტყვა ძალიან კარგად გამოხატავს საქართველოს მდგომარეობას.

პოლიტოლოგის თქმით, მოგერინი პროფესიონალი დიპლომატია და დიპლომატები იშვიათად ამბობენ ხოლმე სიმართლეს. ამდენად, მოგერინის რომ ეთქვა, ჩვენ არ გვჭირდება „ნახლებნიკებიო“, ეს ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა, ამას მოჰყვებოდა მთელი ამბები და შესაძლოა, მოგერინის თანამდებობაც დაეკარგა. ამიტომ მან აირჩია დიპლომატიური უკიდურესობები, ტერმინები -„სატელიტი“ და „მოკავშირე“ და თქვა, ჩვენ გვჭირდება ძლიერი მოკავშირეებიო. თუმცა დღევანდელ მსოფლიოში რეალობა ისეთია, რომ სამხრეთ კავკასიას მინიმალური შანსიც არ აქვს ნატოს ძლიერი მოკავშირეობის. მეტიც, ნატოს ძლიერი მოკავშირე საერთოდ არ ჰყავს, რადგან ნატო თავად ძალზე ძლიერია და ამ დროს დანარჩენი სამყარო დაქუცმაცებულია, თუ არ ჩავთვლით ისლამურ სამყაროს, რომელიც სრულიად სხვა სიბრტყეშია.

„მოგერინის ეს ნათქვამი არის დიპლომატიური ეკვილიბრისტიკა. თანაც, ახლა მოდის მაისის სამიტი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ სამიტზე საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ იქცეს საქართველო ნატოს ძლიერ მოკავშირედ და არა - სატელიტად. ევროკავშირი ჩვენს მიმართ თავის პოლიტიკას ვერ გადასინჯავს. ჩვენ ვერ ვიქცევით დასავლეთის მოკავშირეებად. ელემენტარულად, გასაჭირში მყოფ ადამიანს ვერ მოსთხოვ, შენი პრობლემები დაივიწყე და ჩვენით იცხოვრეო. რაც შეეხება სომხეთთან მიმართებით მოგერინის დადებით ტონს, ეს მართლაც რევერანსია სომხეთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანის პრესა აჭრელებულია ინფორმაციით ლავროვის ეთნიკური წარმომავლობის შესახებ, რომ რუსულ დიპლომატიაში ლავროვის მინისტრობის უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში გაძლიერდა სომხური შემადგენელობა, თანაც მოგერინსა და ლავროვს შორის ძველი მეგობრობა არსებობს. როდესაც მოგერინის ირჩევდნენ ბარონესა ეშტონის ადგილას, მაშინ ევროპის პრესა მას ლავროვის მეგობრობაში ამხელდა. იტალია-რუსეთის მეგობრობა ბერლუსკონის დროიდან მოდის, მოგერინიც ამაში ჩართული იყო და ამიტომაც გამოარჩია ახლა სომხეთი. თორემ, მართლა მოგერინი უნდა იყო, რომ ენერგომატარებლების მქონე აზერბაიჯანის როლს შეუდარო სომხეთის როლი. ერთი სევანი იყო თავის თევზით-იშხანით და ის იშხანიც აღარ არის სევანში. სომხეთი როგორ უნდა იყოს ევროკავშირის მთავარი ან მეორეხარისხოვანი სავაჭრო პარტნიორი, რა აქვს სომხეთს გასაყიდი? მხოლოდ გარგარი“?! -აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

ამასთან, პოლიტოლოგი განმარტავს, რომ სომხები, როგორ ყოველთვის, ჭკვიანურად მოქმედებენ, პრინციპით - „ჭკვიანი ხბო ორ ფურს წოვს“. თვითონ ერევნელი სომხები რუსეთზე მუშაობენ, ევროპელი სომხები კი - ევროპაზე. უფრო მეტიც, ერთი ანალიტიკური სტატიაც არ ყოფილა ევროპულ პრესაში, სადაც გაკრიტიკებული იქნებოდა სომხეთის საგარეო პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. ევროპელ სომხებს არ გაუკრიტიკებიათ რუსულ სატელიტად სომხეთის გადაქცევა. თუმცა, როგორც ჩანს, სომხურ დიპლომატიას ევროპაში ჩვენზე მეტი გავლენა აქვს.

„ჩვენ ვამბობთ, რუსს როგორ დაველაპარაკებიო, ამ დროს სომხები რუსს ხელსაც ართმევენ, მაგრამ იმათ უფრო მეტი ფასი აქვთ ევროპაში, ვიდრე ჩვენ. ამაზე სომხური ლობიც მუშაობს. თვითონ მოგერინის განცხადების მთელი არსი იქითკენაა მიმართული, რომ მაისის სამიტზე ისეთი ელასტიური ფრაზა ჩაგვიწერონ, რათა საბაბი ჰქონდეთ ჩვენს თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებს, გააგრძელონ გია ბარამიძის რიტორიკა და თქვან, მაპზე მეტი მივიღეთო. არადა, მთელი შესაძლებლობები ამოიწურა. მეტი რაღა გინდათ, ჩავიდა ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე უელსში და სულ ღვარღვარი ცრემლები ჩამოსდიოდა, თუ არ მიგვიღებთ, მსოფლიო რუკიდან წავიშლებითო. გული ვერავის აუჩუყა, მერე იმის ცოლმა სხვა კურსი აიღო და ცოტა მუქარა დაიწყო, თქვენ არ გეგონოთ, მარტო თქვენზე ვიყოთ დამოკიდებულნიო. არც ამან იმოქმედა. აპატურაიმ კი ღია ტექსტით გვითხრა, დიდი ბოდიშით, მაგრამ რუსეთის გამო ვერ მიგიღებთო. ჩემთვის აპატურაის ნათქვამს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე მოგერინის და სხვების“.

როგორ აღგვიქვამს დასავლეთი - მოკავშირეებად თუ სატელიტებად და რა შეიცვლება ამ ურთიერთობაში?! ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ერთია საომარი მოქმედებები, როცა ქვეყანა აგვისტოს ომშია ჩართული და მოკავშირისგან ჩვენს მხარეს ომში ჩართვას ვითხოვთ და მეორეა - არასაომარი ვითარება, ქვეყნის განვითარება და მშვიდობიანი ურთიერთობა.

„ევროკავშირს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ყოფილიყო დამკვირვებლის პოზაში ზოგადად კავკასიასა და საქართველოსთან მიმართებით. ევროკავშირის სატელიტები ვერაფრით ვიქნებოდით, რადგან საამისო არანაირი მექანიზმი არც ევროკავშირს და არც ჩვენ არ გაგვაჩნდა. დღესდღეობით ევროპასა და მსოფლიოში ვითარება იცვლება. მნიშვნელოვანი იყო ამერიკის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის განცხადება, როცა ის საქართველოზე ლაპარაკობდა და ამბობდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც საქართველოს აქვს, ეს არის ეკონომიკური პრობლემა. ამ ჭრილში თუ განვიხილავთ, ევროპას მართლაც სჭირდება კავკასიაში მისი პარტნიორი ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიბერალიზაციასთან ხელმოწერილი დოკუმენტის შემდეგ, როცა უვიზო რეჟიმი შემოვა ძალაში, ევროპისთვის მნიშვნელოვანი იქნება, ქართველები სამუშაოდ ევროპაში კი არ წავიდნენ, არამედ აქვე მოძებნონ თავიანთი სამუშაო ადგილები. ამიტომ მოკავშირეობა უფრო ეკონომიკური კუთხით იქნება და, ალბათ, ექნებათ იმის მცდელობა, ქართული ეკონომიკა ფეხზე დადგეს.

უკრაინის მოვლენების შემდეგ დასავლური ხისტი მიდგომა - ან ევრაზიულ კავშირში, ან ევროკავშირში, ფაქტობრივად, შეიცვალა. როგორც ჩანს, კომპრომისულ ვარიანტს ეძებენ, რადგან ამ დამოკიდებულებამ უკრაინაში გამოიწვია მძიმე ვითარება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე და განმარტავს, რომ ანალოგიური ვითარებაა სომხეთთან მიმართებითაც - ევროკავშირში მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროცესი. ამიტომ, როცა ლაპარაკია სომხეთზე, ევროკავშირს სურვილი აქვს და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, სომხეთთან ურთიერთობები ააწყოს. შესაძლოა, ეს ურთიერთობა იმ დონის და იმ ხარისხის არ იყოს, როგორც საქართველოსთან მიმართებით, მაგრამ ეს ურთიერთობა ხვალინდელი და ზეგინდელი პერსპექტივის გათვალისწინებით აიგება.