ხელისუფლების და მისი პოლიტიკის კრიტიკა ახალი არ არის, თუმცა ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა შემთხვევები, როდესაც საინფორმაციო სივრცე მთლიანად ნეგატივით არის გაჯერებული. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ სოციალური და მედიასივრცე მთლიანად კრიმინალურ ამბებს ჰქონდა დათმობილი და რაკი მსგავსი რამ იშვიათობა არ არის, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ეს არის ვიღაცის მიერ მართული მიზანმიმართული პოლიტიკა თუ სოციალურ პრობლემებთან ერთად მართლაც გაზრდილია კრიმინალის ფონი და ერთი კონკრეტული დღის განმავლობაში 6-7 მკვლელობის გაშუქება მხოლოდ უბრალო დამთხვევაა.
ექსპერტი, არჩილ გამზარდია თვლის, რომ საინფორმაციო სივრცეში მსგავს სურათს მოვლენათა ერთობლიობა ქმნის.
არჩილ გამზარდია: ეს დამთხვევა არ არის, ეს არის რამდენიმე ფაქტორით განპირობებული, მაგალითად, იმით, როგორია მომხმარებელი ანუ მაყურებელი - ხშირად, ის ითხოვს ექსტრემალურ, ნეგატიურად დატვირთულ ინფორმაციას. ამის გარდა, ქართული მედია ჯერ კიდევ არ არის შეჩვეული თავისუფალ გარემოში მუშაობას. თავისუფალი ჰგონიათ ისეთი მედია, რომელიც ნეგატივზეა ორიენტირებული. მედიაც საკუთარ თავს ხედავს ძირითადად ხელისუფლების ოპოზიციონერობაში. ამაში ცუდი არაფერია, თუ ის მიზნად დაისახავდა მიმდინარე მოვლენების ასახვას, რომელიც მრავალფერივანია.
კიდევ ერთი ფაქტორია იმ მედიასაშუალებების არსებობა, რომლებიც მიზანმიმართულად მუშაობენ ნეგატიურ პროპაგანდაზე. არის ასეთი ინტერნეტმედია, პრესაც და ტელევიზიაც. მაშინაც კი, როდესაც სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც ხდება, არის შემთხვევები, როდესაც მთავარი თემა ხდება რომელიმე კრიმინალური შემთხვევა, რომლითაც იწყება საინფორმაციო გამოშვება. მსგავსი პოლიტიკა მხოლოდ ერთს ემსახურება - თავიდანვე მოხდეს მაყურებლის დაზაფვრა და ნეგატიური განწყობის შექმნა.
მაშინაც კი, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ქვეყანაში, მაგალითად რომელიღაც ობიექტის გახსნა, შეიძლება რაღაც ნეგატიურს დაუკავშირონ, შემდეგ ამას სხვა საინფორმაციო საშუალებებიც აიტაცებენ და ცდილობენ, თვითონაც დაუთმონ დრო იმ ამბავს, რომელზეც მოთხოვნა შეიქმნა.
ანუ მთლიანობაში ამ სხვადასხვა ფაქტორების ერთიანობით იქმნება ნეგატიური გარემო, სადაც ადამიანები თავს გრძნობენ ცუდად. წინა ხელისუფლების დროს პირიქით იყო, საინფორმაციო საშუალებები პოზიტივზე აკეთებდბნენ აქცენტს, რითაც ნეგატივის გადაფარვა ხდებოდა.
საქმე ისაა, რომ წინა ხელისუფლება თვითონ მართავდა ამ საინფორმაციო პოლიტიკას. ამ ხელისუფლებამ უარი თქვა და თვითდინებაზე მიუშვა, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ძალები ამ სიტუაციით სარგებლობენ და მათი გავლენის ქვეშ მყოფი საინფორმაციო საშუალებების დახმარებით ცდილობენ, ნეგატიური საინფორმაციო ველის შექმნას. შესაძლებელია თუ არა ისეთი უხეში ჩარევის გარეშე, რასაც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა ადგილი, საინფორმაციო ნაკადის მართვა და რეგულირება?
- წინა ხელისუფლების დროს თითქმის ყველა მედიასაშუალება მას ექვემდებარებოდა, მისი გავლენის ქვეშ იყო და საინფორმაციო სივრცის მიზანმიმართული მართვა ხორციელდებოდა, რომელსაც ასევე, პროპაგანდისტული ხასიათიც ჰქონდა. დღეს, რაკი ასეთი ამოცანა არ დგას, რატომღაც მედიასაშუალებები საკუთარ თავს ხედავენ აგრესიულ რიტორიკაში. ისინი, მით უმეტეს, ვინც ამ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებენ.
ეს ხომ საბოლოო ჯამში ამ ხელისუფლების რეიტინგზე მოქმედებს? ამასთან, არსებობს არაძალისმიერი მეთოდები, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ხელისუფლებამ საკუთარი პოზიტივის დომინირება მოახერხოს. თანაც, ახალი ამბავი არ არის, რომ მას პიარის სერიოზული პრობლემა აქვს. შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში სიტუაციის შეცვლა რამდენად შეიძლებოდა?
- ერთი მხრივ, ზუსტად ეს განსხვავებაა დემოკრატიულ და ავტორიტარულ ხელისუფლებებს შორის. თუმცა საქმე ისაა, რომ ეს ხელისუფლებაც არ ცდილობს საკმარისად საზოგადოებასთან ურიერთობას. მაგალითად, ოლიმპიადა რომ ჩატარდა საქართველოში, მეექვსე თუ მეშვიდე ამბად გაშუქდა, მაშინ როდესაც წინა ხელისუფლების ლიდერი მსგავს მოვლენებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა.
უნდა ვაღიაროთ, რომ სააკაშვილი საკმაოდ ძლიერი იყო პიარის საკითხში და მისი მონდომება საკმარისი იყო იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაცია შეეთავაზებინა, რაღაც მოვლენები შეექმნა.
დღევანდელ სახელისუფლებო სექტორს მთლიანად აღებულს, ამდენი ენერგია არ აქვს. კიდევ ერთი რამ - ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი გამოვა და ზოგჯერ ისეთ უცნაურ განცხადებას აკეთებს, რომ საზოგადოების ყურადღება აქეთ გადადის და საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები უკანა პლანზე რჩება.
ამ ხელისუფლებების პირობებშიც კი, ძალიან ხშირად, ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის დღის თემებს, თვლით რომ ხელისუფლებას ეს არ უნდა აღელვებდეს?
- როგორც ჩანს, თვითრეალიზაცია მოახდინეს 2012 წლის არჩევნებამდე, როდესაც იყვნენ უფრო ორგანიზებულები, აქტიურები და გახსნილები. ახლა, როგორც ჩანს, იმის გარდა, რომ ბევრი რამ დაულაგებელია, ერთიანი ხედვა არ არსებობს.
ყოველ წუთს თვალს ვადევნებთ, როგორი განსხვავებულია შიდა თემები. სადაც არა მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობაა - როდესაც ერთი ჯაჭვით არიან გადაბმულები და სხვადასხვა მხარეს ექაჩებიან იქ მოძრაობა არ ხდება.
ამის გარდა, პროპაგანდის ელემენტებში ოპოზიცია უფრო მოტივირებულია, ვიდრე ხელისუფლება და ისინი უფრო უკეთ ახერხებენ ორგანიზებას, იმდენად, რომ ზოგჯერ სხვა მოვლენებისთვის ადგილიც კი არ რჩება. ბუნებრივია, ეს ფაქტორიც მოქმედებს.
უცხოეთში ამ ყველაფერის რეგულირება როგორ ხდება? რამდენადაც ცნობილია განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც კი არ არის საინფორმაციო სივრცე თვითდინებაზე მიშვებული...
- იქ მუშაობენ ლობისტური ჯგუფები, რომლის მეშვეობითაც რეგულირდება ეს ყველაფერი, თუმცა, არა ძალადობით - განსხვავება ეს არის. ანუ, ის მედია რეალურად არის მეოთხე ხელისუფლება. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოება ბევრად უფრო შემდგარია, ამდენად, არსებობს სხვა მოთხოვნები. გარდა ამისა, ისინი არ ცხოვრობენ მუდმივად რევოლუციურ რეჟიმში - ეს განსხვავებაც არის, ამასთან პოლიტიკური კულტურის დონეც უფრო მაღალია. ამ განსხვავებების ერთობლიობა ქმნის უფრო თავისუფალ და ობიექტურ მედიაგარემოს.
შევარდნაძის ხელისუფლების დროს შეიქმნა ერთი ლობისტური კომპანია, რომელმაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეწყვიტა არსებობა. ამასთან, მისი აქცენტები ძირითადად, ბიზნესზე იყო გადატანილი. სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში რამდენიმე კომპანია არსებობდა, რომლებიც პიარით იყვნენ დაკავებულნი, ისინი დღესაც აგრძელებენ მუშაობას, თუმცა, არც მაშინ და არც ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოში ლობისტური ჯგუფები აღარ შექმნილა. არ არის დღეს ამ პროდუქტზე მოთხოვნა?
- დღეს ვისაც ლობისტური საქმიანობა შეიძლება სჭირდებოდეს, ის ხელისუფლებაში მოსვლაზე ოცნებობს. უცხოეთში კი ლობისტური მომსახურება ძირითადად, გავლენების მოსაპოვებლად ან გასაძლიერებლად სჭირდებათ და საერთოდ არ ფიქრობენ ხელისუფლებაში მოსვლაზე.
ამდენად, უცხოელი მედიასაშუალებების მფლობელების ინტერესებიც ბევრად განსხვავებულია ქართველი მედიამფლობელების ინტერესებისგან. თანაც, საქართველო პატარა ქვეყანაა და ლობისტური ინტერესებიც განსხვავებულია.