2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით რვა თვე რჩება, ხელისუფლებაში კი, ოფიციალური კონსულტაციები არც საარჩევნო სიის თაობაზე დაწყებულა და არც საარჩევნო პროგრამის შესახებ, თუმცა პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით, რამდენიმე დეპუტატს პირობა უკვე მიღებული აქვს. კანონმდებელი იმ ადამიანებს არ ასახელებს, ვინც ეს პირობა მიიღო, თუმცა, დეპუტატი უმრავლესობას გაღვიძებისკენ მოუწოდებს და ახსენებს, რომ მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი თავად არიან და ვინმეს „ზემოთ ან ქვემოთ“ არ უნდა უყურონ.
პარტიულ დაპირისპირებასა და საარჩევნო თემატიკაზე, for.ge დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა:
კოალიციაში პოლიტიკური პროცესები იმდენად აირია, რომ უმრავლესობის წევრები ერთმანეთს უკვე ღიად უპირისპირდებიან. „რესპუბლიკელები“ „მრეწველებთან“ კონფლიქტში არიან, ელისო ჩაფიძე კი, ხელისუფლებას უპირისპირდება. რა ხდება ხელისუფლებაში?
- ვფიქრობ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, სადაც მეტი სიცხადე წინააღმდეგობებს მოხსნის.
„მეტ სიცხადეში“ რას გულისხმობთ - ის, რაც პოლიტიკურ კულისებში ხდებოდა, საჯარო უნდა გახდეს?
- რამდენიმე გამონათქვამი იყო, რომელმაც ყველა გააღიზიანა. მათ შორის, ასეთი შეფასება იყო, რომ კოალიციის შიგნით კონკურენცია არისო. თუკი კოალიციის შიგნით კონკურენციაა, მაშინ ეს სტიმულირებას სუბიექტებს შორის დაპირისპირებას უკეთებს. ამ ყველაფერმა ის გამოიწვია, რომ რამდენიმე სუბიექტი აფეთქდა. მიმაჩნია, რომ მეტი სიცხადე და მეტი კომუნიკაცია პრობლემებს მოხსნის.
ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ბრძოლა კოალიციაში ადგილის დამკვიდრებისთვის მიმდინარეობს?
- როცა შეფასება გაკეთდა, რომ სუბიექტებს შორის კონკურენციაა, რა თქმა უნდა, შეჯიბრი იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული და დამარცხებული უნდა იყოს. შეხედულებას არ ვიზიარებ, რომ კონკურენცია შეიძლება წარიმართოს ჩემსა და თქვენს დაპირისპირებაში. თუ რამე მოხდება, ეს დაკავშირებული უნდა იყოს მართვასთან და საპროგრამო დაპირებების რეალიზაციასთან დაკავშირებით. სამდურავი დაპირების შესრულება-შეუსრულებლობაზე უნდა გქონდეს და დისკუსია ამაზე უნდა მიდიოდეს.
ჩვენი კოალიცია დემოკრატიულია და განსხვავებული აზრის ქონის უფლება არათუ სუბიექტს, არამედ რიგით წევრსაც გააჩნია და ამით ვამაყობთ, რადგან ეს არ არის მონათა ერთობა, ან დარაზმულ პატრიოტთა ჯგუფი.
თქვენ საუბრობთ, რომ დისკუსია საპროგრამო დაპირებების შესრულებაზე უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა, ადგილი აქვს პოლიტიკური ინტერესებისთვის ბრძოლას...
- როცა ერთ პიროვნებას ეუბნებიან, რომ პარლამენტი უნდა დატოვოს, ხოლო მეორე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი, ეს უკვე სერიოზული ბრალდებებია. არსებული ვითარება რაც არ უნდა შევარბილო, ფაქტები თავისაზე მეტყველებენ. ზოგიერთმა არ დამიჯერა, როცა სამი კვირის წინ ვამბობდი, რომ მომლაპარაკებელი ინსტიტუტები დროზე ამოქმედებულიყო, რადგან არსებული წინააღმდეგობა დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა, რაც საბოლოოდ კონფლიქტის სახეს მიიღებდა. როგორც ჩანს, ეს ვიღაცას არ აწყობდა.
კონფლიქტის განმუხტვა ვის არ აწყობდა?
- ვისაც უფლებამოსილება ჰქონდა და არ ჩაერია. საჯარო განცხადებებით ამ ტიპის წინააღმდეგობების თუ კონფლიქტების აღმოფხვრა შეუძლებელია.
ამ უფლებამოსილ პირს „რესპუბლიკელებსა“ და „მრეწველებს“ შორის კონფლიქტის გაღვივება რატომ აწყობდა?
- ან გამოუცდელობის, ან იმ ყბადაღებული კონკურენციის გამო, რადგან მათ ჰგონიათ, რომ ერთმანეთში რაც უფრო მეტი იჩხუბებს, კოალიციაში მით უფრო მეტი ადგილი გათავისუფლდება. შესაძლოა, მიზანიც ეს იყოს.
ერთია, რომ ვიღაცას კოალიციაში დაპირისპირება აწყობს, თუმცა, მეორეა გოგი თოფაძის განცხადებები, რომელმაც საგარეჯოს არჩევნების გაყალბებსა და ჯარის გამოყენებაზე მიანიშნა. ეს კოალიციის საწინააღმდეგო ნაბიჯები არ არის?
- იმის თქმა, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების დაბრალებაა. ეს უკვე პარლამენტის სფეროს ცდება და სამართალდამცავ სფეროში გადადის, რის გამოც ამ სიტვებზე პასუხი ყველამ უნდა აგოს და საკუთარი ნათქვამის სისწორე-სიცრუე უნდა დაამტკიცოს. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, თოფაძემ თქვა, რომ ნატოში არ გვიღებენ, ხომ ხედავთო. რა თქმა უნდა, ეს დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკას ეწინააღმდეგება. რაც არ უნდა სირთულეები იყოს, ევროინტეგრაციის კურსი მყარად გვაქვს არჩეული და მის ერთგულ მონაწილეებად ვრჩებით. ამიტომაც ვამბობ, მომლაპარაკებელი ინსტიტუტები დროულად რომ ამოქმედებულიყო, ეს კონფლიქტი არ შედგებოდა, მაგრამ დაპირისპირება კონფლიქტში გადაიზარდა.
არ ფიქრობთ, რომ საზოგადოებაში შესაძლებელია განცდა გაჩნდეს იმის თაობაზე, რომ თუკი ხელისუფლება შიდა კოალიციურ პრობლემებს ვერ აგვარებს, ისინი ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს როგორ გადაჭრიან?
- კოალიცია ქვეყანას უკვე მეოთხე წელია მართავს. როცა ლევან მურუსიძეს ვუყურებ, ძალიან ვღიზიანდები და მიმაჩნია, რომ არ შეიძლება, მურუსიძე სასამართლო რეფორმის მამად ჩაითვალოს. მან პოსტზე არც არავინ უნდა დანიშნოს და არც უნდა გაათავისუფლოს. „ნაციონალური მოძრაობა“ არც 2003 წელს მომწონდა და უმცირესობაში ვიყავი, მაგრამ ამის მიუხედავად, იმ კანონებს ვემორჩილებოდი, რომელიც მათ მიერ მიღებული იყო და ჯოხითა და იარაღით ხელში ძალადობის წინააღმდეგ წამქეზებლად არ გამოვსულვარ. დემოკრატია იმის თმენასაც ითხოვს, რაც პატიოსანი და წესიერი ადამიანისთვის ეთიკურად მიუღებელია, მაგრამ ამის საპირწონე ძალადობა და დაპირისპირებაა, რაც კიდევ უფრო დიდი ბოროტებაა, ვიდრე მისი მოთმენა.
საზოგადოებას მურუსიძე სასამართლო რეფორმის „მამად“ რომ ევლინება, ეს ვისი შეცდომაა?
- მოსამართლეთა კორპუსის და იუსტიციის საბჭოსი.
და - არა ხელისუფლების, რომლის მაღალი თანამდებობის პირებიც მას ხვდებოდნენ, რის თაობაზეც პრესა წერდა?
- მურუსიძესთან შეხვედრასა და რაიმეს დაპირებაზე პასუხისმგებლობა არავის არ აუღია. საჯარო მოსამსახურე პირებიდან არავინ არ აღიარა, რომ მურუსიძესთან ფარული კომუნიკაცია ჰქონდა და მას რაღაცას დაჰპირდა. ეს ბატონი სასამართლო კონფერენციაზე საბჭოს წევრად აირჩიეს, ხოლო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ის გამოსაცდელი ვადით ქვედა ინსტანციის სასამართლოში გაამწესა.
რაც შეეხება არჩევნებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვე რჩება, თუმცა, ვინ იქნება სიაში და ვინ არა, არ კონკრეტდება. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, სიაში იქნებით?
- ვიცი, ხალხს რა უნდა. მიმაჩნია, რომ პერსონალური საკითხების გადაწყვეტა, ხალხის ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. პარლამენტი ხალხის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული და არა - ფირმების წარმომადგენლებით. პარლამენტში ის უნდა იჯდეს, ვინც ხალხს სურს. ამის გაზომვის ბევრი ინსტრუმენტი არსებობს. ხშირად მეკითხებიან, პარლამენტში ყოფნას იმსახურებო?! ჩემი პასუხია, რომ ეს უტაქტო შეკითხვაა, რადგან რას ქვია, მე ვიმსახურებ თუ არა?! საკუთარი საქმიანობის ობიექტური შემფასებელი ვერ ვიქნები და ხალხმა უნდა შეაფასოს, მათ წარმომადგენლობას ვინ იმსახურებს.
თუმცა, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სიების დაკომპლექტება ხომ სხვანაირად წყდება და ვიცით, რომ ვიღაც სადღაც საარჩევნო სიას წერს...
- ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ. საზოგადოებას უპირატესობაა, რომ მისი გავლენა ინდივიდების საქციელს განაპირობებს. გიჟები, დამნაშავეები და გამონაკლისები ყოველთვის იქნებიან, მაგრამ საზოგადოების ერთიანობის ძალად ინდივიდებზე გავლენა აქვს. თუ შევთანხმდებით, რომ პარლამენტი ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოა, ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში ის ხალხი უნდა იჯდეს, ვინც ხალხს სურს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, კონსტიტუციური უფლებამოსილებიდან გამომდინარე - ვის შეუძლია, საკანონმდებლო საქმიანობა განახორციელოს, ვის შეუძლია, ქვეყნის საგარეო და საშინაო მიმართულებები განსაზღვროს და ასევე ვინ ერკვევა, ფინანსებსა და საბანკო საქმეებში.
ამ ლოგიკით, ამ მოწვევის პარლამენტში ძალიან ბევრი დეპუტატი არ უნდა იყოს...
- არ უნდა იყოს და შეიძლება, ამ მოთხოვნებს ნახევარი პარლამენტი ვერც პასუხობდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში ამისკენ სწრაფვა არ გვქონდეს. ჩემი მიდგომაა, რომ იმ წარსულით დავირაზმოთ, რომელიც სწორია. სუბიექტივიზმი ყოველთვის იქნება, თუკი ობიექტივიზმა არ იჭიდავა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ საქართველოში ბიძაშვილობა წაიშალოს. ცოტა ხნის წინ, ოპოზიციონერ დეპუტატს ვკითხე, პარლამენტში ვის წარმოადგენს, რომელიც 25 წელია დეპუტატია. მან პირი დააღო და მკითხა, ამ კითხვას რატომ მისვამო. როცა არცერთი პროფესიული ჯგუფის წარმომადგენელი არ ხარ, ე.ი. საკუთარი თავის წარმომადეგენელი ხარ და ხალხის წარმომადგენელის სახელით არ უნდა სარგებლობდე.
თქვენი ინფორმაციით, მმართველი გუნდის საარჩევნო სია უკვე იწერება?
- ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე დეპუტატს ეს პირობა უკვე მიღებული აქვს, თუმცა, ზოგადად, კოალიციაში შემავალ სუბიექტებსა და სუბიექტებში შემავალ ინდივიდებს შეთავაზებები მიღებული არ აქვთ. ჩვენ ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ხელოვნური ზემოქმედების ინსტრუმენტებზე უარი ვთქვით და მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დარჩა, შესაბამისად, საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად აუცილებელია გონივრული დრო გვქონდეს. იქედან გამომდინარე, რომ დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგი გაერთიანდა და ამ საარჩევნო ოლქში 425 დასახლების პუნქტია. ამომრჩეველთა ხმების მოპოვების მიზნით, მაჟორიტარმა ნუცუბიძის ფერდობზე სამი კილომეტრის რადიუსზე უნდა იაროს, ხოლო 425 პუნქტში რომ მიხვიდე, 200 კილომეტრი უნდა გაიარო და რკინის ქალამნებით აღმა-დაღმა რომ იარო, შეხვედრებისთვის სულ მცირე ოთხი-ხუთი თვე გჭირდება. ათკომლიან სოფლებსაც იგივე საჭიროებები აქვთ, რაც ასსკაციანს.
თქვენ თქვით, რომ დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა სიაში შესვლის თაობაზე პირობა მიიღო. შეგიძლიათ გვითხრათ, ეს ადამიანები ვინ არიან?
- ამას ვერ გეტყვით.
მიღებული პირობა რამდენად მტკიცე იქნება?
- როცა რამდენიმე დეპუტატი არ მალავს და ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის პირებთან საკუთარი ადგილი შეთანხმებული აქვთ, ეს დანარჩენ დეპუტაციაში გაღიზიანებას იწვევს. ეს არ შეიძლება. გაყალბების ინსტრუმენტებზე უარი ვთქვით და ეს კარგია, მაგრამ არჩევნებამდე შვიდი თვე დარჩა და ნორმალური კამპანიის წარმართვას ოთხი-ხუთი თვე სჭირდება, რასაც წინ კოალიციური შეთანხმება უნდა უსწრებდეს.
ხელისუფლებაში ვერ ხვდებიან, რომ არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ხოლო საქმე ბევრია?
- პროკურორი არ ვარ, რომ ვიღაცას დამნაშავე ვეძახო. ჩემი ამოცანაა, რაც მევალება, ის მაქსიმალურად კარგად გავაკეთო. საქართველოში საარჩევნო ტექნოლოგიები რამდენიმე კაცმა იცის და მათ შორის, თქვენმა მონა-მორჩილმა. 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო სამსახურის ხელმძღვანელი ვინ იყო და ის სკოლა ვინ შექმნა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა და კენჭისყრის დღეს მონიტორინგი ვინ გაუწია? - ეს საქმე ვიცი და ვიღაცეებმა არ იციან.
მაშინ, თქვენ სხვების მსგავსად, სიაში ჩასმის თაობაზე პირობას რატომ არ გაძლევენ?
- ზაქარიას ეს პრობლემები ყველაზე ნაკლებად აწუხებს, რადგან მას პროფესია აქვს და ძალიან კარგი სამეგობრო წრე ჰყავს. ყურადღებას იმაზე ვამახვილებ, რომ ჩვენ სხვა სახის საარჩევნო კამპანიის წარმართვა მოგვიწევს. 2012 წელს, ბრძოლა ბოროტებასა და სიკეთეს შორის მიმდინარეობდა, ახლა ბრძოლა იქნება საპროგრამო დაპირებებსა და რეალისტურ ხედვებს შორის. ვინც ამომრჩეველს დაარწმუნებს, ხმასაც ის მიიღებს. 2016 წლის არჩევნებზე ინტელექტუალური ბრძოლა იქნება და არა - სიკეთესა და ბოროტებას შორის. თუკი ეტაპები სწორად არ გავიარეთ და კინკლაობას გადავყევით, ეს შვიდი თვე ისე გაირბენს, რომ ამომრჩეველს ვერც დავარწმუნებთ და ვერც შევხვდებით, რაც სასურველ შედეგებს არ მოიტანს. თუკი ვინმეს ჰგონია, ეს ბრძოლა დამთავრდა, ძალიან ცდება. სააკაშვილის ინტერვიუ მოისმინეთ? - გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრის სისწორე არ უარყო და ჟურნალისტს პირიქით ეჩხუბა, რა გინდათ, თავისუფლებისთვის სისხლი არ დავღვაროთო?
სააკაშვილმა ისიც თქვა, რომ ივანიშვილი არც ისეთი ძლიერია, როგორიც ჩანსო...
- ისინი ბიძინა ივანიშვილს ეტოლებიან, რადგან უმრავლესობას სუბიექტად არ მიიჩნევენ. უმრავლესობას ვეუბნები, გავიღვიძოთ, რადგან ამ პროცესებზე პასუხისმგებელნი ვართ და ვინმეს ზემოთ ან ქვემოთ არ უნდა ვუყუროთ. ხალხის დროებითი წარმომადგენლები ჩვენ ვართ და მანდატი ჯიბეში ჩვენ გვიდევს. ამ ბრძოლაში ვინც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს აეკიდება, ის სათრევი იქნება, ხოლო ის ვინც საკუთარ ფეხებზე იდგება, ის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ პარტნიორი იქნება. ამიტომ, მე ვინ მინდა - ზურგზე აკიდებული ტვირთი თუ ის პარტნიორები, რომლებიც ფეხზე დგანან და ამომრჩევლის წინაშე თვალის გასწორება შეუძლიათ? - რა თქმა უნდა, მართალი, ძლიერი გოგო-ბიჭების გუნდი მჭირდება და არა - ზურგზე აკიდებული ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ერთი ადამიანისგან ელოდებიან. მთაში გვასწავლეს, რომ როცა მთაში მიდიხარ, იმდენი ტვირთი უნდა აიკიდო, რასაც მთის წვერში აიტან, თორემ მთის ძირში ყველას დიდ ტვირთს ეკიდება.