ბერძენიშვილი შოთაძეს აფრთხილებს - „არც თინა და არც თამარ ხიდაშელი არ გადადგებიან“

ბერძენიშვილი შოთაძეს აფრთხილებს - „არც თინა და არც თამარ ხიდაშელი არ გადადგებიან“

„მრეწველებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის დაწყებული პოლიტიკური დაპირისპირება სამართლებრივ ჭრილში გადავიდა. მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიება დაიწყო.

საგამოძიებო ორგანოს სარჩელით „საერთაშორისო გამჭრივალობა - საქართველომ“ მიმართა, თუმცა, „რესპუბლიკურ პარტიაში“ პროკურატურისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესების საეჭვოდ დამთხვევაზე მიანიშნებენ, მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს აფრთხილებენ და მიიჩნევენ, რომ ვარშავის სამიტის წინ, ქვეყანას იმის უფლება და ფუფუნება არ აქვს, რომ თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფოს ასეთი ფონი შეუქმნას.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიასა და თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრის, თინა ხიდაშელის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიებს შორის პარალელებს დეპუტატები არ ავლებენ, თუმცა, ისინი დაინტერესებულ მხარეებზე მიანიშნებენ.

როგორც for.ge-ს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, მისი გუნდი პროკურატურასთან ითანამშრომლებს, თუმცა, ის პროკურატურის საქმიანობაში ვერ ჩაერევა, რომელმაც მიიჩნია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს“ ინტერესი უნდა დააკმაყოფილოს.

დეპუტატის შეფასებით, საგარეჯოს არჩევნები პატიოსტნად ჩატარდა და კოალიციამ ოპონენტი ორთაბრძოლაში დაამარცხა.

„საქმის გამოძიებაში პრობლემას ვერ ვხედავთ, უბრალოდ, არც ერთი ქვეყანა თავს იმის უფლებას და ფუფუნებას არ მისცემდა, რომ ვარშავის სამიტის წინ საკუთარ თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფოს ასეთი ფონი შეუქმნას. ობიექტური გამოძიების შედეგად რასაც დაადგენენ, იმას წინასწარ ვეთანხმები, რადგან დაადგენენ, რომ თავდაცვის მინისტრს ცილს სწამებენ და არასწორად ეპყრობიან. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი წლების მანძილზე არ გაიჭიმება და პროკურატურას მოვუწოდებ, საქმე გამოიძიოს და ჭეშმარიტება დაადგინოს“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

კანომდებელი ამბობს, რომ პროკურატურას სრული უფლება აქვს, რაც სურს, ის გამოიძიოს, თუმცა, ვიღაცეების ინტერესი კარგად იკითხება და პროკურატურა არაფერ შუაშია.

„ეს ვისი ინტერესია, არ ვიცი, მაგრამ არ მგონია, ჩვენი კოალიციიდან იყოს. ეს იმის ინტერესში შედის, რომელსაც არ სურს, საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე რაიმე წარმატება ჰქონდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროკურატურაზე ეჭვი მაქვს. უბრალოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და პროკურატურის ინტერესი იმ ხალხის ინტერესებს უცნაურად ემთხვევა, რომელთაც სურთ, ვარშავის სამიტის წინ საქართველოს პოზიციები სუსტი იყოს. ამაზე ვერ ავღელდებით, რადგან ცამდე მართალი ვართ. ფიქრი, რომ ბარემ ხიდაშელი გადადგეს, ასეთ სისულელებს ნუ ელოდებიან, რადგან ასეთ რაღაცას ადგილი არ ექნება. არც თინა და არც თამარ ხიდაშელი არ გადადგებიან, რადგან მათ დიდი საქმეები აქვთ გასაკეთებელი“, - დასძენს ლევან ბერძენიშვილი, რომლის მსგავსად, ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მოუწოდებს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელთან დაკავშირებულ თემებს ოპერატიულად ძალიან მკაფიო პასუხი გასცეს.

for.ge-სთან საუბარში ძმის მსგავსად, დავით ბერძენიშვილი ხიდაშელისა და ალასანიას საქმეებს შორის პარალელებს არ ავლებს და ამბობს, რომ მას არ სურს, მოვლენებს წინ გაუსწროს.

დეპუტატის მოსაზრებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ პროკურატურას მიმართა, რომელსაც საგამოძიებო ორგანო ერთ საათში გამოეხმაურა და პროკურატურისა და ორგანიზაციის ეს რაღაც მოულოდნელი და უცნაური დაახლოებაა.

„არ ველოდები, რომ ხიდაშელის წინააღმდეგ ანტიკამპანიას რაიმე წარმატება მოჰყვება. თუკი ვინმეს იმედი აქვს, რომ ხიდაშელისა და მისი ძალის წინააღმდეგ კამპანიას წარმატებული იქნება, მას იმედგაცრუება ელოდება. ანტიდასავლური ძალები ისევ ისე დამარცხდებიან, როგორც არაერთხელ დამარცხდნენ. იმედი მაქვს, რომ პროკურატურა ამ საქმეს ძალიან სწრაფად და ოპერატიულად შეისწავლის. მგონია, რომ საქმის არაღძვრის გადაწყვეტილება უფრო ჭკვიანური იქნებოდა, მაგრამ ეს მათი საქმეა. პროკურატურა უნებურად არ უნდა იქცეს პოლიტიკური კამპანიის შემადგენელ ნაწილად“, - აღნიშნავს დეპუტატი.

ბერძენიშვილი მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძესაც მიმართავს და აფრთხილებს, მისდაუნებურად პოლიტიკური თამაშების მონაწილედ არ იქცეს.

„საქართველოს მთავარ პროკურორსა და მთავარ პროკურატურას სერიოზული პასუხისმგებლობა დაესკისრა, რადგან თოფაძე, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელია, თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებით გამოდის. თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ხელისუფლებიდან გაგდებული ბრეგაძე უხამსი ბრალდებებით გამოდის. ასვეე არჩევნებში დამარცხებული ირმა ინაშვილი ბრალდებებით გამოდის და თავდაცვის მინისტრის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ეს ყველაფერი ნებსით თუ უნებლიედ საქართველოს პროდასავლური კურსის ინტერესებს არ ემსახურება. ვიღაცა ამას შეგნებულად აკეთებს, ვიღაცა - გამოუცდელობით. ირაკლი შოთაძეს მოვუწოდებ, ხიდაშელთან დაკავშირებულ თემებს ოპერატიულად ძალიან მკაფიო პასუხი გასცეს და ის მისდაუნებურად პოლიტიკური თამაშების მონაწილედ არ იქცეს“, - დასძენს ბერძენიშვილი. პროკურატურასთან თანამშრომლობის სურვილს გამოხატავს ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძე.

for.ge-სთან საუბარში თოფაძე აცხადებს, რომ მას არჩევნებთან დაკავშირებით, რა შენიშვნებიც ჰქონდა, ეს საჯაროდ თქვა.

მისი მოსაზრებით, დარღვევები იყო და ადგილზე ხალხის ჩაყვანა მოხდა.

„ეს კანონდარღვევა არის თუ არა, ეს პროკურატურამ უნდა გაარჩიოს, მაგრამ მე სხვა რაღაცას ვდარდობ. პროკურატურაში კარგი გუნდი ჩამოყალიბდა და თუკი არ აღიარებენ, რომ საარჩევნოდ დარღვევები იყო, ოპონენტები შემდეგ პროკურატურას მოსდგებიან, რომელიც ძლივს დალაგდა და იქ ახლა ნორმალური შემადგენლობაა. თუკი ამ ზეწოლას გაუძლებენ, მერე რაც მოხდება ვიცი. შემდეგ პროკურატურას გააკრიტიკებენ, რომელიც დღეს მშვენივრად მუშაობს“, - აცხადებს თოფაძე, რომლისგან განსხვავებით მცირე კომენტარით შემოიფარგლება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე.

როგორც for.ge-ს ტყემალაძემ განუცხადა, პროკურატურას სრული უფლება ჰქონდა, ის გადაწყვეტილება მიეღო, რაც მიიღო. მისი თქმით, თუკი პროკურატურა მოკვლევას ჩაატარებს, ეს მათი პრეროგატივაა.

„ამ თემაზე მეტ შეფასებას არ გავაკეთებ და კოლეგებსაც მოვუწოდებ, რომ დაწყნარდნენ და პროკურატურის საქმიანობაში ნუ ჩაერევიან“, - დასძენს ტყემალაძე. პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ წევრებიც.

for.ge-სთან საუბარში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ საქმის გამოძიება თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ არ არის, პირიქით, პროკურატურის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხზე სპეკულირება დასრულდეს.

„ვისაც სურს, რომ სიმართლე დადგინეს, ის ამას უნდა მიესალმოს და არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები აღარ იარსებებს“, - აღნიშნავს სესიაშვილი.

უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე კი ფიქრობს, რომ საქმის გამოძიებისთვის შესაბამისი დრო არ არის შერჩეული.

როგორც for.ge-ს კვაჭანტირაძემ განუცხადა, ის იმ მოსაზრებას ეთანხმება, რომ ვარშავის სამიტის წინ და შესაძლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ, ასეთი პროცესები საქართველოს ინტერესებში არ შედის. დეპუტატის განცხადებით, ლაპარაკია იმაზე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პრეტენზია არსებობდა და შეიძლება, საფუძველი ესეც გახდა, რომ ასეთი სარჩელი შეიტანეს, მაგრამ ეს ყველაფერი დროში ძალიან ცუდად ჟღერს.

„ეს „ქეისი“ დღეს შეიქმნა, როცა შეიძლებოდა, რომ ეს არჩევნების კვალდაკვალ შექმნილიყო და კითხვები მაშინ გასჩენოდათ. ეს ხდება მაინცდამაინც დღეს, როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან ასე ახლოს მივდივართ. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს სასამართლოს, პროკურატურას მიმართოს და კითხვები მოხსნას, რაშიც ცუდი არაფერია, მაგრამ დროის თვალსაზრისით, ეს ქვეყნის ინტერესებში არ შედის და ეს კარგი არ არის. „რესპუბლიკელები“ ამას გარკვეულწილად, არაუმიზეზოდ პარტიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას უკავშირებენ, რაც თვალნათლივია“, - აცხადებს კვაჭანტირაძე.

რაც შეეხება ოპოზიციის განწყობას, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე ფიქრობს, რომ საქმის გამოძიება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გამო არ მოხდა და შეიძლება, ეს ერთმანეთს დროში დაემთხვა.

მისი განმარტებით, ფორმალურად, პროკურატურას საქმის გამოძების ვალდებულება გააჩნია, როცა საჯაროდ ინფორმაცია ცხადდება შესაძლო დანაშაულის ფაქტის შესახებ.

„ასეთი განცხადება გოგი თოფაძემ გააკეთა და ამაზე მეტი მიზეზი და საბაბი პროკურატურას არ გააჩნდა. სამიტის წინ საქმის გამოძიება სასურველი არ არის, მაგრამ ნეგატიური მხარე პოზიტივს ვერ გადაფარავს, რადგან ერთხელ და სამუდამოდ ამ თემაზე საუბარი უნდა დამთავრდეს. თინას ინტერესში შედის, რომ პროკურატურის მხრიდანაც ითქვას სიმართლე“, - განუცხადა for.ge-ს შავგულიძემ, რომელიც კოლეგების მსგავსად, ალასანია-ხიდაშელის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიებს შორის პარალელებს არ ავლებს.

შავგულიძის განცხადებით, ალასანიას მიმართ განხორციელებულ რეპრესიებთან ამ საქმის შედარება იგივეა, რაც ნიავი ქარიშხალს შეადარო.

„მაშინ, ალასანიას წინააღმდეგ სრული სახელისუფლებო მანქანა ამოქმედდა, პრემიერმა ის პოსტიდან გაათავისუფლა და ადამიანები დაიჭირეს. ის კანონები, რასაც უმრავლესობა იღებს, პირდაპირ საერთაშორისო სტანდარტებს გვაშორებს და თანდათანობით ჩრდილოელი მეზობელის მსგავსი კანონმდებლობა შემოდის. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა დასავლეთზე მიმართული არ არის, როცა არაფორმალური მმართველობა ხდება“, - დასძინა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ საქართველოს პროკურატურა პარლამენტის წევრის მიერ გაკეთებული განცხადებებით უნდა დაინტერესდეს, რადგან მათი მოსაზრებით, პოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად, ის განცხადებები, რომელიც დანაშაულის ჩადენის შესაძლო ფაქტებს შეიცავენ, სამართალდამცავთა მხრიდან რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.