რის ფასად დაუჯდა ამერიკას რუსეთის დაყოლიება სირიაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ ყველასათვის მოულოდნელად, რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, 22 თებერვალს ამერიკის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ა.წ. 28 თებერვლიდან სირიის სამთავრობო ჯარებსა და ოპოზიციას შორის ცეცხლის შეწყვეტის მორატორიუმი გამოცხადდება. შეთანხმება არ ეხება ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომელთა წინააღმდეგაც ერთობლივი ღონისძიებები განხორციელდება.
პარალელურად, უცნაურ პოზიციას ამჟღავნებს პენტაგონი. რუსეთის „გაჰუმანურების“ შემდეგ ცოტა გაუგებარია, რამ განაპირობა პენტაგონის ინიციატივა რუსეთზე ზეწოლის გაზრდასთან დაკავშირებით.
უკვე გახმიანდა, რომ პენტაგონის ცენტრალური სადაზვერვო სამსახური და აშშ-ის გაერთიანებული შტაბი მოსკოვის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებისა და გადამწყვეტი ზომების მიღების მომხრენი არიან. პენტაგონის მეთაურმა ეშტონ კარტერმა, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა ჯონ ბრენანმა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ ჯოზეფ დანფორდმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე მოსკოვის ქმედებებს მწვავე შეფასება მისცეს, რუსეთზე ზეწოლის გამკაცრების ერთ-ერთ ვარიანტში სწორედ სირიის მხარდაჭერა იგულისხმეს და განმარტეს, რომ უნდა მოხერხდეს სირიის დაცვა მოსკოვის საჰაერო დარტყმებისაგან.
ამასთან, „Wall Street Journal“-ზე დაყრდნობით euronews.ge ხაზს უსვამს იმასაც, რომ აღნიშნული მაღალჩინოსნები რუსეთის მიერ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვაში დარწმუნებულნი არ არიან.
თუ გავითვალისწინებთ, რომ კარტერის, ბრენანისა და დანფორდის პოზიციამ მოსკოვთან მიმართებაში შესაძლოა, გავლენა იქონიოს პრეზიდენტ ობამაზე და მან გადამწყვეტი ზომები მიიღოს, მაშინ გასაკვირია, რას ნიშნავს პუტინის დროებითი მოთოკვა სირიის კონტექსტში?! რა დაუჯდა ობამას ეს მოლაპარაკება და რომელი თემები დათმო აგრესიულ რუსეთთან, რომლის დაბომბვის შედეგადაც სირიაში უამრავი უდანაშაულო ადამიანი ნადგურდებოდა?!
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ირაკლი ჩიქოვანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეჭვობს, ამერიკას ცალკეული საკითხები დაეთმოს, ან რაღაც გაეცვალოს რუსეთისთვის. რა თქმა უნდა, ჰიპოთეტურ დათმობებზე შეიძლება ვინმემ ილაპარაკოს, მაგრამ რეალურად არ ჩანს, დასავლეთი რაიმე ფორმით უკან იხევდეს. ის სანქციები, რაც რუსეთის წინააღმდეგ არსებობს უკრაინის ოკუპაციასთან დაკავშირებით, ძალაშია. აშკარაა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების პირდაპირი მხარდაჭერა- გაძლიერებაც. თუნდაც ის რად ღირს, რომ დღეს ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს ჯაველინები, ანუ ამერიკული ანტისატანკო შესაძლებლობები აქვთ შეიარაღებაში. ალიანსში საუბარია იმაზეც, რომ ევროპის სამხედრო ბალანსი ამერიკული ჯარების წარმომადგენლობით დაბალანსდეს, რადგან ის ამ ეტაპზე რუსეთის სასარგებლოდაა. ეს ყველაფერი კი რუსეთთან დათმობებზე არ მიანიშნებს.
უფრო მეტიც, ირაკლი ჩიქოვანის აზრით, რუსეთის ფედერაციამ ვერ შეძლო ისე დაეძაბა ურთიერთობები ირანსა და აშშ-ს შორის, რომ შეწინააღმდეგებოდა სანქციების მოხსნას და უდიდესი შესაძლებლობების გახსნას ირანისა და მთელი მსოფლიოსთვის თუ საქართველოსთვის. რუსეთმა ვერ შეძლო ვერც ოპეკის ნავთობმწარმოებელ სახელმწიფოებთან შეთანხმება ნავთობის ფიქსირებულ ფასთან დაკავშირებით. ასე რომ, რუსეთი უკვე განიარაღებული და სრულად იზოლირებული იქნებოდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სირიაში ცეცხლის შეწყვეტა რუსეთისთვის გამოცდასავითაა, თუ რამდენად შეძლებს ის პარტნიორობა გაუწიოს აშშ-ს და ევროპულ სახელმწიფოებს და რეალურად ხელი შეუწყოს მშვიდობის დამყარებას სირიაში.
„სირიაში ცეცხლის შეწყვეტა გარდაუვალი რეალობა იყო რუსეთის ფედერაციისთვის, რომელიც დაუმალავად მხარს უჭერდა ასადის ხელისუფლებას, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები და კოალიცია მხარს უჭერდნენ ოპოზიციურ ძალებს. საბოლოო ჯამში, ამ დაპირისპირებამ მოიტანა ის, რომ დღეს მიგრაციული თვალსაზრისით სრული კრიზისია ევროპაში, მოზღვავებულ მიგრაციულ ნაკადს იტალია, საბერძნეთი ვერ უძლებს. სირიაში დაპირისპირებული მხარეების მხარდაჭერამ მეორე პრობლემამდეც მიგვიყვანა, საუბარია რუსეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირებაზე. ამიტომ ეს კვანძი უკვე უნდა გახსნილიყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროპის სახელმწიფოები უკვე ფიქრობენ მასობრივ ფინანსურ დახმარებაზე თურქეთისთვის, რომელიც მილიონობით დევნილს იფარებს და 4 მილიარდზე მეტი დაუჯდა მათი შენახვა, მაშინ, როცა ევროპული სახელმწიფოებისგან მხარდაჭერის სახით მიღებულია მხოლოდ 200 მილიონამდე. ასე რომ, რეგიონში შექმნილმა კრიზისულმა ვითარებამ ყველა აქტორი დააინტერესა გამოსავლის ძიებაში.
ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ ეს გამოსავალი ეფექტურია, ამას აღსრულება სჭირდება, მაგრამ ეს წინგადადგმული ნაბიჯია. პრაქტიკულად, ვხედავთ, ბატონი პუტინი ძალზე ლიმიტირებულ შეხვედრებს ატარებს ევროპის ლიდერებთან, ამიტომ რუსეთი ეძებს შეხების წერტილებს ევროპასა და მსოფლიოსთან“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთმა ვა-ბანკზე შეაგდო ამერიკა, რადგან რუსეთი კარგავდა გავლენას და ბოლო შანსი ჰქონდა, სირიაში ცეცხლის შეწყვეტით ზეგავლენა შეენარჩუნებინა.
„სიმართლე გითხრათ, ამ შემთხვევაში, ალბათ, არც რუსეთია წაგებულ მდგომარეობაში და არც-ამერიკა. საერთოდ, ამერიკა წაუგებელ თამაშს თამაშობს, რუსეთი კი კარგავს ზეგავლენას სირიაში. ეს არის რუსეთის დამუხრუჭება სირიაში. არც ამერიკამ და არც რუსეთმა არაფერი არ დათმეს, პუტინს შესთავაზეს ცეცხლის შეწყვეტაზე ხელის მოწერა და მან ხელი მოაწერა. არა მგონია, პუტინზე იმან იმოქმედოს, პენტაგონი რომ რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებაზე საუბრობს, რადგან სანქციების გამკაცრებას კი არა, მე მგონი, რუსეთისთვის სანქციების მოხსნას აპირებენ ევროპელები“.
რა ფასად შეიძლება მომხდარიყო ცეცხლის შეწყვეტა სირიაში, ამასთან დაკავშირებით ექსპერტი ევროპის საკითხებში თემურ ბაქრაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მიუხედვად ამ საკითხის დიდი კონფიდენციალობისა, ასადმა გამოაცხადა, რომ სადღაც ორ თვეში არჩევნების ჩატარებას აპირებს. ამიტომ შესაძლებელია, არჩევნების წინ ძალების მიზიდვას აპირებდნენ მხარეები, თუ ვინ წარადგინონ და რომელი ძალები უნდა მოვიდნენ ასადის შემდეგ.
„ასადი რომ უნდა წავიდეს, ეს ნათელია. შესაძლებელია, ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკების საგანი ასადის მშვიდობიანად გასტუმრება იყოს. თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არა მგონია, რაიმე ობიექტურ საფუძველს ემყარებოდეს, რადგან ცეცხლის შეწყვეტა არ ეხება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს. მე ვერ წარმომიდგენია, ამერიკა და რუსეთი გაჩერდნენ და ამ დროს ისლამური სახელმწიფო დაშოშმინდეს. პირიქით, თუკი მხარეებმა შეწყვიტეს სამხედრო მოქმედებები, ისლამური სახელმწიფო განაგრძობს ძალმომრეობას და მათი სამხედრო შენაერთები აშკარად გადავლენ შეტევაზე თუ კონტრშეტევაზე. ამიტომ, მე მგონი, უფრო მძიმე შედეგს მოიტანს ცეცხლის შეწყვეტა, ვიდრე დღემდე იყო“,-აღნიშნა თემურ ბაქრაძემ და პენტაგონის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით.
მისი აზრით, რუსეთსა და ამერიკას შორის სირიაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდეგ რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრება ვერავითარ კონტექსტში ვერ ჯდება და ეს აუხსნელია. უფრო მეტიც, მოსალოდნელია, რომ 28 თებერვლის შემდეგ მდგომარეობა სირიაში უფრო გართულდეს, რადგან ამ თარიღს ემთხვევა ისლამური სახელმწიფოს კუდის მოქნევა, მისი ბოლო გაბრძოლება.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ რა დათმო ამერიკამ ან რუსეთმა და კულუარულად რაზე შეთანხმდნენ, ამის შესახებ, თავისი თანამდებობრივი პოზიციიდან გამომდინარე, საუბარი უჭირს, თუმცა იმედოვნებს, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესრულდება და უმძიმესი ვითარების დეესკალაცია დაიწყება. მით უფრო, რომ სირია ჩვენს რეგიონთან ძალზე ახლოსაა და იქაური დაძაბულობისა და სამოქალაქო ომის შედეგებს უკვე ვგრძნობთ.