„თუ უნდათ, შეხვდნენ პრემიერს, თუ უნდათ, სულაც გადავიდნენ „ქართულ ოცნებაში - „გირჩის“ წევრები ხელისუფლებასთან უნისონში საუბრობენ“

„თუ უნდათ, შეხვდნენ პრემიერს, თუ უნდათ, სულაც გადავიდნენ „ქართულ ოცნებაში - „გირჩის“ წევრები ხელისუფლებასთან უნისონში საუბრობენ“

მიხეილ მაჭავარიანი „გირჩის“ წევრებს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს. მაჭავარიანს აინტერესებს, რატომ ითხოვენ „გირჩები“ პრემიერთან შეხვედრას? რაზე უნდა ესაუბრონ „გირჩი“ და პრემიერი ერთმანეთს? იქნებ, სასაუბრო თემა მარიხუანას დეკრიმინალიზაციაა, რითაც „გირჩები“ ძალზე დაინტერესებულნი არიან? ეს ხომ მოსახლეობისთვის სულაც არაა საინტერესო?!

საერთოდ კი, მიხეილ მაჭავარიანი ფიქრობს, რომ მისი გამოცდილების ადამიანს რაღაც მეექვსე გრძნობა აქვს განვითარებული, ამდენად, მისთვის საეჭვოა ცალკეული ფაქტები „გირჩთან“ მიმართებით. კერძოდ ის, რომ „გირჩი“ პარლამენტის სხდომებს არ ესწრება და პარლამენტში მაშინაც არ მიდიან, როცა მათ მიერ ინიცირებული კანონების განხილვა მიმდინარეობს.

„იმ დღეს კი მოცვივდნენ და თქვეს, პრემიერთან გვინდა შეხვედრაო. კვირიკაშვილიც უცებ გამოვარდა და პასუხი გასცა. ასე ოპერატიულად როგორ გაიგო, ნეტავი? ჩემი აზრით, პრემიერს „გირჩებმა“ მესიჯი მისწერეს: გიორგი, როგორც მოვილაპარაკეთ, ისეთი განცხადება გავაკეთეთო. ისიც მზადაა, „ნაციონალების“ ჯინაზე შეხვდეს. შეხვდეს, კაცო, მაგის მეტი სადარდებელი არ მოგვცა ღმერთმა. მე ის ვიცი, რომ ჯინაზე გაკეთებული საქმე არ გამოდის“, - აცხადებს მაჭავარიანი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მომავალ კვირას გიორგი კვირიკაშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის -„გირჩის“ წევრებს შეხვდება. პრემიერი არ მალავს, რომ ეკონომიკის მინისტრობის დროს ჰქონია შეხვედრები და დისკუსიები ზურაბ ჯაფარიძესთან და რაღაცებში თანხმდებიან, რაღაცებს კი შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, „ვიდრე ზურას ჰგონია და წარმოუდგენია“.

შედის თუ არა გადამწყვეტ ფაზაში ხიდჩატეხილობა „გირჩსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის და მართლაც გაურიგდა თუ არა „გირჩი“ ხელისუფლებას?

პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაჩიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე დაეტყო საარჩევნო სიების შედგენის სამზადისი და, როგორც ჩანს, ყველამ რაღაცით უნდა გამოიჩინოს თავი.

„კარგია, რომ მიშა მაჭავარიანს ჩვენ გავახსენდით. კარგია, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩვენ დაგვინახა, დიდი სიამოვნებით მივიღებთ ყველა გამონათქვამს, იმსჯელონ ჩვენზე და ილაპარაკონ. ზოგადად, ესეც ფაქტია, რომ ქართულ პოლიტიკაში იდეები აღარ არის. იდეები არც „ნაციონალურ მოძრაობაშია“, იდეები აღარ აქვთ „თავისუფალ დემოკრატებს“. მაშინ გაახსენდათ „გირჩები“, როდესაც ჩვენს ინიციატივებს ასე უაპელაციოდ იღებენ და ცოტა ფორმაშეცვლილად სთავაზობენ ხოლმე საზოგადოებას მიწების საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით?! პირდაპირ საბადოსავით მიაქვთ „გირჩის“ იდეები და ამას ხომ უნდა მოაყოლონ საყვედურები“, - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ და განმარტა, რომ პრემიერთან შეხვედრა „გირჩს“ და, კონკრეტულად, ზურაბ ჯაფარიძეს თავიდანვე სურდა, რადგან „გირჩის“ ეკონომიკური პროგრამა ყველაზე გამართული, დეტალური, თამამი და სრულყოფილია, რაც საქართველოს ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს და ეს ძალიან კარგად იციან „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. მით უმეტეს, რომ ნაციონალები თვითონაც იყვნენ იმ პროცესის შემხედვარენი, როცა ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად ხდებოდა გარკვეულ კონცეფციებზე ფიქრი და მუშაობა. ასე რომ, პრემიერთან შეხვედრა სულაც არ იქნება ნაციონალების ჯიბრით.

ხომ არ ახმოვანებს მიხეილ მაჭავარიანი სააკაშვილის შეხედულებებს „გირჩის“ შესახებ?! გოგა ხაჩიძე ეჭვობს, მიხეილ სააკაშვილი იჯდეს და ფიქრობდეს, მიშა მაჭავარიანმა რა უნდა თქვას „გირჩის“ შესახებ. პირიქით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან აცხადებს, რომ უნდა მოხდეს პარტიის სრული განახლება. ყოველ შემთხვევაში, ღიად ასე ლაპარაკობს და ეს ყველას მოსმენილი აქვს. ამ სრული განახლების კონტექსტში კი მიხეილ მაჭავარიანის ლოგიკა არცთუ კარგად გამოიყურება.

„ჩვენი მთავარი იდეაც ხომ ეს იყო? რატომ წამოვედით და რატომ დავტოვეთ „ნაციონალური მოძრაობა“? სწორედ იმიტომ, რომ სრული განახლებისთვის ეს პარტია მზად არ იყო. ამიტომ ვამბობთ მეც, პალიკო კუბლაშვილიც, გოგი მელაძეც, რომ ჩვენ აღარ ვაპირებთ, გავაგრძელოთ პოლიტიკაში ყოფნა, დეპუტატობა, რაღაც თანამდებობის დაკავება. საქართველოში უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ ძველმა, მორალურად გაცვეთილმა, ამდენი ხნის ნამუშევარმა პოლიტიკოსებმა შეძლონ გადადგომა და უბრალოდ კი არ დაემშვიდობონ, წავედით, კარგად იყავით, არამედ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ახალი ადამიანები მოვიდნენ პოლიტიკაში, ახალი იდეებით, ახალი თავებით, ახალი აზროვნებით. ამ კონტექსტში „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზული პრობლემები აქვს.

თუ რატომ არ ვესწრებით პარლამენტის სხდომებს, ნამდვილად ვერ დავდებ თავს, რომ ბატონ მიხეილ მაჭავარიანზე უკეთესად ვიცი რეგლამენტი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი უფლებები, კონკრეტული ინიციატივები და ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ, როდის დავესწროთ სხდომებს, რა საკითხზე ვიმსჯელოთ და სხვა“, - გვითხრა გოგა ხაჩიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ „გირჩის“ ახლანდელმა წევრებმა საპარლამენტო უმცირესობიდან წასვლის მიზეზები ნორმალურად არ განმარტეს. ამდენად, როდესაც არ არსებობს სხვა პოლიტიკური მიზეზი, ბუნებრივად ჩნდება სრულიად საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის გარიგება ამ ხელისუფლებასთან. ამ ეჭვებს ამძაფრებს ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ეს ოთხი ადამიანი წავიდა და შექმნა თავისი პოლიტიკური ორგანიზაცია, მათი კრიტიკული ტონალობა აბსოლუტურად გაქრა და ისინი ხელისუფლებასთან უნისონში საუბრობენ ბევრ პოლიტიკურ საკითხზე.

უფრო მეტიც, როდესაც ეს ხელისუფლება მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის დემონსტრაციულად იგნორირებას ცდილობს, თავს ესხმის მის ოფისებს და ნებისმიერ საშუალებას არ თაკილობს, რომ როგორმე დააზიანოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ამ პირობებში მისი კარი ღიაა „გირჩებთან“ სასაუბროდ. ეს კი ნუგზარ წიკლაურისთვის საკმარისი მიზეზია, იფიქროს, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება ამ პოლიტიკურ ორგანიზაციაში, წინასწარ არის კონსულტირებული ხელისუფლებასთან.

არ უნდა შეხვდეს „გირჩი“ პრემიერს? ამ შეკითხვის საპასუხოდ, ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ „ეს ჩვენი საქმე არ არის. უნდათ, შეხვდნენ პრემიერს, უნდათ, სულაც გადავიდნენ „ქართულ ოცნებაში“. „გირჩი“ არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც რაიმე სახის სერიოზული შედეგის მიღება შეუძლია ამ არჩევნებზე. უბრალოდ, ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი მათი საქმიანობა დღეს მიმართულია არა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, არამედ სრულიად უნიჭო და უგერგილო თავდასხმებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“. დღეს გოგა ხაჩიძეს ისეთი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, რომელიც არ შეესაბამება იმ პოლიტიკურ სიმაღლეს, რასაც ეს ადამიანი ადრე იკავებდა“.