„მანამდე არავის არაფერი ეტკინოს, მე გოგი თოფაძეს არ გავემიჯნო“

„მანამდე არავის არაფერი ეტკინოს, მე გოგი თოფაძეს არ გავემიჯნო“

ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა, ამ ფონზე კი, გოგი თოფაძესთან დაპირისპირებული „რესპუბლიკელები“ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან არსებული კომუნიკაციის ინტენსივობით თავს იწონებენ, „მრეწველები“ კი, საპირისპიროს აცხადებენ და მთავრობის ხელმძღვანელს „მოუცლელ კაცად“ მიიჩნევენ.

გიორგი კვირიკაშვილი უმრავლესობაში ვის რა ინტენსივობით ხვდება, ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ კოალიციის წევრებს, მათ შორის, „რესპუბლიკელებს“ გიორგი კვირიკაშვილთან ყოველდღიური სამუშაო ურთიერთობა აქვთ, რომელიც გაგრძელდება.

უსუფაშვილის თქმით, ყოველგვარი მცდელობა, რომ საკითხი დაყვანილი იქნას „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის რაიმე კონფლიქტამდე, იქნება არა მხოლოდ არასწორი, არამედ წარუმატებელი.

„აქ ყველა ერთგული უნდა ვიყოთ. ჩვენ კოალიციის სადამფუძნებლო დოკუმენტების ერთგულნი ვიქნებით, ეს იქნება საგარეო ორიენტაციის საკითხები თუ იმ ტიპის თემები, თუ ვინ არის ეროვნული გმირი და ვის ნაბიჯებს უნდა გაჰყვეს ქართველი ხალხი ისტორიული წარსულიდან?! ეს საკითხები არასასურველია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გარდაუვალია. ყველას ვთხოვ, რომ ასეთ საკითხებს ძალიან ფრთხილად მოვეკიდოთ. ეს ქვეყნის, ხელისუფლებისა და კოალიციის თემაა, რომელსაც ადეკვატურად მოევლება“, - დასძინა უსუფაშვილმა, რომლის განცხადებას გამოეხმაურა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე.

for.ge-სთან საუბარში ტყემალაძე განსაკუთრებულ აქცენტს უსუფაშვილის განცხადების იმ ნაწილზე აკეთებს, რომელიც პრემიერ-მინისტრთან „რესპუბლიკელების“ ურთიერთობას ეხება. ტყემალაძის თქმით, დავით უსუფაშვილის განცხადებაში, რომ „რესპუბლიკელები“ პრემიერს ხშირად ხვდებიან, ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ორ პარტიას შორის გაუგებრობაა, „მრეწველებს“ პრემიერი არც უნახავთ, არც შეხვედრიან და არც ტელეფონით უსაუბრიათ.

„ამაში არაფერი პრობლემა არ არის. მოუცლელი კაცია და არ შევხვედრივართ, მას ამის სურვილი არ გამოუთაქვამს. შეხვედრის მცდელობა არც ჩვენ გვქონია. უსუფაშვილმა თქვა, „ყოველდღიური სამუშაო ურთიერთობა“ გვაქვსო და ღმერთმა ხელი მოუმართოთ“, - დასძენს ტყემალაძე, რომელიც პოლიტსაბჭოს სხდომის ვერც დანიშვნაში და ვერც არდანიშვნაში პრობლემას ვერ ხედავს, ხოლო პრემიერ-მინისტრის „ქართულ ოცნებასათან“ შეხვედრაზე ფიქრობს - „როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ საჭირო ასე იყო“.

„ამის შემდეგ, არაფერი ვიცი და ვერაფერს გეტყვით. არ შეიძლება, ადამიანს თავის შეცდომაზე მიუთითო, თუნდაც, ეს თავდაცვის მინისტრი იყოს? ეს საგარეო კურსზე უნდა განიხილებოდეს? - ეს ხომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს?! - ჩვენ დაპირისპირება არ წამოგვიწყია. ხიდაშელის არაკორექტულ განცხადებაზე პასუხი გოგი თოფაძემ გასცა, ხოლო დავით ბერძენიშვილმა მკვახედ მომიწოდა, რომ განცხადება გამეკეთებინა, რომ თოფაძეს გაემიჯნეთო. მანამდე არავის არაფერი ეტკინოს, მე გოგი თოფაძეს არ გავემიჯნო. რატომ უნდა გავემიჯნო? - მას არც მე და არც პარტიის სხვა წევრები არ გავემიჯნებით. არავის არ ვებრძვით. გვებრძვიან და მათ ვპასუხობთ, რაშიც პრობლემა არ არის“, - დასძენს ტყემალაძე.

პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე. როგორც for.ge-ს კვაჭანტირაძემ განუცხადა, სხდომის მოწვევის თაობაზე მისი პოზიცია ცოტა განსხვავებულია.

„პოლიტსაბჭოს სხდომისადმი როგორც საზოგადოების ნაწილს, ასევე პრესას მაღალი მოლოდინი აქვს და მიაჩნიათ, რომ პოლიტსაბჭომ კოალიციის მომავალისთვის რაღაც რადიკალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რაც არასწორია. გოგი თოფაძის მოსაზრება ფრაქციის მოსაზრება არ არის. თუკი ფრაქციის მოსაზრებაა, მაშინ საქმე სერიოზულად ყოფილა, მაგრამ მსგავსი სიგნალი არ მიგვიღია, რომ ისინი კოალიციური შეთანხმების რომელიმე პუნქტს არ ეთანხებიან. აქედან გამომდინარე, სუფთა სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს კითხვები არ დგას. ამ ეტაპზე, თოფაძის განცხადებების გამო პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, მაგრამ პოლიტსაბჭოს სხდომა ზოგიერთ საკითხებთან დაკავშირებით მოწვეული მაინც იქნება“, - აღნიშნავს კვაჭანტირაძე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი კი პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

for.ge-სთან საუბარში ვოლსკი აცხადებს, რომ ეს თემა პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილული უნდა იყოს, ხოლო სხდომა რა ფორმატში იქნება და მას ვინ დაესწრება, ეს მეორე საკითხია. ვოლსკის თქმით, თუკი კოალიციის ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი შეეცდება, რომ ეს საკითხი პოლიტსაბჭოს გარეშე მოაგვაროს და გადაწყვიტოს, ეს მისასალმებელია, მაგრამ პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს, რადგან იქ ამ საკითხებზე მკაფიო პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს.

„საუბარი არ არის „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის მომხდარ შელაპარაკებაზე. როცა კოლეგას ელაპარაკები, კორექტული უნდა იყო და ისეთი გამონათქვამები არ უნდა გამოიყენო, რომელიც კოლეგას შეურაცხყოფას აყენებს. ეს ორივე მხარეს ეკუთვნის, მათ შორის ყველას - უმრავლესობაში. ადამიანის ბუნებას ვერ შეცვლი და სწორი გადაწყვეტილება იყო, როცა „რესპუბლიკელები“ და „მრეწველები“ განცხადებებს აღარ აკეთებდნენ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

დეპუტატის განცხადებით, არსებულ ვითარებას რატომღაც „რესპუბლიკელების“ და „მრეწველების“ კონფლიქტი დაერქვა და კონფლიქტი მართლაც არის, მაგრამ არაკორექტულობა ორივე მხრიდან იყო დაშვებული.

„არის კითხვები როგორც საგარეო კურსის, ასევე საშინაო პოლიტიკის მიმართებაზე და ეს „რესპუბლიეკლების“ ან „მრეწველების“ თემა არ არის, ეს სახელმწიფოს თემაა, რომელსაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე პასუხები უნდა გაეცეს. მნიშვნელობა არ აქვს, ბატონი გოგი ვის ედავება. ის სახელმწიფოს ედავება, რომლის სავიზიტო ბარათია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. გარკვეულ თემასთან დაკავშირებით ინტერპრეტაციებია, მათ შორის, საგარეო კურსთან მიმართებაში. დეკლარაციას ვეთანხმებით, მაგრამ ამავე დროს ნატოსთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები გვაქვს“, - ამბობს კანონმდებელი.

ვოლსკი ნატოსთან დაკავშირებით თოფაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კითხვები გაჩნდა და არაკონსტრუქციულ ოპოზიციას საშუალება მიეცა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ თავისი ჩვეული მანერით იმოქმედოს.

„კითხვები წარმოიშვა და ამას პასუხი უნდა გაეცეს. თუკი პრემიერ-მინისტრი ამ საკითხს მოაგვარებს, იმის აუცილებლობა არ გვექნება, რომ პოლიტსაბჭოზე ერთმანეთთან კამათში შევიდეთ, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევა პრემიერმა უნდა გადაწყვიტოს და ეს ურთიერთკონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. მთავარი სიტყვა კოალიციის ლიდერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის“, - აცხადებს ვოლსკი, რომელიც პრემიერსა და ფრაქციის წევრებს შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება და ამბობს, რომ შეთანხმება მიღწეული იქნა, რომ კორექტულობა საჭიროა.

„მრეწველებსა“ და „რესპლიკელებს“ შორის დაწყებული დაპირისპირება საბოლოო ჯამში თუ რა სახეს შეიძენს, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ პარლამენტის ტრიბუნიდან, ორი კვირის წინ დაწყებული კონფლიქტი დღემდე გრძელდება. მხარეები ერთმანეთს ხან ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების კეთებაში ადანაშაულებენ, ხან ანტიფრაქციული საქმიანობის წარმართვაში. ამასთანავე, საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით, გოგი თოფაძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე და „საერთაშორისო გამჭირვალეობა - საქართველოს“ სარჩელის საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.