აზიზიეს მეჩეთის ბათუმში აშენების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა!

აზიზიეს მეჩეთის ბათუმში აშენების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა!

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ”ობიექტივთან” საუბრისას, არც ადასტურებს და არც უარყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეზე, მიხეილ მახარაძეზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ბათუმში თურქეთის მოთხოვნით აზიზიეს მეჩეთი აღარ აშენდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ტელეფონით ვესაუბრეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვებისა და მიმდინარე პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსს, პაატა გაფრინდაშვილს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მიხეილ მახარაძეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები, ისტორიულ ტაოში ოთხი ქართული ძეგლის (ოთხთა, იშხანი, ოშკი, ხანძთა) რესტავრაციის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებენ თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებთან; საინფორმაციო საშუალებებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, არაერთხელ გაკეთებული განცხადების თანახმად, ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ თურქეთი ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებასთან ერთად მოითხოვს რესტავრაცია გაუკეთდეს ქობულეთის რაიონში, სოფელ კვირიკეში არსებულ ხის ჯამეს, ადიგენის რაიონში მხარჯავის მეჩეთს და ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე არსებულ კომპლექსს, სადაც დღეს სახელმწიფო მუზეუმია განთავსებული.

ამ თემაზე მასალის მომზადება 11 მაისს, სააგენტო ”პირველის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულმა, ასეთი სათაურის მქონე ინფორმაციამ განაპირობა - მიხეილ მახარაძე: "ბათუმში მეჩეთი არ აშენდება". აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეზე დაყრდნობით, ”პირველის” ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ასეთი გახლავთ”:

”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ მახარაძის ინფორმაციით, ისტორიული ძეგლების აღდგენის შესახებ თურქეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ბათუმში მეჩეთი არ აშენდება.

როგორც "პირველს" მახარაძემ განუცხადა, საუბარი თურქეთის კულტურის ცენტრის აშენებაზე მიმდინარეობს და თურქული მხარე ამ პირობაზე თანახმაა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი საკითხია შესათანხმებელი და მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში სავარაუდოდ, არ დასრულდება.

”ეს საკითხი გადაწყვეტის მომენტში არ არის. უნდა შევაჯეროთ პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რამდენად გვიღირს ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტა. საქმე შესანიშნავ ეკლესიებს - იშხანს, ოშკს, ხახულს, ოთხთას ეხება. რაც შეხება თურქული მხარის მოთხოვნას, მე ამ მოლაპარაკებებში ჩართული არ ვარ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ამ ეტაპზე საუბარი არა ბათუმში მეჩეთის აშენებაზე, არამედ თურქული კულტურის ცენტრზეა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პოზიცია ასეთია და ისინი, დღევანდელი მდგომარეობით, ამაზე მოდიან. აზიზიეს მეჩეთის ადგილას ახალი თუნდაც იმიტომ ვერ აშენდება, რომ იქ ახლა ქართველი გმირების საფლავებია.

მეჩეთის წინააღმდეგი არ ვართ, კულტურულ ცენტრზე ვთანხმდებით. თანაც, ბათუმში მეჩეთი არის და თუ იგი მომლოცველებს ვერ აუდის, გაფართოებაზე ან რესტავრაციაზე შეიძლება, იყოს საუბარი. ჯერ-ჯერობით ეს პოზიციაა და ხვალ და ზეგ როგორ წავა საქმე, სხვა საკითხია. საბოლოო აზრი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, არადა ტაძრების აღდგენა გვიანდება. შემოდგომაზე თურქეთში ვიყავი და ეს ეკლესიები კატასტროფულ მდგომარეობაშია",- განაცხადა მახარაძემ და დასძინა, რომ აღნიშნული საკითხი იოლო გადასაწყვეტი არ არის და ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რაც ხელშეკრულების გაფორმებას აფერხებს.

რაც შეხება საპატრიარქოს მოთხოვნას, მოლაპარაკებებში ჩართვის შესახებ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის აზრით, ”როდესაც ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური საუბარი მიმდინარეობს, მესამე მხარის ჩართვა, როგორც წესი, არ ხდება”.

”ყველა ქართველი გარკვეულწილად, სულიერი მემკვიდრეა ამ ტაძრებისა, მაგრამ დღესდღეობით ეს თურქეთის ძეგლებია. როდესაც 2005 წელს თურქეთში ვიყავი, არსად იყო დაფიქსირებული, რომ ეს ეკლესიები ქართველების მიერ იყო აშენებული, თუმცა, ბოლო ხანებში შესაბამისი წარწერები გაჩნდა. ასე რომ, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივდივართ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს საკითხი 1-2 თვეში გადაწყდება”, -  დასძინა მახარაძემ.

ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, ნათია მურაჩაშვილს ვესაუბრეთ, რომელმაც ამავე სააგენტოს ნებართვებისა და მიმდინარე პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსთან, პაატა გაფრინდაშვილთან გადაგვამისამართა. ჩვენ შორის ასეთი საუბარი შედგა:

ბატონო პაატა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მიხეილ მახარაძეზე დაყრდნობით სააგენტო ”პირველით” გავრცელებული განცხადება, რომ ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აღარ აშენდება?

პაატა გაფრინდაშვილი: ვერ გეტყვით რა ინფორმაცია გავრცელდა. მე უბრალოდ, მოგახსენებთ, რომ თურქეთთან ურთიერთშეთანხმების მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კარგად ვიცით, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ჩვენი უნიკალური ძეგლები უნდა აღდგეს და ასევე, თურქული მხარე ითხოვს საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული ძეგლების აღდგენას.

მაგრამ ეს ჯერ არის მოლაპარაკებების პროცესი, როდესაც ორი მხარე თანხმდება. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. ჩვენ ვიცით ქართული მხარე იქ რა ძეგლებს ვაკეთებთ, მაგრამ თურქულ მხარეს რაც შეეხება, ჯერ იმის დაზუსტება მიდის,  საქართველოს ტერიტორიაზე რომელი ოსმალური ძეგლების აღდგენა მოხდება. ამ ეტაპზე მხოლოდდამხოლოდ ამ კომენტარის გაკეთება შემიძლია, ხოლო როცა  საბოლოო გადაწყვეტილება იქნება, უკვე დეტალურად მოგახსენებთ, თუ კონკრეტულად რომელი ძეგლების აღდგენა მოხდება ჩვენს ტერიტორიაზე.

რას იტყვით იმაზე, რომ ისტორიულ ტაოში ქართულ ძეგლებს ცნობილი თურქი არქიტექტორი აღადგენს, რომელსაც ნამუშევარი აქვს ბერძნული ტაძრების რესტავრაციაზე?  ესაა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია.

-ეს ჩემთვის აბსოლუტურად ახალი ინფორმაციაა. როდესაც  თურქულ მხარესთან გვქონდა ორი შეხვედრა (თურქეთსა და საქართველოში), საუბარი იყო იმაზე, რომ ყველა ძეგლს, რომელიც არის თურქეთის ტერიტორიაზე, აღადგენენ მხოლოდამხოლოდ ქართველი სპეციალისტები, როგორც არქიტექორ-რესტავრატორები, ასევე ამ საქმეში აბსოლუტურად იქნებოდა ჩართული მხოლოდამხოლოდ ქართული მხარე. ანუ მე ამაზე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. თქვენგან მესმის პირველად, რომ ქართული მხარე ამ აღდგენების მონაწილე არ იქნება.

”ობიექტივმა” ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისტორიულ ტაოში ქართული ძეგლების აღდგენის საკითხს სათავეში ცნობილი თურქი არქიტექტორი ჩაუდგება, ძალიან სარწმუნო წყაროსგან მოიპოვა. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ქართული ძეგლების აღდგენის საქმეში ქართული მხარე მონაწილეობას არ მიიღებს - სარწმუნო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ საქმის სათავეში იქნება თურქი არქიტექტორი! ეს კი თურქული მხარის მოთხოვნით, ხელშეკრულებაშიც ჩაიწერება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ მახარაძის პასუხები ”ობიექტივის” მიერ დასმულ კითხვებზე ასეთია:

ბატონო მიხეილ, რაზე დაყრდნობით განაცხადეთ ის, რომ აზიზიეს მეჩეთის ნაცვლად ბათუმში თურქეთის კულტურის ძეგლი აშენდება?

მიხეილ მახარაძე: რომ მკითხეს რას ფიქრობთ თურქეთში ჩვენი ძეგლების რესტავრაციაზეო, მე ვუთხარი, მეჩეთზე არ არის საუბარი, შეიძლება იყოს ლაპარაკი თურქეთის კულტურულ ცენტრზე, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის-მეთქი.

თუ შეიძლება დავაზუსტოთ - აზიზიეს მეჩეთი რეპლიკა აშენდება, მაგრამ შიგნით იქნება კულტურის ცენტრი?

-რას ლაპარაკობთ?! არავითარ შემთხვევაში.

აბა ჩვეულებრივი შენობა დაიდგმება?

-შენობაზე ჯერ არ არის საუბარი. ლაპარაკია ერთის მხრივ ჩვენი ძეგლების რესტავრაციაზე და მეორეს მხრივ თურქეთის კულტურული ცენტრის აშენებასა თუ შექმნაზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილი არ არის, ამაზე წინადადებები არსებობს.

ეს რას ნიშნავს - რომელიმე არსებული შენობა შეიძლება გადაკეთდეს თურქეთის კულტურის ცენტრად?

-ეს არსებულ შენობაში იქნება თუ ახალი აშენდება, აქამდე საქმე არ მისულა, რადგან ჯერ უნდა შეთანხმდეს და შეთანხმებაზე ჯერ ლაპარაკი არ არის.

ეს უშუალოდ იმ ადამიანებისგან იცით, ვინც მოლაპარაკებას აწარმოებს?

-ეს საერთო აზრია, ვინც მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობდა. მე ამ პროცესში მონაწილეობას არ ვღებულობ.

კონკრეტულად ვისია ეს საერთო აზრი?

-ნუ ახლა, ეგ უკვე საინტერესო არ არის. გასაგებია ხომ ყველაფერი?! კარგად ბრძანდებოდეთ.