„მაღაროელებს როგორც 2012 წელს, შეიძლება, ახლაც ისე ატყუებდნენ, რომ რადიკალური ზომებით ხელფასები გაეზრდებათ“

„მაღაროელებს როგორც 2012 წელს, შეიძლება, ახლაც ისე ატყუებდნენ, რომ რადიკალური ზომებით ხელფასები გაეზრდებათ“

მთავრობა დათმობაზე მიდის და ტყიბულელ მაღაროელებს საგადასახადო შეღავათებს შეუნარჩუნებს, თუმცა, მაღაროელები მიღწეულით უკმაყოფილონი არიან და გაფიცვას განაგრძობენ. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შესაბამის კანონებში ცვლილებები უკვე მოამზადა და პარლამენტს ორშაბათის ბიუროს სხდომაზე წარუდგენს, თუმცა, ტყიბულში გაფიცული მაღაროელები უკან დახევას არ აპირებენ და ისინი ხელფასების 40 პროცენტით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას კვლავ ითხოვენ.

კომპანია - „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ მაღაროელებს ხელფასის ხუთი პროცენტით გაზრდას ორი თვის შემდეგ სთავაზობს, თუმცა, მაღაროელები შეთავაზებას არ თანხმდებიან.

მაღაროელების გაფიცვა რა შედეგით დასრულდება, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ ტყიბული და მაღაროელების პრობლემა მმართველ გუნდში დაპირისპირების საფუძველი გახდა. ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელისო ჩაფიძემ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და საგადასახადო შეღავათების დაწესება მოითხოვა, რაც უმრავლესობის წევრების გაღიზიანების მიზეზი გახდა. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი ჩაფიძეს იმ წესებში ჩახედვას ურჩევს, რომლითაც ზოგადად, გადაწყვეტილებები მიიღება.

ჟორჟოლიანის განცხადებით, ყველა დეპუტატმა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანმა უნდა იცოდეს, პრობლემა როგორ გადაწყვიტოს და საკუთარი პოპულარობისათვის განცხადებები არ უნდა აკეთოს.

„საგადასახადო შეღავათების თაობაზე შესაბამისი ცვლილებები ინიცირებულია და ეს ცხრაჯერ ვთქვი. ეს ქალბატონი ელისოს ინიციატივა არ ყოფილა და პროექტის ავტორები მე, გია ვოლსკი და მირიან წიკლაური ვართ. მას ამის ნახვა თუ არ უნდა, ვერასოდეს ვერ ნახავს“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ჟორჟოლიანისგან განსხვავებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი კახიანს ჩაფიძის პოზიციები ესმის, რადგან ის ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატია და ის პრობლემები აწუხებს, რაც ტყიბულშია.

„ელისოს პოზიციები ჩემთვის ძალიან ახსნადია, რადგან ის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია და მას ამომრჩევლის წინაშე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს. მას ის პრობლემა აწუხებს, რომელიც იქ არის. მისი განცხადებები შეიძლება უფრო ემოციური იყოს, ვიდრე პარლამენტის სხვა წევრების, მაგრამ ეს ახსნადია, უბრალოდ, პრობლემიდან გამოსავალი უნდა ვეძებოთ“, - განუცხადა for.ge-ს კახიანმა.

დეპუტატი ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული და მედიაციის ფუნქციის რეალიზაციას ახდენს.

„სამწუხაროა, რომ ეს კონფლიქტი აქამდე გაგრძელდა და კონსესუსამდე მისვლა ვერ მოხერხდა. მოლაპარაკებებს სხვა ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ, მხარეები უნდა დასხდნენ და რისი გათვალისწინებაც შეიძლება, კომპანია დათმობებზე უნდა წავიდეს“, - აცხადებს კახიანი.

ნუკრი ქანთარია კი ფიქრობს, რომ ჩაფიძე ზოგჯერ, მთლად ლოგიკურ განცხადებებს არ აკეთებს. როგორც for.ge-ს ქანთარიამ განუცხადა, მაღაროელების პრობლემები ახალი არ არის და მათ ეს პრობლემები ყოველთვის ჰქონდათ, მაღაროელებს კერძო პატრონი ჰყავთ და მათი პრეტენზიების ძირითადი ადრესატი ისაა, რადგან სახელმწიფოს რისი საშუალებაც ექნება, შეეცდება, რომ მათ დაეხმაროს.

„ადრესატია სწორად საპოვნი. მაღაროელებმა გარემო დაკვირვებით უნდა შეაფასონ და ეს თემა რომელიმე პარტიის მიერ ქულების მოპოვების საფუძველი არ უნდა გახდეს, რისი ტენდენციაც ჩანს. ელისოს პოზიცია გასაგებია იმდენად, რამდენადაც ის მაჟორიტარია და მას ეს პრობლემები ეხება. ალბათ, ის შუაგულში იმყოფება და შეიძლება, ამ ემოციურ ატმოსფეროში, ზოგჯერ, მთლად ლოგიკურ შეფასებებსაც არ აკეთებს, მაგრამ მისი განცხადებები მისი სურვილიდან გამომდინარეობს, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა მოხდეს“, - აცხადებს ქანთარია.

უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე კი, კოალიციაში კომუნიკაციის ნაკლებობაზე ჩაფიძის განცხადებას ეხმაურება.

for.ge-სთან საუბარში კვაჭანტირაძე ამბობს, რომ კოალიციაში კომუნიკაცის პრობლემა არ არის და, მით უმეტეს - ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“.

„ელისოს მხრიდან კითხვები რატომ გაჩნდა, ამას ფრაქციის უახლოეს სხდომაზე გავარკვევთ“, - აცხადებს კვაჭანტირაძე. ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია კი, მაღაროელებს აფრთხილებს, რომ კანონის ფარგლებს არ გასცდნენ. დეპუტატის თქმით, ტყიბულში არსებული ვითარება სერიოზულ მიხედვას საჭიროებს.

„ძალიან დეტალურად უნდა იქნეს განხილული მაღაროელების მოთხოვნები, მაგრამ დაწესებულებაში უკანონო შეჭრა გაფიცვის ფარგლებს სცდება. აქედან გამომდინარე, მათ კანონით დადგენილ ფარგლებში უნდა ისარგებლონ და მედიაციის პროცესში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებს“, - დასძენს კორძაია.

მაღაროელების პრობლემას ეხმაურება ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი. როგორც for.ge-ს კუბლაშვილმა განუცხადა, ამ ტიპის პრობლემები ქვეყანაში ყველგან არის, რადგან ეკონომიკაა მძიმე მდგომარეობაში.

მისი თქმით, ტყიბულის პირობებიდან გამომდინარე, მაღაროში მუშაობას გადამწყვეტი და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ქალაქი მაღაროს გარეშე ვერ იარსებებს.

„პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით და ჩარევით მაღაროს აღდგენა დაიწყო და ერთ-ერთი ვიყავი ის, ვინც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მაქსიმალურად ცდილობდა, რომ მაღარო ინვესტორისთვის მისაღები ყოფილიყო. 2006 წლის შემდეგ, მაღაროს მუშაობამ ქალაქში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალა და ადამიანები დასაქმდნენ. 2012 წლის შემდეგ, მდგომარეობა ნაბიჯ-ნაბიჯ უარესდებოდა და ამის ბოლო წერტილი იყო ის, რაც შეღავათებს უკავშირდებოდა. ეს შეღავათები იმისთვის არსებობდა, რომ მაღაროელებს შემოსავალი 3000 ლარამდე არ იბეგრებოდა და მთავრობამ ეს შეღავათი გააუქმა. სხვათა შორის, ეს ის თემაა, რომელზეც კოალიცია ამბობდა, რომ ეს შეღავათი პალიკო კუბლაშვილს ჰქონდა გაუქმებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს შეღავათები ძალაში ყოფილა და ქუჩაში ხალხი ამის გამო გამოვიდა. მათი გადაწყვეტილების მესმის“, - აცხადებს კუბლაშვილი.

კანონმდებელი ფიქრობს, რომ ამ პროცესებს რაიმე სხვა გაგრძელება არ აქვს გარდა მშვიდობიანი შეთანხმებისა - დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის.

დეპუტატის განცხადებით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ის რაც თავისი კანონით დააშავა, აღდგეს.

კუბლაშვილის შეფასებით, ტყიბული ძალიან ახლოსაა იმ ვითარებასთან, რომელიც შეიძლება მძიმე შედეგებით დასრულდეს.

„როგორც დასაქმებულს, ასევე დამსაქმებელს მაღაროს მუშაობის მნიშვნელობა უნდა ესმოდეთ. კადრები ვნახე და მათი აბსოლუტური უმრავლესობა მაღაროსთან არანაირ კავშირში არ არის. ძალიან ცუდია თუკი, ვიღაცეები გარედან სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ. ადმინისტრაციულ შენობაში შევარდნები კონტრპროდიქტიული და დაუშვებელია. ეს ორივე მხარეს დააზიანებს. ვიღაცეებმა მაღაროელების პრობლემებით მანიპულირებას თავი უნდა დაანებონ. მარაროს გაჩერება მძიმე იქნება. ის, რომ 14 დღეა მოპოვება არ მიმდინარეობს, მძიმე დარტყმაა ქალაქისთვის. ვისაც უნდა რომ ქალაქი გადარჩეს, ეს ყველაფერი მწარმოებლის დაზიანების ხარჯზე არ უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნავს კუბლაშვილი.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მუშებისთვის სამუშაო პირობები უნდა შეიქმნას, რადგან მათი შრომა ყველაზე მძიმეა, მაგრამ პირობების შექმნა ისე შეიძლება, რომ ადამინები თავს დაჩაგრულად არ გრძნობდნენ.

„მესმის, რომ 2012 წლამდე რაც იყო ანაზღაურება, საკმარისი არ იყო, მაგრამ ეს კიდევ უფრო შემცირდა. მეშახტეებს დაპირდნენ, რომ ხელისუფლება მათ კრედიტებს დაფარავდა და ამიტომ მათ მხარი სხვებს დაუჭირეს. მინდა, ეს ფაქტი მარაროელებს გავახსენო და ვუთხრა, რომ როგორც მაშინ ატყუებდნენ, ასე შეიძლება ახლაც ატყუებდნენ, რომ რადიკალური ზომებით მათი ხელფასები გაიზრდება. სამწუხაროდ, ეს არ მოხდება, ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ შეთანხმების გზით ეს გაუგებრობები დავასრულოთ და ვამუშაოთ ქალაქი და მაღარო“, - დასძენს კუბლაშვილი.