სანდრა რულოვსის სიის პირველად ნომრად დასახელებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ადასტურებენ. გიგა ბოკერიას განცხადებით, ყოფილი ლედი ქვეყნის ღირსეული და გამორჩეული მოქალაქეა, თუმცა ინფორმაცია, რომ სიის პირველი ნომერი იქნება, სიმართლეს არ შეესაბამება.
გავრცელებული ინფორმაციით კი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე, სანდრა რულოვსი იქნება და როგორც ამბობენ, რულოვსი საკუთარ პოლიტიკურ ბედს სამეგრელოში ცდის.
for.ge-სთან ამ ვერსიებზე ექსპეტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.
სანდრა რუსლოვსის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რომელიც არ არის საქართელოს მოქალაქე, ისევ აქტიურად არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში?
გია ხუხაშვილი: სანდრა რუსლოვსის ჩართვა საარჩევნო პროცრესში ირიბი შეხსენებაა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი რჩება ქართულ პოლიტიკაში. ეს არის გარკვეული პოლიტ-ტექნოლოგიური ნაბიჯი. ანუ, ირიბად სანდრა რულოვსი განასახიერებს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე და ბუნებრივია, რომ არჩევნებშიც ვერც მიიღებს მონაწილეობას.
რატომ გაკეთდა აქცენტი სამეგრელოზე?
- რატომ სამეგრელო?- იმიტომ რომ, თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ერთ-ერთ ძლიერ სვლად ითვლებოდა სანდრა რულოვსის მიერ მეგრულ ენაზე შესრულებული სიმღერა. რატომღაც ითვლებოდა, რომ ამ სიმღერით სანდრა რულოვსმა სამეგრელოსთან ზეპოლიტიკური კავშირი დაამყარა.
რამდენად ეფქტური იქნება ეს ნაბიჯი ახლა?
- მე ვფიქრობ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სულ რომ ყურებზე გაიაროს, რესურსი იმისა, რომ ელექტორალური ბაზა გაზარდოს, ძალიან მცირეა. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაზე მეტი მხარდამჭერი ნაციონალებს სწორედ სამეგრელოში ჰყავთ. ვერ ვიტყვით, რომ ეს ძალიან ბევრია, მაგრამ ყველაზე ძლიერად თავს სამეგრელოში გრძნობენ. მთავარი მაინც ის არის, რომ სანდრა რულოვსის მონაწილეობა პირდაპირ სააკაშვილის მონაწილეობას ნიშნავს და ამის ირიბი ხაზგასმაა.
საარჩევნო პროცესში რულოვსის მაშველი რგოლოვით ჩართვა, რამდენად იქნება შედეგზე ორიენტირებული?
- ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და ახლაც ვიტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის მატების შესაძლებლობა ძალიან შეზღუდულია. რამდენიმე პროცენტზე შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია. თუმცა, ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არ არის არჩევნების მოგება. მათი ტაქტიკური ამოცანაა „ქართული ოცნების“ წაგება, რომ ვერ მოიპოვონ უმრავლესობა და არა ის, რომ თვითონ მოიგონ და მერე უკვე საპარლამენტო ალიანსებზე იფიქრონ.
ერთ-ერთ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატებისთვის აუცილებელია ახალი სახეები. წარმატების გარანტი იქნებიან სანდრა რულოვსი, გიორგი ქადაგიძე, დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ოთარ კახიძე, ზაზა ბიბილაშვილი და ნიკა მელია?
- ეს არის მცდელობა იმისა, რომ ადამიანებს დაავიწყონ ის დანაშაული, რის გამოც ქართველმა ხალხმა ვერდიქტი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ არ ესმით, რომ ადამიანების ცნობიერებაში ის დანაშაული მარტო კონკრეტულ ადამიანებთან არ ასოცირდებოდა, არამედ ამას სისტემური დანაშაულის სახე ჰქონდა. შესაბამისად, თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“ ბრენდია დაზიანებული და არა კონკრეტული ლიდერები.
ამ დაზიანებული ბრენდის გადარჩენას შეძლებს ეს ხუთეული, რომლებიც პირდაპირ ასოცირდებიან ძალადობრივ რეჟიმთან?
- რასაკვირველია - არა. პიროვნებების ცვლილებამ შეიძლება მხოლოდ რამდენიმე პროცენტი შესძინოს პარტიას, განსაკუთრებით გაბრაზებული ადამიანების სახით, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ მიემხრობიან, არამედ „ქართული ოცნების“ ჯინაზე მისცემენ ხმას და ასეთი ადამიანების რაოდენობა მთელს ელექტორალურ სპეტრში მინიმალურია.
ნაციონალების ზეამოცანაა დაახლოებით 20%-მდე ავიდნენ. მაგრამ მათი 20%-მდე ასვლა „ქართული ოცნების“ ექსკლუზიური ძალაუფლების მოპოვების შანსს ამცირებს. წარმოიდგინეთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ ვერ მოიპოვებს უმრავლესობას, საკუთარი ძალებით ვერ დააკომპლექტებს უმრავლესობას და იძულებული გახდება შექმნას საპარლამენტო კოალიცია. ეს უკვე პარლამენტის შიგნით „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუქმნის გარკვეული ტაქტიკური მოძრაობის ჩატარების საშუალებას. ვფიქრობ, რომ დღევანდელი პოლიტიკა უფრო ორეტაპიანია, არა საკუთრივ არჩევნებზე გათვლილი - პირველი ეტაპია არჩევნებამდე პერიოდი, მეორე ეტაპია პოსტსაარჩევნო პერიოდი, როდესაც შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეები მოხდეს, ვიდრე საკუთრივ არჩევნებზე.